საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-361(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ფ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.ფ-ემ 2020 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით უძრავი ნივთის ღირებულების - 158 290 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №24გ-ში მდებარე ნ.ფ-ის საკუთრებაში არსებულ №... ბინაზე (ს/კ ......) დარეგისტრირდა ჯ.ბ-ის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას თან ერთოდა ნ.ფ-ის მიერ მასზე გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საჯარო რეესტრში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. 2016 წლის 26 ნოემბერს, საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 4 დღეში, ჯ.ბ-მა გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ფ...ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების - 76 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა უკვე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულება 2016 წლის 26 ნოემბერს დაამოწმა ნოტარიუსმა ჯ.ტ-მა, რომლის მიერაც, იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 24 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სარეალიზაციოდ მიექცა სადავო უძრავი ქონება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ჯ.ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების - მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების დამზადებასა და გამოყენებაში, ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე ნ.ფ-ის მიერ აღძრული სამოქალაქო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, აგრეთვე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში გაასაჩივრა შპს „ფ...მა“, ხოლო მინდობილობის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ფ...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ფ-ის სარჩელი 2016 წლის 26 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2017 წლის 24 იანვარს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ჯ.ტ-ის მიერ გაცემული 2017 წლის 24 იანვრის №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული ... სააღსრულებო წარმოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით კი ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, მართალია, მან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაიბრუნა, თუმცა აღნიშნულ ქონებას მაინც დაკარგავს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ უძრავ ნივთზე იპოთეკის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად არ ცნო, რადგან კრედიტორი კეთილსინდისიერ მხარედ მიიჩნია.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთზე ყალბი მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აშკარა გულგრილობის და დაუდევრობის შედეგს, რაც მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას ქმნიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ნ.ფ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 102 ლარისა და 76 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დასახელებული განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრში წარმოდგენილი იყო მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანაც სცდებოდა მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებასა და კომპეტენციას. ამასთან, მხარეს სადავოდ არ გაუხდია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ბ-ის სახელზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, გაუმართლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მანამ, სანამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადგინდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ ქმედების ბრალეულობის დადასტურების პირობებში, რაც სახეზე არ არის.
კასატორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებები იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრებული თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა დადგინდეს და შეფასდეს სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან ამ შედეგის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტით გაწერილია სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი, რომელსაც წარმოადგენს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერით, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ეს არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ.ბ-ის მიერ დამზადებული ყალბი მინდობილობის მიხედვით, ნ.ფ-ე ჯ.ბ-ს ანიჭებდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №24-ში, მე-8 სადარბაზოს მე-11 სართულზე მდებარე მისი კუთვნილის საცხოვრებელი №... ბინის (ს/კ .......) განკარგვის უფლებამოსილებას. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 2016 წლის 22 ნოემბერს ჯ.ბ-მა ნ.ფ-ის სახელით ქალაქ თბილისში, ...ის №24გ-ში, მე-8 სადარბაზოში, მე-11 სართულზე მდებარე №... ბინაზე (ს/კ .......) თავის თავთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც დაირეგისტრირა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის შემდეგ, 2016 წლის 26 ნოემბერს, ჯ.ბ-მა შპს „ფ...ის“ დირექტორთან - თ.ა-სთან გააფორმა ხელშეკრულება და „პროდუქციის რეალიზაციის №01/2016 ხელშეკრულების“ საფუძველზე, არსებული ფულადი ვალდებულების - 76 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა ქალაქ თბილისში, ...ის №24გ-ში მდებარე №... ბინა. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს ჯ.ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მოსარჩელის ქონების მოტყუებით მითვისებისათვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით თაღლითობის ჩადენაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... წერილიდან ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 სექტემბრის N... გადაწყვეტილების საფუძველზე მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის გამზირი №24, საკადასტრო კოდით ... აღირიცხა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ...ის გამზირი №24გ. ამდენად, უდავოა, რომ მინდობილობის მიხედვით, გასაყიდი უძრავი ქონების მისამართად მითითებული იყო ...ის გამზირი №24, თუმცა რეალურად ამ უძრავი ნივთის მისამართი განხორციელებული ცვლილების შედეგად რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ 2012 წლის 14 სექტემბრიდან იყო ...ის გამზირი №24გ. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარდგენილ მინდობილობასა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთის მონაცემები არ იყო თანხვედრაში. შესაბამისად, ჯ.ბ-ი არ იყო უფლებამოსილი მის მიერ წარდგენილი მინდობილობის საფუძველზე განეხორციელებინა ...ის გამზირი №24გ-ში მდებარე ბინის გასხვისება. გარიგების რეგისტრაციისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება და ვალდებულება იყო შეემოწმებინა წარდგენილი მინდობილობის შინაარსი და მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისობა, ამ შემთხვევაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მისამართი სამისამართო რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების მიხედვით. ამასთან, ვინაიდან გარიგების შედეგად რეგისტრაცია ხორციელდებოდა წარმომადგენლის მეშვეობით, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეესწავლა წარმომადგენლობითი დოკუმენტის შინაარსი და არ დაეშვა რეგისტრაციის განხორციელება იმ უძრავ ნივთზე, რომელიც მასში მითითებული არ იყო. ამდენად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალი გამოიწვია სარეგისტრაციო სამსახურის მოსამსახურე პირის ქმედებამ, რომელმაც სათანადოდ არ შეაფასა წარდგენილი მინდობილობა და დაამოწმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ უძრავ ნივთზე, რომლის გაყიდვის უფლებამოსილებაც ჯ.ბ-ს მინიჭებული არ ჰქონდა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილად შესწავლა-შეფასებას შედეგად მოჰყვა რეგისტრაციის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, რამაც შელახა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად, სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა ჯ.ბ-ის საკუთრების უფლება, რაც შემდგომში კეთილსინდისიერი კრედიტორის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საფუძველი გახდა. აღნიშნული ფაქტი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე სრულად ვერ აღიდგენს დარღვეულ უფლებას უძრავ ნივთზე მხოლოდ მისი საკუთრების უფლების წარმოშობის გზით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე რომ არ ყოფილიყო რეგისტრირებული ჯ.ბ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული უძრავი ნივთი ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი.
რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელე ნ.ფ-ე ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება უძრავი ნივთის ღირებულების - 158 290 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა სრულად და განმარტა, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რაც გამოიწვია მოხელის უკანონო ქმედებამ. საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 10 მარტის №11745 წერილის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ... სააღსრულებო საქმე, ნოტარიუსის მიერ 24.01.2017 წელს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ჯ.ბ-ს შპს „ფ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო ამავე სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 24 იანვრის №4278 წერილიდან დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, ჯ.ბ-ს დაკისრებული აქვს 76 000 აშშ დოლარისა და 102 ლარის გადახდა შპს „ფ...ის“ სასარგებლოდ. ამასთან, დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცევა ქალაქ თბილისში. ...ის გამზირის №24გ-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ნ.ფ-ის კუთვნილი ბინა №... (ს/კ №.......). აქედან გამომდინარე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ნ.ფ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არ არის რეალიზებული და წარმოადგენს მოსარჩელე მხარის საკუთრებას, ამასთან, თავად მოსარჩელის მითითებით, სააღსრულებო წარმოება შეჩერებულია, ხოლო კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულებას წარმოადგენს 76 000 აშშ დოლარისა და 102 ლარის გადახდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ მოცულობით, რაც წარმოადგენდა ჯ.ბ-ის მიერ უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შედეგად სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადასახდელ თანხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 19 აპრილს №10083 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე