საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-303(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, გ. კ-ო, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური).
აღწერილობითი ნაწილი:
2020 წლის 6 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ს-ემ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, გ. ს-ემ მოითხოვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 18 სექტემბრის N1917 ბრძანების, ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 28 ოქტომბრის N021930114-11, 2019 წლის 30 აპრილის N201912015, 2020 წლის 27 აპრილის N022011810-11 ბრძანებების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ 2017 წლის 22 ნოემბრის N10.01173261 ბრძანების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 6 ივნისის N1859, 2018 წლის 15 მაისის 021813511-11, 2018 წლის 31 ოქტომბრის N021830415-11 ბრძანებების ბათილად ცნობა. მოპასუხე მხარეებად გ. ს-ემ დაასახელა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, გ. კ-ო და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. კ-ოს წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეზე გადასახდელად დაკისრების შესახებ; გ. ს-ეს გ. კ-ოს სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა გ. კ-ოს მიერ ადვოკატისათვის გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის და შპს „ო-ის“ საექსპერტო დასკვნის მომზადების ხარჯის -150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2021 წლის 3 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში მდებარე გ. კ-ოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. (ტომი 1, ს.ფ. 18-33).
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის პირველი დეკემბრის N... ბრძანებით შეთანხმდა ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში მდებარე გ. კ-ოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და გაიცა N0011841 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. (ტომი 1, ს.ფ.18-33, 94-95).
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის პირველი დეკემბრის N... ბრძანების საფუძველზე გაცემული N0011841 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა გაგრძელდა ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2019 წლის 28 ოქტომბრის N021930114-11, 2019 წლის 30 აპრილის N201912015, 2020 წლის 27 აპრილის N022011810-11 ბრძანებებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის N10.01173261 ბრძანებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 6 ივნისის N1859, 2018 წლის 15 მაისის 021813511-11, 2018 წლის 31 ოქტომბრის N021830415-11 ბრძანებებით. (ტომი 1, ს.ფ. 78-92, 117)
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 18 სექტემბრის N1917 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანება.
საქმეში არსებული 2015 წლის ივლისის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში, გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებული საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტი შეფასდა დადებითად. (ტომი 1, ს.ფ. 247-250)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს N... დასკვნით, ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში, მიშენება-რეკონსტრუქციის წარმოდგენილი პროექტით მშენებლობის განხორციელებისათვის, ქუთაისში, ... ქუჩის ... N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმართ საჭიროა დაკმაყოფილდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 34-ე მუხლის მოთხოვნები. (ტომი 3, ს.ფ. 20-24).
საქმეში არსებული საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ო-ის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის N... დასკვნის მიხედვით, შპს ,,მ-ის“ მიერ, ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში, მოქალაქე გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებულ საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს.
შპს „მ-ის“ მიერ ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებული საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ მოახდენს უარყოფით გავლენას მის მახლობლად მდებარე შენობების მდგრადობაზე. (ტომი 1, ს.ფ. 232-246).
სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... ექსპერტიზის საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის მიხედვით:
ქუთაისში, ... ... N3-ში მდებარე გ. კ-ოს საცხოვრებელ სახლზე არსებული მიშენება არ არის ნაწარმოები 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანებით გაცემული N001841 მშენებლობის ნებართვის პირობების დაცვით. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, N001841 მშენებლობის ნებართვას მოქმედების ვადა ამოეწურა 2016 წლის 30 მაისს.
ქუთაისში, ... ... N3-ში მდებარე, მოქალაქე გ. კ-ოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მშენებლობის ვადა გაგრძელდა N002025, N002342, N20171807, Nბ01.01173261, Nბ02.021815110, N021911222-11, Nბ02.021832615, Nბ11.02193021, Nბ11.02201383 და Nბ10.44210555 მშენებლობის ნებართვების შესაბამისად.
გ. კ-ოს მიერ ნაწარმოები მიშენების საზღვრები არ იჭრება გ. ს-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
გ. კ-ოს მიერ, პროექტის Nბ10.44210555 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის (ტომი III, ს. ფ. 389-411) დაცვით ნაწარმოებმა მშენებლობამ, ზიანი არ უნდა მიაყენოს გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს.
დღეისათვის, ქ. ქუთაისში ... ... N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული პროექტის მიხედვით.
საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებული კედელი დაზიანებულია, აგურის წყობაში შეინიშნება ბზარები, წყობის ჰორიზონტალურობა დარღვეულია და შეინიშნება კედლის რღვევა. ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, ნაგებობაზე არსებული დაზიანების მიზეზის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია.
N... მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტის პროექტში (ბრძანება N..., 31.12.2015წ.) მითითებული მიშენების აგების შემთხვევაში, N... მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებული კონკრეტული ფანჯრის ღიობის ფუნქცია შეიზღუდება.
დღეს მოქმედი „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილების 41-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ განაშენიანების სახეობა შეტყუპებულია, შეჯგუფებულია ან დახურულია, ხოლო შენობებს ან მათ ნაწილებს სამეზობლო საზღვარის მხარეს ღია ნაწილები არ გააჩნიათ.
დღეს მოქმედი „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 26-ე მუხლის 24-ე პუნქტის მიხედვით, სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.
ზემოაღნიშნული პროექტი აკმაყოფილებს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და სხვა მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, N... უძრავი ქონების დასავლეთ მხარეს არსებულ ფანჯარასთან მიმართებაში.
ფანჯრის წინ ამოშენებული კედლის შედეგად, სახლის ფუნქცია საცხოვრებელ ბინას არ დაუკარგავს.
წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული, კორექტირებულ პროექტში (ტომი III, ს. ფ. 389-411) მითითებული შენობის აშენების შემთხვევაში, გ. ს-ეს შეეზღუდება თავის საცხოვრებელი სახლის დასავლეთ კედელთან მისვლა, მისი მოვლა-პატრონობა შენახვის მიზნით.
შენობის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოებმა (სახურავის, კედლების, ტიხრების, მოპირკეთების და ა. შ. მოწყობამ), მათი ტექნიკურად სწორად წარმოების შემთხვევაში, არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა გ. ს-ის სახლის მდგრადობაზე. (ტომი 4 ს.ფ. 2-17).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი:
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლიდან გამომდინარე, გ. ს-ე ვალდებული იყო, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით ემტკიცებინა თავისი პოზიცია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანებისა და სხვა გასაჩივრებული აქტების უკანონობის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... დასკვნაზე, რომელიც თავისი შინაარსით, არ შეიძლება გახდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძველი. ამასთან, მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შპს „ო-ის“ მიერ გაცემული დასკვნა უკანონო და რატომ არ უნდა გამოეყენებინა იგი სასამართლოს, გადაწყვეტილების დასაბუთების დროს.
საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ო-ის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის N... დასკვნით დადგენილია, რომ შპს „მ-ის“ მიერ, ქუთაისში, ... ქუჩა, ...ის N3-ში, გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ მოახდენს უარყოფით გავლენას მის მახლობლად მდებარე შენობების მდგრადობაზე. შპს "ო-ი" არის აკრედიტირებული საექპერტო დაწესებულება. ექსპერტიზა ჩაატარა მაღალკვალიფიციურმა ექსპერტმა - სპეციალობით მუშაობის 42 წლიანი სტაჟით. მითითებულ დასკვნაში ასახული გარემოებები, რომლებსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, განხილულია ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... დასკვნითაც.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ერთობლიობაში, სანდოობის გათვალიწინებით და შინაგანი რწმენით. ამასთანავე, საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე თანდართული 2015 წლის ივლისის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით, მოქალაქე კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტი შეფასდა დადებითად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო 2015 წლის 27 იანვრის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. გ. კ-ოს მიერ წარდგენილი საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტით, გენგეგმით, საკადასტო მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნებით და კვლევის მონაცემებით დადასტურდა, რომ მშენებლობა არ მოახდენდა უარყოფით გავლენას მის მახლობლად მდებარე შენობების მდგრადობაზე. ამასთანავე, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დადასტურდა, რომ უბანი მდგრადია და მშენებლობისთვის ხელსაყრელ საინჟინრო - გეოლოგიურ პირობებში იმყოფება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნებართვის პირობათა დარღვევით მშენებლობის წარმოება არ შეიძლება გახდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველი (ამ საკითხთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის Nბს-279-279(კ-18) გადაწყვეტილებაზე). მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევა, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... ექსპერტიზის საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის პირველი პუნქტით, შეიძლება გახდეს არა კანონმდებლობის დაცვით გაცემული ნებართვის ბათილად ცნობის, არამედ მშენებლობის ნებართვის პირობების დაცვით მშენებლობის განხორციელების დავალების საფუძველი, რაც მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადენს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი ასევე ვერ გახდება ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ „დღეისათვის, ქ. ქუთაისში, ... ... N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული პროექტის მიხედვით. საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებული კედელი დაზიანებულია, აგურის წყობაში შეინიშნება ბზარები, წყობის ჰორიზონტალურობა დარღვეულია და შეინიშნება კედლის რღვევა“. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ დასკვნის ამავე პუნქტში არსებული მითითების შესაბამისად, ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, ნაგებობაზე არსებული დაზიანების მიზეზის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია.
საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებული კონკრეტული ფანჯრის ღიობის ფუნქციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... ექსპერტიზის დასკვნაში არსებულ მითითებაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დღეს მოქმედი „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილების 41-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან, ასევე „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 26-ე მუხლის 24-ე პუნქტიდან გამომდინარე, სადავო პროექტი აკმაყოფილებს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და სხვა მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, N... უძრავი ქონების დასავლეთ მხარეს არსებულ ფანჯარასთან მიმართებაში. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ფანჯრის წინ ამოშენებული კედლის შედეგად, სახლის ფუნქცია საცხოვრებელ ბინას არ დაუკარგავს“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაზე, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე და მიიჩნია, რომ სადავო 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. გ. კ-ომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რაც გახდა მშენებლობის ვადის გაგრძელების საფუძველი. ამავე დროს, სასამართლო განხილვის ფარგლებში ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის დასკვნის პირველ პუნქტთან მიმართებაში, ექსპერტმა განმარტა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იმ ბრძანებების საფუძველზე, რომლებითაც გაგრძელდა N80 ბრძანების მოქმედება. მშენებლობის ვადის გასვლა გ. კ-ოს მხრიდან, დაკავშირებულია თავად გ. ს-ის მხრიდან ხელშეშლასთან მშენებლობის განხორციელებისას, რაც გამოიხატა სამოქალაქო და საჯარო რეესტრში ნაწარმოებ დავებში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, N3/339-20 საქმის წარმოების დროს, მოწმედ დაიკითხა არქიტექტორი ა. მ-ი. იგი სამშენებლო პროცესზე ახორციელებს მეთვალყურეობას. ა. მ-მა დაადასტურა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად და ნებართვის პირობების დაცვით, დაცულია სამშენებლო სტანდარტები და სამშენებლო ნორმები. მშენებლობა არანაირ მავნე ზეგავლენას არ ახდეს მეზობლად მდებარე შენობა-ნაგებობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4, მე-5 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესი დაცულია, როდესაც მას გააჩნია კანონიერი ნდობა კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანებები აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებთან მიმართებაშიც, გ. კ-ოს გააჩნია კანონიერი ნდობა. დადგენილია, რომ ამჟამად მოწყობილია პირველი სართულის მზიდი კარკასი, დაწყებულია მეორე სართულის მოსაწყობად საჭირო ხის ქარგილები და არმატურის კარკასი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. სამუშაოების საწარმოებლად გ. კ-ომ აიღო სესხი. ამდენად, შესაბამისი აქტის ბათილად ცნობა, მას მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც კონპენსირებული ვერ იქნება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... დასკვნით უდავოდ დადასტურებულია, რომ სამშენებლო ობიექტი და გ. ს-ის საცხოვრებელი სახლი შეტყუპებული განაშენიანების ტიპს წარმოადგენს. ასეთ დროს სასაზღვრო მიჯნაში განთავსებული ღიობი არ შეიძლება გახდეს მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებლობის შეფერხების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ტექნიკური რეგლამენტის დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 26-ე მუხლის 24-ე პუნქტზე და აღნიშნა, რომ ღიობი, რომელიც მოწყობილია შენობის სამეზობლო საზღვრის კედელზე, სამეზობლო მიჯნის ზონაში, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამაბრკოლებელ გარემოებად, მომიჯნავე (კ-ოს) მიწის ნაკვეთში ახალი შენობის მშენებლობისათვის.
სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, საპროცესო ხარჯების დაკისრების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება უკანონოა, იურიდიულად არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღოს გადაწყვეტილება, გარემებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ შესრულებულა.
კასატორი თვლის, რომ სადავო 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანება უკანონოა. 2015 წლის 16 ივლისს გ. კ-ოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არიქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა აცნობა, რომ სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შედგენილია ხარვეზით. დღემდე არ არსებობს გ. ს-ის თანხმობა მშენებლობის თაობაზე, ვინაიდან იგი ესაზღვრება გ. კ-ოს. რაც შეეხება ფანჯრის ღიობს - გ. ს-ის საცხოვრებელი სახლი აგებულია 1927 წელს და იმ პერიოდიდანვე აქვს ფანჯრის ღიობი. საქმის წარმოების მიმდინარეობისას, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით მიმართა გ. კ-ომ. საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით შეწყდა გ. ს-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე, დარღვევის არარსებობის გამო. ამრიგად, ფანჯრის არსებობა კანონიერია და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეზე წარმოდგენილია. უკანონო მშენებლობის შედეგად, ფანჯრის ღიობის ფუნქცია შეიზღუდება.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეს ერთვის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი ექსპერტიზა ჩატარებულია 2015 წელს, შპს „მ-ის“ მიერ, ხოლო მეორე - 2021 წლის 9 სექტემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ორივე ექსპერტიზის დასკვნის შეჯამების შედეგად, დადასტურდა, რომ გ. ს-ის საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია სწორედ უკანონო მშენებლობის წარმოებამ. 2015 წელს შპს „მ-ის“ ექსპერტიზით განისაზღვრა, როგორ უნდა წარმოებდეს მშენებლობა. მშენებლობის დაწყებამდე უნდა მოეწყოს დროებითი დამცავი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს მომიჯნავედ მდებარე შენობის ფიზიკური დაზიანებისაგან დაცვას. სამუშაო უნდა შესრულდეს ხელით, მექანიზმის გარეშე, რათა გამოირიცხოს ვიბრაციის წარმოქმნა, არ განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც არ არის მოცემული სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტში და რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მომიჯნავედ მდებარე შენობას. მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ოს მხრიდან არც ერთი პირობა არ ყოფილა დაცული. არასათანადო სამუშაოებმა გამოიწვია ვიბრაცია და ნგრევა. უკანონო მშენებლობით დაზიანდა საცხოვრებელი სახის დასავლეთ მხარეს არსებული კედელი. აგურის მწყობრში შეინიშნება ბზარები, წყობის ჰორიზონტალურობა დარღვეულია და შეინიშნება კედლის რღვევა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ განაშენიანების სახეობა შეტყუპებულია, შეჯგუფებული ან დახურულია. რეალურად, მოცემულ შემთხვევაში, გ. ს-ისა და გ. კ-ოს შენობები არ არის შეჯგუფებული და არც დახურული. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულოა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ექსპერტმა განმარტა, რომ მიჯნის ზონად აიღო უკანონოდ ნაწარმოები შენობის ნაწილი, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რომ შენობა-ნაგებობები არ იყო შეჯგუფებული. ამდენად, უდავოა, რომ პროექტი უკანონოა. ფანჯრის ღიობს ეკარგება ფუნქცია და კონკრეტული პროექტით შენობის აშენების შემთხვევაში, გ. ს-ეს შეეზღუდება თავისი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ კედელთან მისვლა, მისი მოვლა-პატრონობის მიზნით. დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. შელახულია გ. ს-ის, როგორც მეზობლის უფლება. გ. კ-ოს მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქმეში არსებული არაერთი ფოტოსურათი ადასტურებს, რომ გ. ს-ის საცხოვრებელი სახლი ზიანდება როგორც შიგნით, ისე გარეთ არსებული მშენებლობით. წვიმის წყლის ნაკადი პირდაპირ ჩაედინება გ. ს-ის საცხოვრებელ სახლში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა საქალაქო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. შპს „მ-ის“ ექსპერტიზა ჩატარებული იყო 2015 წელს და არ ეხებოდა სასამართლოს საქმიანობას. ამდენად, ექსპერტიზის ხარჯის დაკისრება გ. ს-ისათვის უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 იანვრის N80 ბრძანების გამოცემისას, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობად მიჩნეული იყო რეკონსტრუქცია, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, II კლასს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მეორე პუნქტი ადგენდა მშენებლობის დამკვეთის ვალდებულებებს, მათ შორის, ვალდებულებას, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეედგინა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები და შეესრულებინა სანებართვო პირობები („ა“, „დ“ ქვეპუნქტები). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელი იყო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.
ზემოაღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა სამ სტადიად (გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა): ა) I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); ბ) II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; გ) III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა ასახულიყო კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელი იყო მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. დადგენილების 45-ე მუხლი ადგენდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესს. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენდა განცხადებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი, ადგენდა განცხადებასთან ერთად სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს. დადგენილების XV თავი (67-70-ე მუხლები) შეეხებოდა II კლასის შენობა-ნაგებობების განმსაზღვრელ მახასიათებლებს, II კლასის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას და ამავე კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო პირობებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებიდან და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს სამომავლო მშენებლობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები ჯანსაღ გარემოსთან, სხვა პირთა სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასა და საკუთრებასთან მიმართებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირება. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული პრინციპების დარღვევას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში მდებარე გ. კ-ოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად, ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებულ პირს წარდგენილი ჰქონდა საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტი, გენგეგმა, საკადასტო მონაცემები, ექსპერტიზის დასკვნები და კვლევის მონაცემები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები უარყოფით გავლენას არ მოახდენდა მის მომიჯნავედ მდებარე შენობების მდგრადობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 23-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენს კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ დადგენილებასთან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის დადასტურებას.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნების შეფასებას. ამასთანავე, სასამართლოს შესაძლებლობა - იმსჯელოს ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ინფორმაციისათვის მნიშვნელობის მინიჭებაზე, უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების პრინციპიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. ამასთან, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მათ როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ შეფასებას, ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაციაა, მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელსაც საქმისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს. „..აღნიშნული მტკიცებულების შემოწმება და სათანადოდ შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, თუმცა მისი უარყოფა უნდა მოხდეს სასამართლოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე..“(სუს 2021 წლის 20 იანვრის Nბს-358(კ-19) განჩინება).
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთზე და აღნიშნავს, რომ საქმის სწორად გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილებაზე. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცდა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში არსებული, სადავო მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთი საექსპერტო შეფასებით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ეტაპზე, გ. კ-ოს საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად, არსებობდა შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. კერძოდ, 2015 წლის ივლისის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით, ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში, გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებული საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტი შეფასდა დადებითად. ასევე, საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ო-ის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის N... დასკვნის მიხედვით, შპს ,,მ-ის“ მიერ, ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში, მოქალაქე გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებულ საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. შპს „მ-ის“ მიერ ქუთაისში, ... ქუჩის ... N3-ში გ. კ-ოს კუთვნილ ნაკვეთში დამუშავებული საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ მოახდენს უარყოფით გავლენას მის მახლობლად მდებარე შენობების მდგრადობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს ფანჯრის ღიობის არსებობა წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას, გ. კ-ოს სასარგებლოდ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის (სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება) 24-ე პუნქტის თანახმად, სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას. ამავე დანაწესს შეიცავდა „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N70 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის 25-ე პუნქტი (ძალადაკარგულია - 2019 წლის 31 ივლისიდან).
საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... ექსპერტიზის საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული პროექტი აკმაყოფილებს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და სხვა მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, გ. ს-ის უძრავი ქონების დასავლეთ მხარეს არსებულ ფანჯარასთან მიმართებაში. ფანჯრის წინ ამოშენებული კედლის შედეგად, სახლის ფუნქცია საცხოვრებელ ბინას არ დაუკარგავს. ამასთან, დასკვნაში დამატებით ასახულია დღეს მოქმედი „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილების 41-ე მუხლის მე-7 პუნქტის შინაარსი, რომლის თანახმად, მიჯნის ზონის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ განაშენიანების სახეობა შეტყუპებულია, შეჯგუფებულია ან დახურულია, ხოლო შენობებს ან მათ ნაწილებს სამეზობლო საზღვარის მხარეს ღია ნაწილები არ გააჩნიათ.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივრის ძირითადი მოტივები უკავშირდება სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პირობებში, მესამე პირის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმართვას, რამაც, მოსარჩელის მოსაზრებით, გამოიწვია სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის დაზიანება და სათანადოდ სარგებლობის შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოებამ შეიძლება წარმოშვას დამრღვევი სუბიექტის გამოვლენის, მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დარღვევის აღმოფხვრის აუცილებლობა, თუმცა აღნიშნული ეჭვქვეშ ვერ დააყენებს სანებართვო დოკუმენტაციის კანონიერებას, რომელთა გამოცემაც ემყარება სათანადო ნორმატიულ საფუძვლებს. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა სუს 2018 წლის 14 ივნისის Nბს-279-279(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც ხაზგასმულია ნებართვის პირობათა დაცვით/დარღვევით მშენებლობის პროცესის წარმართვის საკითხის გამიჯვნის აუცილებლობა, მშენებლობის ნებართვის კანონიერების საკითხისაგან. „..ნებართვის პირობათა დარღვევით მშენებლობის წარმოება ეჭქვეშ არ აყენებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული მშენებლობის ნებართვის კანონიერებას და აღნიშნული ფაქტობრივი ხასიათის დარღვევები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ამასთან, მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევისათვის სამშენებლო კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ პასუხისმგებლობის ზომებს, შესაბამისად, სამშენებლო პირობების დარღვევა იწვევს არა მისი ბათილად ცნობის საფუძვლების, არამედ მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის მშენებლობის ნებართვის პირობათა დარღვევის გამო სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების წარმოშობას..“ (სუს 2018 წლის 14 ივნისის Nბს-279-279(კ-18) განჩინება). ამდენად, მშენებლობის ნებართვის პირობების შესაძლო დარღვევა შეიძლება გახდეს მშენებლობის ნებართვის პირობების დაცვით მშენებლობის განხორციელების დავალების საფუძველი, რაც განსახილველ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 9 სექტემბრის N... ექსპერტიზის საინჟინრო-ტექნიკური დასკვნით დადასტურებულად არის მიჩნეული გ. კ-ოს საცხოვრებელ სახლზე მიშენების განხორციელება მშენებლობის ნებართვის პირობების დაუცველად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა მიჩნეულია არადამაკმაყოფილებლად და მითითებულია სახლის დასავლეთ მხარეს არსებულ კედელზე არსებული დაზიანებების თაობაზე, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, ნაგებობაზე არსებული დაზიანების მიზეზის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, მისი საცხოვრებელი სახლის კედლის დაზიანების უშუალო მიზეზს წარმოადგენს მესამე პირის მიერ სასაზღვრო მიჯნაზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დაზიანებული კედლის მოვლა-პატრონობა და სხვა სამეზობლო ურთიერთობები, სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და ვერ გახდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების XI თავი მოიცავდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ახალი ნებართვის გაცემის წესის შემცველ ნორმებს (53-59-ე მუხლები). ამასთანავე, 2019 წლის 3 ივნისიდან ამოქმედებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის XII თავი შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს. აღნიშნული კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია, თუ პირი ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და სამშენებლო ობიექტზე არ განხორციელებულა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. მე-6 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართვას მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. ამ მიმართვას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი და ინფორმაცია ამ გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო 2016 წლის 6 ივნისის N1859, 2017 წლის 22 ნოემბრის N10.01173261, 2018 წლის 15 მაისის 021813511-11, 2018 წლის 31 ოქტომბრის N021830415-11, 2019 წლის 30 აპრილის N201912015, 2019 წლის 28 ოქტომბრის N021930114-11, 2020 წლის 27 აპრილის N022011810-11 ბრძანებებით გ. კ-ოს გაუგრძელდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს სათანადო გარემოებებზე, რომლებითაც გამოირიცხებოდა მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მესამე პირისათვის გარკვეული უფლებამოსილების მიმნიჭებელი, აღმჭურველი ხასიათის აქტებია. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მათ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევდა, მხედველობაში უნდა მიღებულიყო, რომ მესამე პირს გააჩნია კანონიერი ნდობა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რის საფუძველზეც მას უდავოდ განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები (სამშენებლო სამუშაოები). ამ პირობებში, აუცილებელია ინტერესთა ურთიერთშეპირისპირება, მხარეთა ინტერესისა და სავარაუდო ზიანის სათანადოდ შეფასება. „..მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას..“ (სუს 21.02.2019წ. Nბს-1440 (2კ-18) განჩინება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება გამოიტანა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, გ. ს-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 14 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება;
3. გ. ს-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 14 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე