Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1136(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. შ-ა, ა. გ-ე, ნ. გ-ე, ლ. გ-ე, ნი. გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 20 იანვარს მ. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-128/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2020 წლის 16 ოქტომბერს მ. შ-ამ, ა. გ-ემ, ნ. გ-ემ, ლ. გ-ემ და ნი. გ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1201/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ას, ა. გ-ის, ნ. გ-ის, ლ. გ-ისა და ნი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-128/ო ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1201/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-12 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წლების განმავლობაში, მ. შ-ა ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს ყოფილ მეუღლესთან და არ ეწევა მასთან საერთო საოჯახო მეურნეობას. ამასთანავე, მ. შ-ას და მის შვილებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რის გამო, უწევთ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება მ. შ-ას მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელეებს უკანონოდ ეთქვათ უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 3,5 ქულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

კასატორის განმარტებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს - მიაწოდა თუ არა მოსარჩელე მ. შ-ამ სააგენტოს არსებითად მცდარი ინფორმაცია მეუღლესთან თანაცხოვრებაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს 2019 წლის 19 აგვისტოს მონიტორინგის განხორციელებისას, მ. შ-ას შვილები მისამართზე არ იმყოფებოდნენ. მისამართზე არ იმყოფებოდა მხოლოდ უფროსი შვილი - ა. გ-ე. როგორც მოსარჩელემ განმარტა იგი იყო მამასთან. 2019 წლის 23 ივლისს, მ. შ-ას ოჯახის მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: თბილისი ... 70ა, ბინა 43. ჯგუფს ადგილზე დახვდა ო. გ-ე, რომლის განმარტებით, ბინა არის მისი ოჯახის საკუთრება. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მისი მეუღლის - ი. ვ-ის საკუთრების უფლება. მ. შ-ას არ იცნობს და მას აღნიშნულ მისამართზე არც უცხოვრია. მშენებარე ბინა თავად გაარემონტა. დამატებითი მოკლევის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: თბილისი, ... მე-4 მიკრო რაიონი, კორპუსი 25, ბინა 44. ბინაზე დახვდათ მ. შ-ას მამამთილი - ს. გ-ე. 2020 წელს სააგენტომ კიდევ ერთხელ შეისწავლა მოსარჩელეთა საკითხი. 2020 წლის პირველ ივნისს განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ... ..., მეორე კვარტალი, მე-7 კორპუსის მიმდებარედ, ორსართულიან სახლში. მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის სამსახური 20 ივლისს კიდევ ერთხელ გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. ადგილზე იმყოფებოდა მ. შ-ა, შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან ერთად. ლ. გ-ის განმარტებით, იგი ძირითადად იმყოფება სამსახურში, ...ში.

კასატორის განმარტებით, 2019-2020 წლების გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს ერთი და იგივე მიზეზით ეთქვათ უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე - მ. შ-ამ არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე. ორივე შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით (ადგილზე დათვალიერებისა და გასაუბრების ოქმი; ფოტომასალა). გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, მ. შ-ას მეუღლეს აქვს საკუთრება (თბილისში, ... ..., 25-ე კორპუსში მდებარე ბინა N44). ...ს რაიონში, სოფელ ... ასევე ფიქსირდება ლ. გ-ის საკუთრება. კასატორის მოსაზრებით, დევნილთათვის მინიჭებული ქულების რაოდენობის გარდა, სააპელაციო პალატას მხედველობაში უნდა მიეღო სააგენტოს ვალდებულება, დეტალურად შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ეჭვქვეშ არ დგას სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მწირი საბინაო რესურსის პირობებში, სააგენტო ცდილობს, პირველ რიგში, უპირატესად დააკმაყოფილოს ყველაზე მეტად შეჭირვებული დევნილი ოჯახები. მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გამოირიცხება, თუ სამომავლოდ სააგენტოში წარდგენილი იქნება უტყუარი ინფორმაცია, ოჯახის სოციალური მდგომარების შესახებ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე, 53-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. შ-ა და მისი შვილები - ა. გ-ე, ნ. გ-ე, ლ. გ-ე და ნი. გ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მ. შ-ამ თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2015 წლის 9 მარტს. განმცხადებელმა ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ... 70ა, ბინა N43.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით მ. შ-ას ოჯახს მიენიჭა 3,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1,5 ქულა; 3 არასრულწლოვანი შვილი - 2 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ორგზის იმსჯელა მ. შ-ას განცხადებაზე. შედეგად, 2019 წლის 10 ოქტომბრის და 2020 წლის 21 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებებით, მ. შ-ას მოთხოვნა, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. უარის საფუძვლად მითითებულ იქნა განმცხადებლის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2019 წლის 13 დეკემბერს და 2020 წლის აგვისტოს გამოსცა ბრძანებები, მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელეთა ოჯახის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი არაერთხელ იმყოფებოდა სხვადასხვა მისამართზე.

2019 წლის 3 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა თბილისში, ...70ა-ში მდებარე N43 ბინაში. ადგილზე დახვდათ ბინის მესაკუთრის - ი. ვ-ის მეუღლე ო. გ-ე, რომლის განმარტებით, მ. შ-ას არ იცნობს და ბინაში აღნიშნულ პირს არასოდეს უცხოვრია.

2019 წლის 19 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა თბილისში, ...ქუჩა N10-ში. ადგილზე დახვდათ მ. შ-ა. მისი შვილები იმყოფებოდნენ მამასთან, მისამართზე: თბილისი, ... მე-4 მიკრო რაიონი, კორპუსი 25, ბინა N44. მ. შ-ას განმარტებით, ბინა ეკუთვნოდა მისი შვილის ნათლიის დედას, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში. ამავე პირმა განმარტა, რომ არის განქორწინებული.

2019 წლის 27 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის ყოფილი

მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... მე-4 მიკრო რაიონში (კორპუსი 25, ბინა 44). ადგილზე დახვდათ მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მამა - ს. გ-ე. მისი განმარტებით, ლ. გ-ე მშობლებთან ერთად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. მ. შ-ა და მისი შვილი - ლ. გ-ე დაშორებულნი არიან. მ. შ-ა უკვე 10 წელია ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს.

2020 წლის პირველი ივნისის მონიტორინგისას, თბილისში, ... ...ზე, მე-2 კვარტალში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ (...), ადგილზე იმყოფებოდა მ. შ-ა და მისი სამი შვილი. მ. შ-ას განმარტებით, მისამართზე ქირით ცხოვრობს 2019 წლიდან, შვილებთან ერთად. ყოფილ მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა. 2013 წლიდან განქორწინებულია. ყოფილი მეუღლე ფინანსურად ეხმარება შვილებს.

დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2020 წლის 20 ივლისს მონიტორინგის ჯგუფი კვლავ გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც იმყოფებოდნენ მ. შ-ას ყოფილი მეუღლე და ოთხივე შვილი. ლ. გ-ემ განმარტა, რომ 7-8 წელია, მ. შ-ასთან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა მომდევნო დღეს მ. შ-ა მიდიოდა ...ში და მივიდა ბავშვებთან გასაჩერებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა სახით დაიკითხნენ: მ. შ-ას ყოფილი მეუღლე - ლ. გ-ე, მ. შ-ას მეგობარი - რ. ლ-ე, ასევე, თბილისში, ... 70ა-ში მდებარე N43 ბინის მესაკუთრე - ი. ვ-ე და მისი მეუღლე - ო. გ-ე. ი. ვ-ემ დაადასტურა, რომ 2015 წელს მის ბინაში ქირით ნამდვილად ცხოვრობდა მ. შ-ა, ოთხ შვილთან ერთად. ის არ იცნობს მ. შ-ას მეუღლეს და არასოდეს შეხვედრია მას. ო. გ-ის განმარტებით, მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება იყო გაქირავებული, თუმცა დამქირავებელს სახელით და გვარით არ იცნობდა. სწორედ ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფს დაზუსტებით ვერ მიუთითა მ. შ-ას ოჯახის მათ ბინაში ცხოვრების ფაქტის შესახებ. რ. ლ-ემ დაადასტურა, რომ მ. შ-ა და მისი მეუღლე ერთად არ ცხოვრობენ. მ. შ-ა შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს, სხვადასხვა მისამართზე. ლ. გ-ის განმარტებით, 2013 წლიდან განქორწინდა მ. შ-ასთან და მას შემდეგ, ერთად არ უცხოვრიათ. გარკვეული კომუნიკაცია აქვს ყოფილ მეუღლესთან, როგორც მისი შვილების დედასთან. თავად ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას, სადავო პერიოდში ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის სამმართველო ახდენდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდებოდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია იყო არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ დოკუმენტაციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინებოდა კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე მ. შ-ამ, მეუღლესთან თანაცხოვრების ფაქტის არარსებობის თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის - მოწმეთა განმარტებებით) დგინდება, რომ წლების განმავლობაში, მ. შ-ა ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს ყოფილ მეუღლესთან და არ ეწევა მასთან საერთო საოჯახო მეურნეობას. მ. შ-ას და მის შვილებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, უწევთ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-128/ო, 2020 წლის 12 აგვისტოს N03-1201/ო ბრძანებები უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე