Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე #ბს-115 (კ-23) 20 თებერვალი, 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ნ-ემ 18.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2160 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2018წ. განჩინებით მ.ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 09.01.2019წ. განჩინებით მ.ნ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

თელავის რაიონული სასამართლოს 29.01.2019წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

15.06.2021წ. მ.ნ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2160 ლარის მოპასუხეებისათვის გადახდის დაკისრება.

თელავის რაიონული სასამართლოს 14.12.2021წ. გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 14.12.2021წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 17.01.2023წ. და 30.01.2023წ. განცხადებებით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი განცხადებებით, რომლებსაც ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი - ლ.კ-ა, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებები დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი