Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-69(კს-23) 13 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ზ. მ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - თ. ჟ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-იმ 2021 წლის 27 ოქტომბერს სარჩელი მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ხაშურის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების, ხაშურის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 26 ივლისის №618 გადაწყვეტილების, ხაშურის მერიის გამგეობის 1997 წლის 08 ოქტომბრის №309 გადაწყვეტილებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ზ. მ-ის სასარგებლოდ 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საქმეში დაცული ნახაზის მიხედვით, გადაცემის დავალება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ჟ-ა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.

ზ. მ-მა 2023 წლის 13 იანვარს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლზე მითითებით, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით ზ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 44-ე და 56-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ზ. მ-ი აღნიშნავს, რომ სრულებით აკმაყოფილებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, შესაბამისად არსებობს მისთვის სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, სხვა წინაპირობებთან ერთად საკასაციო სასამართლო არკვევს დასაშვებია თუ არა გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. მ-ის მიერ გასაჩივრებულია ადვოკატის სახელმწიფო ხარჯზე დანიშვნაზე უარის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება, რომელიც კერძო საჩივრით არ საჩივრდება, ამასთან ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ზ. მ-ს განემარტა, რომ განჩინება საჩივრდებოდა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელიც კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დავის მოცემული ეტაპისთვის არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლოა გახდეს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, თუმცა აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი იმსჯელოს შუალედურ განჩინებაზე, თუ იგი გასაჩივრებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლით, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა