№ბს-139(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ.მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე), სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ.მ-ამ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის მ.ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ფ.მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ.მ-ას მიერ.
2. 2017 წლის 7 სექტემბერს ფ.მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №03/250 ბრძანება „ფ.მ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; დ) დაევალოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ფ.მ-ას მოთხოვნა მხოლოდ ერთი სართულის დემონტაჟზე დაკმაყოფილებული იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/6112-17 ფ.მ-ას სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, მოპასუხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ფ.მ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფ.მ-ას მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ და ერთ წარმოებად გაერთიანდა №3ბ/1675-18 და №3ბ/2836-18 ადმინისტრაციული საქმეები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფ.მ-ას სააპელაციო საჩივრები; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებები.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ...ის ქუჩა №18, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 650 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 და №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ფ.მ-ას სახელზე; ბ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად წარედგინა ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის მიერ 2014 წლის 11 ივლისს გამართულ სხდომაზე, რომელმაც №14 ოქმით მისცა რეკომენდაციები გასათვალისწინებლად. რეკომენდაციების გათვალისწინებით, განმეორებით წარდგენილ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის 2014 წლის 31 ოქტომბრის №29 ოქმით მიეცა დადებითი შეფასება რეკომენდაციასთან ერთად: სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალური ჩაღრმავებით; გ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 ნოემბრის №13/12/1600 წერილით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალური ჩაღრმავებით; დ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 9 დეკემბრის №202 ბრძანების თანახმად, შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. მცხეთა, ...ის ქუჩა №18- ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა 18 (თვრამეტი) თვით; ე) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 31 მარტის №540 წერილით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად წარედგინა ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია; ვ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2016 წლის 12 აპრილის №10 ოქმით ირკვევა, რომ სექციის ყველა წევრმა ერთხმად განაცხადა უარი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე; ზ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილით ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საპროექტო ობიექტი მეტად აქტიურია და უპროპორციო მოცემული ადგილისათვის, ამდენად, ზედა ორი სართული საჭიროებს დემონტაჟს. ამასთან, ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან, რაც იწვევს სრულ დისონანსს არსებული გარემოს მიმართ; თ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებით ფ.მ-ა დაჯარიმდა მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანებართვო პირობის დარღვევის გამო 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ფ.მ-ას მიერ გადახდილი იქნა. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის №ს-341 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოქალაქე ფ.მ-ას დაჯარიმების შესახებ’’ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 11 პუნქტი: ,,მოქალაქე ფ.მ-ამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის ზედა ორი სართულის დემონტაჟი ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 თვის ვადაში; ი) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მარტის №001580017 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საპროექტო შენობა-ნაგებობის პირველი სართულის იატაკის ნიშნულის (+0,00) შესაბამისი აბსოლუტური ნიშნული არ არის მითითებული პროექტში და შესაბამისად ზუსტი ნიშნულის განსაზღვრა ვერ ხდება. ასევე ვერ ხდება საპროექტო შენობა-ნაგებობის პირველი სართულის იატაკის ნიშნულის (+0,00) შესაბამისი აბსოლუტური ნიშნულის განსაზღვრა პროექტში არსებული სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ვინაიდან თითოეული ნახაზი (მათ შორის ჭრილების და ფასადების ნახაზები), სადაც პირობითი აღნიშვნით დატანილია გრუნტი, არ შეესაბამება ერთმანეთს, შეიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში ფაქტობრივად აშენებული შენობა-ნაგებობის მიწაში ჩაღრმავება განხორციელდა იგივე მაჩვენებლით, რა მაჩვენებლითაც შესაძლოა გათვალისწინებული ყოფილიყო პროექტით, მაშინ შენობა-ნაგებობის წანაცვლება, გენგეგმაზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, გამოიწვევდა შენობა- ნაგებობის აწევას ზღვის დონიდან მაქსიმუმ 1,5 მეტრით. აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, ფაქტობრივად არსებულ შენობა-ნაგებობაზე ერთი - მე-3 სართულის დემონტაჟის შემთხვევაში შენობის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან დააკმაყოფილებს საპროექტო შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნულის სიმაღლეს (ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნული იქნება არაუმაღლეს საპროექტო შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნულისა); კ) ფ.მ-ამ (წარმომადგენელი ნ.მ-ი) 2017 წლის 13 აპრილს №მ-994 განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა პროექტის განხილვა მისი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2017 წლის 8 მაისის №18 ოქმით ირკვევა, რომ სექციის ყველა წევრმა კვლავ უარყოფითი შეფასება მისცა განსახილველად წარდგენილ პროექტს. სექციამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია და დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა სააგენტოს მიერ ადრე გაცემული (2016 წლის 25 აპრილს) რეკომენდაციების გათვალისწინებით. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 წერილით, მოქალაქე ფ.მ-ას წარმომადგენელს ნ.მ-ს ეცნობა, რომ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული პროექტის კორექტირებისა და რეკომენდაციის გაცემის საკითხი განხილული იქნა სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია. დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. წერილში ასევე მითითებულია, ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილების დანართი №1-ის საზღვრებში აკრძალულია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა; ლ) 2017 წლის 23 ივნისს, ფ.მ-ამ (წარმომადგენელი ნ.მ-ი) ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2017 წლის 17 ივლისს დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 და 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №03/250 ბრძანებით ფ.მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 და 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 8 დეკემბრის №2053 მითითებით ფ.მ-ას დაევალა გარკვეული სახის მითითებების შესრულება; ნ) მოსარჩელემ 2017 წლის 4 აპრილს განცხადებით მიმართა ზედამხედველობის სამსახურს, არქიტექტურის სამსახურს, წარადგინა კორექტირებული პროექტის დედანი, ექსპერტიზის დასკვნის ასლი და მოითხოვა წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავო საკითხის ხელახალი შეესწავლა; ო) 2017 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა კორექტირებული პროექტი, ექსპერტიზის დასკვნის ასლი და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა სასამართლო ექსპერტისა და პროექტის ავტორის მონაწილეობით. სხდომა დაინიშნა 2017 წლის 8 მაისს, ხოლო 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მის მიერ გასაჩივრდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ ასაჩივრებდა 2016 წლის 25 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებასაც.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლზე, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების 1-ლი და მე-4 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია შემოიფარგლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონებში დოკუმენტაციის შეთანხმებით; ხოლო ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისას სააგენტო წარდგენილ პროექტს და თანდართულ დოკუმენტაციას სწავლობს მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, რათა არ დაუშვას ისეთი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სააგენტომ იმოქმედა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, საკითხი შეისწავლა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციამ, რომელიც დარგის ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. იმ გარემოებას, რომ ფ.მ-ამ სამუშაოები განახორციელა 2014 წელს შეთანხმებული პროექტის დარღვევით, მოწმობს ასევე მის მიმართ არსებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე. ფ.მ-ამ (წარმომადგენელი ნ.მ-ი) 2017 წლის 13 აპრილს უკვე თავად მიმართა №მ-994 განცხადებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა პროექტის განხილვა მისი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ.მ-ას კუთვნილი უძრავი ქონება მოქცეულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულებით დადგენილი განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონაში. 2016-2017 წლებში წარდგენილი საპროექტო ნახაზებით ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდებოდა 2014 წელს შეთანხმებული პროექტის ნახაზისაგან მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ პროექტს დადებითი შეფასება მიეცა შემდეგი რეკომენდაციით: სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალური ჩაღრმავებით. 2017 წელს წარდგენილი პროექტი სიმაღლის დონის მატებასთან ერთად გულისხმობს გაბარიტების გაფართოებასაც. ფ.მ-ას კუთვნილი უძრავი ქონება ექცევა ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს დადგენილების №1 დანართის საზღვრებში, სადაც აკრძალულია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა. ამასთან, აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვა არ არის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი, ვინაიდან შენობის გაბარიტების შეცვლა და მისი სართულიანობის გაზრდა განაპირობა კანონმდებლობის საფუძველზე შეთანხმებული პროექტის დარღვევით წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოებმა, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ- პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს.
პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტები - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ ასევე არ არსებობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №03/250 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე მოცემულ საქმეზე სხვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლზე, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 35-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების საფუძველზე მიენიჭა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი) ფუნქცია შემოიფარგლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონებში დოკუმენტაციის შეთანხმებით. სააგენტო წარმოდგენილ პროექტს და თანდართულ დოკუმენტაციას სწავლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, რათა არ დაუშვას ისეთი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სექციის ყველა წევრმა უარი განაცხადა საცხოვრებელი სახლის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე. სექციის წევრთა მიერ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად მშენებლობა განხორციელებულია პროექტის სრული დარღვევით და მოსაყვანია შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში სართულიანობისა და ნიშნულების გათვალისწინებით; შენობა გენგეგმაზე გადაადგილებულია (საწყისი ნიშნულის დონე აწეულია), რამაც გამოიწვია შენობის აბსოლუტური პროპორციების დაშლა; თავდაპირველი რეკომენდაციის მიხედვით, უნდა მომხდარიყო სარდაფის მაქსიმალურად მიწაში ჩასვლა, რაც არ განხორციელდა და წარმოდგენილ პროექტზე მიწის დონე ხელოვნურადაა აწეული; პროექტი ამოვარდნილია განაშენიანების კონტექსტიდან და მაქსიმალურად დასადაბლებელია. მოცემული შენიშვნები მერიას გადაეგზავნა სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილით. ვინაიდან საქმეზე არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს უარყოფითი დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით კორექტირებულ პროექტზე, მერიის არქიტექტურის სამსახური არ იყო უფლებამოსილი შეეთანხმებინა პროექტი და გაეცა ახალი მშენებლობის ნებართვა, რის გამოც პროექტის დარღვევით აშენებული შენობის ნაწილი დაექვემდებარა დემონტაჟს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,გ’’ პუნქტის შესაბამისად, რის შესახებაც მერიის 08.12.2016 წლის №2053 წერილით ეცნობა მოსარჩელეს და განესაზღვრა 2 თვის ვადა საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართულის სრული დემონტაჟისათვის. აღნიშნული ვადა გაგრძელდა რამდენჯერმე მოსარჩელის წარმომადგენლის არაერთი განცხადების საფუძველზე, რითაც წარმომადგენელი ითხოვდა დროს პროექტის დასაკორექტირებლად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნული დოკუმენტაცია მერიაში საბოლოოდ წარდგენილ იქნა 2017 წლის 4 აპრილის განცხადებით. 2017 წლის 13 აპრილის №მ-994 წერილით მოსარჩელემ თავად მიმართა სააგენტოს, წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა პროექტის განხილვა ნებართვის მაძიებლის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით. 2017 წლის 8 მაისის სექციის №18 სხდომაზე პროექტი განხილულ იქნა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით და სექციის ყველა წევრის მიერ კვლავ უარყოფოთი შეფასება მიეცა. 2017 წლის 22 მაისის წერილით ფ.მ-ას ეცნობა სააგენტოს რეკომენდაციები პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით, არღვევს მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ამასთან, ფ.მ-ას განემარტა, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარმოდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია და დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა სააგენტოს მიერ ადრე გაცემული (2016 წლის 25 აპრილს) რეკომენდაციების გათვალისწინებით (რომლის თანახმად არსებობდა ზემო ორი სართულის დემონტაჟის განხორციელების აუცილებლობა). აღნიშნული რეკომენდაციები ეცნობა მოსარჩელეს სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 წერილით, სადაც ასევე მითითებულია, რომ „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართი №1-ის საზღვრებში აკრძალულია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა. მერიისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს თავად ჰქონდა წარდგენილი პროექტი სააგენტოში განსახილველად, რის გამოც შესაბამისი სამსახურები შემდგომი რეაგირებისთვის ელოდნენ სააგენტოს გადაწყვეტილებას. ცნობილი გახდა რა აღნიშნული გადაწყვეტილების (2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 წერილი) თაობაზე, რომლითაც უკვე მეორედ ეთქვა უარი მოსარჩელეს კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე შენობის მოცულობის არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან ამოვარდნისა და მცხეთის განაშენიანების ხასიათის, პრინციპებისა და პროპორციების დარღვევის მოტივით, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მიღებულიყო გადაწყვეტილება კანონდარღვევით აშენებული შენობის ზედა ორი სართულის დემონტაჟზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის არგუმენტაციის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, დადგენილების დანართი №1-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით 2018 წლის 31 დეკემბრამდე ამოქმედებული იყო ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი, რის გამოც დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აკრძალულია სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება/ნებართვის გაცემა და შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა. უნებართვო შენობა ექცევა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მორატორიუმის მოქმედების პერიოდში აკრძალულია სამშენებლო სამუშაოები - მათ შორის პროექტის შეთანხმებაც. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოების თავდაპირველი პროექტი შეთანხმდა 2014 წელს და მშენებლობა დაწყებულია აღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, რასაც მოქმედების ვადა 2016 წლის 9 ივნისს გაუვიდა, შესაბამისად 2017 წელს კორექტირებული პროექტის შეთანხმება გულისხმობს ახალ ადმინისტრაციულ წარმოებას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რისი უფლებამოსილებაც მერიას ზემოთმოყვანილი დადგენილების შეზღუდვების საფუძველზე არ გააჩნია. ამასთან, სააგენტოს მოსაზრებით 2017 წელს წარდგენილი კორექტირებული პროექტი სიმაღლის დონის მატებასთან ერთად გულისხმობს გაბარიტების გაფართოებასაც, რაც მორატორიუმის ზონაში დაუშვებელია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურ ნიშნულთან მიმართებით სწორად გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პროექტის შეთანხმების დროს არქიტექტურის სამსახურს არ ევალება აბსოლუტური ნული ნიშნულის (ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან) განსაზღვრა. აღნიშნულს ადგენს შესაბამისი საპროექტო ორგანიზაცია. ნული ნიშნულის გარდა საპროექტო დოკუმენტს გააჩნია სხვა პარამეტრები (გაზომვითი მონაცემები - მაგ: დაშორების მანძილი წითელი ხაზებიდან, ობიექტის ჩაღრმავების მანძილი მიწის ნიშნულიდან, ობიექტის სიმაღლე მიწის ნიშნულიდან და სხვა), რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ნიშნულების განსაზღვრა. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 09 დეკემბრის №202 ბრძანების საფუძველზე 2014 წელს შეთანხმებული პროექტი სრულყოფილად ითვალისწინებდა ყველა საჭირო მონაცემს, რომელთა არსებობა პროექტში ცალსახად გამორიცხავდა მშენებლობის მიმდინარეობისას მოსარჩელის მხრიდან რაიმეს სახის ,,უნებური შეცდომის’’ დაშვების შესაძლებლობას. ანუ, მოსარჩელის მხრიდან მათი გათვალისწინების შემთხვევაში გამოირიცხებოდა შენობის ადგილმონაცვლეობა. მოსარჩელე მხარემ უგულებელყო შეთანხმებული პროექტი და შენობა ააშენა აბსოლუტურად სხვა ადგილას, რამაც განაპირობა შენობის პროპორციების დაშლა და პროექტის ამოვარდნა განაშენიანების კონტექსტიდან, შენობას შეეცვალა გაბარიტები და გაიზარდა მისი სართულიანობა. აღნიშნულმა კი გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან. ანუ შენობის სიმაღლის მატება განაპირობა არა ზღვის დონიდან აბსოლუტური ნული ნიშნულის არარსებობამ, არამედ შენობის სხვა ადგილას აშენებამ.
პალატის მოსაზრებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №03/250 ბრძანებით, რომლის გამოცემასაც წინ უძღოდა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომა, მოსარჩელე ფ.მ-ას დასაბუთებული უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 და 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილობითი კორესპონდენციის ბათილად ცნობას. ხსენებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ფ.მ-ას მხრიდან სამშენებლო დოკუმენტაციის უხეშად დარღვევის ფაქტებს, რაც უპირობოდ წარმოშობს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის აუცილებლობას. აღნიშნული კი პირდაპირ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. ბრძანებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს სააგენტოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 - 2017 წლებში წარმოდგენილი საპროექტო ნახაზებით ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება 2014 წელს შეთანხმებული პროექტის ნახაზისაგან. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდაპირველ პროექტს (2014 წ.) დადებითი შეფასება მიეცა შემდეგი რეკომენდაციით - სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალურად ჩაღრმავებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სამინისტრომ მართებულად გაიზიარა სააგენტოს მიერ მითითებული ის გარემოება, რომ 2017 წელს წარმოდგენილი პროექტი სიმაღლის დონის მატებასთან ერთად გულისხმობს გაბარიტების გაფართოებასაც.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.მ-ამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორის განმარტებით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 9 დეკემბრის №202 ბრძანების საფუძველზე, შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. მცხეთა, ...ის №18-ში ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტის შეთანხმების დროს თავად არქიტექტურის სამსახურის მხრიდან არ იყო გათვალისწინებული ნული ნიშნული, მშენებლობის მიმდინარეობა განხორციელდა მცირე ცვლილებებით, შეთანხმებულ პროექტთან მიმართებით, რის გამოც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებით კასატორი დაჯარიმდა 2000 ლარით.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის №ს-341 ბრძანების თანახმად, კასატორს დაევალა ზედა ორი სართულის დემონტაჟი. აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ ბრძანება დემონტაჟის შესახებ გამოიცა “სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოქალაქე ფ.მ-ას დაჯარიმების შესახებ” ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად. ის გარემოება, რომ ფ.მ-ამ ჯარიმა გადაიხადა, მის საწინააღმდეგოდ არ უნდა მოქმედებდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმის გადახდა მოიცავს დარღვევის აღიარებას. კასატორი შეეცადა გამოესწორებინა არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული ხარვეზების ჩამონათვალიდან მაქსიმუმი. საყურადღებოა, რომ სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული ის გარემოება, რომ ფ.მ-ა შენობის სიმაღლის გადამეტებისთვის, მშენებლობის სიმაღლის დონის აწევისთვის იყო დაჯარიმებული.
2017 წლის 4 აპრილს კასატორმა განცხადებით მიმართა როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე არქიტექტურის სამსახურს, რასაც დაურთო კორექტირებული პროექტის დედანი, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის ასლი და მოითხოვა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხელახლა შეესწავლათ ფ.მ-ას საკითხი. არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, თუ კასატორის მიერ მოპოვებული იქნებოდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან დადებითი პასუხი, შესაძლებელი იყო არქიტექტურის სამსახურს დადებითი გადაწყვეტილება მიეღო ფ.მ-ას საქმესთან დაკავშირებით. მითითებული განმარტებიდან გამომდინარე, 2017 წლის 26 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას კასატორმა მიმართა განცხადებით, არ ყოფილიყო მიღებული არანაირი გადაწყვეტილება, ვიდრე პასუხს არ მიიღებდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან.
2017 წლის 13 აპრილს კასატორმა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, დაურთო კორექტირებული პროექტი და ექსპერტიზის დასკვნის ასლი, მოითხოვა საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვა, სასამართლო ექსპერტისა და პროექტის ავტორის მონაწილეობით, დაინიშნა განხილვა, მოუსმინეს მხარეებს, თუმცა საბოლოოდ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კასატორის განმარტებით, იგი თანახმაა განხორციელდეს მხოლოდ ერთი სართულის დემონტაჟი (რასაც ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ექსპერტი), რისი შეუძლებლობა ვერც პირველი და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული. თავდაპირველად წარმოდგენილი და შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ იყო დადგენილი ნული ნიშნული, რამაც გამოიწვია სიმაღლის დონის აწევა. არქიტექტურის სამსახურის მხრიდან ნული ნიშნულის განსაზღვრა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მშენებლობის ადგილმონაცვლეობა რომც არ მომხდარიყო, სიმაღლის დონე, ნული ნიშნულის არარსებობის გამო მაინც აიწევდა. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არ უნდა გაეცა წერილობითი თანხმობა თუ თავიდანვე მიიჩნევდა, რომ დამტკიცებული და შეთანხმებული პროექტით, მცხეთის იერსახე დამახინჯდებოდა. რეალურად, კორექტირებული პროექტით, ერთი სართულის დემონტაჟით, იმდაგვარადაა შეთავაზებული აშენებული ფართის სახეცვლილება, რომ არ ირღვევა მცხეთის არქიტექტურულ, კულტურულ-ისტორიული იერსახე. მართალია, მორატორიუმის პირობებში ნებისმიერი სახის შეთანხმება, ნებართვის გაცემა შეჩერებული იყო, მაგრამ კანონს უკუქცევითი ძალა არ გააჩნია მოქალაქის საზიანოდ, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კონკრეტულ შემთხვევაში, განხილვას ექვემდებარება ჯერ კიდევ 2014 წელს შეთანხმებული პროექტი, რომლის ახალი შესწორებული ვარიანტი ჰქონდა კასატორს წარდგენილი და განხილვას ითხოვდა აღნიშნულის ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო საკუთარ გადაწყვეტილებებთან თავადვე მოდის წინააღმდეგობაში - თუ გამოცხადებულია მორატორიუმი და ნებისმიერი სახის მოქმედების განხორციელება დაუშვებელია, მაშინ დემონტაჟიც იკრძალება.
კასატორის განმარტებით, მან წარადგინა პროექტი, რომელიც შედგენილია არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების ნაწილობრივ გათვალისწინებითა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ასევე წარადგინა პროექტის ესკიზი, რომლის მიხედვით სახურავი მთლიანად მოხსნილია. მისი მიზანია, რომ საცხოვრებელი სახლი გადაარჩინოს ორი სართულის დემონტაჟისგან, რომლის განხორციელებაც მიაყენებს სერიოზულ მატერიალურ ზიანს. გარდა ზიანისა, სადავო ორი სართულის გარეშე სახეზე იქნება მხოლოდ საძირკვლის მქონე ნაგებობა. ასეთ ვითარებაში კი, მშენებლობის წამოწყებას და ხარჯების გაღებას აზრი არ ჰქონდა.
კასატორის განმარტებით, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, ისე სასამართლოს მიერ საქმის მასალებს მიეცა შეფასება იმდაგვარად, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევს მცხეთის განაშენიანების ხასიათს, თუმცა ადმინისტრაციული საქმის მასალებით, არ არის დადასტურებული მითითებული გარემოება. ისეთ ვითარებაში, როდესაც კასატორს ადმინისტრაციული ორგანოები აძლევდნენ დროს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად, მათ შეეძლოთ თავად ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, ასევე სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივით დაენიშნა სასამართლო ექსპერტიზა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით თავად დაესვა კითხვები ექსპერტისათვის.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ.მ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ...ის ქუჩა №18, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 650 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 და №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ფ.მ-ას სახელზე (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 59-60); ბ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად წარედგინა ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის მიერ 2014 წლის 11 ივლისს გამართულ სხდომაზე და განმცხადებელს №14 ოქმით მიეცა რეკომენდაციები გასათვალისწინებლად (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 277, 250);. გ) განმეორებით წარდგენილ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სექციის 2014 წლის 31 ოქტომბრის №29 ოქმით მიეცა დადებითი შეფასება რეკომენდაციასთან ერთად: სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალური ჩაღრმავებით (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 277); დ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 ნოემბრის №13/12/1600 წერილით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, სარდაფის სართულის იატაკის მაქსიმალური ჩაღრმავებით (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 277, 278, 250); ე) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 9 დეკემბრის №202 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. მცხეთა, ...ის ქუჩა №18-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, 18 (თვრამეტი) თვით (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 61-62); ვ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 31 მარტის №540 წერილით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად წარედგინა ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში, მოქ. ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ. 251); ვ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2016 წლის 12 აპრილის №10 ოქმით ირკვევა, რომ სექციის ყველა წევრმა უარი განაცხადა ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, ფ.მ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე. სხდომამ დაადგინა, რომ შენობა მეტად აქტიურია და უპროპორციოა მოცემული ადგილისათვის, ამასთან, მისი განთავსების ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან. საჭიროა ზედა სართულების დემონტაჟი ან პირველი სართულის დონეზე ახალი პროექტის დამუშავება (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ. 280-281); ზ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილით, ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საპროექტო ობიექტი მეტად აქტიურია და უპროპორციო მოცემული ადგილისათვის, ამდენად, ზედა ორი სართული საჭიროებს დემონტაჟს. ამასთან, ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან, რაც იწვევს სრულ დისონანსს არსებული გარემოს მიმართ (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 32); თ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებით ფ.მ-ა დაჯარიმდა მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანებართვო პირობის დარღვევის გამო 2 000 (ორი ათასი) ლარით. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულება №1750 ,,ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ’’ ,,დ’’ პუნქტი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 14 დეკემბრის №32 მითითება, 2016 წლის 15 მარტის №32 შემოწმების აქტი და 2016 წლის 4 აპრილის სამშენებლო სამართალდარღვევის ოქმი №6 (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 64-66); ი) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა ფ.მ-ამ გადაიხადა 2016 წლის 27 მაისს (№3/170-17 ადმინისტრაციული საქმე, ს.ფ 112); ი) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 8 დეკემბრის №2053 მიმართვით ფ.მ-ას ეცნობა, რომ მან უნდა გაითვალისწინოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომის გადაწყვეტილება და გამოთქმული შენიშვნები, რის საფუძველზეც ევალება 2 თვის ვადაში მოახდინოს საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართულის სრული დემონტაჟი და განმეორებით შესათანხმებლად წარადგინოს შესაბამისად შესწორებული საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები (№3/170-17 ადმინისტრაციული საქმე, ს.ფ 113); კ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 ივნისის №ს-341 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოქალაქე ფ.მ-ას დაჯარიმების შესახებ’’ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 11 პუნქტი, რომლის თანახმად ,,მოქალაქე ფ.მ-ამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის ზედა ორი სართულის დემონტაჟი ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 თვის ვადაში. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივნისის №279 მოხსენებითი ბარათი და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 15 ივნისის №289 მოხსენებითი ბარათი (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ. 124); ლ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მარტის №001580017 ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: 1. ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საპროექტო შენობა-ნაგებობის პირველი სართულის იატაკის ნიშნულის (±0,00) შესაბამისი აბსოლუტური ნიშნული არ არის მითითებული პროექტში და შესაბამისად ზუსტი ნიშნულის განსაზღვრა ვერ ხდება. ასევე ვერ ხდება საპროექტო შენობა-ნაგებობის პირველი სართულის იატაკის ნიშნულის (±0,00) შესაბამისი აბსოლუტური ნიშნულის განსაზღვრა პროექტში არსებული სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ვინაიდან თითოეული ნახაზი (მათ შორის ჭრილების და ფასადების ნახაზები), სადაც პირობითი აღნიშვნით დატანილია გრუნტი, არ შეესაბამება ერთმანეთს, შეიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას; 2. ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში, იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივად აშენებული შენობა-ნაგებობის მიწაში ჩაღრმავება განხორციელდა იგივე მაჩვენებლით, რა მაჩვენებლითაც შესაძლოა გათვალისწინებული ყოფილიყო პროექტით, მაშინ შენობა-ნაგებობის წანაცვლება, გენგეგმაზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, გამოიწვევდა შენობა-ნაგებობის აწევას ზღვის დონიდან მაქსიმუმ 1,5 მეტრით. აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, ფაქტობრივად არსებულ შენობა-ნაგებობაზე ერთი - მე-3 სართულის დემონტაჟის შემთხვევაში შენობის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან დააკმაყოფილებს საპროექტო შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნულის სიმაღლეს (ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნული იქნება არაუმაღლეს საპროექტო შენობა-ნაგებობის ყველაზე მაღალი ნიშნულისა) (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 68-76); მ) 2017 წლის 13 აპრილს, ფ.მ-ამ (წარმომადგენელი ნ.მ-ი) №მ-994 განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა პროექტის განხილვა მისი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 253-255); ნ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2017 წლის 8 მაისის №18 ოქმის თანახმად, სექციის წევრებმა უარყოფითი შეფასება მისცეს განსახილველად წარდგენილ პროექტს. სექციამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია და დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა სააგენტოს მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 279); ო) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 წერილით, ფ.მ-ას წარმომადგენელს ნ.მ-ს ეცნობა, რომ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში (საკადასტრო კოდი: №...), მდებარე მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული პროექტის კორექტირებისა და რეკომენდაციის გაცემის საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია. დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. წერილში ასევე მითითებულია, რომ ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართი №1-ის საზღვრებში აკრძალულია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1. ს.ფ. 33); პ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №03/250 ბრძანებით ფ.მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 და 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (№3/6112-17 ადმინისტრაციული საქმე, ტ.1 ს.ფ 136-139, 148-149, 13-18).
სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 29-ე მუხლის თანხმად, მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. ამავე დადგენილების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენ შემდეგი სხვა ადმინისტრაციული ორგანოები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, (1) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (2) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, გარდა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება.
შესაბამისად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიზნები და ფუნქციები მოიცავს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) დაცვას, შესწავლას, კვლევას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გაცემული სანებართვო დოკუმენტაციის შემოწმებას და სანებართვო პირობების დარღვევის, მათ შორის, უნებართვო საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებას და ა. შ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის №13/12/822 წერილით, ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საპროექტო ობიექტი მეტად აქტიურია და უპროპორციო მოცემული ადგილისათვის, ამდენად, ზედა ორი სართული საჭიროებს დემონტაჟს. ამასთან, ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან, რაც იწვევს სრულ დისონანსს არსებული გარემოს მიმართ.
იმავე შინაარსის გადაწყვეტილება იქნა მიღებული სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის 2017 წლის 8 მაისის სხდომაზე, სადაც სექციის წევრებმა უარყოფითი შეფასება მისცეს განსახილველად წარდგენილ პროექტს. სექციამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია და დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა სააგენტოს მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის №14/12/1101 წერილით, ფ.მ-ას წარმომადგენელს ნ.მ-ს ეცნობა, რომ ქ. მცხეთაში, ...ის ქუჩა №18-ში (საკადასტრო კოდი: №...), მდებარე მიწის ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული პროექტის კორექტირებისა და რეკომენდაციის გაცემის საკითხი განხილული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა დარღვევით, რამაც გამოიწვია მისი მოცულობის ამოვარდნა არსებულ ლანდშაფტურ-პანორამული გარემოდან, რაც სექციის წევრთა დასკვნით არღვევდა მცხეთის განაშენიანების ხასიათს, პრინციპებს და პროპორციებს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით წარდგენილი არქიტექტურული მოცულობა კვლავ ძალზე აქტიურია. დასაშვებია პროექტის კორექტირება და საკითხის განხილვა ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. წერილში ასევე მითითებულია, რომ ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართი №1-ის საზღვრებში აკრძალულია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომებში მონაწილეობენ და გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე სპეციალისტები. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცების საკითხი განხილული იქნა ორჯერ - 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე და 2017 წლის 8 მაისის სხდომაზე. ორივე შემთხვევაში კორექტირებულ პროექტს მიეცა უარყოფითი შეფასება, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ შენობა მეტად აქტიურია და უპროპორციოა მოცემული ადგილისათვის, ამასთან, მისი განთავსების ადგილმდებარეობა მკვეთრად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისგან. საჭიროა ზედა სართულების დემონტაჟი ან პირველი სართულის დონეზე ახალი პროექტის დამუშავება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მეორე მხარე არ თავისუფლდება იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულებებისაგან, რომლებზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი მოსარჩელეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, ამტკიცოს მის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა/კანონშესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადსტურებდა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მოქცეულია ,,ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართი №1-ის საზღვრებში (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას კასატორი სადავოდ არ ხდის). დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა: ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება; ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა; გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან მშენებლობა აწარმოა 2014 წელს შეთანხმებული პროექტის დარღვევით, ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ფ.მ-ას მიერ 2016-2017 წლებში წარდგენილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის მოთხოვნებს (სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას) და არ საჭიროებდა მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემას.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კასატორი სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 2014 წელს შეთანხმებული პროექტის დარღვევით, რის გამოც, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 27 აპრილის №270 ბრძანებით იგი დაჯარიმდა მცხეთაში, ...ის ქუჩა №18ა-ში (საკადასტრო კოდი: №...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანებართვო პირობის დარღვევის გამო 2 000 (ორი ათასი) ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. ფ.მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.მ-ის მიერ 07.04.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე