Facebook Twitter

საქმე №18აგ-13 18 თებერვალი, 2013 წელი

მ-ი გ.-18აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. მ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 9 იანვარს მსჯავრდებულმა გ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვა, განაჩენიდან საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლისა და ნასამართლობაზე მითითების ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული გ. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან 2007 წლის 23 მაისის ცვლილებით 184-ე მუხლი ამოღებულია, ამიტომ იგი სასჯელს იხდის სსკ-ის იმ მუხლით, რომელიც არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტის საფუძველზე კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში აღნიშნული გარემოება სასამართლოსათვის ცნობილი იყო საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს. ამავე საკითხზე იმსჯელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 24 აპრილის განჩინებაშიც და სრულიად კანონიერად განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან 2007 წლის 23 მაისის ცვლილებით 184-ე მუხლის ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამის მუხლებშია მოქცეული.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე