Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1102(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ს-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-ამ 2020 წლის 13 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა „ლ. ს-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.

სარჩელის მიხედვით, ლ. ს-ას მეუღლე - ა. კ-ა წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის აფხაზეთის ომის მონაწილეს, ომის ვეტერანს, II ჯგუფის ინვალიდს. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ის გარდაიცვალა 2018 წლის 16 სექტემბერს, ომში მიღებული ჭრილობების შემდგომი გართულებებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიუხედავად სტატუსის მოსაპოვებლად კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების ადმინისტრაციულ ორგანოში სრულყოფილად წარდგენისა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უარი უთხრა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო აქტი უკანონო იყო, ეწინააღმდეგებოდა კანონს და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ლ. ს-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ. ს-ას მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც აპელირებდა სააპელაციო სასამართლოში და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად ერთ-ერთ სავალდებულო საბუთს წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც სადავო შემთხვევაში არ იქნა წარმოდგენილი. ასეთ დოკუმენტს არ წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 2021 წლის 28 იანვრის №01/1159 და ამავე სამინისტროს 2021 წლის 16 თებერვლის №02/1608 წერილები. პირველი წერილის შინაარსიდან დასტურდება, რომ კანონი, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გარდაცვლილი პირისათვის ექსპერტიზისა და შესაბამისად, ამ ექსპერტიზის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაციის გაცემას არ ითვალისწინებს, ხოლო მეორე წერილით მოწოდებულია ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაზე - სს „ს...ი“ ... ცენტრზე (მისამართი: ...ი, ...ას №..., ს/კ ...), ნაცვლად სს „ე...ი“ №... ფ...ისა (მისამართი: ...ი, ...ის ქუჩა №..., ს/კ ...).

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა: სს „ს...ის“ ...ი ცენტრის და სს „...ოს“ სტაციონარი ერთი და იმავე სუბიექტებს წარმოადგენენ თუ არა; რამდენად ვრცელდებოდა ამბულატორიის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განხორციელების უფლება სტაციონარზე; რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ 2018 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობა „დადგენილი წესით გაცემულ დოკუმენტად“, როდესაც საქმეში იმავე დაწესებულების მიერ გაცემული, 2019 წლის 21 ნოემბრის №328 განმარტებაა; სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა საქმეში დაცული, საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო კომისიის 2001 წლის 27 დეკემბრის №338 დადგენილება, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მეუღლემ - ა. კ-ამ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიიღო შემდეგი ტრავმები: თავის ქალა-ტვინის ტრავმა, შემდგომი ნარჩენი მოვლენები ეპილეფსიური შეტევებით, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. აღნიშნული ჩამონათვალი არსებითად განსხვავდება სს „ე...ის“ №... ს/კ ... ფ...ის მიერ 2018 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობის მე-11 პუნქტში მითითებულ დაავადებათა ჩამონათვალისგან. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ იქნა განხილული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. ს-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიებს. ამასთან, იმავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილია, რომ ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციაზე, რომლის მე-6 მუხლის „ე.ზ“, „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა განასხვავებს რა ერთმანეთისგან ვეტერანთა კატეგორიებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად და შესაბამისი სოციალური გარანტიებით სარგებლობისთვის, პირმა სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტით უნდა დაადასტუროს, რომ მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ომში მიღებული ჭრილობები გახდა. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია მოსარჩელის მეუღლის - ა. კ-ას აფხაზეთის ომში მონაწილეობის ფაქტი, რის შედეგადაც გახდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომში მიყენებული ჭრილობების გამო კი II ჯგუფის ინვალიდი. ომში მიღებული ჭრილობების გართულებების შედეგად მისი გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ქალაქ ...ის ...ოს 2018 წლის 16 სექტემბრის ცნობის თანახმად (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ომში მიღებული ჭრილობები მისი შემდგომი გართულებებით. მართალია, „ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მომსახურების შეტყობინების რეესტრის“ მიხედვით, სს „ე...ი“ 2019 წლიდან არ წარმოადგენდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 თებერვლის №02/1608 წერილით დასტურდება, რომ სს „ს...ის“ ...ი ცენტრი 2018 წლის 16 სექტემბერს წარმოადგენდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას. ამრიგად, ...ის ...ოს უფლებამოსილი პირის 2018 წლის 16 სექტემბრის დოკუმენტი - ცნობა - „ფორმა №IV-100/ა“, გაცემულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ და გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ არის გამხდარი ქალაქ ...ის ...ოს 2018 წლის 16 სექტემბერის ცნობა - ფორმა №IV-100/ა, რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ა. კ-ამ ჩაიტარა მკურნალობა საომარი მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიის, დაავადების გამო და სადაც გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კი დასახელებულია ომში მიღებული ჭრილობები მისი შემდგომი გართულებებით.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების მოსაზრებას, რომ ს/ს „ს...ი“ ...ი ცენტრი, ს/ს ე...ი №..., ფ...ი და „...ო“ არ წარმოადგენენ ერთსა და იმავე სამედიცინო სუბიექტს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №02/9236 წერილით დასტურდება, რომ „სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივი სანებართვო რეესტრის“ მიხედვით, სს „ე...ი“ (ს/კ ...; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ...ი, ...ის ქუჩა №...) ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და ნებართვის დანართებს 2019 წლის 3 აპრილიდან. 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 3 აპრილამდე დაწესებულება წარმოადგენდა სს „ს...ს“ (ს/კ ...; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ...ი, ...ის ქუჩა №...), ხოლო 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრამდე - სს „...ოს“.

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ დასტურდება ა. კ-ას გარდაცვალება ომში მიღებული ჭრილობების გართულებების შედეგად. მოცემული ვითარება კი წარმოადგენს ლ. ს-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე