Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-30(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.დ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ.დ-ემ 2019 წლის 21 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ.დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე ამავე სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №116 დადგენილებებისა და მასზე წარდგენილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ოქტომბრის №53 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 15 მარტის №29 მითითების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, ქალაქ ბათუმში, ...ის ... №4-ში მდებარე სასტუმროში უნებართვოდ განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რ.დ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საბოლოოდ, მოსარჩელის მიერ მითითების პირობების შეუსრულებლობის გამო, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №116 დადგენილებით, რ.დ-ე ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირად, მასვე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 3000 ლარის ოდენობით და ასევე დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ №29 მითითებაში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები არ იყო განხორციელებული მის მიერ და თავად ობიექტიც სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა რ.დ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა და არ შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საკითხები და ისე მიიღო გადაწყვეტილება რ.დ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე კი, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით რ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო რ.დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №216 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ოქტომბრის №53 ბრძანება; მოპასუხეს - ააიპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში გამოვლენილ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ.დ-ემ განახორციელა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის რეკონსტრუქცია, რომელსაც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სჭირდება მშენებლობის ნებართვა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, რ.დ-ის მიერ უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია - სვეტების, აივნების, ლიფტის შახტის მოწყობა და დამატებითი ფართის მიშენება, არის უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო რეკონსტრუქცია იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 3000 ლარით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისთვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესი არ ყოფილა დარღვეული. სრულად იქნა გამოკვლეული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სადავო დადგენილებები მიღებულ იქნა სწორედ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სასტუმროს რეკონსტრუქციის, კერძოდ, მასზე სვეტების, აივნების, ლიფტის შახტისა და დამატებითი ფართის მოწყობის უნებართვო რეკონსტრუქციად განხილვისა და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება. ამასთანავე, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მოსარჩელე - რ.დ-ე რამდენად წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

საქმის მასალებში დაცული 2021 წლის 8 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული 456 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე 74.74 კვ.მ №1ა ბინა (ნაკვეთის წინა №...; №...; შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართი -1109.50 კვ.მ (მათ შორის, I სართულის ფართი -164.46 კვ.მ; II სართულის ფართი - 188.65 კვ.მ; III სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; IV სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; V სართულის ფართი- 185.49 კვ.მ; ტერასის სართული -199.92 კვ.მ (მათ შორის, ტერასა - 177.38 კვ.მ, კიბის უჯრედი - 14.43 კვ.მ, ვესტიბიული - 4.60 კვ.მ, ლიფტი -3.51 კვ.მ)) №01/5, N02/1, შენობა-ნაგებობები, საერთო ფართი - 980.30 კვ.მ) რეგისტრირებულია რ.დ-ის სახელზე.

ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული 455 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე №4 ბინის (სართული №4, ფართი - 187.52 კვ.მ, ს/კ ...) №5 ბინის (სართული №5, ფართი - 187.52 კვ.მ, ს/კ ... და 177.38 კვ.მ ტერასის (ს/კ ...; ნაკვეთის წინა №...; №...; შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართი -1109.50 კვ.მ (მათ შორის, I სართულის ფართი -164.46 კვ.მ; II სართულის ფართი - 188.65 კვ.მ; III სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; IV სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; V სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; ტერასის სართული -199.92 კვ.მ (მათ შორის, ტერასა - 177.38 კვ.მ, კიბის უჯრედი - 14.43 კვ.მ, ვესტიბიული - 4.60 კვ.მ, ლიფტი -3.51 კვ.მ) )№01/5, №02/1, შენობა-ნაგებობები, საერთო ფართი - 980.30 კვ.მ)) მესაკუთრედ რეგისტრირებულია გ.დ-ე.

ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული 455 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე №1 ბინის (სართული №1, ფართი - 159.10 კვ.მ, ს/კ ...), №2 ბინის (სართული №2, ფართი - 171.50 კვ.მ, ს/კ ...) და №3 ბინის ((სართული №3, ფართი - 187.52 კვ.მ, ს/კ ... (ნაკვეთის წინა №...; №...; შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართი -1109.50 კვ.მ (მათ შორის, I სართულის ფართი -164.46 კვ.მ; II სართულის ფართი - 188.65 კვ.მ; III სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; IV სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; V სართულის ფართი - 185.49 კვ.მ; ტერასის სართული -199.92 კვ.მ (მათ შორის, ტერასა - 177.38 კვ.მ, კიბის უჯრედი - 14.43 კვ.მ, ვესტიბიული - 4.60 კვ.მ, ლიფტი -3.51 კვ.მ)) №01/5, №02/1, შენობა-ნაგებობები, საერთო ფართი - 980.30 კვ.მ) მესაკუთრედ რეგისტრირებულია გ.დ-ე.

2020 წლის 26 აგვისტოს მომზადებული საკადასტრო გეგმით ირკვევა, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 2 შენობა-ნაგებობა №01/5 (ხუთსართულიანი) და №02/1 (ერთსართულიანი). აქედან №01 არის სასტუმროს შენობა, რომლის რეკონსტრუქციაც მოხდა, ხოლო №02 შენობა არის ერთსართულიანი შენობა, რომელზეც არავითარი მიშენება ან რეკონსტრუქცია არ არის ნაწარმოები. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ რ.დ-ის საკუთრებაში ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ის ... №4-ში მდებარე 74.74 კვ.მ ბინა №1ა, რომლის საკადასტრო კოდია ..., ანუ რ.დ-ეს ეკუთვნის საკადასტრო გეგმაზე ასახული №02/1 შენობა-ნაგებობა, ხოლო №01/5 შენობა-ნაგებობის მესაკუთრეები არიან გო... და გ.დ-ეები.

საქმის მასალების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, 2019 წლის 15 მარტის №29 მითითების საფუძველზე, რ.დ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითების მიხედვით, გამოვლინდა, რომ რ.დ-ემ ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში განახორციელა სასტუმროს რეკონსტრუქცია - მიშენება უნებართვოდ, კერძოდ, მოაწყო გამაგრებითი კოლონები და ლიფტის შახტა სათანადო ნებართვის გარეშე. სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეს დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც განესაზღვრა 25-დღიანი ვადა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 აპრილს კი, რ.დ-ის მიმართ შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა №29 მითითების პირობების შეუსრულებლობა, კერძოდ, დადასტურდა, რომ რ.დ-ემ არ მოახდინა უნებართვოდ მიშენებული შახტის დემონტაჟი. საბოლოოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №116 დადგენილებით, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. ... №4-ში უნებართვოდ განხორციელებული სასტუმროს რეკონსტრუქცია-მიშენების გამო, რ.დ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით. ამავე დადგენილებით შეჩერდა რ.დ-ის მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია-მიშენება და სამართალდამრღვევს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, მოწყობილი სვეტების, აივნების, ლიფტის შახტისა და დამატებით მიშენებული ფართის დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილება რ.დ-ემ გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიაში, რომელმაც, თავის მხრივ, არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი.

ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მაისს რ.დ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის I-II ეტაპის ცვლილებების შეთანხმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა. არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს რეკონსტრუქციას. შესაბამისად, ასეთი რეკონსტრუქციის დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და არსებული შენობის რეკონსტრუქცია დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ. ამასთან, ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.

დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ გამოიკვლია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, რ.დ-ის მიერ სადავოდაა გამხდარი სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სუბიექტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ... №4-ში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო, რომლის რეკონსტრუქციაც განხორციელდა, არ ირიცხება რ.დ-ის საკუთრებაში. ამასთანავე, ის უარყოფს უნებართვო მშენებლობასთან მის შემხებლობას და მიუთითებს, რომ რეკონსტრუქცია მას არ განუხორციელებია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი დამრღვევ პირად მოიაზრებს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ანუ პირს, რომლის მფლობელობაშიც მოექცა ან უნდა მოექცეს კანონის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა. სწორედ ამ მიზნით კანონმდებელი მაკონტროლებელ ორგანოს ავალდებულებს მითითების ერთი ასლი გადასცეს ობიექტის მფლობელს (დამრღვევს) და არა სხვა პირს. დასახელებული გარემოებები ცხადყოფს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოებისას, არ გამოუკვლევია და დაუდგენია კონკრეტულად ვის მიერ და როდის განხორციელდა სამშენებლო საქმიანობა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევია, რამდენად არის გამორიცხული მშენებლობა განხორციელებული იყოს სწორედ მოსარჩელის მიერ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შემდეგ შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე