საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1091 (კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ჰ.ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ჰ.ა-მა 2021 წლის 20 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 სექტემბრის №1000709086 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჰ.ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით ჰ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჰ.ა-მა.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ჰ.ა-ი წლებია ცხოვრობს საქართველოში და მის მეუღლეს მიღებული აქვს საქართველოში მოკლევადიანი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. კასატორის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ არსებობს ჰ.ა-ის მიმართ შედგენილი კონტრდაზრვერვის დეპარტამენტის ორი დასკვნა, ერთი 2020 წლის, ხოლო მეორე 2021 წლის. პირველ შემთხვევაში (2020 წელს), სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული დასკვნა, ხოლო მოგვიანებით შედგენილი 2021 წლის დასკვნის საფუძველზე კასატორს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. კასატორის წარმომადგენლის მითითებით, 2020 წლის 8 მაისიდან მეორე დასკვნის მომზადების პერიოდამდე კასატორი არ იმყოფებოდა საქართველოში, ამდენად, ძველი და ახალი დასკვნა ერთი და იმავე შინაარსის უნდა იყოს და დაუსაბუთებელია ერთ შემთხვევაში რატომ არ გაიზიარა სასამართლომ აღნიშნული დასკვნა, ხოლო მეორე შემთხვევაში გაიზიარა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დეტალურად უნდა იქნეს განხილული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი, ფართოდ იქნეს განმარტებული საიდუმლო საბუთები და ამ კუთხით ის სადავოდ ხდის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჰ.ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ერთხელ უკვე იმსჯელა მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე და 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ჰ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №1000709086 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჰ.ა-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 21 სექტემბერის N01/188402 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 27 სექტემბრის N SSG 0 21 00136901 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ჰ.ა-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 სექტემბრის №1000709086 გადაწყვეტილებით, ჰ.ა-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას კი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 ნოემბრის მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ჰ.ა-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არის კანონშესაბამისი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულიად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ჰ.ა-ის ( H.A-I) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება;
3. დ.ჭ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ჰ.ა-ის (H.A-I, პასპორტის №...) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 27 ივლისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე