საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1429(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - მ.მ-ე, გ.ჩ-ი, ნ.ჩ-ი, გ.ჯ-ა, ა.თ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.მ-ემ, გ.ჩ-მა, ნ.ჩ-მა, გ.ჯ-ამ და ა.თ-ემ (არასრულწლოვანი) (მოსარჩელეთა წრე დაზუსტდა 2021 წლის 11 ნოემბერს) 2020 წლის 07 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1156/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის, გ.ჩ-ის, ნ.ჩ-ის, გ.ჯ-ასა და ა.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1156/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ.მ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო მისამართზე ჰყავს: მეუღლე - გ.ჩ-ი, შვილი - ნ.ჩ-ი და შვილიშვილები - გ.ჯ-ა და ა.თ-ე. მოსარჩელე მ.მ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.50 ქულა, ომის ვეტერანი - 1.50 ქულა. მოსარჩელე მ.მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 1 ივნისისა და 2020 წლის 21 ივნისის მონიტორინგის ფორმებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი №17, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №...-ში ვიზიტისას, ადგილზე იმყოფებოდნენ მოსარჩელე - მ.მ-ე და მისი მეუღლე - გ.ჩ-ი, რომელთაც მონიტორინგის ჯგუფს განუცხადეს, რომ ნ.ჩ-ი იყო არარეგისტრირებულ ქორიწინებაში ლ.თ-სთან. ნ.ჩ-ი, მის შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა იმავე უბანში.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის 12 აგვისტოს გამოსცა №03-1156/ო ბრძანება, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის თანახმად, დადგენილია აგრეთვე, რომ მოსარჩელეთა ოჯახს, განცხადების განხილვის იმ ეტაპზე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ, მათი ოჯახი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა დის სიძის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრების გამო.
პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
პალატამ მიუთითა აგრეთვე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 № 01-30/ნ ბრძანებით) მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებში ნ.ჩ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს - ქ.თბილისი, ..., ...ის პირველი კვარტალი, კორპ. 5, ბინა №... (ყოფ. ...ის 1კვ.). ამასთან, ნ.ჩ-მა 2015 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში მის საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქ.თბილისი, ..., ...ის პირველი კვარტალი, კორპ. 5, ბინა №... და მოპასუხეს აცნობა, რომ 2015 წლის 3 ოქტომბერს მას შეეძინა შვილი და ცვლილება შეეტანათ ოთხ სულიანი ოჯახის პირთა სიაში. პალატის მითითებით, დადგენილია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ნ.ჩ-მა 2017 წლის 30 მარტის განცხადებით მოპასუხეს აცნობა, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა ქირით შვილებთან ერთად და ოჯახური პრობლემების გამო, დასცილდა მეორე მეუღლესაც - ლ.თ-ს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მითითება 2020 წლის პირველი და 21 ივნისის მონიტორინგის ფორმებში ასახულ ინფორმაციაზე და აღნიშნა რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. მეტიც, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ. პალატამ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ მოსარჩელეები მონიტორინგის ფორმებში ასახულ ინფორმაციას ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე ნ.ჩ-ი დროის მცირე მონაკვეთით ეცადა ლ.თ-სთან შერიგებას, თუმცა, მათი ურთიერთობა ვერ შედგა. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული ორი ოჯახის მიმართ, ცალ-ცალკე, სახელმწიფოს გააჩნია მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება, შესაბამისად, ერთიანი ოჯახის სახით მათი უზრუნველყოფა იმავე სამართლებრივ შედეგს იწვევს. პალატამ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო ნათესავის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი და არა, ოჯახის ხელოვნური გაერთიანება, რაც, პალატის მოსაზრებით, ამყარებს იმ პოზიციას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მოსარჩელეთა ოჯახის ერთად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტს და ამასთან, მათი ერთ ოჯახად გაერთიანებით შესაძლოა სახელმწიფოსთვის მიღებული იქნეს უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის ოქმის მიხედვით სამ ოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მასალები ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებები სათანადოდ არ გამოკვლეულა და შეფასებულა, კერძოდ, საფუძველსაა მოკლებული ნ.ჩ-ის მეუღლესთან ერთად, შერიგების მიზნით, ცალკე ცხოვრების დროებით ხასიათზე მითითება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ მხარის განმარტებას და არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მონიტორინგის სამსახური 2020 წლის 1 ივნისს გამოცხადდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე მეუღლესთან ერთად. მოსარჩელემ აღნიშნა და ხელმოწერით დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნ.ჩ-ი (შვილი) იმავე უბანში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ანალოგიურად, 2020 წლის 21 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა იმავე მისამართზე, რომელზეც მონიტორინგის ჯგუფს კვლავ მოსარჩელე დახვდა მეუღლესთან ერთად. ნ.ჩ-ი ბინაში კვლავ არ იმყოფებოდა და როგორც მოსარჩელემ განმარტა, მისი ქალიშვილი მეუღლესთან - ლ.თ-სთან, შვილებთან - ა.თ-ესა და გ.ჯ-ასთან ერთად განცალკევებულ ოჯახად ცხოვრობდა ...ის ქუჩაზე, სხვა მისამართზე, სხვა კორპუსში. კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თავის მეუღლესთან ერთად წარმოადგენს განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მცხოვრებ ოჯახს, ხოლო მისი ქალიშვილი - ნ.ჩ-ი ცხოვრობს მისგან განცალკევებულად მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შესაბამისად, სახეზეა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მცხოვრები, ორი დამოუკიდებელი ოჯახი. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.მ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო მისამართზე ჰყავს: მეუღლე - გ.ჩ-ი, შვილი - ნ.ჩ-ი და შვილიშვილები - გ.ჯ-ა და ა.თ-ე. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ნათესავის - გ.ტ-ის ბინაში. ქ. თბილისში, ...ში, ...ის N17-ში მდებარე ბინა N...-ზე გ.ტ-ის საკუთრების უფლება დასტურდება 2016 წლის 06 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.118). საქმის მასალებში დაცულია ბინის მესაკუთრის 2018 წლის 30 აპრილის განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის თაობაზე და აღნიშნავს, რომ იგი იძულებულია გაყიდოს მის საკუთრებაში და მ.მ-ის ოჯახის მფლობელობაში არსებული ბინა, მოსარჩელის ოჯახი კი რჩება უსახლკაროდ. მოსარჩელე მ.მ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმში (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.50 ქულა, ხოლო როგორც ომის ვეტერანს - 1.50 ქულა. მოსარჩელე მ.მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოითხოვა, შეავსო შესაბამისი კითხვარი. საქმეში დაცული 2020 წლის 1 ივნისის და 2020 წლის 21 ივნისის მონიტორინგის ფორმებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი №17, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №...-ში ვიზიტისას, ადგილზე იმყოფებოდნენ მოსარჩელე - მ.მ-ე და მისი მეუღლე - გ.ჩ-ი, რომელთაც მონიტორინგის ჯგუფს განუცხადეს, რომ ნ.ჩ-ი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორიწინებაში ლ.თ-სთან და ისინი შვილებთან (ა.თ-ე და გ.ჯ-ა) ცხოვრობდნენ ერთად, იმავე უბანში, სხვა მისამართზე. დადგენილია, რომ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1156/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N36), მ.მ-ეს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს), ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის (როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დევნილ ოჯახს არ შეიძლება ეთქვას ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ოჯახის ხელოვნურ გაერთიანება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ ოქმებს და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სხვა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე, მისი შვილი და შვილიშვილები არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს მინიჭებული აქვს 3 ქულა, რაც საკმარისი იყო მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდა ნ.ჩ-ისა და მისი შვილების მ.მ-ესთან ერთად ცხოვრებას ან დაადასტურებდა ნ.ჩ-ისა და მისი შვილების მიმართებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობას. შესაბამისად, მხოლოდ მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ფორმა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების დასადასტურებლად.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მ.მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე