Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1496(კს-22) 9 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „ო...ის“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 13 ივლისს შპს „ო...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 მარტის N8631 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის N006-488 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ო...ის“ სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ო...ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2022 წლის 6 მაისს შპს „ო...ის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის N006-488 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება მოითხოვა, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ო...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის N006-488 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაზე 2022 წლის 13 მაისს კერძო საჩივარი იქნა წარდგენილი შპს „ო...ის“ მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს - არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას - კერძო საჩივარს ხელს აწერდა შპს „ო...ის“ წარმომადგენელი გ.ზ-ე, თუმცა კერძო საჩივარზე ასახული ხელმოწერა იყო ასლი და არა დედანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედნისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება გაეგზავნა შპს „ო...ის“ წარმომადგენელს - გ.ზ-ეს, საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2022 წლის 27 ივნისს. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადა 2022 წლის 4 ივლისს, 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით (საქმე Nბს-696(კს-22), შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

2022 წლის 9 დეკემბერს შპს „ო...ის“ წარმომადგენელმა ხელახლა მიმართა კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის N006-488 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება. კერძო საჩივარს ერთვის 2022 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, აღნიშნული კერძო საჩივრის შინაარსი, 2022 წლის 13 მაისის კერძო საჩივრის შინაარსის ანალოგიურია.

საქმის შესწავლისა და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა - კანონმდებლობა ადგენს ორსაფეხურიან საქმის წარმოებას. კერძო საჩივარზე წარმოება სრულდება გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ო...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაზე 2022 წლის 13 მაისს მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი (ამ სახის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა კანონმდებლობით დაშვებულია. შესაბამის მითითებას შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილი). საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის Nბს-696(კს-22) განჩინებით, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა შპს „ო...ის“ 2022 წლის 13 მაისის კერძო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე მოსარჩელემ 2022 წლის 9 დეკემბერს კვლავ წარადგინა კერძო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება მას უკვე გამოყენებული ჰქონდა და შესაბამის კერძო საჩივარზე საკასაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა დამოკიდებული არ არის არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.2018წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული - საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების უფლების დადგენა, მხარეს აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიოს მისთვის საუკეთესო შედეგს. ამასთანავე, გასაჩივრების უფლებით სარგებლობა ამოწურვადი და დროში შეზღუდულია. სასამართლო დოკუმენტისათვის განსაზღვრული გასაჩივრების წესის გამოყენება და შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლა, გამორიცხავს იმავე დოკუმენტთან მიმართებაში გასაჩივრების მექანიზმის ხელახლა გამოყენებისა და საჩივარზე სასამართლოს მხრიდან რეაგირების შესაძლებლობას (საგამონაკლისო წესით, საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხოლოდ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა, ახლადაღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო).

ამდენად, დროში განუსაზღვრელად, ერთიდაიგივე დოკუმენტზე ერთიდაიგივე შინაარსის საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა გამორიცხულია. სასამართლო დოკუმენტზე ერთხელ უკვე წარდგენილ საჩივარში პრეტენზიის გამოხატვამ და მასზე სასამართლოს შესაბამისი განჩინებით/გადაწყვეტილებით რეაგირებამ, მხარისათვის შეიძლება წარმოშვას საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების და არა იმავე შინაარსის საჩივრის ხელახლა წარდგენის შესაძლებლობა. მართალია, სამართლიანი სასამართლოს უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობაც აღნიშნული უფლების დაცული კომპონენტია და დასაშვებია მისი შეზღუდვა, ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად, თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. „..სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს...დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება N3/1/531).

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონიერ ძალაში არსებული საკასაციო პალატის 2022 წლის 20 ივლისის Nბს-696(კს-22) განჩინების არსებობის პირობებში, მოსარჩელისათვის ამოწურულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე გასაჩივრების მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-419-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ განჩინებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობაზე, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია და მასზე 2022 წლის 13 მაისს წარდგენილი, იმავე შინაარსის კერძო საჩივარი, ერთგზის უკვე დაექვემდებარა საკასაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას. ამასთან, ვითარებას არ ცვლის 2022 წლის 13 მაისის კერძო საჩივრისაგან განსხვავებით, 2022 წლის 9 დეკემბრის კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დართვა. ამდენად, შპს „ო...ის“ 2022 წლის 9 დეკემბრის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე, განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, დ.ე-ს (პირადი N...) სრულად უნდა დაუბრუნდეს შპს „ო...ის“ კერძო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 8 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო...ის“ 2022 წლის 9 დეკემბრის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ე-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს შპს „ო...ის“ კერძო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 8 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე