საქმე №ბს-716(კ-21) 3 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ტ.ჭ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 28 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ტ.ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 28 000 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ.ჭ-მა, რომელმაც გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ტ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება; ტ.ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 3 000 ლარი; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ტ.ჭ-ი სსიპ „ დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2013 წლის 15 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი ტ.ჭ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2013 წლის 15 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.
კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში.
ამავე კონტრაქტის ამავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ტ.ჭ-ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 23 აგვისტოდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ტ.ჭ-ის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) 28000 ლარის ოდენობით არ იყო ტ.ჭ-ის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე ტ.ჭ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით 3 000 ლარის დაკისრება მიიჩნია ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტ.ჭ-ისათვის 5 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის №264 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის №238 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: დ) 5 000 ლარით - IV კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), კასატორის მოსაზრებით, იგი ექვემდებარება გამოყენებას მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუკი პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ იგი აუცილებელ გამოყენებას ექვემდებარება.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის გზით შეთანხმებულ პირობას, არამედ იგი დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოპუსუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ტ.ჭ-ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ტ.ჭ-ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 23 აგვისტოდან. ამდენად, სახეზე იყო აკადემიური საფუძვლით მასთან გაფორმებული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. აღნიშნული კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, სააპელაციოს სასამართლოს მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) განსაზღვრა - 3 000 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრულობის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების სადავო ურთიერთობაზე გაუვრცელების შესახებ და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება, საქმეზე №ბს-908(კ-19); ამავე პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება, საქმეზე №ბს-936(კ-19); ამავე პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინება, საქმეზე №ბს-1344(კ-20)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი