საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1494 (კს-22) 9 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-
სარჩელზე მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 28 ნოემბერს, რ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დადებითი დასკვნის გამოცემის და საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნის დავალება
2019 წლის 27 დეკემბერს რ. მ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დადებითი დასკვნის გამოცემისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაგზავნის დავალება. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №552 ბრძანებულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. რ. მ-ის სარჩელზე მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 დასკვნის ბათილად ცნობის, დადებითი დასკვნის მომზადებისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნის დავალების მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით რ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამავე განჩინების მე-3 პუნქტით განემარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, თუმცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა რ. მ-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 უარყოფითი დასკვნა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლოში კი, ადმინისტრაციული წესით შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. სწორედ აღნიშნულ დანაწესს შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 უარყოფითი დასკვნა ვერ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან იგი სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილების 23-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ცალსახაა, რომ არ არსებობდა დავის საგანი და სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე–25–ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მ- რ. სარჩელი დაუშვებლად და შეწყვიტა საქმის წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, ვერ დაასაბუთა თუ რატომ წარმოშობს დამოუკიდებელ სამართლებრივ შედეგს სააგენტოს დასკვნა და შესაბამისად რატომ უნდა იქნეს იგი მიჩნეული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1000680058 დასკვნის ბათილად ცნობის, დადებითი დასკვნის მომზადებისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნის დავალების მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამავე განჩინების მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე