Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

№ბს-1087(2კ-22) 07 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ლ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-ემ 2018 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დაზუსტების შემდგომ) მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის N081-174 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა ჯარიმის სახით 2391 ლარის და საურავის 552.27 ლარის მოთხოვნის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის N30981 ბრძანების ბათილად ცნობა ჯარიმის სახით 2391 ლარის და საურავის 552.27 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის N 9367/2/2019 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ჯარიმის სახით 2391 ლარის და საურავის 552.27 ლარის დაკისრების ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით თ. ლ-ის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა N081-174 თ. ლ-ის მიმართ, ჯარიმის სახით - 2391 ლარის და საურავის - 552.27 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის N30981 ბრძანება, თ. ლ-ის მიმართ, ჯარიმის სახით 2391 ლარის და საურავის 552.27 ლარის დაკისრების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის N9367/2/2019 გადაწყვეტილება, თ. ლ-ის მიმართ, ჯარიმის სახით 2391 ლარის და საურავის 552.27 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნულ განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 იანვარს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 06 თებერვალს განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით უარი თქვეს საკასაციო საჩივრებზე, რითაც მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხ. მე-2 ნაწ.). ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ხელს აწერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გ. თ-ი, რომლის საგანმკარგულებო უფლებამოსილება დასტურდება განცხადებაზე თანდართული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 05 აპრილის N73 ბრძანებით, რომლის თანახმად, გ. თ-ი აღჭურვილია სარჩელზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებით, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლ. კ-ა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;

3. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე