Facebook Twitter

საქმე #ბს-34(კ-23) 16 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 29 აგვისტოს ლ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მსჯავრდებულ ლ. წ-ს სასჯელის დასაწყისად განესაზღვრა 2012 წლის 3 ივნისი, ხოლო სასჯელის დასასრულად - 2024 წლის 18 მარტი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, მას უფლება მიენიჭა, წარედგინა შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე. მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა საბჭომ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საბჭოს უარი არის უკანონო, რის გამოც არსებობს ლ. წ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივლისის #02/22-0871 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივლისის #02/22-0871 გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ლ. წ-ის მიმართ, საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიუთითა შემდეგი: საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ მან წარადგინა დაზარალებულების თანხმობები, ის რომ მონაწილეობა მიიღო სოციალურ აქტივობებში, ამასთან, მსჯავრდებული წახალისებულია. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. წ-ი ნასამართლევია. მის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია დისციპლინური წესით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: მსჯავრდებული ლ. წ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია 7-ჯერ. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობაში, კერძოდ, ლ. წ-მა გაიარა „ბრაზის მართვის სატრენინგო მოდული“ და „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობების“ ტრენინგი. დაწესებულებაში იგი იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. ასევე, საგულისხმოა, რომ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდათ და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად ლ. წ-ის ახსნა-განმარტებას, ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულებას, სასამართლო სხდომაზე გამოვლენილ ქცევას. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, ასევე, ის, რომ ლ. წ-ს აქვს უმაღლესი განათლება, იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი, მშობლები და ძმა. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ნორმალურია. ლ. წ-ს გათავისუფლების შემდეგ სურს დასაქმება, აქვს საოჯახო ბიზნესი და აპირებს მის განვითარებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიუთითა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, გამოცემულია პატიმრობის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპის - რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის უგულებელყოფით. აღნიშნული გარემოებები კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი სწორედ ის ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც მიიღება საბჭოს გადაწყვეტილება. კერძოდ: 1. დანაშაულის ხასიათი; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები და 5. მსჯავრდებულის პიროვნება.

კასატორის მითითებით, მსჯავრდებულ ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შინაგანი რწმენის საფუძველზე, ყველა კრიტერიუმის მთლიანობაში გაანალიზებისა და შეფასების შემდგომ, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა დაზარალებულის თანხმობები, მსჯავრდებული მონაწილეობდა სოციალურ აქტივობებში, წახალისებულია, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. წ-ი იყო ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ძარცვა არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, ყაჩაღობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში, იგი დასჯილია დისციპლინური წესით.

კასატორი მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არსებული მოცემულობა საკმარისი იყო იმისათვის, რათა საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. წ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე.

კასატორის შეფასებით, საბჭო არ გაცდენილა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულია საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებით, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით.

კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე შესწავლილ იქნა ზედაპირულად, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნაჩქარევად. გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივლისის #02/22-0871 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.

მითითებული წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამავე წესის მე-13 მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. წ-ის სასჯელის მოხდის დასაწყისია 2012 წლის 3 ივნისი, სასჯელის მოხდის დასასრული კი - 2024 წლის 18 მარტი. ლ. წ-მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლების თანახმად, სასჯელის 3/4 მოიხადა 2021 წლის 5 აპრილს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლ. წ-ის მიმართ, საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიუთითა შემდეგი: საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ მან წარადგინა დაზარალებულების თანხმობები, ის, რომ მონაწილეობა მიიღო სოციალურ აქტივობებში, ამასთან, მსჯავრდებული წახალისებულია. თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. წ-ი ნასამართლევია. მის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილია დისციპლინური წესით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათსა და ნასამართლობაზე ხაზგასმა, ასევე, მის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ გადაცდომაზე მითითება და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საფუძვლიან და დასაბუთებულ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, უფრო კონკრეტულად, დამნაშავის რესოციალიზაციის შემთხვევაში, თავისთავად მცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს: მსჯავრდებული ლ. წ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია 7-ჯერ; მას მონაწილეობა აქვს მიღებული მონაწილეობა სოციალურ აქტივობაში, კერძოდ, ლ. წ-მა გაიარა „ბრაზის მართვის სატრენინგო მოდული“ და „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობების“ ტრენინგი. იგი დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. ასევე, საგულისხმოა, რომ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდათ და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. თავის მხრივ, ყურადსაღებია ლ. წ-ის ახსნა-განმარტება, ჩადენილ დანაშაულთან მისი დამოკიდებულება და ქვედა ინსტანციის სასამართლოთა სხდომებზე გამოვლენილი ქცევა. ამასთან, დადგენილია, რომ ლ. წ-ს აქვს უმაღლესი განათლება, იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი, მშობლები და ძმა. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ნორმალურია. ლ. წ-ს გათავისუფლების შემდეგ სურს დასაქმება, აქვს საოჯახო ბიზნესი და აპირებს მის განვითარებას.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული წახალისებულია არაერთხელ (7-ჯერ), უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება ლ. წ-ის დისციპლინური წესით ერთხელ დასჯის ფაქტზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ადგილი ჰქონდა სასჯელის მოხდის საწყის ეტაპზე - 2012 წლის ივნისში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტაციას და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის კუმულაციურ გამოკვლევა-შეფასებას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს სათანადო მოტივაციას ლ. წ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, გამოცემულია პატიმრობის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპის - რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის უგულებელყოფით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა