Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-106(2კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 3 აგვისტოს თ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტთან - თ.გ-თან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში; მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ.გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ; მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე თ.გ-ის დანიშვნის შესახებ; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, 2017 წლის პირველი ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის - თ.გ-ის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ.გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.გ-ის 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.გ-მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით თ.გ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 125-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებები და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი“.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტსა და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირები (თანაშემწეები) ( ქ.ნ-ი, ნ.ქ-ა, ე.მ-ე, მ.გ-ე და მა.გ-ი) გარდაიქმნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებად, ხოლო ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირთან (ასევე თანაშემწესთან - თ.გ-სთან) გათვალისწინებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სამინისტროში ისე მოხდა დასაქმებული პირების გარდაქმნა პროფესიულ საჯარო მოხელეებად და იმ პირებად, რომლებთანაც უნდა გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულებები, რომ არ განისაზღვრა შესაბამისი კრიტერიუმები და საფუძვლები, არ მიღებულა შესაბამისი დოკუმენტი რომელიც გასაგებს გახდიდა სამინისტროში დასაქმებული პირებისთვის, მათ მიერ დაკავებული თანამდებობის გარდაქმის საფუძველს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის N1 ოქმით გაუგებარია, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისაგან მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები რა არგუმენტებზე და შეფასებებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. სამინისტროს მხრიდან შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 ივნისის N548 ბრძანების N3 დანართით, სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის, 2014 წლის 21 ივლისის N748 ბრძანების N3 დანართით, სამინისტროს ...ის სპეციალისტის, 2014 წლის 8 აპრილის N400 ბრძანების N2 დანართით, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის, 2014 წლის 18 ივნისის N571 ბრძანების N14 დანართით, სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის, 2014 წლის 22 აპრილის N428 ბრძანების N3 დანართით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სპეციალისტის და N10 დანართით სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები მსგავსია. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმების საფუძველზე განახორციელა სამინისტრომ ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის, ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სპეციალისტის და სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს სპეციალისტის პროფესიულ საჯარო მოხელედ გარდაქმნა, ხოლო ...ის სპეციალისტი მიიჩნია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი. საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტთან - თ.გ-სთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში. ამასთანავე, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ.გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ, ასევე თ.გ-ის 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან მოსარჩელეზე ანაზღაურების გაუცემლობა განაპირობა მისივე ქმედებამ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანებით დადგინდა ამ ბრძანების N2 დანართით გათვალისწინებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო თ.გ-მა, შეთავაზების მიუხედავად, უარი განაცხადა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა. მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გაეგრძელებინა მუშაობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, რაც არ ართმევდა უფლებას, პარალელურად ედავა სასამართლოში, მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.გ-მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

2022 წლის 13 ივლისს, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით, ჩატარდა სასამართლო სხდომა, კასატორთა წარმომადგენლების მონაწილეობით. ამავე თარიღის განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი. ამავე თარიღის განჩინებით თ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

კასატორი - თ.გ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმებას, მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული. სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მოსარჩელე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას. სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 249-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. მართალია, სასამართლომ სწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, თუმცა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ მოსარჩელის ქმედებით იყო გამოწვეული 2017 წლის პირველი ივლისიდან ანაზღაურების მიუღებლობა. თ.გ-ს გაეგზავნა, თუმცა არ ჩაბარებია წერილი, რომელიც შეიცავდა მითითებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანებისა და იმ გარემოების არსებობის თაობაზე, რომ სამინისტროს ...ის სპეციალისტის შტატის გარდაქმნის შემდეგ, იგი ჩაითვლებოდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2017 წლის 4 ივლისიდან 2017 წლის 12 ივლისის ჩათვლით თ.გ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 2017 წლის 13 ივლისს იგი გამოცხადდა სამსახურში და დადგენილი წესის შესაბამისად, წარადგინა საავადმყოფო ფურცელი, რა დროსაც, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან თ.გ-სთან უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება. თ.გ-ს აქვე სიტყვიერად განუცხადეს, რომ ხელშეკრულება იქნება გაფორმებული განსაზღვრული ვადით - 6 თვით. თ.გ-მა მოითხოვა ხელშეკრულების ნიმუში, ხელმოსაწერად, არ/ვერ გადასცეს, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო.

კასატორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ თ.გ-ს 2017 წლის არც 3 ივლისს და არც 4 ივლისს არ მიუღია არანაირი შეთავაზება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემდეგ, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, მას განუმარტეს, რომ ავტომატურად გათავისუფლებულია პირველი ივლისიდან. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ თ.გ-ს 14 ივლისის განცხადებაზე (13 ივლისამდე იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე) სამინისტრომ პასუხი გასცა 2017 წლის 26 ივლისს, ანუ 2017 წლის 26 ივლისამდე, თ.გ-ი ითხოვდა იმ ხელშეკრულების წარდგენას, რაზეც ხელი უნდა მოეწერა, თუმცა ამაოდ. 2017 წლის 26 ივლისის წერილით კი, თ.გ-ს ეცნობა, რომ ავტომატურ რეჟიმში, პირველი ივლისიდან, გათავისუფლებულია სამსახურიდან. გაურკვეველია, თ.გ-ის რომელი და როდის განხორციელებული ქმედება გახდა იმის მიზეზი, რომ მოსარჩელე 2017 წლის პირველი ივლისიდან არ იღებდა ანაზღაურებას.

კასატორი მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ თ.გ-ს საშუალება ჰქონდა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გაეგრძელებინა მუშაობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, რაც არ ართმევდა მას უფლებას, პარალელურად ედავა სასამართლოში მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. ასეც რომ იყოს, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა და მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა მინიმუმ 2018 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე.

კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 ივლისს, ხოლო განმეორებით 20 ივლისს, თ.გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მისთვის შრომითი ხელშეკრულების გადაცემის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი, როგორც სამინისტროში დასაქმებული პირი, ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემას, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 26 ივლისის MES 6 1700876756 წერილით თ.გ-ს ეცნობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, 2017 წლის პირველი ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები. აღნიშნული კი, გულისხმობდა ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. რაც შეეხებოდა შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, 2017 წლის 4 ივლისს, MES 5 17 00783028 წერილით მას სთხოვეს პოზიციის დაფიქსირება შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა თ.გ-მა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. შესაბამისად, სამინისტროსთვის გაურკვეველია, მხარის მოთხოვნა. კასატორის განმარტებით, იგი 2017 წლის 26 ივლისამდე ითხოვდა ხელშეკრულების გადაცემას, ხელმოსაწერად, თუმცა ამაოდ. 2017 წლის 26 ივლისს კი, მას ეცნობა, რომ ავტომატურ რეჟიმში - პირველი ივლისიდან გათავისუფლებულია სამსახურიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, შესაბამისად, არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს სააპელაციო პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1 საოქმო გადაწყვეტილებით შეჯერდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან და სამინისტროს ხელმძღვანელ პირთაგან მიღებული წინადადებები, რომლებიც ეფუძნებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებს, 25-ე მუხლს, 125-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებას.


ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე, რეკომენდაციებსა და წინადადებებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარდგენოდა წინადადება იმ პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩათვლის თაობაზე, რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტური არ იყო შინაარსობრივად (პირი საჯარო დაწესებულებაში ასრულებდა დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1 ოქმის საფუძველზე, დადგინდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულ პირებს უნდა მინიჭებოდათ პროფესიული საჯარო მოხელეების სტატუსი, ამ ბრძანების N1 დანართის შესაბამისად. ამასთანავე, ამ ბრძანების N2 დანართით გათვალისწინებულ პირებთან უნდა დადებულიყო შრომითი ხელშეკრულებები. ბრძანების N1 დანართის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი მიენიჭათ ...ებს. ამავე ბრძანების N2 დანართში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მითითებულ იქნა ...ის სპეციალისტი - თ.გ-ი (აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 ივლისის N602 ბრძანებით).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 4 ივლისის N598 ბრძანებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე 2017 წლის პირველ ივლისამდე მიღებული, ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული პირები (რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია), 2017 წლის პირველი ივლისიდან ჩაითვალნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებად, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად (აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის 2017 წლის 5 ივლისის N601 ბრძანებით).

2017 წლის პირველი ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა თ.გ-ის ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტთან - თ.გ-თან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების N1 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2017 წლის პირველი ივლისიდან თ.გ-ის პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.გ-ის 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ; სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც თ.გ-ი ითხოვდა მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალებას, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის, 2017 წლის პირველი ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განჩინების იმ ნაწილში შეფასებას, რომლითაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების გამოცემა და ამ ბრძანების შესაბამისი დანართების დამტკიცება ემსახურებოდა ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული პირების შესაბამისობაში მოყვანას. შედეგად, ბრძანების N1 დანართში მითითებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ... სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს მიენიჭათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი. ამავე ბრძანებით თ.გ-ი არ ჩაითვალა პროფესიულ საჯარო მოხელედ და ... სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირად, შესაბამისად, იგი მითითებულ იქნა ბრძანების N2 დანართში, როგორც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ...ის სპეციალისტი.

ასევე უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი წინადადება, თ.გ-ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ჩათვლის თაობაზე. დადგინდა, რომ რეალურად, თ.გ-ის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია. შესაბამისად, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, თ.გ-ი უნდა ჩათვლილიყო პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად. სამინისტროს არ გააჩნდა საფუძველი, გადაეწყვიტა მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის (2017 წლის პირველი ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე, წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების ორგანოს მიერ მიყენებული ზიანიდან გამომდინარე მოთხოვნას. მოსარჩელის ინტერესში შედის იმ შემოსავლის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა 2017 წლის ივლისიდან, პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამის პოზიციაზე დანიშვნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, კონსტიტუციის მითითებული მუხლის დანაწესის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში. „..საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტების ლეგიტიმაციის ხარისხიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების მექანიზმის არსებობა..“ (სუს 2021 წლის 27 მაისის Nბს-222(კ-კს-20) გადაწყვეტილება). სწორედ ამ სამართლებრივი ინტერესის დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მუხლის დანაწესი, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სავალდებულოობის თაობაზე, რომლის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“ (სუს 2014 წლის 10 აპრილის Nბს-648-623(2კ13) გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. „..ქონებრივ ზიანად მიიჩნევა ნეგატიური სხვაობა პირის არსებულ ქონებრივ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა ზიანის გამომწვევი ქმედების გარეშე..“ (სუს 2021 წლის 21 ივნისის Nბს-1031(კ-20) განჩინება). ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. „..იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს..“.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ „..ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში..“(სუს 2022 წლის 4 ივლისის Nბს-51(კ-22) განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადასტურებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო, ზიანის გამომწვევი ქმედების არსებობა მოსარჩელესთან მიმართებაში - ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებული პროცედურის შესრულების პირობებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თ.გ-ი უნდა მიეჩნია არა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, არამედ შესაბამისი რანგის მქონე პროფესიულ საჯარო მოხელედ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე უდავოდ იქნებოდა იმ ფაქტობრივ მდგომარეობაში, რომელიც მისთვის, როგორც პროფესიული საჯარო მოხელისათვის, შესაბამისი რანგისათვის განსაზღვრული სარგოს გაცემის წინაპირობა გახდებოდა. კანონიერ ძალაში არსებული და მოპასუხისათვის აღსასრულებლად სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებით, თ.გ-ი, 2017 წლის პირველი ივლისიდან მიჩნეულია პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად. მოპასუხეს დაევალებული აქვს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ.გ-ის 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ. ამდენად, ეჭვქვეშ არ დგას 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ...ის სპეციალისტის პოზიციაზე თ.გ-ის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი და შესაბამისად, არ არსებობს 2017 წლის პირველი ივლისიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის პირველი ივლისიდან მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს თ.გ-ის ქმედება - შეთავაზების მიუხედავად, თ.გ-მა უარი განაცხადა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებაზე, თუმცა მას ჰქონდა შესაძლებლობა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გაეგრძელებინა მუშაობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნული მას არ ართმევდა უფლებას, პარალელურად ედავა სასამართლოში, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით განმტკიცებული შრომის თავისუფლება მოიცავს ინდივიდის არა მხოლოდ სამუშაოს არჩევის, არამედ ამ სამუშაოს განხორციელების, შენარჩუნებისა და დათმობის უფლებასაც. შრომის თავისუფლების აღიარებას შეეხებოდა ასევე 2017 წლის 13 ოქტომბრის ცვლილებამდე მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომლის მნიშვნელობაც ხაზგასმულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლომ 1997 წლის 28 თებერვლის N2/4-24 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ „..საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო..“.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის თავისუფლება შრომითი უფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მოიაზრებს იძულებითი შრომის განხორციელების აკრძალვას. პირს გააჩნია შრომითი საქმიანობის თავისუფალი არჩევის, შრომითი საქმიანობის არჩეულ სფეროში იძულების გარეშე ჩაბმის უფლება. „..კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სრული უფლება გააჩნდა, უარი განეცხადებინა შრომითი ხელშეკრულებით სამინისტროში დასაქმებაზე, იმ პირობებში, როდესაც არ დაეთანხმა შეთავაზებული ფორმით დასაქმებას და ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. თ.გ-თან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N592 ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებამ დაადასტურა მოსარჩელის სურვილი - დადგენილიყო სამინისტროში მისი დასაქმების რეალური სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და შრომითი ხელშეკრულების ფორმით დასაქმების შეთავაზების ნაცვლად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიეღო გადაწყვეტილება, მისი პროფესიულ საჯარო მოხელედ მიჩნევის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისთვის, როგორც შესაბამისი რანგის სპეციალისტად დანიშნული პირისათვის, ყოველთვიური სარგოს განსაზღვრა. უპირატესი ინტერესი, რაც მოცემულ დავასთან მიმართებაში მოსარჩელეს, როგორც შრომითი თავისუფლების მქონე პირს გააჩნია, მდგომარეობს არა ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის სტატუსის შენარჩუნებაში, არამედ, სამინისტროში დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მისთვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭებაში. მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება წარმოადგენს ამ სტატუსის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტის აუცილებელ თანმდევ მოვლენას.

რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ აქტის არარსებობა გამორიცხავს მისთვის განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თავისი არსით, გულისხმობს შრომის ანაზღაურებას, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე შეფასდა არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერების საკითხი, არამედ საკანონმდებლო სიახლეებიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურში მისი დასაქმების ფორმის შერჩევის სისწორე (მოსარჩელესთან მიმართებაში არ გამოცემულა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის პირველი ივლისიდან ძალადაკარგულად გამოაცხადა თ.გ-ის ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება და ამავდროულად, მიიღო გადაწყვეტილება, მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ.გ-თან მიმართებაში სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტის არარსებობა და მისი უკანონოდ ცნობის შეუძლებლობა, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას - მოითხოვოს შემოსავალი, რომელსაც შესაბამის თანამდებობაზე 2017 წლიდან დანიშვნის შემთხვევაში მიიღებდა. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა არა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, არ გამოირიცხება საჯარო მოხელის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ საქმეზე შეფასდა არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერების საკითხი, არამედ საკანონმდებლო სიახლეებიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურში მისი დასაქმების ფორმის შერჩევის სისწორე. სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან მიმართებაში, იგივე სამართლებრივი შედეგები წარმოიშობა, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონოდ ცნობისა და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში წარმოიშობოდა. მოსარჩელეს გააჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ მისთვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის პირობებში, უზრუნველყოფილი იქნებოდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. ამდენად, კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი ივლისიდან თ.გ-ის, პროფესიულ საჯარო მოხელედ, ...ად მიჩნევისა და მოპასუხისათვის მისი სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემის დავალების პირობებში, დაკმაყოფილებას ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე, თ.გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნამდე.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრას: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია როგორც საჯარო დაწესებულების მიერ შესაბამისი თანამდებობისათვის განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე, ისე თანხის ანაზღაურების ვალდებულებისათვის განსაზღვრული დროის სრული მონაკვეთის დასრულებაზე. ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობების ჯამი, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე თ.გ-ის დანიშვნამდე პერიოდის გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები არ საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას. თ.გ-ის საკასაციო საჩივრის გადაწყვეტა დაკავშირებულია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართალშეფასების გადასინჯვასთან. ამდენად, სრული საკასაციო კონტროლის ფარგლებში, შესაძლებელია თ.გ-ის საკასაციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; თ.გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება თ.გ-ის სარჩელი, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში, მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნამდე; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ.გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება, თ.გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დაკმაყოფილდეს სარჩელი, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში, თ.გ-ის თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ...ის სპეციალისტის პოზიციაზე დანიშვნამდე;

4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე



მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე



გენადი მაკარიძე