Facebook Twitter

№ბს-1317(2კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ.ლ-ა; მოპასუხე - ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 3 აგვისტოს შ.ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №340 განკარგულების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-157 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც ბრძანების №1 დანართის მე-4 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 396.58 შენობის ნაწილი (ს/კ ...), ზედდებაშია შ.ლ-ას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ბრძანების №1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს/კ ...), ზედდებაშია შ.ლ-ას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი). მოსარჩელემ აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის №1-1/220 ბრძანების ბათილად ცნობა და №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბრძანების №1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შენობის ფართი 89.6 კვ.მ.) ნაწილი (ს.კ. ...), ზედდებაშია შ.ლ-ას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, სადაც განთავსებულია მის მიერ 2005 წლამდე აშენებული ნაგებობა (წისქვილი), შენობა-ნაგებობის ფართის 89.6 კვ.მ და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილი; გაუქმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 6 მაისის №1-1/220 ბრძანება, შ.ლ-ასათვის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანების ნაწილობრივ, 89.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართისა და მის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩა უცვლელი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების (89.6 კვ.მ) გაუქმების თაობაზე; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს დაინტერესებული პირის შ.ლ-ას დაკვეთით შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ხობის მუნციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 500 კვ.მ-ს.

...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული 2016 წლის 31 დეკემბრის №310 ცნობის მიხედვით, შ.ლ-ა 2005 წლიდან არამართლზომიერად ფლობს და განკარგავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობია 500 კვ.მ.

ნოტარიუს ზ.კ-ას მიერ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, მ.ვ-ა, რ.ჯ-ა და პ.ზ-ა ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ შ.ლ-ა 2005 წლიდან არამართლზომიერად, თვითნებურად ფლობს და სარგებლობს 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე აღმართული შენობა-ნაგებობით, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის №... წერილით შ.ლ-ას ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, რომელიც შ.ლ-ას მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე და ელ. ვერსიაზეა მონიშნული საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის. ამასთან ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილ საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

კომისიის 2017 წლის 29 მარტის №45 სხდომის ოქმით გადაწყდა, რომ შ.ლ-ას განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო. ხობის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართის შ.ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

კომისიის 2017 წლის 29 მარტის №110 განკარგულების მიხედვით, შ.ლ-ას განცხადება დაკმაყოფილდა. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართზე აღიარებულ იქნა შ.ლ-ას საკუთრების უფლება. შ.ლ-ას წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობის და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ.ლ-ას მიმართ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა.

2017 წლის 20 აპრილის №5128564645 საგადახდო დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გადახდილია 3095 ლარი, გადამხდელის დასახელება: დ.ლ-ა, პირი ვის მაგივრადაც მოხდა გადახდა: შ.ლ-ა.

კომისიის მიერ 2017 წლის 1 მაისს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის თანახმად, შ.ლ-ას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: 500 კვ.მ. და შენობა/ნაგებობა - ერთეული, ფართობით 257 კვ.მ. რომელიც მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №17/35987 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილია ფიზიკური პირის შ.ლ-ას საკითხი, კერძოდ, ხობში, ...ში მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის დროს, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 2151 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...) და ამავე მისამართზე არსებულ 712 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე მოიკვლია ფიზიკური პირის შ.ლ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. ვინაიდან, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღიარებული იყო (2017 წლის 1 მაისის №... საკუთრების უფლების მოწმობა) ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, კომისიას მოეთხოვა შესაძლოდ მოკლე ვადაში, შეესწავლა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება.

სსიპ საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 712 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრე არის სახელმწიფო.

სსიპ საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 17 მარტის ამონაწერის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2151 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრე არის სახელმწიფო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №340 განკარგულების მიხედვით, შ.ლ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. ხობის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ.ლ-ას საკუთრების უფლება არ იქნა აღიარებული. ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის შ.ლ-ას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 29 მარტის №110 განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული 2017 წლის 1 მაისის №... საკუთრების უფლების მოწმობა. გადახდილი თანხა დაუბრუნდა შ.ლ-ას. აღნიშნულზე ეცნობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და მოხდა გადახდილი თანხის 3095 ლარის ჩარიცხვა შ.ლ-ას ანგარიშზე.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის №1/4-157 ბრძანების თანახმად, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 6 მაისის №1-1/220 ბრძანების შესაბამისად, შ.ლ-ას წარმომადგენლის ა.ბ-ას 2019 წლის 29 იანვრის №1250/21 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის №1/4-157 და 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №340 განკარგულების საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №17/35987 წერილი, რომელშიც კომისია აღნიშნავდა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შევიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი - ხობში, ...ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის დროს გამოვლენილი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...), ასევე ამავე მისამართზე მდებარე 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...) ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე მოიკვლია შ.ლ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეთხოვა, მოკლე ვადაში შეესწავლა შ.ლ-ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №17/35987 წერილის საფუძველზე კომისიამ გამოსცა 2018 წლის 04 ივლისის №340 განკარგულება, რომლითაც სრულად იქნა ბათილად ცნობილი შ.ლ-ას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ამავე კომისიის 2017 წლის 29 მარტის №110 განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული 2017 წლის 1 მაისის საკუთრების უფლების მოწმობა №....

კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №340 განკარგულება შეეხო იმ 89,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას, რომელზეც თვით კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, შ.ლ-ას უდასტურდებოდა ფაქტობრივი მფლობელობა და რომელიც სახელმწიფო საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ამ ნაწილში დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) 89,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (განაშენიანების ფართობი) წარმოადგენდა შ.ლ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ, 2005 წლამდე მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა შ.ლ-ას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანება №1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული 712 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 89,6 კვ.მ-ის ნაწილში და როგორც აღნიშნულის თანმდევი შედეგი - გაუქმდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტი). ასევე, ამ ნაწილში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 6 მაისის №1-1/220 ბრძანების (რომელიც მიღებული იქნა შ.ლ-ას ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვის შედეგად) ბათილად ცნობის შესახებ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია სარჩელის უარყოფის ნაწილში შ.ლ-ას არ გაუსაჩივრებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა არც აპელანტებს წარმოუდგენიათ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც 89,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუდასტურდა მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე აპელანტებმა ვერ მიუთითეს, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტების პოზიცია დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტიების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოსარჩელე შ.ლ-ას, როგორც დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს კომისიას სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს სრულად.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის მომზადებისას არ არსებობდა სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრული პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ყურადღების მიღმა დატოვა მითითებული ნორმები.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №340 განკარგულების მომზადების სამართლებრივი საფუძველი გახდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელიზეც განთავსებული სახელმწიფო ქონება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულია წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ ტერიტორიას, რაც შეფასდა აღიარების კომისიის მიერ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კასატორის მითითებით, სასამართლომ ერთის მხრივ კანონშესაბამისად მიიჩნია აღიარების კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №340 გაკარგულება, თუმცა მეორეს მხრივ მიუთითა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შ.ლ-ას მიერ აშენებული წისქვილი, რაც სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენების გათვალისწინებით დაადგინა.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლო არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთებისას არ მიუთითებს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი კონკრეტული გარემოება გახდა ადმინისტრაციული აქტის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი იქნა შ.ლ-ას 2019 წლის 29 იანვრის №1250/21 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის №1/4-157 და 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანებების ნაწილობრივ ნათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო 2019 წლის 6 მაისის №1-1/220 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, გასაჩივრებული აქტი მატერიალური თვალსაზრისით სრულად შეესაბამება გამოცემის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და კანონიერია ფორმალური თვალსაზრისითაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ კომისიის 2017 წლის 29 მარტის №110 განკარგულებით, შ.ლ-ას საკუთრებაში გადაეცა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, თვითნებურად დაკავებული 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 257 კვ.მ. განაშენიანების ფართობი (შენობა-ნაგებობა). შ.ლ-ას წერილობითი შეტყობინებით ეცნობა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობის და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე და ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, შ.ლ-ას სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №....

კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №340 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი დაინტერესებული პირის, შ.ლ-ას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ კომისიის 2017 წლის 29 მარტის №110 განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული 2017 წლის 1 მაისის საკუთრების უფლების მოწმობა №.... გადახდილი თანხა დაუბრუნდა შ.ლ-ას. აღნიშნულზე ეცნობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს და მოხდა გადახდილი თანხის 3095 ლარის ჩარიცხვა შ.ლ-ას ანგარიშზე.

კომისიის 2018 წლის 4 ივლისის №340 განკარგულების საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №17/35987 წერილი, რომელშიც კომისია აღნიშნავდა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შევიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი - ხობში, ...ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის დროს გამოვლენილი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ 2151 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...), ასევე ამავე მისამართზე მდებარე 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (საკადასტრო კოდი ...) ზედდების გაუქმების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე მოიკვლია შ.ლ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. სისტემური მონაცემების შესაბამისად, №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო წისქვილი (სახელმწიფო საკუთრება), ხოლო №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კოლმეურნეობის საწყობს (სახელმწიფო საკუთრება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეთხოვა, შესაძლოდ მოკლე ვადაში შეესწავლა შ.ლ-ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 712 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) 89,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (განაშენიანების ფართობი) წარმოადგენდა შ.ლ-ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ, 2005 წლამდე მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში დააკმაყოფილა შ.ლ-ას სარჩელი და ბათილად ცნო სადავო აქტები (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 მარტის №1/4-158 ბრძანება №1 დანართის მე-6 გრაფაში მითითებული 712 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 89,6 კვ.მ-ის ნაწილში და როგორც აღნიშნულის თანმდევი შედეგი - გააუქმა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში). ასევე, ამ ნაწილში დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 06 მაისის №1-1/220 ბრძანების (რომელიც მიღებული იქნა შ.ლ-ას ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვის შედეგად) ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო აქტები შეეხო იმ 89,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობას, რომელზეც თვით მოპასუხეთა და კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, შ.ლ-ას უდასტურდებოდა ფაქტობრივი მფლობელობა და რომელიც უშუალოდ შ.ლ-ას მიერ იყო აშენებული (2007 წლამდე) და არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების ობიექტს. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად ამ ნაწილში დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება ცალსახად არ არსებობდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შ.ლ-ას არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კომისიის 2018 წლის 04 ივლისის №340 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების არსებობის პირობებში, შ.ლ-ას, როგორც დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იკვეთება შ.ლ-ას იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი