საქმე №ბს-103(2კ-22) 6 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – 1. თ. გ-ი; წარმომადგენელი – თ. ტ-ი
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; წარმომადგენლები – ლ. ჩ-ა, ხ. ხ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 13 სექტემბერს თ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1987 წლიდან მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2018 წლის 15 აგვისტოს ჩაბარდა №პ/278 ბრძანება გათავისუფლების შესახებ, დათარიღებული - 08.07.2018წ. არსებულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა წერილობითი პასუხი მიეღო მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა მიიღო წერილი და დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გათავისუფლება განხორციელებული იყო კანონის შესაბამისად, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29.1 მუხლსა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე. მოსარჩელის განმარტებით, სამსახურმა არ შეისწავლა ის მდგომარეობა, რომ არსებულ სტრუქტურაში მუშაობდა დაახლოებით 31 წელი, იყო მარტოხელა და ჰქონდა რიგი საბანკო ვალდებულებები, ფაქტობრივად სახელმწიფოს (სამსახურის) მიერ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გაგზავნილი მასალებით ირკვევა, რომ არსებული საკადრო ცვლილებებით განხორციელდა მხოლოდ სამსახურის სახელწოდების ცვლილება, მოხდა მე-2 კატეგორიის თანამშრომლების დათხოვა დაკავებული თანამდებობიდან და ახალი თანამშრომლების დანიშვნა, მიღება.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მოსარჩელე - თ. გ-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე თ. გ-ის სასარგებლოდ, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის და არასათანადოდ მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანება თ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც მიღებული იქნებოდა დეპარტამენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა, აგრეთვე, დეპარტამენტის შტატების გადაადგილების ან/და შემცირების განხორციელება. ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე 2018 წლის 8 მაისს ეცნობა მოსარჩელე - თ. გ-ის, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 ივნისის №145 ბრძანებით დეპარტამენტის რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. ბრძანებაზე დართული დანართის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, რეორგნიზაციის პროცესში გასატარებელ ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენდა დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება.
რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად მიჩნეული იქნა, რომ გაუქმებულიყო საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახური და ...ი, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილიყო ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ...ი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა 3 სტრუქტურული ქვედანაყოფი: დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო და ...ო. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურსა (16 საშტატო ერთეულით) და ...ში (10 საშტატო ერთეულით) ერთობლივად გათვალისწინებული 26 საშტატო ერთეული შემცირდა და ...ში განისაზღვრა 18 შტატი. საბოლოოდ კი დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 189 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, დეპარტამენტის არსებული საშტატო რიცხოვნობა 226 შემცირდა 37 საშტატო ერთეულით.
რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 4 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია, მათ შორის 21-ე ნომრად მითითებული იქნა თ. გ-ი, რომლის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ უქმდებოდა ...ი და შესაბამისად, ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2.). დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში თ. გ-ის კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის (3.2.) გათვალისწინებით არ იყო გათვალისწინებული მისი თანამდებობის ტოლფასი, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (3.2.) ან/და დაბალი თანამდებობა. ამასთან, ...ში განსაზღვრულ ...ოში, რომელშიც გადატანილი იქნა ...ის ამოცანების ნაწილი, გათვალისწინებული იყო ორი მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2.), რომელზეც შეირჩა კანდიდატურა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის №6642-2-01 წერილით თ. გ-ი გაფრთხილებული იქნა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირების შედეგად, დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ასევე ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა მობილობის განსახორციელებლად, დასაქმების თხოვნით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტს, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს, სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. მოძიების შედეგად გაირკვა, რომ სამინისტროსა და მის სისტემაში იერარქიულად ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე მისი გადაყვანა შეუძლებელი იყო.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დეპარტამენტმა 2018 წლის 16 ივლისს №2-01/8251 წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა მათ მოეძიათ თ. გ-ის კომპეტენციის შესაბამისი საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობები. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, თბილისის მასშტაბით, მოძიებული იქნა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც დეპარტამენტმა თ. გ-ის დასაქმების მიზნით მიმართა შემდეგ უწყებებს: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ზემოაღნიშნულმა დაწესებულებებმა აცნობეს დეპარტამენტს, რომ ვერ განახორციელებდნენ თ. გ-ის მიმართ მობილობის პროცედურას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანებით, რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 4 ივლისის წინადადების №2 ოქმისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის №6642-2-01 გაფრთხილების წერილის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თ. გ-ი, 2018 წლის 8 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2018 წლის 8 აგვისტოდან ჩარიცხული იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია სამი თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ...ის ძირითად ამოცანებზე; ასევე მიუთითა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ...ის ...ოს ამოცანებსა და კომპეტენციაზე.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დანართის შესაბამისად, დეპარტამენტში შემავალ ...ში (სულ 10 საშტატო ერთეულით) გათვალისწინებული იყო მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული (1 400 ლარის ანაზღაურებით), ასევე 5 საშტატო ერთეული (1 200 ლარის ანაზღაურებით), ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დანართის შესაბამისად, დეპარტამენტში გათვალისწინებული იქნა ...ი, რომლის შემადგენლობაში არსებულ ...ოში (სულ 6 საშტატო ერთეულით) განისაზღვრა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული (1 200 ლარის ანაზღაურებით).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-12 თავით დადგენილია სამსახურიდან განთავისუფლების პირობები. აღნიშნული კანონის 108-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანხამად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილი იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ნაცვლად შეიქმნა ახალი ...ი, მასში შემავალი ...ოთი, რომელსაც გადაეცა ...ისათვის დადგენილი ამოცანების ნაწილობრივ შესრულება-განხორციელების ფუნქცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის დასახელების ცვლილებას (...ის ნაცვლად შეიქმნა ...ო) და სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გადატანას ახალ სამმართველოში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებული იქნა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 2 საშტატო ერთეულით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოსათვის გაუგებარი იყო, თუ რა გარემოებების მხედველობაში მიღებით განხორციელდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება და მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არსებულ 2 საშტატო ერთეულზე კონკრეტულ პირთა შერჩევა-დანიშვნა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განსახილველ შემთხვევაში მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანება მიღებული იქნა სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარის მიერ არ არის გამოკვლეული გარემოებები მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და თ. გ-ი რატომ არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოპასუხე მხარემ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რადგან რეორგანიზაციამდე არსებულ ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.
იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ მომენტისთვის სასამართლო ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მოსარჩელის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ასევე, მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის დისკრიმინაციული მოპყრობის და არასათანადოდ მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 3633 მუხლზე და აღნიშნა, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში საქმის განხილვისას.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობიდან და დასტურდებოდეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, სახეზე არ იყო. შესაბამისად, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული. აქედან გამომდინარე კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა თ. გ-ის მიმართ განსხვავებული მოპყრობა - დისკრიმინაცია და შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - დისკრიმინაციული მოპყრობის და არასათანადოდ მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების - 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანება; დანარჩენ ნაწილში თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის დასახელების ცვლილებას (...ის ნაცვლად შეიქმნა ...ო) და სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გადატანას ახალ სამმართველოში. მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებული იქნა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 2 საშტატო ერთეულით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გაუგებარი იყო, თუ რა გარემოებების მხედველობაში მიღებით განხორციელდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება და მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არსებულ 2 საშტატო ერთეულზე კონკრეტულ პირთა შერჩევა-დანიშვნა. სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და თ. გ-ი რატომ არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოპასუხე მხარემ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რადგან რეორგანიზაციამდე არსებულ ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. პალატამ მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო სამსახურის სტაბილურობა განამტკიცა არა მხოლოდ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის კუთხით, არამედ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოხელის მიერ თანამდებობის შენარჩუნების კუთხითაც. ამჟამად მოქმედმა კანონმა, განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის დღეს მოქმედი კანონით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამდენად, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენის პროცედურა სისტემურად აგებულია იმგვარად, რომ კანონით დადგენილი წესით დანიშნულ მოხელეს არ შეეხოს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, რაც ნამდვილად წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულია კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოხელის მიერ თანამდებობის შენარჩუნების საკითხი, მიზანშეუწონელი იყო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვისას დადგინდა, რომ ...ოში არ არსებობდა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, სადაც თ. გ-ი ითხოვდა აღდგენას. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო თ. გ-ის ...ოში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე აღდგენა.
რაც შეეხება აპელანტ თ. გ-ის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განმარტა, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული მოხელის სამსახურში აღდგენასთან. რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეუძლებელი იყო თ. გ-ის სამსახურში აღდგენა, შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებდა თ. გ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავდა აპელანტის, როგორც საჯარო მოხელის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენების შესაძლებლობას, რასთან დაკავშირებით პალატა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 განჩინებაში (საქმე №ბს-234-234(2კ-18)) განვითარებულ მსჯელობაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიმართ კანონმდებლის ნებას წარმოადგენს აღნიშნული დანაწესით არა უფლებამოსილებათა გამიჯვნა საჯარო დაწესებულებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, არამედ, თავად საჯარო დაწესებულებისათვის დამატებითი მექანიზმებისა და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რითაც იგი შეძლებს, თავადვე უზრუნველყოს უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებებში აღდგენა და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების ეფექტური აღმოფხვრა, რისი განხოციელების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონისმიერად ეკისრება (მოხელის რეზერვში ჩარიცხვა, კომპენსაციის მიცემა და სხვა) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე №ბს-1061(კ-19)).
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანება და თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა თანამდებობა - ...ის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. შესწავლილ იქნა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ მოხელეთა სამუშაო აღწერილობები, მათი ფუნქციები და კადრების აღრიცხვის ფურცლები ...ში განსაზღვრულ ...ოში, რომელშიც იქნა გადატანილი ...ის ამოცანების ნაწილი, გათვალისწინებული იყო/არის ორი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2), რომელზეც შეირჩა სხვა კანდიდატურები (მათი კომპეტენციის, სამუშაო გამოცდილების, უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გათვალისწინებით) და ვინაიდან დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში თ. გ-ის კომპეტენციისა და მისი თანამდებობის იერარქიული რანგის/კატეგორიის (3.2) გათვალისწინებით, არ იყო გათვალისწინებული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (3.2) ტოლფასი ან/და უფრო დაბალი თანამდებობა, თ. გ-ი 2018 წლის 4 ივლისს დეპარტამენტის №6642-2-01 წერილით გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად, დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ და მის მიმართ განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. კერძოდ, დაიწყო მობილობის პროცესი და ვინაიდან აღნიშნულის ფარგლებში ვერ განხორციელდა მოხელის დასაქმება, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში, რაზედაც დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №2-01/9563 წერილით ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია როგორც საკუთარ გადაწყვეტილებაში მოყვანილ გარემოებებთან, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილთან, რომელსაც იზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დეპარტამენტს არ აქვს დავალებული რაიმე მოქმედების განხორციელება, არამედ მიღებული აქვს მხოლოდ ბრძანების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე მოქმედება, თუმცა გაუგებარია, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობით რა სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს მხარეებისთვის. ერთი მხრივ - სადავო ბრძანება გაუქმებულია, ხოლო მეორე მხრივ - მოხელე ვერ აღდგება მოთხოვნილ თანამდებობაზე და შესაბამისად, ვერ მიიღებს განაცდურს, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს თანამდებობაზე აღდგენის თანმდევ შედეგს, რასაც ასევე განმარტავს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში.
ამასთან, კასატორის მტკიცებით, 3.2 და 3.1 რანგის მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები განსხვავებულია და აღნიშნული თანამდებობები არ წარმოადგენს ტოლფასს. ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელეს რეორგანიზაციის შემდგომ 3.2 კატეგორიის უფროსი სპეციალისთვის საჭირო კვალიფიკაცია არ გააჩნდა, ხოლო 3.2 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ პირებს გააჩნდათ როგორ კავლიფიკაცია, ასევე უნარები (მათ შორის ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნის ცოდნა და უნარი და უცხო ენის ცოდნა, რაც პრიორიტეტულია სამმართველოს საქმიანობისთვის დონორებთან ურთიერთობის კუთხით).
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოხელე არ იყო უკანონოდ გათავისუფლებული თანამდებობიდან, ხოლო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, გაცემულ იქნა კომპენსაცია და განხორციელდა მოხელის რეზერვში ჩარიცხვა შიდა და გარე მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
კასატორის - თ. გ-ის მითითებით, მისი განთავისუფლების ბრძანება გამოტანილია 2018 წლის 8 აგვისტოს, რა დროიდანაც იგი ფაქტობრივად უკანონოდ განთავისუფლებულად ითვლება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საბანკო ვალდებულებები და დარჩა შემოსავლის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა მისი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის საკითხზე და დაეკმაყოფილებინა. კასატორის განმარტებით, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
კასატორის განმარტებით, იგი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც არსებითად არ შეცვლილა იმ სამმართველოს ფუნქციები, რომელშიც იგი მუშაობდა, არსებითად არ შეცვლილა იმ საშტატო ერთეულებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ფორმალურად, მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულების ნაცვლად განისაზღვრა და იგივე საშტატო ერთეულები, არსებითად იმავე ფუნქციებით არის დატვირთული, რაც მის მიერ დაკავებულ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს ევალებოდა. საშტატო ერთეულებს შორის ფუნქციურ დატვირთვასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორის არსებითი განსხვავების გარეშე, მათი რანგირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათი გადანაცვლება არ უნდა ჩაითვალოს საშტატო ერთეულების შემცირებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით თ. გ-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია თ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის თ. გ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის და არასათანადოდ მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება თ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და დანარჩენ ნაწილში თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კასატორი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში; ხოლო თ. გ-ი როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის მხოლოდ სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.
განსახილველი დავის ფარგლებში კასატორი - თ. გ-ი სადავოდ ხდის მისი შრომითი უფლებების დარღვევას და მიუთითებს, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც არსებითად არ შეცვლილა იმ სამმართველოს ფუნქციები, რომელშიც იგი მუშაობდა, არსებითად არ შეცვლილა იმ საშტატო ერთეულებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ფორმალურად, მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულების ნაცვლად განისაზღვრა და იგივე საშტატო ერთეულები, არსებითად იმავე ფუნქციებით არის დატვირთული, რაც მოსარჩელის მიერ დაკავებულ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს ევალებოდა. თავისმხრივ კასატორის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მითითებით, ...ში განსაზღვრულ ...ოში, რომელშიც იქნა გადატანილი ...ის ამოცანების ნაწილი, გათვალისწინებული იყო/არის ორი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2), რომელზეც შეირჩა სხვა კანდიდატურები მათი კომპეტენციის, სამუშაო გამოცდილების, უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გათვალისწინებით; ხოლო თ. გ-ის მიმართ დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, გაცემულ იქნა კომპენსაცია და განხორციელდა მოხელის რეზერვში ჩარიცხვა შიდა და გარე მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე სადავოდ ხდის მისი აღსრულების კუთხით, კერძოდ, კასატორისთვის გაუგებარია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობით რა სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს მხარეებისთვის. ხოლო თ. გ-ი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში სასამართლოს ასევე უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით თავდაპირველად უნდა შეფასდეს თ. გ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის მართებულობა, ხოლო აღნიშნულის დადგენის შემდგომ - სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხლიც მოხელის რეზერვში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში ადგენს, როდესაც მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს (პირველი მუხ.). დასახელებულმა მობილობის წესმა მობილობის მიზნები დაუკავშირა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას (მე-2 მუხ.). მობილობის წესის მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები; ხოლო მე-13 მუხლი ეხება მოხელეთა რეზერვს, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.4 მუხლისა და 105.1 მუხლის მსგავსად, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას მობილობის შეუძლებლობას უკავშირებს. სადავო მობილობის განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-13 მუხლი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 105-ე მუხლები პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს მობილობის პროცესში მოხელის რეზერვში ჩარიცხვის შესაძლებლობას მხოლოდ მის მიმართ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ დახვეწისა და არსებული ბუნდოვანებების აღმოფხვრის მიზნით, მობილობის პროცედურების განსაზღვრულობისა და სიცხადის თვალსაზრისით, მობილობის წესში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №315 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაზუსტდა და ნათლად განისაზღვრა რიგი საკითხები.
მობილობის წესში განხორციელებული ცვლილებებიდან აღსანიშნავია მე-12 მუხლის ახლად ჩამოყალიბებული რედაქცია, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო აღნიშნული წესის მე-13 მუხლი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას კვლავ მობილობის შეუძლებლობას უკავშირებს.
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო კანონმდებლის ნება მობილობის წესის განხორციელების პროცესში, დააზუსტა და ხაზი გაუსვა მობილობის მიზნებსა და არსს. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ასევე ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით ცალსახაა მობილობის უმთავრესი პრინციპი - გასათავისუფლებელი მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, დასახელებული „წესით“ განსაზღვრული მობილობის პროცედურის სათანადო განხორციელება და მოხელის რეზერვში ჩარიცხვა მხოლოდ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამდენად, მობილობის მიზნებისა და არსის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, თავდაპირველად ხდება მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით დადგენილი წესით მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება მოხელის რეზერვში ჩარიცხვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომლის შესახებაც თ. გ-ის ეცნობა 2018 წლის 8 მაისს.
რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გაუქმებულიყო საავტომობილო გზების ადმინისტრირების და ...ები, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილიყო ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ...ი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი: დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო და ...ო. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურსა (16 საშტატო ერთეულით) და ...ში (10 საშტატო ერთეულით) ერთობლივად გათვალისწინებული 26 საშტატო ერთეული შემცირდა და ...ში განისაზღვრა 18 შტატი. საბოლოოდ კი, დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 189 საშტატო ერთეულით, შესაბამისად, დეპარტამენტის არსებული საშტატო რიცხოვნობა - 226, შემცირდა 37 საშტატო ერთეულით.
ამასთან, რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 4 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია, მათ შორის, 21-ე ნომრად მითითებული იქნა - თ. გ-ი, საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ უქმდებოდა ...ი და შესაბამისად, ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2.). დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში თ. გ-ის კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის (3.2.) გათვალისწინებით არ იყო მისი თანამდებობის ტოლფასი, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (3.2.) ან/და დაბალი თანამდებობა. ...ში განსაზღვრულ ...ოში, რომელშიც გადატანილი იქნა ...ის ამოცანების ნაწილი, გათვალისწინებული იყო ორი მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (3.2.), რომელზეც შეირჩა კანდიდატურა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის №6642-2-01 წერილით თ. გ-ი გაფრთხილებულ იქნა შტატების შემცირების შედეგად, დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/278 ბრძანებით, რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა 2018 წლის 4 ივლისის წინადადების №2 ოქმისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის №6642-2-01 გაფრთხილების წერილის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 110-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თ. გ-ი 2018 წლის 8 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 8 აგვისტოდან ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია სამი თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა დეპარტამენტის არსებული საშტატო რიცხოვნობა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს დღის წესრიგში დადგა მობილობის წესის განხორციელება, რისი სათანადოობა და კანონთან შესაბამისობაც სადავოდ არის ქცეული მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში.
დადგენილია, რომ რეორგანიზაციის განხორციელებამდე მოსარჩელე თ. გ-ი იკავებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას. წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული საშტატო ერთეული არსებითად იმავე ფუნქციებით არის დატვირთული, რაც მის მიერ დაკავებულ მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს ევალებოდა, რასაც არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანო და მიუთითებს, რომ მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შეირჩა სხვა კანდიდატურები მათი კომპეტენციის, სამუშაო გამოცდილების, უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს განხორციელებულ რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებებზე, ასევე დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხებზე.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა - ...ი, ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ...ის ძირითადი ამოცანები იყო: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების და სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დეტალური დამუშავებისა და ამ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვა დაინტერესებული უწყებებისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის; დ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შესახებ, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; ე) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატიური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა; ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების ვიდეოკონტროლის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და დაინტერესებული პირებისათვის; ზ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ვიდეოკონტროლის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; თ) დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა; ი) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; კ) დეპარტამენტის სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედიოდა დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნებოდა დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს - ...ი, რომლის შემადგენლობაში მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შედის: ა) დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო; ბ) განვითრების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო; გ) ...ო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „რ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ...ის ...ო, ხოლო „ყ“-„წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ...ის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში. კერძოდ, ...ის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება: რ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების მოძრაობის ორგანიზაციის ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების (შემდგომში - მშენებელი) და შესაბამის სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში - ზედამხედველი) მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ; ტ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან), მშენებელთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით, საავტომობილო გზებზე განთავსებული ცვლადი და ტექსტური საინფორმაციო ნიშნების მართვა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულთან) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობის გზით; ფ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საავტომობილო გზის მომხმარებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მობილური აპლიკაციების შემუშავება, შემუშავებულ აპლიკაციებში საგზაო რეჟიმის ასახვა და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, აპლიკაციის განვითარების ტექნიკური ჯგუფისათვის წინადადებების წარდგენა; ქ) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, მომსახურების სისტემის მართვა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა; ღ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა (ITS) და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნის, განვითარებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება, ინფორმაციების დამუშავება და სისტემაში ასახვა, აღნიშნული სისტემების მართვა და განვითარება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის (ერთეულისათვის) მიწოდება; შ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; ძ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; წ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართით დეპარტამენტში შემავალ ...ში (სულ 10 საშტატო ერთეულით) გათვალისწინებული იყო მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული (1 400 ლარის ანაზღაურებით), ასევე 5 საშტატო ერთეული (1 200 ლარის ანაზღაურებით). ზემოაღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილს №40/ო ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით ...ში მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო რაოდენობა უცვლელად იქნა დატოვებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის მიხედვით, დეპარტამენტში გათვალისწინებული იქნა ...ი, რომლის შემადგენლობაში არსებულ ...ოში (სულ 6 საშტატო ერთეულით) განისაზღვრა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული (1 200 ლარის ანაზღაურებით).
რეორგანიზაციამდე არსებული ...ისა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ...ის ...ოს დასახელებული დებულებებით განსაზღვრული ფუნქციები თავისი არსით უმეტესწილად მსგავსია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის დასახელებისა და დაქვემდებარების ცვლილებას - ...ის ნაცვლად შეიქმნა ...ო, ...ის დაქვემდებარებაში, ხოლო სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები გადატანილ იქნა ახალ სამმართველოში. თუმცა, მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ...ის ...ოში რეალურად შენარჩუნებული იქნა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 2 საშტატო ერთეულით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ...ი შექმნილია სწორედ გაუქმებული საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურისა და ...ის ბაზაზე, რომელშიც გათვალისწინებულია 3 სტრუქტურული ქვედანაყოფი: დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სამმართველო, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველო და ...ო.
სადავო მობილობის განხორციელებისას კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა ტოლფასი თანამდებობის დეფინიციას. ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები განსაზღვრავდა. ტოლფასი ყოველთვის იდენტურს არ გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდებოდა ტოლფასი თანამდებობის რეალური მოძიება ახლად შექმნილ, რეორგანიზაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებული ცვლილებებით ერთიანი მიდგომების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ტოლფასი თანამდებობის დეფინიცია, რომლის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა წარმოადგენს იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობას, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია (მობილობის წესის 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი).
განხორციელებული ცვლილებებით გამყარდა დასკვნა მოცემულ შემთხვევაში ტოლფასი თანამდებობის შეფასების თაობაზე. საქმეში არსებული მასალების, ასევე ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დასახელებისა და დაქვემდებარების ცვლილებას - ...ის ნაცვლად შეიქმნა ...ო, ხოლო თავად სამსახურის ფუნქციების, მიზნებისა და დანიშნულების თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას, ადგილი არ ჰქონია. უმეტესწილად მსგავსია ძირითად უფლებათა წრე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს - თ. გ-ის რეორგანიზაციამდე ეკავა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომლის ტოლფას - უმეტესწილად მსგავს თანამდებობას რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოში მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა წარმოადგენდა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა მობილობის პროცესი განეხორციელებინა კანონის დაცვით, მისი არსისა და მიზნების გათვალისწინებით და ტოლფასი თანამდებობის არსებობისას, მისი შეთავაზება განეხორციელებინა თ. გ-ისათვის.
მართალია, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა მობილობის განსახორციელებლად, თ. გ-ის დასაქმების თხოვნით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებულ ორგანოებს, ხოლო გარე მობილობის განსახორციელებლად - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაადასტურა, რომ თ. გ-ისთვის შეთავაზებულ იქნა მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ ახლად შექმნილ სამმართველოს დაემატა ფუნქციები და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შეირჩა სხვა კანდიდატურები მათი კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა ტოლფას პოზიციაზე მოსარჩელე თ. გ-ის არასათანადოობა არ დადგენილა მობილობის პროცედურის განხორციელებისას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს რა გარემოებების მხედველობაში მიღებით განხორციელდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, ხოლო ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არსებულ 2 საშტატო ერთეულზე კონკრეტულ პირთა შერჩევა-დანიშვნა. რეორგანიზაციამდე არსებულ ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ამდენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაარღვია მობილობის წესი, როდესაც თ. გ-ის არ შესთავაზა ტოლფასი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოს მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო მობილობის შეუძლებლობის მოტივით თ. გ-ი ჩაირიცხა რეზერვში და მიეცა სამი თვის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მობილობის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირველესყოვლისა უნდა უზრუნველყოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისათვის, რა დროსაც მობილობის განხორციელების პროცესში კონკრეტულ თანამდებობაზე სათანადო კანდიდატურის შერჩევისას თავდაპირველად ის მოხელეები ერთვებიან მობილობის პროცესში, რომელთა შემცირებული შტატების ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს დასაკავებელი პოზიცია.
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ თ. გ-ის მიმართ მობილობის პროცედურა განხორციელდა არასათანადოდ. მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.4, 105.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში კი მობილობის პროცედურა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არსებითად სწორია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, იმ გარემოებაზე დაფუძნებით, რომ ...ოში არ არსებობდა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლზე, თუმცა აღნიშნულ ნაწილში დავა არასწორად გადაწყვიტა. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის დროს ...ოში არ არსებობდა მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, არ გამორიცხავდა თ. გ-ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურის განხორციელებას. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას და არა 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურის განხორციელების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამასთან, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის ამგვარად გადაწყვეტით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის ...ოში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაშიც, თ. გ-ის წაერთვა შესაძლებლობა საჯარო დაწესებულებას მიემართა ბიუროსთვის საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით, ხოლო სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მიეღო განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითება მასზედ, რომ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო სამსახურის სტაბილურობა განამტკიცა არა მხოლოდ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის კუთხით, არამედ კანონით დადგენილი წესით დანიშნული მოხელის მიერ თანამდებობის შენარჩუნების კუთხითაც - მოხმობილია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის №ბს-139(4კ-19) გადაწყვეტილება), სადაც საკასაციო სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონზე დაყრდნობით დაუშვებლად მიიჩნია არავაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, კონკურსის წესით დანიშნული საჯარო მოხელის გათავისუფლება, თუმცა არ გამორიცხულა ასეთ შემთხვევაში 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურის განხორციელება. საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენის პროცედურა სისტემურად აგებულია იმგვარად, რომ კანონით დადგენილი წესით დანიშნულ მოხელეს არ შეეხოს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგები.
ყოველივე აღნიშნულისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, თ. გ-ი ექვემდებარება სამსახურში აღდგენას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, თ. გ-ი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით აღდგენილ უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე, რამეთუ რეორგანიზაციამდე იგი სწორედ აღნიშნულ პოზიციას იკავებდა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით, თ. გ-ის უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე.
საკასაციო სასამართლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დამატებით განმარტავს, რომ პირის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის პირობებშიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტი დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში (საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, წარმოადგენს ზარალს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/4/735 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს დავალების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი აღდგენის საკითხის განხილვის მომენტამდე, როგორც წესი, დროის გარკვეული პერიოდი გადის. შესაძლებელია, ამ დროში ფაქტობრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს და უსაფუძვლოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი გახადოს. სამსახურში აღდგენის ფაქტი შესაძლოა, უსაფუძვლოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში არ დადგეს და არსებობდეს შემთხვევები, როდესაც დადგინდება, რომ პირი უსაფუძვლოდ განთავისუფლდა, თუმცა რიგი ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია მისი სამსახურში აღდგენა. განსახილველ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის პირობებშიც, მოსარჩელე უზრუნველყოფილია იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის მიღების უფლებით.
რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიერ მიღებული კომპენსაციის თანხა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თ. გ-ი აღდგენილ იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე, თ. გ-ის უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. თ. გ-ი აღდგენილ იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე;
6. თ. გ-ის აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა