№ბს-164(3კ-21) 28 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - 1. საქართველოს გენერალური პროკურატურა;
წარმომადგენელი - ნ.გ-ე, ნ.ჯ-ე
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ.წ-ი, მ.კ-ე
3. ბ.ი-ა
წარმომადგენელი - ს.ჯ-ა
მესამე პირი (სასკ 16.1) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 სექტემბერს ბ.ი-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, სამსახურში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ს რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 23 ივლისის №575-პ/შ ბრძანების ( ბ.ი-ას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908პ/შ ბრძანების (ბ.ი-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის №155309 ბრძანების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908პ/შ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბ.ი-ას წელთა ნამსახურობაში 2009 წლის 23 ივლისის №575-პ/შ ბრძანების გამოცემიდან 2019 წლის 21 იანვრის №155309 ბრძანების გამოცემამდე იძულებით გაცდენილი პერიოდის წელთა ნამსახურობის ჩათვლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბ.ი-ასთვის პოლიციის მაიორის წოდების მინიჭების დავალება და საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - ბ.ი-ას მიერ 2009 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები შრომითი ანაზღაურების - 97 355 ლარის და უკანონო მსჯავრდების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების 50 000 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908პ/შ ბრძანება ბ.ი-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის №155309 ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908პ/შ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ბ.ი-ას წელთა ნამსახურობაში 2009 წლის 5 ნოემბრიდან (თანამდებობიდან დათხოვნიდან) 2019 წლის 21 იანვრამდე (თანამდებობაზე აღდგენამდე) პერიოდის ჩათვლა; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა - 2009 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები შრომითი ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 97355 ლარის ოდენობით; მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე პერიოდის, მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის დავალების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაბარწილად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - ბ.ი-ას მიერ 2009 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები შრომითი ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 97 355 ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ბ.ი-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბ.ი-ას ეკავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ...ს რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის თანამდებობა. აღნიშნული თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 23 ივლისის №575-პ/შ ბრძანებით მოსარჩელე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით - 2009 წლის 22 ივლისიდან სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო 2009 წლის 05 ნოემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით ბ.ი-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ბრძანებას საფუძვლად მიეთითა შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს 22.10.2009 წლის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე.
2009 წლის 22 ოქტომბრის გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს დასკვნის შესაბამისად, რადგან მოსარჩელე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით არ გამოცხადდა წინასწარი გამოძიების ორგანოში და დაემალა გამოძიებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან ჩადენილ იქნა თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა შსს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს (შსს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ პუნქტი).
სააპელაციო პალატამ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების შესაბამის მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ გამიჯნულია ორი ეტაპი - განაჩენის გამოტანამდე და განაჩენის გამოტანის შემდეგ პერიოდი. პირველ შემთხვევაში (განაჩენის გამოტანამდე) თანამშრომელი სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან, ანუ შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება. რაც შეეხება საბოლოო ეტაპს - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ავალდებულებს სამინისტროს მისი თანამშრომელი დაითხოვოს თანამდებობიდან. მართალია სამინისტროს თავდაპირველად მოსარჩელის მიმართ განხორციელდა პირველი ეტაპით გათვალისწინებული პროცედურა - შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება, თუმცა შემდგომ გაითვალისწინა რა გენერალური ინსპექციის დასკვნა ბ.ი-ას დისციპლინარულ გადაცდომასთან დაკავშირებით, ამ საფუძვლით გაათავისუფლა იგი თანამდებობიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ბ.ი-ას სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად დისციპლინარული გადაცდომა დაედო. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის MIA 8 19 00155309 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანება, რომელსაც თავის მხრივ ეფუძნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 7 დეკემბრის პატაკს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენიდან გამომდინარე ბ.ი-ას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული ბრძანებისა და პატაკის შინაარსი ადასტურებდა, რომ ბ.ი-ას თანამდებობიდან დათხოვნა მოხდა არა დისციპლინური გადაცდომის მიზეზით, არამედ მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, რის გამოც, მას უკვე შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანების (ბ.ი-ას თანამდებობიდან დათხოვნასთან დაკავშირებით) გამოცემის მიზეზი რეალურად გახდა ბ.ი-ას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელშიც მოსარჩელე საბოლოოდ გამართლდა, ხოლო, ის გარემოება, რომ საბოლოოდ მოსარჩელე მხარე სისხლის სამართლის საქმეში გამართლდა, ქმნიდა ბ.ი-ას უფლებებში სრულად აღდგენის საფუძვლებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბ.ი-ას სამსახურიდან დათხოვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა დისციპლინარულ გადაცდომას, რომელიც რეალურად გამომდინარეობდა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან, ისე, რომ არ დაელოდა საბოლოო შედეგს - განაჩენს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გათავისუფლების ბრძანება მართებულად ცნო ბათილად, როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინსტრო, როგორც აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ხდებოდა მატერიალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, სოლიდარულად.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 78-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი სამსახურში აღდგენის საფუძველზე, ბ.ი-ასთვის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან - სამსახურში აღდგენამდე განვლილი პერიოდის მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩათვლა.
მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად, სააპელაციო პალატამ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 2000 ლარის დაკისრება მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანაბარ წილად ზიანის სახით - ბ.ი-ას მიერ 2009 წლის ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები შრომითი ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 97355 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მორალური ზიანის ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.ი-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს სამოქალაქო კოდექსების შესაბამისი მუხლების მითითებით აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის მხრიდან ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სწორედ პროკურატურის შუამდგომლობა გახდა საფუძველი ბ.ი-ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის დადგომის.
კასატორი მიუთითებს, რომ ბ.ი-ას სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა დამსაქმებლის მიერ ისე, რომ არ არსებობდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს გენერალური პროკურატურა ვერ იქნებოდა. სასამართლოს მსჯელობა შესაძლოა ჰქონოდა მხოლოდ გადაყენებიდან - გათავისუფლებამდე პერიოდზე, თუმცა პროკურატურას არ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. სასამართლომ ერთის მხრივ მიუთითა დამსაქმებლის ქმედებებზე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა უკანონოდ და ამავდროულად, პროკურატურას დააკისრა მატერიალური ზიანის სახით თანხის ანაზღაურება.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ცალსახად არ დგინდება სისხლისსამართლებრივი დევნის არ არსებობის პირობებში, იმუშავებდა თუ არა ბ.ი-ა მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ამდენად, უტყუარად არ დასტურდება მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908 პ/შ ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბ.ი-ამ 2009 წლის 28 აპრილს მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ...ის პოლიციის განყოფილების ...ის ინსპექტორ-გამომძიებელი გ.მ-ა. მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით ბ.ი-ა არ ცხადდებოდა წინასწარი გამოძიების ორგანოში და ემალებოდა გამოძიებას, რის გამოც მისი მხრიდან დაირღვა შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები (თანამშრომლის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შსს სისტემის ავტორიტეტს). ხსენებულის საფუძველზე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ბ.ი-ას სამსახურიდან დათხოვნა.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908 პ/შ ბრძანებას საფუძვლად უდევს გენერალური ინსპექციის დასკვნა და არა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი. ხსენებული სადავო ბრძანება არ შეიძლება განხილულ იქნას რესტიტუციური მნიშვნელობით, ბ.ი-ას სისხლის სამართლებრივ წარმოებაში გამართლების საფუძვლით. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელს გაშვებული აქვს აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბ.ი-ას გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც ქმნიდა 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანების ძალადაკარგულად და არა ბათილად ცნობის საფუძვლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს სასამართლოს მიერ, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების უხეშ დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა, ბ.ი-ას - შსს-ს მიმართ არ ჰქონია პროცესის არც ერთ ეტაპზე.
კასატორი ბ.ი-ა აღნიშნავს, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების შედეგად, თითქმის 10 წლის განმავლობაში დევნილობაში იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჯერ უკრაინაში შემდგომ კი რუსეთში. უცხოეთში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და განაჩენის გამოტანის შესახებ. იგი თავს უდანაშაულოდ თვლიდა და ამიტომ არ დაბრუნდა საქართველოში. უცხო ქვეყანაში მძიმე სოციალურ პირობებში და მეგობრებისა და ნათესავებისგან მოწყვეტილად უწევდა ცხოვრება. მასში ძლიერ ემოციური ტანჯვას იწვევდა ის გარემოებაც, რომ იგი აღიქმებოდა დამნაშავედ და მის ახლობლებს საყვედურობდნენ ავარიის შედეგად დაღუპული პირის გამო. უკანონო მსჯავრდების შედეგად მისთვის მიყენებული ტკივილი დღემდე მოუშუშებელია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის 2 000 ლარამდე შემცირების შესახებ და ითხოვს თანხის 9 000 ლარამდე გაზრდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ.ი-ას საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბ.ი-ას საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის და ბ.ი-ას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რომ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში 2009 წლის 29 აპრილს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2009 წლის 28 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ.მ-ას გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის №10/ა-403-09 ბრძანებით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბ.ი-ას მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორი თვის ვადით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ბ.ი-ამ „თბილისის აეროპორტის“ გავლით, საზღვარი გადაკვეთა 2009 წლის 28 ივნისს, უკრაინის მიმართულებით და ქვეყანაში შემოვიდა 2018 წლის 9 აგვისტოს, უკრაინიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 23 ივლისის №575-პ/შ ბრძანებით, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 22 ივლისის №გ22.07.2009/3 მიმართვისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2009 წლის 22 ივლისის ბრძანების საფუძველზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ...ს რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბ.ი-ა გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, 2009 წლის 22 ივლისიდან სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ბ.ი-ას მიმართ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ...ს რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის ინსპექტორ- გამომძიებელმა ბ.ი-ამ 2009 წლის 28 აპრილს მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ამავე სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების ...ის ინსპექტორ-გამომძიებელი გ.მ-ა. მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით, ბ.ი-ა არ გამოცხადდა წინასწარი გამოძიების ორგანოში და დაემალა გამოძიებას. აღნიშნულით მან ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა (თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შსს სისტემის ავტორიტეტს). შემოწმების შედეგებზე მომზადებული დასკვნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბ.ი-ას შს ორგანოებიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანებით, შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მომზადებული 2009 წლის 22 ოქტომბრის დასკვნის (სააღრიცხვო №620), ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ...ს რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბ.ი-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შსს ორგანოებიდან.
...ს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ბ.ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 20 დეკემბერის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული სხდომაზე განსახილველად.
ბ.ი-ას წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074171016801 საქმეზე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქმეში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა ბ.ი-ას არასწორი მსჯავრდების ფაქტი, რითაც არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც მისი პატივის და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 12 ოქტომბერს. პროკურორმა სასამართლოს წარუდგინა დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მსჯავრდებულს ბ.ი-ას მიმართ გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის №1/აგ-206-17 განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ბ.ი-ას მიმართ და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი; ბ.ი-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. ამავე განაჩენით ბ.ი-ას განემარტა, რომ უფლება ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ბ.ი-ას წარმომადგენელმა 2018 წლის 8 სექტემბრის განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის №1/აგ-206-17 განაჩენის საფუძველზე, ბ.ი-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ 2009 წლის ბრძანების გაუქმება და მის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენის საფუძველზე, ბ.ი-ას თანხმობით, 2018 წლის 7 დეკემბრის პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი ბ.ი-ას შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის MIA 8 19 00155309 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანება. ამავე ბრძანებით პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბ.ი-ა აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ად (თანამდებობრივი სარგო 1200 (ათას ორასი) ლარი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის MIA 8 19 01750668 ბრძანებით, პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის ინსპექტორი-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი ბ.ი-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარ შეფასების საგანს ბ.ი-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის - მარეაბილიტირებელი გარემოების დადგომის პირობებში მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები წარმოადგენს. უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის №1/აგ-206-17 განაჩენით ბ.ი-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც თავისთავად წარმოშობს მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულებას, თუმცა აქვე სიღრმისეულად შესაფასებელია ის გარემოება, რამდენად წარმოადგენდა ბ.ი-ას მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის როგორც ბათილად ცნობა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს აქტის მოქმედების შეწყვეტას, თუმცა მათ შორის მკაფიო ზღვარია. ბათილად ცნობას ექვემდებარება სამართლებრივი ბუნებით მხოლოდ უკანონო აქტი (ასკ-ის 32.1 მუხლისა და სზაკ-ის 601.1 მუხლი), ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადებას - სამართლებრივი ბუნებით მხოლოდ კანონიერი აქტი (შდრ. სზაკ-ის 61.1 მუხ.). ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დასაბუთებულობის მთავარი სამართლებრივი საფუძველი მისი უკანონობაა (ასკ-ის 2.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), დაუშვებელია იმ აქტის ბათილად ცნობა, რომელიც უკანონო არაა (გამონაკლისია ასკ-ის 32.4 საფუძველზე სადავო საკითხის ე.ი. კანონიერების გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა). შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა როგორც ფაქტი, იმავდროულად ადასტურებს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას. თავისთავად შესაძლებელია სადავო აქტის მოქმედება შეწყდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი ძალადაკარგულად გამოცხადებით, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედება შეწყვეტილი აქტის უკანონობის აღიარებას.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლებით განსაზღვრული დისპოზიციურობის პრინციპისა და წარმოდგენილი სარჩელის ფარგლების (სარჩელის საუარესოდ შეუბრუნების დაუშვებლობა პრინციპი) გათვალისწინებით სასამართლო ვერ შეაფასებს ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერებას და საფუძვლიანობას ანუ იმ გარემოებას, თუ საერთოდ რამდენად არსებობდა ბ.ი-ას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, თუმცა აფასებს სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობაა მისი უმართლობა, მართწინააღმდეგობა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას, უნდა დადგინდეს აქტის შესაბამისობა მისი გამოცემისას მოქმედ ნორმატიულ საფუძველთან და ფაქტობრივ გარემოებებთან (სუსგ ბს-512-494(კ-13), 29.05.2014წ., ბს-159(კ-19), 07.05.2019წ.).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ 2009 წლის 5 ნოემბერს ბ.ი-ას თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა არა სისხლისამართლებრივი საქმის წარმოება (რომლის დასრულებამდეც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანებით დროებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან), არამედ ბ.ი-ას მიერ შსს თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტი). კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბ.ი-ა არ გამოცხადდა წინასაწარი გამოძიების ორგანოებში და დაემალა გამოძიებას. ამასთან, მის მიმართ გამოცხადებულ იქნა ძებნა და ...ს რაიონულ სამმართველოში 2009 წლის 30 ივლისს შეიქმნა სამძებრო საქმე №71003/9. ამასთან, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ბ.ი-ამ „თბილისის აეროპორტის“ გავლით, საზღვარი გადაკვეთა 2009 წლის 28 ივნისს, უკრაინის მიმართულებით და ქვეყანაში შემოვიდა 2018 წლის 9 აგვისტოს, უკრაინიდან. ამდენად, ფაქტი იმის თაობაზე, რომ ბ.ი-ა დაემალა საგამოძიებო ორგანოებს და იმყოფებოდა ძებნაში უდავოდ არის დადასტურებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში .... პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის №ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილება). ამდენად, მოქმედი პოლიციელის მხრიდან საგამოძიებო ორგანოებისაგან მიმალვა და ძებნაში ყოფნა ცალსახად ეწინააღმდეგება პოლიციელის სტატუსს და წარმოადგენს პოლიციელისათვის ცალსახად შეუფერებელ ქმედებას. აღნიშნულს ვერ გადაწონის ბ.ი-ას შესაძლო შიში სამომავლოდ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მიმართ, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევის მართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელის მსგავსი ქმედება არ შეესაბამება პოლიციელის ქცევის წესებს და საზოგადოებაში ლახავს მთლიანად პოლიციის ავტორიტეტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ.ი-ას მიერ ჩადენილია - პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება (საგამოძიებო ორგანოებისაგან მიმალვა), რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განცდას აჩენდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩარევა წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერ და გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციული იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908-პ/შ ბრძანება არის კანონიერი და ცალსახად შეესაბამება სადავო აქტის გამოცემის დროს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სადავო აქტი არ გამომდინარეობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენიდან, არამედ უკავშირდება ბ.ი-ას მიერ განხორციელებულ სხვა ცალკე მდგომ ქმედებას (მის მიმალვას), რის გამოც 2018 წლის გამამართლებელი განაჩენი არ ქმნის შესაბამისი აქტის - 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანების უკანონოდ მიჩნევის კანონისმიერ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, ცალსახაა რომ ასევე არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის №155309 ბრძანების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2009 წლის 5 ნოემბრის №908პ/შ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო ის საკითხი რამდენად არსებობდა სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები, როგორც უკვე აღინიშნა სცდება მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს (სარჩელის საუარესოდ შებრუნების პრინციპის დაუშვებლობის გათვალისწინებით). ამასთან, სადავო აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს ბ.ი-ასათვის - იძულებითი განაცდური ხელფასისა და სხვა თანმდევი მოთხოვნების (წელთა ნამსახურობის ჩათვლა, წოდების მინიჭება) - დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, მისი თანამდებობიდან განთავისუფლება გამომდინარეობდა მისი შეუფერებელი ქმედებიდან - მიმალვიდან, ხოლო მიმალვაში მყოფი პირისათვის (პოლიციელისათვის) - მიმავლის პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა და წოდების მინიჭება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბ.ი-ას მიერ 2009 წლის 23 ივლისიდან (თანამდებობიდან დროებით გადაყენებიდან) 2009 წლის 5 ნოემბრამდე (თანამდებობიდან განთავისუფლებამდე) მიუღებელ იძულებით განაცდურზე და მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი ბ.ი-ას უნდა აუნაზღაურდეს როგორც მატერიალური ზიანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს10.04.2014წ.№ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება)).
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს..“ (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
მატერიალურ ზიანთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შედეგად წარმოიშვა, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაშიც მოიაზრება მატერიალური ზიანის სახით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საქმეზე №ბს-1228(კ-19) (2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.ი-ას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან (დროებით გადაყენებიდან) მის განთავისუფლებამდე (შეუფერებელი ქმედების საფუძვლით) უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი, მიუღებელი ხელფასი - 2 587,36 ლარის (მიუღებელი ხელფასი 2009 წლის 23 ივლისიდან - 2009 წლის 5 ნოემბრამდე) ოდენობით, ხოლო ბ.ი-ას თანამდებობიდან განთავისუფლების კანონიერ მიჩნევის პირობებში არ არსებობს განთავისუფლების შემდგომი პერიოდი ანაზღაურების ვალდებულება.
ამასთან, რაც შეეხება, ბ.ი-ას სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.ი-ასათვის მორალური ზიანის სახით - 2000 ლარის ანაზღაურება არ წარმოადგენს ზიანის გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ბ.ი-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2010 წლის 17 აგვისტოს, ხოლო ბ.ი-ა გამართლდა 2018 წლის 16 მარტს. მიუხედავად, იმისა, რომ ბ.ი-ას პატიმრობაში არც ერთი დღე არ გაუტარებია, მას მთელი 8 წლის განმავლობაში ჰქონდა ბრალდებულის/მსჯავრდებულისა და ძებნილის პირის სტატუსი, რაც თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მორალური ზიანისთვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება როგორც კონკრეტული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე იდენტურ მოთხოვნასთან დაკავშირებით სხვა საქმეებზე მანამდე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილი ოდენობები. საკასაციო სამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მორალურ ზიანს არ გააჩნია ფულადი ეკვივალენტი, „გონივრული და სამართლიანი“ ანაზღაურების განსასაზღვრად გასათვალისწინებელია ბ.ი-ას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსით ყოფნის ხანგრძლივობა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის განცდები და ემოციები, რაც მის ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლების გათვალისწინებით (პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მორალური ზიანის - 9000 ლარის ნაწილში ბ.ი-ას მიერ არ გასაჩივრებულა) მიიჩნევს, რომ ბ.ი-ასათვის მორალური ზიანის სახით გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას - 9000 ლარი წარმოადგენს, რის გამოც არსებობს აღნიშნულ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის და ბ.ი-ას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით - ბ.ი-ას სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით - 9 000 (ცხრა ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის სახით - 2 587,36 ლარის (ორი ათას ხუთასოთხომცდაშვიდი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) (მიუღებელი ხელფასი 2009 წლის 23 ივლისიდან - 2009 წლის 5 ნოემბრამდე) დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და ბ.ი-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ბ.ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ბ.ი-ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 9 000 (ცხრა ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 2 587,36 ლარის (ორი ათას ხუთასოთხომცდაშვიდი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) (მიუღებელი ხელფასი 2009 წლის 23 ივლისიდან - 2009 წლის 5 ნოემბრამდე) ანაზღაურება.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი