Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით


საქმე № ბს-3-(კ-21) 14 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე


სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს "ტ-ი"

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო; შპს "მ-ო"; შპს "ბ-ი"

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ-მა“ 2017 წლის 29 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საჩივრის უარყოფის ნაწილში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების, ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა № ... სააღსრულებო საქმეზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - ხ. ც-ის მიერ 2017 წლის 6 მარტის აუქციონის დანიშვნის გაუქმება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, მიმდინარე აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის და მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, აღსრულების შეწყვეტის დავალება.

2. შპს „ტ-მა“ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და გასაჩივრებულ ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 2017 წლის 30 მარტის განჩინებით, შპს „ტ-ის“ სარჩელი მიიღო წარმოებაში და დასაშვებად ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 2017 წლის 30 მარტის განჩინებით, იმსჯელა მოსარჩელის შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა შპს „ტ-ის“ დირექტორის - მ. ს-ის შუამდგომლობა, გასაჩივრებული აქტის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების (იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“ საჩივარი) მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამავე განჩინებით სასამართლომ განუმარტა მოსარჩელეს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების მოქმედება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“ საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეჩერდა ავტომატურად სარჩელის წარმოებაში მიღებით.

5. 2017 წლის 27 აპრილს შპს „ტ-მა“, დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა - შპს "ტ-ის" საჩივრის უარყოფის ნაწილში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების, №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

6. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო შპს „ტ-ის“ ხუთ უძრავ ქონებას. 2016 წლის 10 აგვისტოს მოვალის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და აცნობა, რომ შპს „მ-ოს“ მიერ მოთხოვნილ იქნა ქ.ბათუმში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 15 000 000 ლარს შეადგენდა. განცხადებას დაურთო შპს „ი-ის“ მიერ გაცემული დასკვნა მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების შეფასების შესახებ, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც წარმოადგენდა კარიერს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აგვისტოს №136 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა 917 302 ლარით, რის გამოც, პირველ რიგში, აღნიშნული ქონების რეალიზაცია ითხოვა.

7. სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 13 დეკემბერს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნა მოთხოვნა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ტ-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღორღის მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. აუქციონის შეჩერებით მოვალემ დაკარგა უფლება ლიცენზიის მიღებაზე, შემდგომ კი მის რეალიზაციაზე. მისივე განმარტებით, დადებული ჰქონდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა მოსარჩელის მიმართ არსებული მოთხოვნა და აღარ დადგებოდა 635 453 ლარის დავალიანების სანაცვლოდ ქ.ბათუმში 6 284 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის საჭიროება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. საქალაქო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2016 წლის 27 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, შპს "ტ-ს" შპს "მ-ოს" სასარგებლოდ დაეკისრა 433 453 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 200 000 ლარის გადახდა. ასევე შპს "ტ-ს" შპს "მ-ოს" სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. შპს "მ-ომ" 2016 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №2ბ/6771-14 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ შპს „მ-ოს“ განცხადება აღსრულების თაობაზე, მოვალე შპს „ტ-ის“ მიმართ და საქმეს მიენიჭა № A16064532.

10. შპს „ტ-ს“, 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №2ბ/6771-14 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა 2016 წლის 8, 15, 26 და 29 ივლისს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 1 აგვისტოს №A16064532-011 განკარგულებით შპს „ტ-ს“ საჯარო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა №A16064532 სააღსრულებო წარმოების წინადადება, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შპს „ტ-ს“ განემარტა, რომ 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და სააღსრულებო მომსახურების საზღაური. მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები.

11. 2016 წლის 8 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორ-აღმასრულებელმა და №A16064532 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოითხოვა ყადაღის რეგისტრაცია შპს ,,ტ-ის'' სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: 1. ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; 2. ზესტაფონის რაიონი, სოფელი ... ..., საკადასტრო კოდი №...; 3. ქ.ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, საკადასტრო კოდი №...; 4. წალკის რაიონი, სოფელი ... (...), საკადასტრო კოდი №...; 5. თელავი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი №.... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ დასახელებულ უძრავ ნივთებზე დარეგისტრირდა ყადაღა.

12. 2016 წლის 1 აგვისტოს შპს „მ-ოს“ წარმომადგენელმა №-140 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვა №A16064532 სააღსრულებო საქმის (კრედიტორი - შპს „მ-ო“; მოვალე - შპს „ტ-ი“), მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2016 წლის 4 აგვისტოს №A16064532-012/001 წერილიდან ირკვევა, რომ კრედიტორის განცხადების საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის - შპს „ტ-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა №A16064532 სააღსრულებო წარმოების მასალები.

13. 2016 წლის 10 აგვისტოს შპს ,,ტ-ის'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით, პირველ რიგში, განხორციელებულიყო თელავში, სოფელ ... (ს/კ № ...) და ზესტაფონში, სოფელ ... ... (ს/კ №...) მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციის შედეგად არ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა, მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას დამატებით, სხვა ქონებიდან დაეკმაყოფილებინა კრედიტორი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,ტ-ს'' ეცნობა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას სარეალიზაციო უძრავი ქონებების რეალიზაციის რიგითობასთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილება.

14. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და მოითხოვა ზესტაფონის რაიონში, სოფელ ... ... შპს „ტ-ის'' სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შეფასება. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ შპს „ტ-ის'' სახელზე ზესტაფონის რაიონში, სოფელ პირველ ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა ქონების ღირებულებას. ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების ღირებულების გათვალისწინება, რის გამოც შეფასების სამსახურმა ვერ შეაფასა აღნიშნული ქონება. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლითაც ზესტაფონის რაიონში, სოფელ ... ... მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 143302 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრა 57 320 ლარით.

15. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის №04/03-2242 დასკვნის თანახმად, შპს ,,ტ-ის'' საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 6 011 000.00 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 28 დეკემბერს ჩატარებული განმეორებითი შეფასების შედეგად, შპს „ტ-ის“ სახელზე რიცხული ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეფასდა 6 284 000 ლარად.

16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 2 თებერვალს მოვალის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ..., შესახვევი ..., ს/კ №...) გამოცხადდა პირველი აუქციონი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა იმავე წლის 10 თებერვალს. სარეალიზაციო ქონებაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა იმავე წლის 20 თებერვალს და გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომლის დასრულების დრო იყო 2017 წლის 28 თებერვალი, 16:00 საათი. 2017 წლის 27 თებერვალს შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა: №A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერება, მათ შორის, იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, ს/კ №...); აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა; უძრავ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა; აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის ... მიმართვით შეჩერებული, ღორღის მოპოვების აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენა; უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, ს/კ №...) აღსრულების მიქცევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალის სხვა ქონების რეალიზაციით ვერ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა.

17. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ხ. ც-ის მოქმედება №A16064532 სააღსრულებო საქმის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, ს/კ № ...) 2017 წლის 20 თებერვალს მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი (№..., ლოტი №...). განკარგულებით განიმარტა, რომ დასადგენი იყო შენობა-ნაგებობებში განთავსებული დანადგარები წარმოადგენდა თუ არა სარეალიზაციო ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო მოქმედებების განსახორციელებლად აღმასრულებელს სჭირდებოდა გარკვეული პერიოდი, ხოლო აუქციონის დასრულებამდე რჩებოდა მცირე დრო, მართებული იქნებოდა სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმება და მიმდინარე აუქციონის შეწყვეტა.

18. 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით გათვალისწინებული დავალების თანახმად, 2017 წლის პირველ მარტს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, შეფასების სამსახურის თანამშრომლებსა და შპს „ტ-ის“ დირექტორთან ერთად, შეადგინა ოქმი, რომლითაც შპს „ტ-ის“ წარმომადგენლებმა დააზუსტეს პოზიცია და განმარტეს, რომ ითხოვდნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე 1000 კილოვატიანი სიმძლავრით მიერთების ღირებულების შეფასებას უძრავ ქონებასთან ერთად, სხვა პრეტენზია კი არ გააჩნდათ.

19. 2017 წლის 6 მარტს დაინიშნა აუქციონი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 მარტს, 16:00 საათზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულებით მოვალის - შპს „ტ-ის“ საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის (ს/კ №...) შემძენი 2017 წლის 30 მარტს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ბ-ი“ (ს/კ №...). ამავე განკარგულებით დგინდება, რომ შპს „ბ-მა“ უძრავი ქონება შეიძინა 942 600 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - შპს ,,მ-ოს“ სასარგებლოდ.

20. შპს „ბ-ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე უძრავ ქონებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ №...) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბ-ი“ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულება).

21. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი შეეჩერებინა სააღსრულებო წარმოება, მხარის მოთხოვნის საფუძველზე. კანონი ითვალისწინებდა განსაკუთრებული ვითარების არსებობის პირობებში, გამოცხადებული იძულებითი აუქციონის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დასადგენი იყო შენობა-ნაგებობებში განთავსებული დანადგარები წარმოადგენდა თუ არა სარეალიზაციო ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო მოქმედებების განსახორციელებლად აღმასრულებელს ესაჭიროებოდა გარკვეული დრო და აუქციონის დასრულებამდე დარჩენილი დრო არ იყო საკმარისი, ვერ მოესწრებოდა მათი განხორციელება და მართებულად გაუქმდა აღმასრულებლის მოქმედება სარეალიზაციო ქონებაზე მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე და შეწყდა მიმდინარე აუქციონი.

22. მოსარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ს/კ № ... უძრავ ქონებაზე განხორციელებული კონკრეტული სააღსრულებო ღონისძიებები ემსახურებოდა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას იძულებითი მექანიზმებით, მათ შორის, მოვალის ქონების რეალიზაციის, მოვალის და მისი ქონების მიმართ შეზღუდვების დაწესების გზით, რა დროსაც გასათვალისწინებელი იყო კრედიტორის ინტერესებიც და სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თვითონ მიეღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული დასაბუთების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.

23. №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის მოქმედების გაუქმებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ-განცხადება უნდა შეიცავდეს სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის, გასაყიდი ქონების დასახელებას, ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, მოიხმო ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და აღნიშნა, რომ იძულებითი აუქციონი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცხადდა და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

24. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იძულებით გამართულ აუქციონზე შპს „ბ-მა'' უძრავი ქონება შეიძინა 942 600 ლარად, თანხა გადაიხადა სრულად და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო გამოეცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც, შპს „ბ-ს“ წარმოეშვა კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლებამოსილება, ხოლო რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი.

25. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ტ-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

27. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ტ-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

29. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

30. კასატორის განმარტებით, 2016 წლის 10 აგვისტოს, აუქციონის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა დავალიანების დაფარვის მიზნით, პირველ რიგში, განხორციელებულიყო მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების და მათ შორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... (ს/კ №...) მდებარე 86 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზაცია, რომლის ღირებულება, შპს „ი-ის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აგვისტოს №136 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა 917 302 ლარით.

31. კასატორის მითითებით, აღსრულების პროცესში, სააღსრულებო ბიურომ მხოლოდ კრედიტორის ინტერესი გაითვალისწინა და მოვალის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია 635 453 ლარის დავალიანების სანაცვლოდ, შპს „ტ-ის“ საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა მინიმალურად 6 284 000 ლარით, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია იძულებით აუქციონზე შპს „ტ-ის“ კუთვნილი იმ ქონების რეალიზაცია, რომლის საბაზრო ღირებულება ათჯერ აღემატებოდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ თანხას და მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე გატანის შემთხვევაში, მისი მაღალი ღირებულების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების ლოტებად დაყოფა, რაც გამორიცხავდა აღსრულების გაჭიანურებას და კრედიტორის ინტერესის შელახვას.

32. შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ №... სააღსრულებო საქმის წარმოების დროს ითხოვდნენ ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის კანონიერების და მიზანშეწონილობის შესწავლას და მიმდინარე აუქციონის შეწყვეტას, რათა იძულებით რეალიზაციას დაქვემდებარებოდა მოვალის კუთვნილი სხვა უძრავი ქონება. კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობეს, რომ შპს „ტ-ის“ კუთვნილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ...ში (ს/კ №...) მდებარე 86 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება ასევე მნიშვნელოვნად აღემატებოდა აღსრულების ქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ თანხას და ითხოვდნენ შეჩერებული ღორღის მოპოვების ლიცენზიის, აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენას, რადგან №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ჰქონდათ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც, ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, უძრავი ქონება გასხვისდებოდა 1 000 000 ლარად, რაც სრულად უზრუნველყოფდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველი იყო, რატომ მიენიჭა უპირატესობა და რატომ გაიყიდა იძულებით აუქციონზე ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, რომლის ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატებოდა მოთხოვნას და რა საფუძვლით არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოვალის მოთხოვნა, სხვა არანაკლებ ღირებული ქონების პირველ რიგში რეალიზაციასთან დაკავშირებით.

33. კასატორის განმარტებით, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, სადავო ადმინისტრაციული აქტით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცხადა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების დროს გასათვალისწინებელი იყო კრედიტორის ინტერესი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით კასატორისათვის გაუგებარი იყო სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე იმ დროს, როდესაც მხოლოდ კრედიტორის ინტერესი იქნა გათვალისწინებული.

34. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, 2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილი საჩივარი, სადავო 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდნენ: 1. №A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერებას, მათ შორის, იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ.ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, საკადასტრო კოდი №...); 2. ამავე ქონებაზე აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლას დასახელებულ უძრავ ნივთთან მიმართებაში; 3. აღსრულების შეწყვეტას და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენას; 4. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის ... მიმართვით შეჩერებული ღორღის მოპოვების ლიცენზიის აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენას; 5. უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ.ბათუმი, დაბა ..., ... შესახვევი, საკადასტრო კოდი: №...) აღსრულების მიქცევას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით ვერ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა.

35. ამასთან, კასატორის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებდა განსაკუთრებული ვითარების არსებობის პირობებში, გამოცხადებული იძულებითი აუქციონის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებული იყო დაესაბუთებინა, როგორც განსაკუთრებული გარემოების არსებობა, ასევე გამოცხადებული აუქციონის გონივრულობა, რითაც დაიცავდა თანაზომიერების პრინციპს.

36. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლებზე, რომლითაც განმტკიცებულია სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი და განმარტა, რომ შპს „ტ-ს“ შეეზღუდა კანონმდებლობით გარანტირებული პროცედურული უფლებები.

37. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს ის გარემოება, რომ შპს „ტ-მა“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სარჩელი აღძრა 2017 წლის 29 მარტს - იძულებითი აუქციონის დასრულებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სარჩელი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ მოქმედების გაუქმების დავალების, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის იძულებით აუქციონზე გატანილ უძრავ ნივთზე აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით, წარმოებაში იქნა მიღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებით შეჩერდა სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, რასაც უნდა გამოეწვია შემდგომი პროცედურების შეჩერება და სასამართლოს უკანონოდ უნდა ეცნო შეჩერებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედებები, რაც სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.

38. კასატორის მითითებით, შპს „ტ-მა“ გაასაჩივრა რა 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ და 2017 წლის №841 ბრძანება, სადავო აუქციონის დასრულების შემდგომ, 2017 წლის 4 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც სასამართლოებმა ასევე შეფასების გარეშე დატოვეს.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებით შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

41. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ტ-ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

42. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს ნორმებს, რომლებიც აწესრიგებენ აღსრულების ქვემდებარე აქტების იძულებითი განხორციელების კანონით დადგენილ წესს. აღსრულების მიზანი კი არის დადასტურებული, უდავოდ დადგენილი უფლების რეალურად აღდგენა, რაც განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას - სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა - სახელმწიფოს მეშვეობით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას. ამდენად, უდავოა, რომ როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, ისევე სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფოს სააღსრულებო ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოების მოქმედება უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

44. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია აღსრულების პროცესის ეფექტური კონტროლი წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამასვე ითხოვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საშუალებები სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, არ გაჭიანურდეს იძულებითი აღსრულება და შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი), რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, უდავოა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პროცესში ევალება სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი), საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32; 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ - დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა პირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

46. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლითაც ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისი სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირველი ოქმის პირველი მუხლი, რომლის ძირითადი ობიექტი გახლავთ ინდივიდის დაცვა სახელმწიფოს მიერ დაუსაბუთებელი ჩარევისაგან მისი საკუთრების მშვიდობიან სარგებლობაში, აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს პოზიტიურ ვალდებულებებს სახელმწიფოს მხრიდან, რათა მიიღოს გარკვეული ზომები, რომლებიც აუცილებელია საკუთრების უფლების დაცვისათვის. კერძოდ, როდესაც არსებობს პირდაპირი კავშირი იმ ღონისძიებებს, რომლებსაც შეიძლება მომჩივანი ლეგიტიმურად ელოდებოდეს ხელისუფლების ორგანოებისგან და მისი საკუთრების ეფექტურ გამოყენებას შორის (Öneryildiz v. Turkey, no. 48939/99, §134, 30.11.2004; PĂDURARU v. Romania, no. 63252/00, §88, 01.03.2006; Broniowski v. Poland, no. 31443/96, § 143 28.09.2005; და Sovtransavto Holding v. Ukraine, no. 48553/99, §96, 25.07.2002). მათ შორის ჰორიზონტალურ ურთიერთობებში შეიძლება ჩაერთოს საჯარო ინტერესი, რამაც შეიძლება გარკვეული ვალდებულებები დააკისროს სახელმწიფოს. მაგალითად, ბრონიოვსკის საქმეში (ციტირებული ზემოთ, § 143) სასამართლომ დაადგინა, რომ პოზიტიური ვალდებულება პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, განაპირობებს სახელმწიფოს დავალდებულებას - მიიღოს აუცილებელი ღონისძიებები საკუთრების უფლებების დასაცავად (Kotov v. Russia, no. 54522/00, §109, 3.04.2012).

47. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ, რიგ შემთხვევებში, პირველი ოქმის პირველმა მუხლმა შეიძლება დააკისროს სახელმწიფოს გარკვეული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება საკუთრების უფლების დასაცავად, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოება მიმდინარეობს ინდივიდებს ან კომპანიებს შორის (Sovtransavto Holding v. Ukraine, no. 48553/99, §96, 25.07.2002). მოცემული პრინციპი გამოყენებულ იქნა აქტიურად კერძო დებიტორების საწინააღმდეგოდ აღსრულების პროცედურების კონტექსტში (Fuklev v. Ukraine, no. 71186/01, §§89-91, 7.06.2005 და Kesyan v. Russia, no. 36496/02, §§79-80, 19.10.2006; აგრეთვე Kin-Stib and Majkić v. Serbia, no. 12312/05, §84, 20.04.2010; Marčić and Others v. Serbia, no. 17556/05, §56, 30.10.2007; Matheus v. France, no. 62740/00, §68, 31.03.2005).

48. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პირველი ოქმის პირველ მუხლთან შესაბამისობის დადგენის დროს სასამართლომ უნდა შეისწავლოს განსახილველი სხვადასხვა ინტერესი, რადგან კონვენცია შექმნილია იმ მიზნით, რომ დაიცვას უფლებები, რომლებიც ”პრაქტიკული და ეფექტურია”. სასამართლომ უნდა ჩაიხედოს ზედაპირს მიღმა და გამოიძიოს გასაჩივრებული სიტუაციის რეალური მხარე (Zolotas v. Greece, no. 66610/09, §42, 29.04.2013; Tunnel Report Limited v. France, no. 27940/07, § 39, 18.11.2010).

49. საკასაციო პალატამ, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული განმარტებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს „გასაჩივრებული სიტუაციის რეალური მხარე“ და დაადგინოს აღსრულების პროცესში დაიცვა თუ არა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამართლიანი ბალანსი კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის ფუნდამენტურ უფლებებს შორის. ასევე უნდა განსაზღვროს, შეილახა თუ არა საკუთრების უფლება დაახლოებით ათჯერ ძვირად ღირებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას, როდესაც არსებობდა უძრავი ქონების ლოტებად დაყოფის ან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის ... მიმართვით შეჩერებული ღორღის მოპოვების ლიცენზიის აუქციონის წესით შეძენის უფლების აღდგენის შესაძლებლობა, რასაც აღსრულების წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში ითხოვდა მოვალე, შპს „ტ-ი“.

50. საკასაციო პალატა მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს "მ-ომ" 2016 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №2ბ/6771-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს "ტ-ს", შპს "მ-ოს" სასარგებლოდ დაეკისრა 433 453 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 200 000 ლარის გადახდა, ასევე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება და გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

51. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 251 მუხლით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: აღსრულების დაწყება, ქონებაზე ყადაღის დადება, აუქციონის ჩატარება და კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება დავალიანებას მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო დაყადაღებული სხვადასხვა ქონებაა, სააღსრულებო ორგანომ ის ქონება უნდა მიაქციოს სარეალიზაციოდ, რომელიც საკმარისი იქნება დავალიანების დასაფარავად და ამ მიზნით აღსრულების დაწყებიდან იძულებითი აუქციონის ჩატარებამდე უნდა გაითვალისწინოს მოვალისათვის დაკისრებული თანხის მოცულობა, შეაფასოს აუქციონზე გასატანი ქონების ღირებულება და ისე განსაზღვროს მოვალის ქონების (ქონების ნაწილის/წილის) აუქციონზე გატანის რიგითობა, რადგან სააღსრულებო სამსახური უნდა ცდილობდეს აღსრულების შედეგის მკვეთრი დისპროპორციის შემცირებას. ამასვე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „იძულებით აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ 1.1 მუხლი, რომლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტ-ის“ კუთვნილი ქონება (ს/კ №...) შედგებოდა რამდენიმე ობიექტისაგან, რომელიც განლაგებული იყო 30 022.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მთლიანი ქონება სოლიდური ღირებულების იყო და მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა შპს „მ-ოს“ მიმართ არსებულ დავალიანებას, შპს „ტ-ის“ საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების ნაწილის გატანა საკმარისი იყო დავალიანების გადამეტებით დასაფარავად, შესაბამისად, არსებობდა მოვალის უძრავი ქონების დაყოფის საჭიროება. ქონების ღირებულებისა და დავალიანების ოდენობის დისპროპორციის გამო, შპს „ტ-ის“ წარმომადგენლები ეჭვს გამოთქვამენ, ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მთელი უძრავი ქონების დაუფლების მიზნით აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით (იხ. საკასაციო საჩივარი). საქმეში (ტ.3 გვ.92) დაცულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 აგვისტოს წერილი №A16064532-013/001, რომლითაც შპს „ტ-ს“ ეცნობა, რომ მოთხოვნის განხილვის ეტაპზე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას სარეალიზაციო უძრავი ქონებების რეალიზაციის რიგითობასთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილება. საქმის მასალებს (ტ.3, გვ.91), ასევე ერთვის შპს „ტ-ის“ 2016 წლის 10 აგვისტოს განცხადება აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსადმი, რომლითაც განმცხადებელი აცნობებს სააღსრულებო ბიუროს, რომ მზად იყო "სხვა უძრავი ქონებიდან" დაეკმაყოფილებინა კრედიტორის მოთხოვნა, რომლის ღირებულება ასევე მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოთხოვნილ თანხას, რის დასტურად წარუდგინა შპს „ი-ის“ მიერ გაცემული ქონების შეფასების აქტი.

52. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 28 დეკემბრის №122078 დასკვნის თანახმად, შპს „ტ-ის“ სახელზე რიცხული ქ.ბათუმში, დაბა ..., ... შესახვევში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ღირებულება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30 022.00 კვ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6971.00 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობების (სახელდობრ, №1 საყარაულო და ადმინისტრაციული შენობა დაუზუსტებელი აზომვით 338 კვ.მ), №2 სასაწყობე შენობის (დაუზუსტებელი აზომვით 214 კვ.მ), №3 ერთსართულიანი შენობის (დაუზუსტებელი აზომვით 438 კვ.მ.), №4 ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობის (დაუზუსტებელი აზომვით 1961 კვ.მ), №5 ანგარის ტიპის საწარმოო დანიშნულების შენობის (დაუზუსტებელი აზომვით 599 კვ.მ) №6 საწარმოო დანიშნულების კონსტრუქციული შენობის (დაუზუსტებელი აზომვით 3888 კვ.მ), №7-№8 სატრანსფორმატორო შენობების (დაუზუსტებელი აზომვით 22 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 6 284 000.00 ლარს (შეფასების მომენტისათვის 2 355 000.00 აშშ დოლარს) შეადგენს. დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბუნდოვანია თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად აუქციონზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთელი ქონების გატანას, რატომ არ იყო შესაძლებელი მოვალეზე რიცხული ნაკვეთის ნაწილის ან ნაკვეთზე განლაგებული შენობებიდან ერთ-ერთის რეალიზაციით დავალიანების დაფარვა, ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება და არც საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე იქნა გაჟღერებული რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, დაყოფის შემთხვევაში ქონების ნაწილის განკარგვის შეუძლებლობის, აქტივების გაუფასურების და დარჩენილი ქონების ლიკვიდურობის შენარჩუნების შეუძლებლობის შესახებ.

53. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „სარეალიზაციო მასიდან უძრავი ქონების ცალკეული ობიექტის (ნაკვეთის ნაწილის, შენობის) გამოყოფის შესაძლებლობას არ გამორიცხავს უძრავი ქონების ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრაცია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. უძრავი ნივთი არის სარეგისტრაციო ობიექტი („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.), რეგისტრაციაში დაინტერესებული პირის დეფინიციიდან გამომდინარე („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.) სააღსრულებო ორგანო ასეთად უნდა იქნეს მიჩნეული, შესაბამისად, იძულებითი აუქციონის ჩატარებამდე მას გააჩნდა ერთიანი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაციის („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 154 მუხ.) მოთხოვნის უფლება“ (სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.). ამდენად, იძულებით აღსრულების პროცესში დასაშვებია არა მთლიანი ქონების, არამედ მისი ნაწილის აუქციონზე გატანა, ადეკვატური პროპორციით, სააღსრულებო ორგანო უფლებამოსილი იყო აგრეთვე განეკარგა არა მხოლოდ ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალური ნაწილი, არამედ მისი იდეალური წილიც, ვინაიდან კანონმდებლობით დასაშვებია ნივთზე, მათ შორის, უძრავ ქონებაზე რამდენიმე პირის საზიარო უფლების (საერთო საკუთრების უფლების) არსებობა, რომელიც შესაძლოა, საკადასტრო საზღვრების გამიჯვნის პროცესის გავლის გარეშეც იყოს თანასაკუთრებაში (სკ-ის 953-ე მუხ.) (სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 17.1 მუხლის თანახმად, თუ უძრავ ნივთზე საერთო საკუთრების უფლება წარმოეშობა რამდენიმე პირს, განცხადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა თანამესაკუთრემ (ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავდა აღსრულების პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მოცულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა როგორც უძრავი ქონების ლოტებად დაყოფის შესაძლებლობა, ასევე, სააღსრულებო ბიუროს გააჩნდა უძრავის ქონების იდეალური წილის რეალიზაციის უფლებამოსილება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საზიარო საგანი გაყოფადია, უძრავი ქონების იდეალური წილის თანასაკუთრების რეგისტრაციის შემთხვევაში, შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა საზიარო უფლების გაუქმება რეალური წილის გამოყოფით (სკ-ის 964-ე მუხლი).

54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შესაძლებლობების გამოყენების გარეშე იმოქმედა სააღსრულებო ბიურომ წინამდებარე შემთხვევაში, სამართლიანად არ დააბალანსა კრედიტორისა და მოვალის ინტერესები და აღსრულების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებით ვერ აღმოფხვრა დისპროპორცია დავალიანების თანხასა და უძრავი ქონების ღირებულებას შორის. საკასაციო სასამართლოს შეფასება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამომდინარეობს არა სამართლიანობის სუბიექტური შეხედულებიდან (შეადარეთ BVerwGE, 42,64), არამედ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან (სწშკ მე-15, 17.7 და მე-18 მუხლები) და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულებიდან, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურ სახელმწიფოში (საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და მე-5 მუხლი) საკუთრების გარანტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა გულისხმობს მესაკუთრის ხელში საკუთრების კონკრეტული არსის გარანტიას (BVerfGE 24,367(400); 38, 175 (181). კონსტიტუციურ-სამართლებრივად მისი ფუნქციაა, ძირითადი უფლების მატარებელ პირს შეუნარჩუნოს თავისუფალი სივრცე ქონებრივ-სამართლებრივ სფეროში და ამით პიროვნული განვითარებისა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის გამოვლენის შესაძლებლობა მისცეს (BVerfGE 31, 229(239). აღნიშნული გარანტიის ფუნქცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატერიალურ-ქონებრივი სამართლის ჩამოყალიბებაზე, არამედ - შესაბამის საპროცესო სამართალზეც. უშუალოდ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მითითებული ძირითადი უფლების დარღვევისა თუ ხელყოფის შემთხვევებში პირისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლებრივი დაცვა (BVerfGE 24, 367(401); 35, 348(361); 37, 132(141,148). ყოველივე ეს ასევე მოიცავს სამართლიანი სამართალწარმოების მოთხოვნის უფლებასაც, რაც ქვეყანას სამართლებრივ სახელმწიფოდ წარმოაჩენს (BVerfGE 38, 105(111); 40,95(99)). აღნიშნული მოქმედებს იძულებითი აღსრულების წარმოების ფარგლებშიც, როდესაც სახელმწიფო კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მასშტაბურად ზღუდავს მოვალის კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას. ამგვარი შეზღუდვა, თუმცა, გამართლებულია, რამდენადაც იგი ემსახურება კრედიტორის დასაბუთებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ იმავდროულად აუცილებელია მოვალის ინტერესების დაცვაც, რაც გულისხმობს მოვალის შესაძლებლობას, მოითხოვოს სამართლებრივი დაცვა ისეთ შემთხვევებში და ისეთი ღონისძიებების წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია მისი საკუთრების შეუსაბამოდ დაბალ ფასად გასხვისებისაკენ (BVerfGE 46, 325).

56. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 61-ე მუხლზე, რომლითაც უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. იმავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით, უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. იმავე კანონის 71-ე მუხლით, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის“ მე-3 მუხლის 1-3 პუნქტების თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს, ხოლო თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღსრულების პროცესში მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (აღსრულების სახის არჩევა, შეცვლა, ქონების ნატურით გადაცემა ან ქონების მოვალისათვის დაბრუნება), თუმცა იგი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში მიიღოს სააღსრულებო ზომის პროპორციულობა, დავალიანებასა და ქონების ღირებულებას შორის, რაც საბოლოოდ განაპირობებს გასატარებელი ღონისძიების ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განსახორციელებლად სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა სამართლით, რადგან დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების და კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირი მოქმედების შედეგი, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის“ პირველი მუხლი სწორედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე მიუთითებს, როდესაც იძულებით აუქციონზე გასატანი ქონების განსაზღვრისას, საჭიროების შემთხვევაში, ქონების ლოტებად დაყოფის შესაძლებლობას უშვებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლითაც აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში, არა მხოლოდ კრედიტორს, არამედ, ასევე, სააღსრულებო ბიუროს ავალდებულებს გულისხმიერად მოექცეს მოვალეს და მის ქონებას (სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა მოვალის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთელი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გატანის, როგორც აღსრულების უკიდურეს, არარელევანტურ ფორმად მიჩნევის შესაძლებლობას, რაც განაპირობა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კონსტიტუციით განმტკიცებული მართლწესრიგის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებამ, რამაც საბოლოოდ მოვალის საკუთრების უფლება დაუსაბუთებლად ხელყო.

57. აღსანიშნავია, რომ შპს „ტ-მა“ აღსრულების პროცესში საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე აღსრულების განხორციელების კანონიერების და მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა; ამ ნივთზე აღსრულების შეწყვეტა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონებების სხვაგვარი რეალიზაციის დადგენა და უძრავ ნივთზე აღსრულების მიქცევა, თუ მოვალის სხვა ქონებათა რეალიზაციით ვერ დაიფარებოდა კრედიტორის მოთხოვნა. 2017 წლის 28 თებერვალს მიღებული №841 ბრძანებით, შპს „ტ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ „კონკრეტული სააღსრულებო ღონისძიებები ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას იძულებითი მექანიზმებით, მათ შორის, მოვალის ქონების რეალიზაციის, მოვალის და მისი ქონების მიმართ შეზღუდვის დაწესების გზით. ამ პროცესში კი გასათვალისწინებელია აგრეთვე კრედიტორის ინტერესი და აღსრულების ბიურო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“.

58. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის საშუალების განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ - მიზანშეწონილობის საკითხსაც. შესაბამისად, ქვემდგომი ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია (სუსგ №ბს-1332-1317(კ-11), 28.03.2012წ.), რაც იძლევა აღსრულების პროცესის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას. ვალდებულების შესრულება, ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, წარმოადგენს ვალდებულებით სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო კრედიტორისათვის გულისხმიერი დამოკიდებულება არანაირი ნაკლის წარმოშობასთან არ არის დაკავშირებული (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.01.2015წ.). ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ „კრედიტორის ინტერესზე“ დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მხრიდან, წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, იმავე საფუძვლით, ზოგადი მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე, ასევე, საჩივრის მოთხოვნებზე მსჯელობის გარეშე, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნა, გამომდინარეობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის № 21 ბრძანებით დამტკიცებული წესიდან და საკუთრების უფლებიდან, ქმნის დასახელებულ ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის (სზაკ-ის მე-5 და 601 მუხ.) საფუძველს, რადგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კრედიტორისა და მოვალის ინტერესების თანაბრად გათვალისწინებით შეარჩიოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ოპტიმალური ვარიანტი და უსაფუძვლოდ, უპირატესობა არ მიანიჭოს რომელიმე მხარეს.

59. სადავო ადმინისტრაციული აქტით შპს „ტ-ს“ ასევე უარი ეთქვა №A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერებაზე, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №1/2/596) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ შეაჩერებდა სააღსრულებო წარმოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) „თუ ობიექტურად არსებობს გადაუდებელი, მყისიერი რეაგირების აუცილებლობა, მაშინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს მხოლოდ იმ გონივრული ვადით, რაც ობიექტურად აუცილებელია დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დაადგენს აღსრულების შეჩერების საჭიროებას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. ერთი მხრივ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ გაწეროს იმ განსაკუთრებულ შემთხვევათა სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. მეორე მხრივ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სასამართლომ. გამონაკლის შემთხევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება სასამართლო კონტროლის განხორციელებას კი არ გამორიცხავს, არამედ დროში გადაანაცვლებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულ პროცესში სასამართლოს, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად მოქმედების და შეცდომის დაშვების რისკებს. მეორე მხრივ კი, აღნიშნული არ იქნება დაუძლეველი ტვირთი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ვინაიდან პრაქტიკაში აღნიშნული კომპეტენცია იშვიათად გამოიყენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ დარჩება შესაძლებლობა მოახდინოს მყისიერი რეაგირება“. საქმის მასალებით დადგენილია, რომ №A16064532 სააღსრულებო საქმის წარმოების განმავლობაში შპს „ტ-ი“ მუდმივად ითხოვდა, არ დაეშვა სააღსრულებო ბიუროს დავალიანებაზე მრავალჯერ ძვირადღირებული ქონების აუქციონზე გატანა, ამ მიზნის მისაღწევად წარდგენილ იქნა არაერთი განცხადება. 2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილი №7579 საჩივრით მოვალე ერთდროულად ითხოვდა აღსრულების საქმის წარმოების შეჩერებასა და შეწყვეტას (ტ.3. გვ.384), ხოლო 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანებით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, უარი უთხრა №A16064532 სააღსრულებო საქმის შეჩერებაზე, თუმცა არ ჩასწვდა საჩივრის ძირითად არსს და იმავე ბრძანებით სააღსრულებო საქმის შეწყვეტაზეც უარი, რაც თავისთავად მოვალის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, მხოლოდ კრედიტორის ზოგად ინტერესს დააფუძნა (პუნქტი 57-58).

60. საკასაციო პალატა მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47-ე მუხლს, რომელიც ადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ქონების შეფასებას. ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 47.1 და 47.2 მუხ.). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების 12.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის - შეფასების სამსახურის ერთი-ერთი ფუნქციაა ქონების შეფასება და დასკვნის მომზადება. როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ტ-ი“ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე 2016 წლის 10 აგვისტოდან აყენებდა საკითხს მის საკუთრებაში არსებული "სხვა უძრავი ქონებიდან" კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ტ.3, გვ. 91). საქმეზე დადგენილია, რომ შპს „ტ-ს“ საკუთრებაში გააჩნია ზესტაფონის რაიონში, სოფელ ... ... (ს/კ №...) მდებარე 143 302.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოვალის მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი შპს „ი-ის“ ქონების შეფასების აქტით 917 302 ლარად შეფასდა (ტ.3, გვ.84). 2016 წლის 17 აგვისტოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და მოითხოვა დასახელებული უძრავი ქონების შეფასება (ტ.3, გვ.98). შეფასების სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს №88179 დასკვნით აღმასრულებელს ეცნობა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა ქონების ღირებულებას, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების ღირებულების გათვალისწინება, რის გამოც შეფასების სამსახურმა ვერ შეაფასა უძრავი ქონება (ტ.3, გვ. 99). აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გარემოებამ (მიწის ნაკვეთზე არსებული ინერტული მასალის შეფასების შეუძლებლობამ) განაპირობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, უძრავი ქონების შეფასების მიზნით, ექსპერტიზის დანიშვნა (ტ.3, გვ. 108). სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბერს წარედგინა სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლითაც ზესტაფონის რაიონში, სოფელ ... ... მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 143302 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრა 57 320 ლარით (ტ.3, გვ. 146). 2016 წლის 26 ოქტომბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა №A16064532-015/010 წერილით აცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნით, საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებული უძრავი ქონება შეფასდა 57 302 ლარად, ხოლო მოვალის მიერ წარდგენილ იქნა შეფასების აქტი, რომლითაც იმავე უძრავი ქონების ღირებულება განსაზღვრულია 917 302 ლარით და სთხოვა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ეცნობებინა უძრავი ქონების შეფასებისას გაითვალისწინეს თუ არა წიაღის მოცულობა. ამავე წერილით უფროსმა აღმასრულებელმა მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ იყო გათვალისწინებული ინერტული მასალა (ე.წ. ქვა, ღორღი, ქვიშა და ხრეში), შეეტანათ კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში დაენიშნათ ყველა საჭირო ექსპერტიზა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით და მიეწოდებინათ კორექტირებული დასკვნა (ტ.3, გვ 213). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 8 ნოემბრის №... წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ ვინაიდან არ იყო დასმული შესაბამისი კითხვა, ექსპერტის მიერ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასდა მხოლოდ როგორც სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იყო აღიშნული მიწის ნაკვეთისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შეფასება, სააღსრულებო ბიუროს უნდა მიემართა დადგენილი წესით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. ასევე, სააღსრულებო ბიუროს ეთხოვა მიეწოდებინა დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობის შესახებ და რა რაოდენობით იყო უკვე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა.

61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადააგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილი ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც ეწინააღმდეგება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილ აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს და 2016 წლის 26 ოქტომბრის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს №A16064532-015/010 წერილს, სადაც თავად აღსრულების ეროვნული ბიურო ითხოვს „დაენიშნათ ყველა საჭირო ექსპერტიზა“ დასახელებული უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ მიიღო ყველა ზომა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად და პრაქტიკულად შეფასების გარეშე დატოვა ის უძრავი ქონება, რომელზეც მოვალე ითხოვდა აღსრულებას და რომლის ღირებულება მოვალის მიერ წარდგენილი შეფასების აქტის თანახმად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა დავალიანების ოდენობას.

62. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მას შემდეგ რაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 8 ნოემბრის №... წერილიდან შეიტყო, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გავლენას ახდენდა მიწის ნაკვეთზე არსებული სასარგებლო წიაღისეული, 2016 წლის 13 დეკემბერს, თავისი ინიციატივით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის პროცესის შეჩერება, იმ საფუძვლით რომ ლიცენზიის გაცემა გამოიწვევდა მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირებას (ტ.3, გვ.351). ლიცენზიის გაცემის შეჩერების მოთხოვნისას სააღსრულებო ბიუროს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ შპს „ტ-მა“ 2016 წლის 15 სექტემბერს განაცხადა თანხმობა (ტ.1, გვ.159), რათა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამოეცხადებინა აუქციონი და გაეცა ლიცენზია თავის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად. ამავე მიწის ნაკვეთზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოსაცხადებლად, მოვალემ მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბერსაც (ტ.1, გვ. 166). მას შემდეგ რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა ლიცენზიის გასაცემად დაწყებული წარმოება, შპს „ტ-მა“ არაერთხელ მიმართა აღსრულების ბიუროს, რომ ნება დაერთოთ გაგრძელებულიყო ლიცენზიის გაცემის პროცესი, რაც საშუალებას მისცემდა ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში აღნიშნული უძრავი ქონებიდან დაეკმაყოფილებინა კრედიტორის მოთხოვნა, რის დასტურადაც წარადგინა შპს „ს..._თან“ 2017 წლის 6 იანვარს დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 000 000 ლარით (ტ.1, გვ. 214). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა ქვეპუნქტით, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ცხადია, ყადაღის, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია აღსრულების შეფერხების პრევენცია და იგი ქმნის კრედიტორის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ ყადაღადადებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გატანის შემთხვევაში სულ მცირე იმ ღირებულების მქონე იქნება, როდესაც მას ყადაღა დაედო, რაც არ დააბრკოლებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დასახელებულ ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებას, რომელიც მხოლოდ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მოთხოვნით მიმართვისას, სააღსრულებო ბიუროს უნდა დაესაბუთებინა თუ რას ემსახურებოდა ლიცენზიის გაცემის წარმოების შეჩერების მოთხოვნა. დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, სააღსრულებო ბიუროს აღნიშნულ მოქმედებას ჰქონდა უკუშედეგი, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ვერ შეფასდა სასარგებლო წიაღისეულთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქონების ღირებულება, ასევე, მოვალემ დაკარგა რეალური შესაძლებლობა მიეღო სასარგებლო წიაღისეულის საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოპოვების ლიცენზია, რომელიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდიდა უძრავი ქონების ღირებულებას, რაც, პირველ რიგში, კრედიტორის ინტერესში შედიოდა, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნიდა შესაძლებლობას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად დაკმაყოფილებულიყო კრედიტორის მოთხოვნა და მოვალის ინტერესის გათვალისწინებით, თავიდან აარიდებდა სააღსრულებო ბიუროს იძულებით აუქციონზე გაეტანა ს/კ № ... რეგისტრირებული, დავალიანების თანხაზე ათჯერ მეტად შეფასებული უძრავი ქონება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო დაეცვა სამართლიანი ბალანსი კრედიტორისა და მოვალის ინტერესს შორის და უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ყადაღადადებული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ უნდა აღემატებოდეს დავალიანების მოცულობას, რათა არ მოხდეს მოვალის რეალურად არსებულზე მეტი ოდენობით არაგონივრული გადახდევინება (სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.), რაც ქმნის დასახელებულ ნაწილში სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის (სზაკ-ის მე-5 და 601 მუხ.) საფუძველს.

63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით „აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე...“. მართალია, კანონი სააღსრულებო წარმოების დასაწყებად კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენაზე მიუთითებს, თუმცა აღმასრულებელი მოქმედებას არ იწყებს, როგორც კრედიტორის წარმომადგენელი (Mandatstheorie). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სწშკ-ის მე-4 მუხლი). იმავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. იმავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე. ამდენად, აღმასრულებელი წარმოადგენს კანონმდებლობის საფუძველზე დამოუკიდებელი მოქმედების განმახორციელებელ პირს, რომელიც საჯაროსამართლებრივ ურთიერთობაში შედის სააღსრულებო წარმოების მხარეებთან (Amtstheorie) და ვალდებულია შეაფასოს იძულებითი აღსრულების კონკრეტული ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა. აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ (სწშკ-ის 183.1 მუხ.), რა დროსაც მოწმდება მისი მოქმედების კანონიერება (ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის სავალდებულოობა) და მიზანშეწონილობა.

64. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 15 ივლისის №A16064532-009/002 შეტყობინებით, შპს „ტ-ს“ დაევალა, სხვა ინფორმაციასთან ერთად, წარედგინა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი (ტ.1, გვ. 59). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „მ-ოს“ დირექტორის, კ. გ-ას, 2016 წლის 10 ნოემბრის №191 განცხადებაზე (აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის თარიღი 11.11.16წ., №43158, იხ. ტ.3, გვ.146), რომლითაც იგი მიმართავს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და აცნობებს, რომ შპს „ტ-ს“ გააჩნია მოძრავი ქონება - 17 ავტოსატრანსპორტო საშუალების სახით, თუმცა აღმასრულებელთან არაერთგზის სატელეფონო კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ აღსრულება დაეწყოთ უძრავი ქონების გასხვისებით. ვინაიდან მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარეობს 5 სხვადასხვა რაიონში (ზესტაფონი, ხელვაჩაური, ბათუმი, წალკა, თელავი) და აუქციონების ერთდროულად ჩატარება შესაძლებელი არ იყო, აღმასრულებელმა ითხოვა რიგითობის არჩევა სარეალიზაციოდ გასატან ქონებებზე და მისივე რჩევით უპირატესობა მიანიჭა ხელვაჩაურში არსებულ უძრავ ქონებას, რის გამოც 2016 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ითხოვა საქმის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნა (ტ. 1, გვ.146). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმასრულებელი არის აღსრულების ძირითადი და სპეციალური ორგანო, რომელსაც კანონმდებელი ანიჭებს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, რისთვისაც აღმასრულებელს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები აქვს გადაცემული. აღმასრულებელს დაკისრებული აქვს სასამართლო აქტებისა და სხვა ორგანოთა აქტების აღსრულების ფუნქცია, რომელიც უნდა შესრულდეს კანონით განსაზღვრული, ადეკვატური და თანაზომადი საშუალებებით. ამ უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონაწილეთა და სხვა ფიზიკურ პირთა და ორგანიზაციების ვალდებულებები. სააღსრულებო წარმოების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს კონსტიტუციურ სამართლებრივი პრინციპებისა და ძირითად უფლებათა დაცვის საკითხი. ფუნდამენტური უფლებების კონსტიტუციური გარანტია და სამართლებრივი სახელმწიფოდან გამომდინარე კონსტიტუციური პრინციპები ასევე მოქმედებს შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში და განსაკუთრებით სააღსრულებო წარმოებისას. აღნიშნული წესი კი, უპირველეს ყოვლისა, ეხება უფლების შეზღუდვის თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის დაცვის ვალდებულებას (შეადარე BVerfGE, 25.07.979, 2 BvR 878/74; BVerfGE, 08.07.1976, 1 BvL 19/75, BVerfGE 42, 263). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ (აღმასრულებელმა) უნდა მიიღოს ყველა ღონისძიება ადამიანის ძირითად უფლებათა დასაცავად, რათა გამორიცხოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა იძულებითი აღსრულების პროცესში. აღმასრულებელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებებით ისარგებლოს კანონის შესაბამისად და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვას ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით არ დგინდება აღმასრულებელმა რატომ არ მოიძია და შეაფასა კრედიტორის განცხადებაში აღნიშნული მოვალის კუთვნილი 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ან რატომ არ შეაფასა მოვალის მიერ წარდგენილი 2017 წლის 24 თებერვლის შპს „ი-ის“ შეფასების აქტში მითითებული ისეთი მოძრავი ნივთი, როგორიცაა ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა და მინის საწარმო, რომელთა საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 800 000 აშშ დოლარით და 145 100 აშშ დოლარით (ტ.3. გვ. 401). აღმასრულებელი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული პრინციპები, კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება და მოეძია მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მოძრავი ნივთები, აღეწერა და შეეფასებინა ისინი, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღმასრულებელს არ განუხორციელებია. შპს „მ-ოს“ დირექტორის, კ. გ-ას, 2016 წლის 10 ნოემბრის № 191 განცხადება, ასევე ყურადსაღებია იმ მხრივ, რომ იგი მიუთითებს აღსრულების მთელი პროცესის მხოლოდ კრედიტორის სურვილისამებრ წარმართვაზე, რაზედაც თავად კრედიტორის, შპს „მ-ოს“ დირექტორი უსვამს ხაზს განცხადებაში, სადაც აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტ-ს“ გააჩნდა 17 სატრანსპორტო საშუალება, აღმასრულებელთან შეთანხმებით გადაწყვიტეს მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია და უპირატესობა მიანიჭეს ხელვაჩაურში მდებარე უძრავ ქონებას. კრედიტორის განმარტება ადასტურებს, რომ აღსრულების პროცესი წარიმართა არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რა დროსაც მოვალის და კრედიტორის ინტერესი თანაზომიერების პრინციპის დაცვით უნდა დაბალანსდეს, არამედ კრედიტორის ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭების გზით, რა დროსაც მოვალის არაერთი თხოვნა - სხვა ქონებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არ იქნა გათვალისწინებული.

65. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი განისაზღვრებოდა ნული ლარით. შესაბამისად, ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაციის მიზნით შესაძლებელი იყო სამი აუქციონის ჩატარება. აღნიშნულ აუქციონებზე ქონების საწყისი ფასი კლებადია და უკანასკნელ, მეორე განმეორებით აუქციონზე ის ნულს შეადგენდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ამონაწერით eAuction.ge-დან და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ მოვალის კუთვნილი, 6 284 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება გატანილ იქნა მეორე განმეორებით აუქციონზე და უძრავი ქონების საწყის ფასი განისაზღვრა 0.00 ლარით (ტ. 3, გვ. 445). მართალია, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე სამჯერ გატანა ადასტურებს ფორმალურად ჯეროვანი ზომის მიღებას ქონების რეალიზაციისათვის, თუმცა ქონების ღირებულებას განსაზღვრავს მისი საბაზრო ფასი და არა ის გარემოება, გაიყიდება თუ არა იგი ორ იძულებით აუქციონზე. ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზებაზე მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორი ახდენს გავლენას. ნივთის შეძენისადმი ინტერესი შესაძლოა იცვლებოდეს დროის კონკრეტული პერიოდების ან სხვა ფაქტორების მიხედვით. შესაძლებელია ქონების აუქციონზე რეალიზება ვერ მოხერხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, ასეთი შეიძლება იყოს სარეალიზაციო ნივთის მაღალი ღირებულება და სხვა (სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.). ზოგადად, იძულებითი აუქციონის გამართვა ემსახურება მოვალის მიმართ არსებული კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანს. ერთი პირის ქონების მეშვეობით მეორე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას, სახელმწიფო მოქმედებს როგორც მოთხოვნის აღმსრულებელი და არა უშუალოდ დაინტერესებული მხარე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ორ კერძო პირს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები შედარებით ფართოა, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებასთან შედარებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). იძულებითი აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრით კანონმდებლის მიზანია, შექმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მოვალის საკუთრების უფლების გაუმართლებლად და მომეტებულად შეზღუდვის გარეშე. აღნიშნულის მისაღწევად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ქონების იძულებით აუქციონზე მაქსიმალურად მაღალ ფასად რეალიზაცია. საკასაციო პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, სააღსრულებო ბიურო ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის, რათა არ მოხდეს არც ერთი მხარის უფლებრივი ინტერესის მომეტებულად შეზღუდვა და თუ დავალიანების თანხას მრავალჯერ აღემატება მოვალის ქონების ღირებულება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია ლოტებად დაყოს და დავალიანების თანხის პროპორციულად გაიტანოს აუქციონზე უძრავი ქონება ან გამოიყენოს უძრავის ქონების იდეალური წილის რეალიზაციის უფლებამოსილება (პუნქტი 53), რითაც თავიდან აირიდებდა მეორე განმეორებით აუქციონზე მრავალმილიონიანი უძრავი ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრას. აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლის მოქმედება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, შეჩერდა სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე (პუნქტი 4)) ბათილად ცნობის თაობაზე აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება -„მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს“, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“). საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქონებაზე საწყისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული გარდამავალი უფლება. ქონების გასხვისებისას ამ ქონებაზე გარდამავალი უფლების არსებობა გულისხმობს გარკვეული სანივთო უფლებით დატვირთვას, რომელიც ამ ნივთის გასხვისების დროსაც კი მიჰყვება მას. მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ბიუროსათვის ცნობილი იყო გარდამავალი უფლების არსებობის შესახებ. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ტ-ის საკუთრებაზე“, კერძოდ, 30022.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, საერთო ფართით: 6971.00 კვ.მ 23.12.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 27.12.2013წ. რეგისტრირებულია იპოთეკა, იპოთეკარი სს „ბაზისბანკი“ (ტ.3,გვ. 286). მიუხედავად ბანკის 19.12.2016წ. №ა,19.12/01 წერილისა და 26.01.17წ. განცხადებისა (ტ.3,გვ. 358 და ტ.3,გვ. 362), რომელთა თანახმად, შპს „ტ-ს“ საბანკო დავალიანება არ ჰქონდა, საჯარო რეესტრში შპს „ტ-ის“ უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა იპოთეკა, რასაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა მის რეალიზაციაზე. ამდენად, უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის მახასიათებელი ნიშნები არ იყო სრულად გარკვეული და შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებდა. ცხადია, რომ უძრავ ნივთზე უფლებრივი ნაკლის არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ნივთის ღირებულების თავისუფალი ბაზრის პირობებში განსაზღვრაზე, ამგვარი უფლებრივი ნაკლის არსებობის პირობებში იკლებს ნივთის ღირებულება, ასეთ პირობებში მაღალია აუქციონზე ქონების რეალიზაციის განუხორციელებლობა (შეადარეთ სუსგ №ბს-881(კ-19), 25.02.2021წ.) და იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.05.2019წ. N2/2/867 გადაწყვეტილება, §41-46).

66. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ არ დაიცვა აღსრულების თანაზომიერების პრინციპი, რაც ქმნის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების (შპს "ტ-ის" საჩივრის უარყოფის ნაწილში), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

67. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო აქტების და აღმასრულებლის მოქმედების ბათილად ცნობა, სამართლებრივ საფუძველს აცლის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს "ტ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "ტ-ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანება შპს "ტ-ის" საჩივრის უარყოფის ნაწილში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება №... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 13 აპრილის №... განკარგულება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის N... გადაწყვეტილება.

5. მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს შპს "ტ-ი"-ს სასარგებლოდ მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე