Facebook Twitter

№1831-13 28 თებერვალი, 2013 წელი

გ-ი გ., 1831-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. გ-ის

მსჯავრდებულ _ გ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს სასჯელთა შეკრებით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ივნისიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრდა ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 თვე და 15 დღე, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 თვე და 15 დღე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წელი და 3 თვე; საბოლოოდ მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან ითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან განთავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან, მართალია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით მსჯავრის დადებისას გ. გ-ი იყო ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე