Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1100(2კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - დ. გ-ი, დ. ჩ-ა

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-მა და დ. ჩ-ამ 2020 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და „დ. ჩ-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/173 ბრძანებისა და „დ. გ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/174 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სამუშაოზე აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.

სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 3 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ამავე სამინისტროს თანამშრომლის - მ. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსარჩელეების მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. ისინი მათმა თანამშრომელმა დაადანაშაულა მის მიმართ განხორციელებულ არაეთიკურ მოქმედებებში. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური წარმოების პროცესში ვერ დადასტურდა მ. ბ-ის მიერ წარდგენილი ბრალდებების ნამდვილობა, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მაინც გასცა რეკომენდაცია მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც კანონდარღვევით გამოიცა სადავო ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რის გამოც მოითხოვეს სადავო აქტების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დ. ჩ-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/173 ბრძანება, „დ. გ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/174 ბრძანება და მოპასუხეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეებთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით დ. გ-ის, დ. ჩ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორები - დ. გ-ი და დ. ჩ-ა აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლომ ცალსახად არ გაიზიარა და არადამაჯერებლად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ერთადერი მტკიცებულება იყო, რაზეც ადმინისტრაციული ორგანო სადავო დისციპლინური გადაცდომის ნამდვილობის დასადასტურებლად მიუთითებდა.

კასატორები მიუთითებენ, რომ გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, გაიზიარა თუ არა საქმეში მოყვანილი ახსნა-განმარტებები, როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაზიარების შემთხვევაში, რა მოტივით უარყო საწინააღმდეგო ჩვენებები. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც მათ მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს. სასამართლომ არ გამიჯნა სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები, არ მიიღო მხედველობაში მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც აქარწყლებდა სასამართლოს მიერ ფაქტების სახით მითითებულ გარემოებებს.

კასატორების აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე სამინისტროს ინფორმაცია ჰქონდა 2019 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო დისციპლინური წარმოება დაიწყო 2020 წლის 3 აპრილს და მიუთითა, რომ დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლით დადგენილი წარმოების დაწყების 1-თვიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, სადავოდ გამხდარი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის დამადასტურებელი ქმედებების ნამდვილობის დადგენის შემთხვევაშიც, წარმოების ხანდაზმულობის ვადის დარღვევით დაწყების გამო, სამინისტროს თავად უნდა შეეწყვიტა დისციპლინური წარმოება საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვის ეტაპზე.

დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კასატორები მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დ. გ-ისა და დ. ჩ-ას მხრიდან ხორციელდებოდა ეთიკის ნორმების მუდმივი დარღვევა და ქცევის ზოგადი წესების მრავალჯერადი უგულებელყოფა, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მათ მიერ ერთობლივად არაერთგზის ჩადენილი არაეთიკური ქცევა ქმნიდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ხარისხს. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების შედეგად მოამზადა დასკვნა, რომლითაც დადგენილად მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა, რომელიც მიმართული იყო მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ დაირღვა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 და მე-4 პუნქტები და „საჯარო დაწესებულებაში ეთიკის ზოგადი ქცევის წესების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის №200 დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები.

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას ხანდაზმულობის საკითხზე, კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ბ-ისა და გამოკითხულ პირთა განმარტებებში ასახული გარემოებების დიდი ნაწილი მიეკუთვნება დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებულ ქმედებებს, ხოლო 2015-2016 წლებში მომხდარი ფაქტები - ფულის სესხების ეპიზოდები, წინ უსწრებდა მოსარჩელეების მიერ მ. ბ-ის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რაც მათ შორის დაწყებულ უთანხმოებაზე მიუთითებს, რომელიც შემდეგ გამძაფრდა და მიიღო უხეში და განსაკუთრებით არაეთიკური ფორმა.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ კიდევ ერთ გარემოებაზე, როდესაც სასამართლო მსჯელობს გამოყენებული სახდელის თანაზომიერების პრინციპზე და მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არის საუბარი მოსარჩელეთა პროფესიულ შესაძლებლობაზე, ისინი გულისხმობს მხოლოდ არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას. კასატორი აღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პროფესიული რეპუტაცია არ არის განკერძოებული და მოწყვეტილი პიროვნული ქცევისგან. პიროვნული და პროფესიული ქცევა ორივე ქმნის პროფესიულ რეპუტაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოსარჩელეებს სრულად უნდა ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 და 24 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დ. გ-ისა და დ. ჩ-ას საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის, დ. ჩ-ას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. გ-ისა და დ. ჩ-ასთვის დისციპლინური გადაცდომისთვის შეფარდებული დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება, დაკისრებული სახდელის ჩადენილ გადაცდომასთან პროპორციულობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/173 და №კ-1/174 ბრძანებების შესაბამისად, დ. გ-ი და დ. ჩ-ა გათავისუფლდნენ სამსახურიდან. დასახელებული აქტების გამოცემის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნის შედეგად გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომები. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირება დაიწყო ამავე სამინისტროს ...ი დეპარტამენტის ...ის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დაწყებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს ...ი დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის - მ. ბ-ის 2020 წლის 6 მარტის განმარტება, დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მიერ მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების დადგენის მიზნით. დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ დ. ჩ-ასა და დ. გ-ს არ ჰქონდათ ოთახში მყოფ თანამშრომლებთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა, განსაკუთრებით კი, მ. ბ-თან. დასკვნაში მ. ბ-ი უთითებს მისთვის თანხის გამორთმევის ფაქტებზე, ასევე მის მიერ ამობეჭდილი სამუშაო მასალის საკანცელარიო დანით დაზიანების, კლავიატურაზე სითხის გადასხმის, საკითხავი სათვალის დამალვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა არაჯანსაღი ქმედებების შესახებ. ამავე დასკვნის თანახმად, სხვა თანამშრომელთა გამოკითხვის შედეგად, დადასტურდა, რომ აღნიშნული არამეგობრული ურთიერთობა განსაკუთრებით გამძაფრდა ...ი დეპარტამენტის ...ის სამმართველოს უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგ, ვინაიდან მ. ბ-ს აღიქვამდნენ კონკურენტად და დ. გ-ი ღიად გამოხატავდა სურვილს, აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მიერ დაირღვა თავაზიანობისა და კომუნიკაციის პროფესიული სტანდარტები, ასევე ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, რამაც მ. ბ-ს შეუქმნა სტრესული და დამამცირებელი გარემო, მიაყენა მას ფსიქოლოგიური ზიანი. ამავე დასკვნის მიხედვით, ვინაიდან დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, ასევე ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს და მსგავს ქმედებებს ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც შეფასდა დ. ჩ-ასა და დ. გ-ის გათავისუფლების კანონიერება. რეკომენდაციაში მიეთითა, რომ განმცხადებლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის ცალკეულ მოთხოვნათა დარღვევას. სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია სადავო ბრძანებებში ცვლილების შეტანის ან მათი ბათილად ცნობის შესახებ, ასევე ინსპექტირების საქმის მასალებიდან კანონის საწინააღმდეგოდ მოპოვებული, ხანდაზმული მტკიცებულებების ამოღებისა და მხოლოდ იმ გარემოებების შეფასების შესახებ, რომელთა შესაძლო განხორციელებიდან არ გასულა სამი წელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელის ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომაა ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ („გ“ ქვეპუნქტი). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. დასახელებული კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რა დროსაც სახეზე უნდა იყოს ის პირობები, როდესაც გადაცდომის ჩამდენმა საკუთარი ქმედებით დააზიანა მისივე რეპუტაცია იმდენად, რამდენადაც გამოირიცხება ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული ჩანაწერი ერთდროულად გულისხმობს გადაცდომის ჩამდენი პირის პროფესიულ რეპუტაციასა და სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, ანუ სახეზე უნდა იყოს ისეთი გადაცდომა, რომელიც პირის პროფესიონალიზმს დააყენებს ეჭვქვეშ. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად აგებულია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებშიც მითითებულია არა მოსარჩელეთა პროფესიულ შესაძლებლობებზე, არამედ ხაზგასმულია თანამშრომლის მიმართ მოსარჩელეთა არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება სამუშაო მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, 2020 წლის 3 ივლისის დასკვნაში მითითებულია დ. ჩ-ასა და დ. გ-ის საქმისწარმოების პროგრამაში არსებულ პასუხგაუცემელ კორესპონდენციაზე, თუმცა დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ გამხდარა აღნიშნული ფაქტი, ასევე დასახელებული დასკვნის შეფასებითი ნაწილიც შეიცავს მითითებებს მხოლოდ ეთიკურ გადაცდომებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთების სხვა პირობასთან - საჯარო მოხელისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რა სახის ზიანი მიადგა საჯარო მოხელეს, უტყუარად არ არის დადასტურებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დისციპლინურ გადაცდომასა და დამდგარ ზიანს შორის, ასევე არ დასტურდება დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მხრიდან მძიმე ან იმგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომლის პროპორციული და თანაზომიერი სახდელი მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება იქნებოდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. სასამართლო, მართალია, იცავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა ზემოქმედება მოახდინოს მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლებშიც ასახულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები. პალატის შეფასებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირები დღემდე წარმოადგენენ სამინისტროს თანამშრომლებს, ამასთან, ჩვენებები შეგროვებულია სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს, იქმნება ვარაუდი რომ მათი ჩვენებები არადამაჯერებელია და უტყუარად არ ადასტურებს დ. ჩ-ასა და დ. გ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებს. აღნიშნული ჩვენებების საპირისპიროს ადასტურებს ასევე მოსარჩელეთა უშუალო უფროსი - ი. ჭ-ე მისივე განმარტებაში. ამასთან, ცალსახად საპირისპირო დასტურდება მოსარჩელეების, როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების 2018-2019 წლების შეფასების ოქმებით, რომელთა მიხედვითაც ორივე მოსარჩელე შეფასებულია საუკეთესო მაჩვენებლით, როგორც პროფესიულ თვისებებში, ისე საქმის ცოდნაში, პროდუქტიულობასა და პასუხისმგებლობაში. საგულისხმოა აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა, სადაც წარმოდგენილია ე.წ. „სქრინები“, მ. ბ-ის მობილური ტელეფონიდან. მიმოწერა წარმოებულია 2015-2016 წლებში, მათზე იკითხება, როგორ სთხოვეს მოსარჩელეებმა თანამშრომელს გარკვეული თანხა, თუმცა მოკლე ტექსტური შეტყობინების ტონი ორივე შემთხვევაში საკმაოდ კოლეგიალური და მოკრძალებულია და წინააღმდეგობაში მოდის იმ ახსნა-განმარტებებთან, რაც საქმეშია წარმოდგენილი. 2016 წლის შემდგომი დოკუმენტური მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა მ. ბ-ისთვის მიერ თანხის სესხების ფაქტს, წარმოდგენილი არ არის. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელეთა მხრიდან იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რომლის ერთადერთი გამოსავალიც შესაძლოა, ყოფილიყო სამსახურიდან გათავისუფლება.

რაც შეეხება 2015-2016 წლების მიმოწერას, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მისი ხანდაზმულობის საკითხი, რამეთუ, ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადების არსებობა სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული, რომლის სწორად გამოთვლისას მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ მ. ბ-ის მიმართ დამამცირებელი და არაკოლეგიალური ქცევა გრძელდებოდა წლების განმავლობაში, უფრო მეტიც, აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო სხვა თანამშრომლებისთვისაც. უფრო კონკრეტულად კი, 2019 წლის 1 ნოემბრის მ. ბ-ის თანამდებობრივი ცვლილება სწორედ აღნიშნული სტრესული გარემოს გასანეიტრალებლად განხორციელდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებული შესაძლო შევიწროებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შესახებ ცნობილი იყო ხელმძღვანელი პირებისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული. პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, რაც, მათ შორის, გულისხმობს ხანდაზმულობის ვადების მკაცრ დაცვას. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხელახალი წარმოების პირობებში, ასევე უნდა შეაფასოს დისციპლინური წარმოების დაწყების ხანდაზმულობის საკითხი და მხედველობაში არ უნდა მიიღოს ის მტკიცებულებები, რომელთა მიმართაც გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ასევე იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც სამ წელზე მეტია აღარ მუშაობენ ადმინისტრაციულ ორგანოში ან მიუთითებენ იმ ფაქტებზე, რომელთა შესაძლო განხორციელებიდანაც გასულია სამი წელი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო საკითხის სასამართლოს მიერ დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც შესაბამისი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტმა, უნდა უზრუნველყოს საკითხის შემდგომი შესწავლა, სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება, რათა ზუსტად განსაზღვროს მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს სახეზე არის თუ არა გადაცდომა, ხანდაზმულია თუ არა იგი, იმ შემთხვევაში თუ დაადგენს დისციპლინურ გადაცდომას, რაც არ იქნება ხანდაზმული, დაასაბუთოს სახდელის პროპორციულობა (გამოიყენოს პროპორციული სახდელი). ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა საკითხის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტასთან მიმართებით, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - „დ. ჩ-ას გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/173 ბრძანებისა და „დ. გ-ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის №კ-1/174 ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად ცნობის საფუძველი.

ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელეების დანარჩენი მოთხოვნების - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის საფუძვლიანობის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას. აღნიშნული კი კასატორების - დ. გ-ისა და დავთ ჩაჩუას საკასაციო პრეტენზიების არარელევანტურობაზე მიუთითებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. დ. გ-ის, დ. ჩ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე