Facebook Twitter

№ბს-751(კ-20) 3 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 აპრილს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №10-01180891195 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სახით იმ დოკუმენტების გადაცემის დავალება მოითხოვა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „...ი“ და „...ი“ შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რ...ისა“ და შპს „ს...ის“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №10-01180891195 წერილი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელისათვის 2018 წლის 15 მარტის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა, კერძოდ, იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „...ი“ და „...ი“ შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რ...ისა“ და შპს „ს...ის“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2018 წლის 15 მარტს გ. ბ-მა №59547 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „...ი“ და „...ი“ შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რ...ისა“ და შპს „ს...ის“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №10-01180891195 წერილით გ. ბ-ს ეცნობა, რომ შპს „თ...დან“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „თ...ა“ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მასზე არ ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დადგენილი ნორმები.

2018 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ნოემბრის მომართვის შესაბამისად, გ. ბ-ის მიერ 2018 წლის 15 მარტის №59547 განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „თ...ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნილ იქნა 2018 წლის 26 მარტს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის განმარტება, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი ვერ იქნებოდა მოტივირებული იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან შპს ,,თ...ა‘’ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, მასზე არ ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დადგენილი ნორმები და აღნიშნა, რომ მოპასუხე თბილისის მერიას განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან მიმართებით უნდა შეეფასებინა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნილი ინფორმაცია ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას და რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პერსონალურ საიდუმლოებას, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება და მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მასთან ინახებოდა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს დელეგირებით ანუ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების გადაცემის საფუძველზე. კერძო სამართლის იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილი გამოიყენონ საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები, თუმცა კანონის საფუძველზე სახელმწიფოს შეუძლია აღჭურვოს ეს პირები საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით, თუ იგი მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას. სწორედ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კერძო სამართლის იურიდიული პირები განიხილებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად და ამ დროს არიან ვალდებულნი მიიღონ გადაწყვეტილებები ან განახორციელონ ქმედებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისად, საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მომენტში წარმოეშობათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „თ...ამ" გადააგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული არ გულისხმობს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესისამებრ. შესაბამისად, კასატორის მითითებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა განმცხადებლისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2018 წლის 15 მარტს გ. ბ-მა №59547 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელშიც ასახულია 2016 წელს მეტროსადგურების „...ი“ და „...ი“ შესრულებული მოცულობით სამუშაოებზე შპს „რ...ისა“ და შპს „ს...ის“ ბიუროს დასკვნები. ასევე, ყველა იმ დოკუმენტის მიწოდება, რომელიც ამ ორი მეტროსადგურის გარემონტებისას მოცულობით სამუშაოებთან დაკავშირებით არსებობდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 მარტის №10-01180891195 წერილით გ. ბ-ს ეცნობა, რომ შპს „თ...დან“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „თ...ა“ წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მასზე არ ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დადგენილი ნორმები.

დადგენილია ის გარემოება, რომ გ. ბ-ის მიერ 2018 წლის 15 მარტის №59547 განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „თ...ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნილ იქნა 2018 წლის 26 მარტს და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ეტაპზე მასთან ინახებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლი შეიცავს იმ ინფორმაციების ჩამონათვალს, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია. მითითებული ნორმის „ნ“ პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ამ კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგერთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება, საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მიღებული ინფორმაციაც, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პერსონალურ საიდუმლოებას.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ. ბ-ის 2018 წლის 15 მარტის №59547 განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „თ...ის“ მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაიგზავნა 2018 წლის 26 მარტს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემის ეტაპზე ინფორმაცია უკვე ადმინისტრაციულ ორგანოში ინახებოდა და სახეზე არ იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის გაცემის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო, პერსონალური ან კომერციული საიდუმლოებას).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი