საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-826(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „ე...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 11 აპრილს სს „ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ნოემბრის №04/60429 გადაწყვეტილების ე. ხ-ისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის №04/61351 გადაწყვეტილების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ა. ქ-ისთვის, ნ. კ-ასთვის, ს. რ-სთვის, ნ. ბ-სთვის, ს. ა-ისა და მ. ლ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №04/16864 გადაწყვეტილების სს ,,ს... კლინიკის“ 2018 წლის 5 დეკემბრის №01/609 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის 04/16854 გადაწყვეტილების ,,ს... კლინიკის“ 2018 წლის 11 დეკემბრის 01/618 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ ს. რ-ს, ნ. ბ-ს, ს. ა-ისა და მ. ლ-ის სამედიცინო შემთხვევაზე ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის აღნიშნული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ე...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით სს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მა“.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პაციენტების ნ. ბ-სა და ს. ა-ის შემთხვევები მიიჩნია ერთ უწყვეტ შემთხვევად, რაც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მითითებული ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს". აღნიშნული დადგენილების 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ,,არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ასევე არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება".
კასატორის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ ანაზღაურდება შემთხვევა, როდესაც სახეზეა რეჰოსპიტალიზაცია რომელიც გამოიწვია არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებულმა მკურნალობამ. მკურნალობა არასწორად (არასრულად არაჯეროვნად) არის თუ არა ჩატარებული ამის შესწავლის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და არა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
რაც შეეხება ე. ხ-ის შემთხვევას იგი მკურნალობდა შპს „უ...ში". დიაგნოზი – პნევმონია, დაუზუსტებელი; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი. პაციენტი შევიდა კლინიკაში დაავადების დაწყების პირველივე დღეს. დაავადება დაეწყო მწვავედ, ცხელების, გულისრევის, ჰიპოდინამიის, ნაწლავთა გახშირებული მოქმედების გამოვლინებით. პაციენტი ვერ იღებდა სითხეს და საკვებს, რის გამოც მიმართა კლინიკას თვითდინებით. მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა პირველადი დახმარება - რეჰიდრატაციული თერაპია, სისხლის საერთო ანალიზი. იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, გრძელდებოდა გულისრევა, ვერ იღებდა სითხეს და საკვებს, რჩებოდა ჰიპოდინამია. გაუწყლოების პროგრესირების მაღალი რისკის გამო მოთავსდა კლინიკაში შემდგომი მკურნალობისათვის. კასატორის განმარტებით, პაციენტის დიაგნოზი დაეფუძნა კლინიკურ ნიშნებსა და ჩატარებული კვლევების შედეგებს. ჰოსპიტალიზაციის საფუძველს წარმოადგენდა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, მიმდინარე ცხელებით, დეჰიდრატაციით, ინტოქსიკაციით, რომლის ფონზე კლინიკაში გამოვლინდა ბაქტერიული პნევმონია, ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათში, დაწყებული ანტიბაქტერიული თერაპიის მიუხედავად. ლიტერატურაში არსებული მონაცემებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 3%-ში შესაძლებელია Streptococcus pneumoniae-ს განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა პაციენტ ე. ხ-ის შემთხვევაში. სს ,,ს... კლინიკაში“ ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვა ბავშვებში წარმოებს გაიდლაინისა და პროტოკოლების მიხედვით, რომელიც მიღებულია „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ 2014 წლის 24 აპრილის N2 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად; საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა ბავშვებში წარმოებს გაიდლაინისა და პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მიღებულია „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ 2015 წლის 6 აგვისტოს N1 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად და დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის N01-336/ო ბრძანებით. ჰოსპიტალში განვითარებული პნევმონიის მართვისას კი სარგებლობენ სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციებით.
პაციენტი ა. ქ-ე, 1,5 თვის, სს ს... კლინიკაში“ შევიდა 2018 წლის 13 ივნისს დასკვნითი კლინიკური დიაგნოზით: მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი - ჟ21.9 გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა - ჟ96.0. პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, რადგან საჭიროებდა 1 დონის ინტენსიურ თერაპიასა და მონიტორინგს. მას უტარდებოდა ოქსიგენოთერაპია, ინფუზური, რესპირაციული თერაპია, რეგულარული სანაცია, ატარაქსი, აზითრომიცინი სასიცოცხლო ფუნქციების, სატურაციის მუდმივი კონტროლი, გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფია, გაზები, ელექტროლიტები, უხვი სეკრეტის, ინტენსიური შეტევითი ხველის, ზოგჯერ რეპრიზების გამო ეჭვი იქნა მიტანილი ყივანახველაზე, ინფექციონისტის რეკომენდაციით, გაკეთდა სეროლოგიური რეაქცია ყივანახველას ანტისხეულებზე. მკურნალობის ფონზე ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოიხსნა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა, 1 დონის ინტენსიური თერაპიისა და მონიტორინგის აუცილებლობა, მკურნალობა გაგრძელდა ბრონქიოლიტის დიაგნოზით, კვლავ რჩებოდა გულმკერდის ზომიერი რეტრაქცია, პროდუქტიული ხველა, ლორწოს ჰიპერსეკრეცია, საჭიროებდა პერიოდულ სანაციას, ინჰალაციას, კვლავ რჩებოდა ჰიპოდინამია, თუმცა დედის დაჟინებული თხოვნით, ხელწერილით ბავშვი გაწერილ იქნა ბინაზე, რეკომენდაციაში ჩაიწერა პედიატრის მიერ პაციენტის მკურნალობის გაგრძელების საჭიროება. ანამნეზური, ობიექტური, კლინიკური და ლაბორატორიულ- რადიოლოგიური მონაცემებით, ასევე დაავადების მიმდინარეობით დაისვა საბოლოო დიაგნოზი: მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი - ჟ21.9, სუნთქვის მწვავე უკმარისობა - ჟ96.0. დაავადების დიაგნოზი და პაციენტის მართვა განხორციელდა მწვავე ბრონქიოლიტის შესახებ გაიდლაინის — ,,ამერიკის პედიატრთა აკადემია“ შესაბამისად.
პაციენტი ნ. კ-ა დაბადებული ... ... .. წელს, მკურნალობდა შპს „უ...ში - ბ... კლინკაში“ 10.06.18 წლის 15:19სთ-დან - 14.06.18წლის 14:00სთ-მდე. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9395, დაავადების მე-7 დღეს. კლინიკაში შესვლისას აღენიშნებოდა დესატურაცია, ექსპირაციული ქოშინი, ვიზინგი, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ცხელება, დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა სუნთქვის აქტში, ვერ იღებდა სითხეს და საკვებს. ფილტვების პერკუსიით კოლოფისებური ხმა, აუსკულტაციით - დიფუზური მსტვინავი და საშუალობუშტუკოვანი სველი ხიხინი. მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა კვლევები, პირველადი დახმარება - ოქსიგენოთერაპია, ინჰალაცია სწრაფად მოქმედი ბრონქოლიზური საშუალებით - სალბუაირის და ფიზიოლოგიური ხსნარის ინჰალაციები, ასევე გაუკეთდა დექსამეტაზონი. უეფექტობის გამო, აღენიშნებოდა - HR -162, RR - 50, 7, SPO2 — 89% ოთახის ჰაერზე, მკურნალობის მიზნით, მოთავსდა პედიატრიის განყოფილების ინტენსიური თერაპიის პალატაში, დიაგნოზით - J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული მწვავე ბრონქიტის ფონზე. ჩატარებული კვლევებიდან საყურადღებო იყო: PH, ელექტროლიტები - 4ჯერ მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსემია, ჰიპოკალემია; CBC - ლეიკოციტოზი - BAND - 27%, მაღალი CPR -73.7მგ/ლ; CXR - pulmo - მწვავე ინფილტრაციული ცვლილებები არ გამოვლინდა. პაციენტი საჭიროებდა ოქსიგენოთერაპიას, აქტიურ რესპირაციულ თერაპიას, ინფუზიას, ანტიბაქტერიულ თერაპიას, რის გამოც დაწყებულ იქნა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის პალატაში. ჩატარებული სათანადო თერაპიის შედეგად პაციენტის მდგომარება გაუმჯობესდა, მოიხსნა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 12.06.18წ. 12:30სთ-დან მკურნალობა გაგრძელდა პედიატრიის განყოფილებაში J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი. პაციენტი საჭიროებდა კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას - ბრონქოლიზური და ანტიბაქტერიული თერაპიის გაგრძელებას, მდგრადი კლინიკური მდგომარეობის მიღებამდე, მაგრამ მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე სათანადო რეკომენდაციებით, პედიატრის მონიტორინგით. პაციენტის შეფასების, მართვის პროცესი სრულად შეესაბამება კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას (გაიდლაინს) - „მწვავე ბრონქიტი“, რომელიც მიღებულია კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები): შემუშავების, შეფასების ეროვნული საბჭოს 2006 წლის 21 ნოემბრის N2 სხდომაზე და დამტკიცებულია საქართველის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს N267/ო ბრძანებით.
პაციენტი ს. რ. 1 თვის, მკურნალობდა შპს „უ...ში - ბ... კლინიკაში“ 18.06.2018 წლიდან - 28.06.2018 წლამდე 2 კვირის ღებინების ( მათ შორის შადრევანისებური), ცხელების, კოლოსტომიდან შიგთავსის გადმოდინების მომატების ანამნეზით. აღსანიშნავია, რომ ახალშობილობის პერიოდში მას ჩაუტარდა ოპერაცია სწორი ნაწლავის ატრეზიისა და სტენოზის გამო, გამოტანილი აქვს კოლოსტომა 22.06.2018 წელს ჩაუტარდა ოპერაცია პილოროტომია პილოროსტენოზის გამო. უტარდებოდა მკურნალობა ინფუზურ თერაპია-ფიზიოლოგიური ხსნარით, ჰემოსოლით, რანიტაბით. დაყოვნება ოპერაციამდე განპირობებული იყო ბავშვის რთული ანამნეზით, ჰიპოვოლემიური მდგომარეობით, წონის დეფიციტით, ადინამიით, არამკაფიო კლინიკური სურათით, დისელექტროლიტემიით, სხვა დაავადებებთან დიფერენციული დიაგნოზის ჩატარების აუცილებლობით, ფიბროგასტროსკოპიის არამკაფიო შედეგით, თუმცა სწორი დიაგნოზისა და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი გაეწერა გაუმჯობესებული მდგომარეობით.
პაციენტი მ. ლ-ი შპს ,,უ...ში - ბ... კლინიკაში“ შემოყვანილ იქნა 2018 წლის 1 ივნისს მშობლის მიერ, ჩივილებით სისხლმდენი ჭრილობის არსებობით ცხვირის არეში, ანამნეზიდან მან მიიღო ტრავმა სახის არეში ვარდნის შედეგად. ბავშვი ასაკიდან და დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე (სისხლმდენი ღრმა ჭრილობა ცხვირის ფუძის არეში, ცხვირის ძვლოვანი ქსოვილის გაშიშვლებით) ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება გაკერვით ჩატარდა ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ, რაც მოიცავდა ჭრილობის რევიზიას, სისხლდენის გაჩერებას და ცხვირის ანატომიური მთლიანობის აღდგენას შრეობრივი ნაკერებით.
კასატორის მითითებით, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი განმარტებები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო, მკურნალის ექიმის ნაცვლად, ვერ განსაზღვრავს რა სახის სამედიცინო ჩარევა სჭირდება პაციენტს და რომელი კოდით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
|
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ ე. ხ-ისთვის, ა. ქ-ისთვის, ნ. კ-ასთვის, ს. რ-სთვის, ნ. ბ-სთვის, ს. ა-ისთვის და მ. ლ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
საქმის მასალებით დადგენილა, რომ ე. ხ-ი, ა. ქ-ე, ნ. კ-ა, ს. რ-, ნ. ბ-ე, ს. ა-ე და მ. ლ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელეს, ე. ხ-ისთვის გაწეული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ შემთხვევის თაობაზე შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვეოდა საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარმოდგენილ დიაგნოზსა და მონაცემებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,უ...ის-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №7301 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ე. ხ-ი 2018 წლის 6 მაისს მოათავსეს I პედიატრიულ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა INT0041. პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა 06.05.18 წლის 21:11 საათიდან 13.05.18 წლის 13:30 საათამდე. J18.9 - პნევმონია დაუზუსტებელი; A04.9 - ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, დაუზუსტებელი. ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, ვანკომიცინი ი/ვ, ცეფტრიაქსონი ი/ვ, ინფუზია რინგერის ხსნარით, პ/ო-ოსმ, ბიფლორაკი, იბუპროფენი, კოლინი, ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც ინფექციური დაავადებების მართვა. თანმხლები კოდი: INF00013/2 – A00, A01, A02, A03, A04, A06.0, A06.1, A06.2, A06.9, A07, A08, A09 - სხვა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, დაწყება - 06.05.18 21:11, დასრულება - 09.05.18 11:00. თანმხლები კოდი: J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაწყება - 09.05.18 11:00, დასრულება - 13.05.18 13:30. ძირითადი კოდი: INF00015/2 - J11.0, J10.0, J13-J18 - ბაქტერიული პნევმონია, მკურნალობა დაიწყო 13.05.18 წლის 13:30 საათზე და დაასრულა 18.05.18 წლის 11:00 საათზე.
სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან დასტურდება, რომ ე. ხ-ის შემთხვევა გადაცემულია როგორც ინფექციური დაავადებების მართვა INF00013/2 – A00, A01, A02, A03, A04, A06.0, A06.1, A06.2, A06.9, A07, A08, A09 - სხვა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით №7301 ასევე დგინდება, რომ აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საფუძველს წარმოადგენდა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია მიმდინარე ცხელებით, დეჰიდრატაციით, ინტოქსიკაციით, რომლის ფონზე, კლინიკაში გამოვლინდა ბაქტერიული პნევმონია, ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათში, დაწყებული ანტიბაქტერიული თერაპიის მიუხედავად. თუმცა ძირითადი პროგრამული კოდის სახით წარდგენილ იქნა ჰოსპიტალიზაციის მე-7 დღეს დაფიქსირებული პნევმონიის პროგრამული კოდი, ჰოსპიტალიზაციისას კი დაფიქსირდა თანმხლები პროგრამული კოდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ პაციენტ ე. ხ-ის შემთხვევაში კასატორის (მოსარჩელის) მიერ შეტყობინებათა სისტემაში დაფიქსირებული მონაცემები არ ემთხვეოდა საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარმოდგენილ დიაგნოზსა და მონაცემებს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, თავდაპირველად შემთხვევა გადაცემული იყო, როგორც ინფექციური დაავადებების მართვა INF00013/2 – A00, A01, A02, A03, A04, A06.0, A06.1, A06.2, A06.9, A07, A08, A09 - სხვა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, ხოლო ძირითადი პროგრამული კოდის სახით წარდგენილია პნევმონიის პროგრამული კოდი, ჰოსპიტალიზაციისას კი, დაფიქსირებულია თანმხლები პროგრამული კოდი, რაც საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
პაციენტების - ა. ქ-ის, ნ. კ-ასა და ს. რ-ს შემთხვევებთან მიმართებაში ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა, რომ მოცემულ შემთხვევებში მიმწოდებლის მიერ კონკრეტულ თერაპიულ პროგრამულ შემთხვევასთან დაკავშირებული ინტენსიური მკურნალობა-მოვლის ხარჯები მოთხოვნილ იქნა დამატებითი ნოზოლოგიური კოდის დაფიქსირების ხარჯზე. ამასთან, თერაპიული მდგომარეობების ტარიფი გაცილებით ნაკლებია პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ტარიფზე. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი. ს. რ-სის შემთხვევასთან მიმართებით ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ძირითადი კოდი (Q40.0) მოიცავდა თანმხლებ თერაპიულ კოდს (R11) და შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევები უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე, მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს №56736829 და №2889681441 განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,უ...ის-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №9569 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ა. ქ-ე 2018 წლის 13 ივნისს მოათავსეს ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J21.9 - მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი; J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა: ინჰალაცია ბრონქოდილატოტარით, სანაცია, ოქსიგენოთერაპია ნიღბით, აზიტრომიცინი, ატარაქსი. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, J96.0 - სუნთქვის უკმარისობა; T900015, J21.9 - მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი (№1.3 დანართის მოსარგებლეებისთვის).
შპს ,,უ...ის-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №9395 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ. კ-ა 2018 წლის 10 ივნისს მოათავსეს პედიატრიულ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J20.9 - მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი; J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, ცეფტრიაქსონი ი/ვ ფიზიოლოგიური ხსნარით, ინჰალაცია სალბუაირით, ფიზიოლოგიური ხსნარით, ცხელების მართვა - იბუპროფენი, ინფუზური თერაპია ფიზიოლოგიური ხსნარით, რინგერით. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, J96.0 - სუნთქვის უკმარისობა; T900008, J20.9 - მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი (0-15 წელი).
დადგენილია, რომ შპს ,,უ...ი-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №9864 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ს. რ. 2018 წლის 18 ივნისს მოათავსეს ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: Q40.0 - თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი; R11 - გულისრევა და პირღებინება; Z29.3 - კოლოსტომის არსებობა. ჩატარებული მკურნალობა: 22/06/18. JDSH60 პილოროტომია; 22/06/18. WAA408 ბალანსირებული ანესთეზია. 22.06.18 წლიდან 25.06.18 წლამდე პაციენტი პოსტოპერაციულად იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: თანმხლები - T900014, R11 - გულისრევა და პირღებინება; ძირითადი SUR2521363, დიაგნოზი: Q40.0 - თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი.
,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ეს არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 ნოემბრის №04/61351 გადაწყვეტილება პაციენტების - ა. ქ-ისა და ნ. კ-ას ნაწილში, მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ ნაწილში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება პაციენტ ს. რ-ს შემთხვევას, ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: თანმხლები - T900014, R11 - გულისრევა და პირღებინება; ძირითადი SUR2521363, დიაგნოზი: Q40.0 - თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი. თანმხლები პროგრამული კოდის სახით დაფიქსირებული პროგრამული კოდი - R11 - გულისრევა და პირღებინება, რომელიც წარმოადგენს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის მიზეზს, შინაარსობრივად ასევე მოიცავს ძირითადი პროგრამული კოდის სახით დაფიქსირებული პროგრამული კოდის შესაბამის მომსახურებას Q40.0 - თანდაყოლილი ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი - სტაციონარული მეთვალყურეობა. დამოუკიდებლად ძირითადი პროგრამული კოდის სახით დაფიქსირებული მომსახურება წარმოადგენს გეგმურ თერაპიულ მომსახურებას, რაც პროგრამის პირობებით არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლზე, რომელიც ეხება დაფინანსების მეთოდოლოგიასა და ანაზღაურების წესს. მითითებული მუხლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 21-ე მუხლის (მომსახურების მოცულობა) პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით. მითითებული დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/ მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
პაციენტების ნ. ბ-სა და ს. ა-ის შემთხვევებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვისას სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდი შეფასდა როგორც უწყვეტი ერთი შემთხვევა.
საქმის მასალებით, კერძოდ, შპს ,,უ...ის-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8851 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ. ბ-ე 2018 წლის 31 მაისს მოათავსეს I პედიატრიულ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: R11 - გულისრევა და პირღებინება - T900014; K59.0 - ყაბზობა. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900014, R11 - გულისრევა და პირღებინება, პაციენტი კლინიკაში შევიდა 31.05.18 წლის 22:00 საათზე და გაეწერა 03.06.18 წლის 12:00 საათზე. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 04.06.2018 წლის 15:52 საათზე პაციენტმა განმეორებით მიმართა შპს ,,მ... საავადმყოფოს’’, სადაც მიიღო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
შპს ,,უ...ის-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8127 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ს. ა-ე 2018 წლის 20 მაისს მოათავსეს I პედიატრიულ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J21.9 - მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი; E63.9 - საკვების დეფიციტი, დაუზუსტებელი. ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია, ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით, სასუნთქი გზების სანაცია, ინფუზია ფიზიოლოგიური ხსნარით საჭიროების მიხედვით, ცეფტრიაქსონი ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად, ბიფლორაკი პ.ო., კოლინი პ.ო. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900015, J21.9 - მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი (№1.3 დანართის მოსარგებლეებისთვის). პაციენტი კლინიკაში შევიდა 20.05.18 წლის 9:21 საათზე და გაეწერა 13.06.18 წლის 16:40 საათზე. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 14.06.2018 წლის 15:03 საათზე პაციენტმა განმეორებით მიმართა შპს ,,მ... საავადმყოფოს’’, კლინიკის მიერ, შემთხვევა მიწოდებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: SUR3158756, დიაგნოზი - P27.1 - ბრონქოპულმონური დისპლაზია.
დასახელებული პაციენტების მიმართ შპს ,,უ...ში-ბ... კლინიკაში“ ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ აღნიშნული ორი შემთხვევა ცალსახად წარმოადგენს ერთ უწყვეტ შემთხვევას, რაც საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-2 თავის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
პაციენტ მ. ლ-ის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ მ. ლ-ის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ იყო მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია აღნიშნული დადგენილების დანართი 1.2-ის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობის. შესაბამისად, პროგრამული შემთხვევის დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,უ...ში-ბ... კლინიკის’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8911 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ. ლ-ი 2018 წლის 1 ივნისს მოათავსეს ქირურგიულ დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S01.2 - ცხვირის ღია ჭრილობა; W01 - ვარდნა იგივე დონის ზედაპირზე წაბორძიკების, ფეხის დასრიალების, ფეხის წამოკვრის შედეგად. ჩატარებული მკურნალობა: 02/06/18. 00:10 - 00:30 ზოგადი ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ღია ჭრილობის დახურვა, გაკერვა ცხვირის არეში WAA408, DWSA00… ZYZA00 სტაციონარული მკურნალობა, ანტიბიოტიკი, ანალგეტიკური თერაპია, შეხვევები. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: თანმხლები - SUR3436849, S01.2 - ცხვირის ღია ჭრილობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებაზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს. მითითებული დადგენილების მე-2 მუხლი ახდენს ტერმინთა განმარტებას, რომლის მიხედვით, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ენტერალური კვება, სამკურნალო - დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს დაზღვეულის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას. რაც შეეხება გადაუდებელ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას განმარტებულია, როგორც სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა (მე-2 მუხლის „ლ“, „ნ“ და „ი“ ქვეპუნქტები).
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.2 დანართზე, რომლითაც განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები. აღნიშნული დანართის მიხედვით, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში პაციენტებს გაეწევათ, მათ შორის, IV დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა შესაბამისი დიაგნოზების მიხედვით. კერძოდ, IV დონის ქირურგიული დახმარება - სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე). ამდენად, ცალსახაა რომ SUR3436849, S01.2 - ცხვირის ღია ჭრილობა, მოიცავს ისეთი სახის ჩარევას, როგორიცაა IV დონის ქირურგიული დახმარება - სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე), რაც ჩაუტარდა მ. ლ-ს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას თაობაზე, რომ კლინიკის მიერ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ, რაც დაცულ იქნა ქვემდგომი სასამართლოების მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.
რაც შეეხებ სს „ე...ის“ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №04/16864 და 2019 წლის 28 მარტის №04/16854 გადაწყვეტილებების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარზე 12.08.2021წ. №777 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 371.45 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „ე...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი 260,01 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. სს „ე...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2021წ. №777 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 371.45 ლარის 70 პროცენტი - 260,01 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე