Facebook Twitter

№ბს-81(კ-22) 24 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ს.მ.ა.ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 11 დეკემბერს ა.ს.მ.ა.ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში ჩამოვიდა მეუღლესთან - მ.ნ.რ.ა.ს-სთან ერთად. 2017 წლის 20 მარტს განაცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 7 აპრილს დააკმაყოფილა განცხადება და მოსარჩელეზე (ასევე მის შვილზე) გაიცა ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 10 აპრილამდე. 2018 წლის 28 თებერვალს ა.ს.მ.ა.ტ-მა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ვინაიდან მისი მეუღლე - მ.ნ.რ.ა.ს-ი საქართველოში ფლობს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, მუდმივი ცხოვრების უფლებით. სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N1000596613 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც მან სასარჩელო წესით გააასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N1000596613 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ეთქვა უარი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 101-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის საფუძვლად მითითებული კონტრდაზვერვის წერილი არ შეიცავს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაბამის ფაქტობრივ საფუძვლებს.

ამდენად, მოსარჩელემ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ს.მ.ა.ტ-მა (A S M A T-I, დაბ.: …წ., ერაყში, პასპორტის №...) 2018 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 2 მარტს №1000596613/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის NSSG 5 18 00044858 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაზეც ა.ს.მ.ა.ტ-მა შეიტანა სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №1000596613 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ოქტომბრის N01/327262 წერილით ამავე სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის (საქმე N3/2587-18) გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2018 წლის 11 ოქტომბერს და ეთხოვა კანონით დადგენილი წესით მოქმედება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 29 ოქტომბერს №01/335106 წერილით განმეორებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 01 ნოემბრის SSG 1 18 00170511 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და

,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის

ნებართვის გაცემაზე.

სასამართლოს მითითებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი; ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეა, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე მსჯელობა, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის პროცედურა რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6-მე-7 მუხლებზე და მიიჩნია, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვას. ზემოხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის წერილის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ იგი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების

დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია რომ მოსარჩელის მეუღლეს - მ.ნ.რ.ა.ს-ს სააგენტოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის N1000596613 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის დარღვევით იყო გამოცემული, იგი ხელყოფდა ა.ს.მ.ა.ტ-ის კანონიერ ინტერესებს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიუხედავად საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებებისა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის ბს-110-103 (2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლო დავალება, არამედ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისთვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შედეგია, თუმცა არ შეიცავს დამატებით დასაბუთებასა თუ მტკიცებულებებზე მითითებას.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ისეთი შინაარსის ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო უცხოელზე ბინადრობის მოწმობის გაცემისას, უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კონკრეტული პირისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე მისი კანონიერად ყოფნის პერიოდში ხდება გარკვეული პრივილეგიების მინიჭება. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მართალია სწორედ იხელმძღვანელა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და ითხოვს მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება, რევიზია გაუკეთოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის დამტკიცების შესახებ წესის“ შესაბამისად დადგენილი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, რის გამოც კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში მოპოვებული დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხობის უზრუნველყოფა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. სააგენტო დაეყრდნო სწორედ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. განცხადების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია, მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება. გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება კანონის რომელი მოთხოვნა დაარღვია სააგენტომ, რაც შესაძლოა გამხდარიყო სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის N1000596613 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე - ა.ს.მ.ა.ტ-ი საქართველოში შემოვიდა 2018 წლის 15 თებერვალს (17:36:25 სთ), სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით.

დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ს.მ.ა.ტ-მა (A S M A T-I, დაბ.: …წ., ერაყში, პასპორტის № ...) 2018 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 2 მარტს №1000596613/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მისაღებად, არსებობდა თუ არა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის №SSG 5 18 00044858 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების ხელშეკრულების თანახმად, ა.ს.მ.ა.ტ-ი დაქორწინებულია მ.ნ.რ-ზე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრდა ა.ს.მ.ა.ტ-ის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №1000596613 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განმეორებით გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაცია - არსებობდა თუ არა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 01 ნოემბრის SSG 1 18 00170511 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ს უარი ეთქვა საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ვინაიდან მის მიმართ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მითითებული კანონის მე-15 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94,95).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად კი იგი ვალდებულია, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილი და რიგ შემთხვევებში ვალდებულია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება, რამეთუ მოსარჩელის მეუღლეზე - მ.ნ.რ ა ს-ზე მუდმივი ცხოვრების უფლებით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის ფაქტი იმთავითვე არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, რამდენადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.

2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილებით ა.ს.მ.ა.ტ-ის (დაბ.: ...წ., ერაყში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ნოემბრის №SSG 1 18 00170511 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ა.ს.მ.ა.ტ-ისთვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის საიდუმლო), რომელიც საფუძლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ნოემბრის №SSG 1 18 00170511 წერილის გაცემას და მოსარჩელისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები, და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, $39, 08 ივნისი 2006). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, 37-38).

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №1000596613 გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად საკასაციო პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელისთვის საინვესტიციო ბინადარობის ნებართვის მისაღებად დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ბუნების (სახელმწიფო საიდუმლოება) გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილებაში ასახოს მისი შინაარსი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არსებობის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ს.მ.ა.ტ-ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ს.მ.ა.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ა.ს.მ.ა.ტ-ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა