საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-441 (კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 18 ოქტომბერს ზ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 სექტემბრის N15934 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზ. ა-ას N5 პენიტენციური დაწესებულების ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, სრულ პერიოდში, თვეში 2 865 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 სექტემბრის N15934 ბრძანება ზ. ა-ასთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ; მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ. ა-ას N... პენიტენციური დაწესებულების ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოპასუხეს დაევალა ზ. ა-ასთვის მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე. პალატამ ასევე მიუთითა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივი საფუძველი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის N01/321227 დასკვნა. ზ. ა-ას მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით დეპარტამენტის პრეტენზია ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, 10:04 საათიდან 14:45 საათამდე პერიოდში, მოსარჩელემ დატოვა N... პენიტენციური დაწესებულების ტერიტორია და აღნიშნული არ შეუთანხმებია ხელმძღვანელ პირებთან. ამას შედეგად მოჰყვა შესაბამის პირებთან კომუნიკაციის შეფერხება სხვადასხვა საჭირო და მნიშვნელოვან საკითხზე, შეფერხდა დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, ასევე შეილახა ზ. ა-ას, როგორც პენიტენციური დაწესებულების ...ის რეპუტაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე და 28-ე მუხლის მე-5 პუნქტზე. პალატის განმარტებით, უნდა დადგინდეს, მიაღწია თუ არა მოსარჩელის ქმედებამ იმ ზღვარს, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, რა დოზით შეფერხდა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, რა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ზ. ა-ას არყოფნის გამო და რა სახის ზიანი მიადგა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული განმარტებები ზოგადი ხასიათისაა და შეუძლებელია, კონკრეტული დარღვევიდან გამომდინარე, დადგინდეს სამსახურებრივი ფუნქციების მნიშვნელოვნად შეფერხებისა თუ პარალიზების ფაქტის ნამდვილობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა, რა სახის ზიანი მიაყენა ზ. ა-ას სამსახურში არყოფნამ საჯარო ინტერესს და მოახდინა თუ არა ნეგატიური ზეგავლენა აღნიშნულმა მისი უფლებამოსილების განხორციელებაზე, რამაც საბოლოოდ, ზიანი მიაყენა N... პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის ეფექტურობას, რეალურად შეუშალა ხელი დაწესებულების სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ამ მოსაზრებას ასევე ადასტურებს 2019 წლის 12 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის - გ. ქ-ეის მიერ მონიტორინგის დეპარტამენტისათვის მიცემული ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, „ზ. ა-ასათან კომუნიკაციის უქონლობას რაიმე ზიანი არ მიუყენებია დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2019 წლის 18 სექტემბრის მონიტორინგის დასკვნით, ასევე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ვერ დადასტურდა, რა ზიანი მიადგა ზ. ა-ას ქმედებით სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ზ. ა-ა იმყოფებოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ბეჭდებისა და შტამპების წასაღებად, N... ... სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან დისციპლინურ თუ სხვა სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხელი არ შეშლია დაწესებულების საქმიანობას, არ დარღვეულა სხვა პირთა უფლებები, არ დაზიანებულა დაწესებულების მატერიალური ქონება, დაწესებულება ფუნქციონირებდა სრულყოფილად, შეფერხების გარეშე. ზ. ა-ას გასვლის მომენტიდან, მის დაბრუნებამდე, დაწესებულებაში გაუსვლელად იმყოფებოდა პასუხისმგებელი პირი - დაწესებულების ...ე - ნ. გ-ი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ. ა-ას N... დაწესებულების ტერიტორიიდან გასვლა უკავშირდებოდა სამსახურებრივ საკითხს. აღნიშნულს ადასტურებს 2019 წლის 30 აგვისტოს N296300 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ზ. ა-ამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოსგან მიიღო N... პენიტენციური დაწესებულებისათვის განკუთვნილი ბეჭდები და შტამპები. ამასთანავე, საქმეზე წარმოდენილი წახალისების შესახებ 2015 წლის 14 დეკემბრის და 2017 წლის 9 ივნისის ბრძანებების მიხედვით, ზ. ა-ას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული სხვა დისციპლინური სახდელების თაობაზე. ამდენად, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად შეფასების საფუძველი.
მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და „სპეციალური პენიტენციურის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე სუს 2020 წლის 23 ივლისის Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს დაევალა ზ. ა-ას სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენის დღემდე, სრულ პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით და კანონის სწორად გამოყენების შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიღებდა ახალ გადაწყვეტილებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა და ის გარემოებები, რომლებიც ზ. ა-ას თვითნებური ქმედებით დამდგარ შედეგს უკავშირდება. აღნიშნული პირის ქმედებამ ხელი შეუწყო გარკვეული სამსახურებრივი საკითხების შეფერხებას, რაც ყურადღების, მობილიზებისა და კანონით განსაზღვრული ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული.
კასატორი თვლის, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებები წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, ზ. ა-ას ქმედება დაკვალიფიცირებულიყო მძიმე დისციპლინურ გადაცდომად. 2019 წლის 30 აგვისტოს აღნიშნულმა პირმა N... პენიტენციური დაწესებულების ტერიტორია დატოვა შესაბამისი ნებართვის გარეშე. პენიტენციური დეპარტამენტის ...ე ვერ უკავშირდებოდა ტელეფონით ზ. ა-ას, რის გამო, დაუკავშირდნენ მის მოადგილეს - ნ. გ-ის და სთხოვეს ზ. ა-ასთან დაკავშირება. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გაიგო, რომ ზ. ა-ა არ იყო N... პენიტენციურ დაწესებულებაში და ადმინისტრაციასაც არ ჰქონდა ინფორმაცია, სად იყო იგი წასული. ამის შემდეგ, დაიწყო ზ. ა-ასთან ტელეფონით დაკავშირების მდელობა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამდენად, ზ. ა-ამ იმოქმედა თვითნებურად, ის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა N... დაწესებულებაში და მისი წასვლა აუცილებელი გარემოებებითაც რომ ყოფილიყო განპირობებული, ვალდებული იყო, დაწესებულების ადმინისტრაცია გაეფრთხილებინა. ზ. ა-ას განმარტებით, იგი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში წავიდა დაწესებულებისთვის შტამპის და ბეჭედის ასაღებად, თუმცა უკან აღარ დაბრუნდა N... პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენიმე საათის შემდეგ, ტელეფონით დაუკავშირდა მოადგილეს - ნ. გ-ის და უთხრა, რომ სახლშია. ნ. გ-იმა აუხსნა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ...ე - ქ-ე ეძებდა სასწრაფოდ, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. აღნიშნულის მიუხედავად, ზ. ა-ა მაინც არ დაუკავშირდა ქ-ეს, N... პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლამდე. ამდენად, ნათელია, რამდენად შესაბამისობაშია ზ. ა-ას ქმედება იმ ვალდებულების შესრულებასთან, რაც მას დროებით დაეკისრა.
კასატორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ზ. ა-ამ თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულება, მან ასევე დაარღვია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N52 ბრძანებით დამტკიცებული „სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს მობილურ სატელეფონო კავშირზე. მიუხედავად ვალდებულებისა, ზ. ა-ას გამორთული ჰქონდა ტელეფონი. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ზ. ა-ას არყოფნის პერიოდში, N... დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან რაიმე სახის დარღვევის გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, საფრთხის ქვეშ არ დამდგარა დაწესებულების საქმიანობა, არ დარღვეულა სხვა პირთა უფლებები და უსაფრთხოება, არ დაზიანებულა დაწესებულების მატერიალური ქონება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ჩამოთვლილ გარემოებათაგან ერთ-ერთიც რომ დამდგარიყო, წარმოიშობოდა არა დისციპლინური სახდელის, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ. ა-ას გასვლის მომენტიდან, მის დაბრუნებამდე, დაწესებულებაში გაუსვლელად იმყოფებოდა დაწესებულების ...ე - ნ. გ-ი და შესაბამისად, დაწესებულება არ დარჩენილა პასუხისმგებელი პირის გარეშე. სასამართლოს აღნიშნული მითითება უსაფუძვლოა, რამდენადაც ნ. გ-ის დაწესებულებაში ყოფნის მიზეზს არ წარმოადგენდა ზ. ა-ას არყოფნა. ნ. გ-ი სამუშაოს ასრულებდა, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა დაწესებულებაში ზ. ა-ა. ამასთანავე, ...ეს - ნ. გ-ის არ ჰქონდა უფლება, დირექტორის ფუნქცია/მოვალეობები შეესრულებინა. იგი დაწესებულებაში თავის მოვალეობებს ასრულებდა, როგორც ...ე და არა როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის 30 აგვისტოს, 10:00 საათიდან 14:40 საათამდე, ვერავინ ვერ ახდენდა დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირებას, დაწესებულების დირექტორის კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, ზ. ა-ას უპასუხისმგებლო ქმედება არის სამსახურისადმი არასწორი დამოკიდებულება. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა მონიტორინგის 2019 წლის 18 სექტემბრის დასკვნაში, რომელიც უტყუარ მტკიცებულებებზე და რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არის მიღებული. დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისაგან დაწესებულების თვითნებურად მიტოვება არის დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი, რაც შეფასდა, როგორც მძიმე გადაცდომა. ზ. ა-ამ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალურ წესს ადგენს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო, ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა; ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. (ამავე შინააარსის ნორმებს შეიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესიც“ (39-ე მუხლის პირველი, მეორე, პუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-40 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი)).
მითითებული კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N52 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“. მითითებული „წესის“ 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არასაპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანებისას ან/და არგამოცხადებისას, სამინისტროს მოსამსახურისათვის შესაძლებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N55 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გენერალური ინსპექცია ადგენს შესაბამის დასკვნას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და შეფასებით ნაწილს. დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის N5602 ბრძანებით ზ. ა-ა 2014 წლის პირველი იანვრიდან დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... დაწესებულების ...ის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2015 წლის პირველი სექტემბრის NMOC 6 15 00002410 ბრძანებით იუსტიციის ...ი ზ. ა-ა დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N... პენიტენციური დაწესებულების ...ის თანამდებობაზე (სამართლებრივი რეჟიმის დარგში), 2015 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს N13895 ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების დირექტორს - ნ. ვ-ის მიეცა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება, 2019 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. მითითებულ პერიოდში, დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებდა N... პენიტენციური დაწესებულების ...ე სამართლებრივი რეჟიმის დარგში - ზ. ა-ა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსის 2019 წლის 6 სექტემბრის N01/305552 მოხსენებითი ბარათით, ამავე დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების ...ემ - ზ. ა-ამ, რომელიც ასრულებდა ამავე დაწესებულების დირექტორის მოვალეობას, სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 2019 წლის 29-30 აგვისტოს მიატოვა დაწესებულება. ამდენად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას.
ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2019 წლის 6 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების ...ის - ზ. ა-ას მიერ ამავე დაწესებულების დირექტორის შვებულებაში ყოფნის გამო, დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში, 2019 წლის 30 აგვისტოს, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან და შესაბამისად, მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსის, სიმძიმის, ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სამართლებრივი რეჟიმის დარგში სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების ...ის იუსტიციის ...ს - ზ. ა-ას შეფარდებოდა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 სექტემბრის N15934 ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის მე-71 მუხლის მე-12 ნაწილის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი რეჟიმის დარგში სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციური დაწესებულების ...ე, იუსტიციის ...ი - ზ. ა-ა, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, 2019 წლის 19 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის N01/321227 დასკვნა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 27 აგვისტოს N01/292927 სამსახურებრივი ბარათით ყველა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ეცნობა, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბეჭდებისა და შტამპების ფორმის ნიმუშების დამტკიცების, ბეჭდებისა და შტამპების დამზადებასთან, გამოყენებასთან, შენახვასა და განადგურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონიძიების გატარების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 9 ივლისის N9165 ბრძანების შესაბამისად, დამზადებულია ბეჭდები და შტამპები. სამსახურებრივი ბარათით, ყველა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დაევალა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული ბეჭდებისა და შტამპების წაღება.
2019 წლის 30 აგვისტოს შედგენილი N296300 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ზ. ა-ამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლისაგან მიიღო N... პენიტენციური დაწესებულებისათვის განკუთვნილი 8 ცალი ბეჭედი და 8 ცალი შტამპი.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით დადგენილია, რომ ზ. ა-ამ 2019 წლის 30 აგვისტოს N... პენიტენციური დაწესებულება დატოვა 10:04 საათზე და დაბრუნდა 14:45 საათზე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ტურნიკეტების პროგრამის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს ზ. ა-ა შენობაში შევიდა 11:32 საათზე და შენობა დატოვა 11:56 საათზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს - ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რაც „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევდა სამსახურიდან მის დათხოვნას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. ამასთანავე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კანონის უზენაესობა; ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა; მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა; თანაზომიერება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული მძიმე გადაცდომის არსებობისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისათვის, სათანადო შეფასებას უნდა დაქვემდებარებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში ზ. ა-ას არყოფნით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები. საქმის მასალებით, მათ შორის, მოწმეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ ზ. ა-ას N... ... სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში არყოფნის განმავლობაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან დისციპლინურ თუ სხვა სახის გადაცდომა არ გამოვლენილა, ხელი არ შეშლია დაწესებულების უსაფრთხოდ საქმიანობას, არ დარღვეულა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, მომსახურე პერსონალის თუ სხვა პირთა უფლებები, ზიანის მიყენება არ გამოვლენილა დაწესებულების მატერიალურ ქონებასთან მიმართებაში, დაწესებულება ფუნქციონირებდა სრულყოფილად, შეფერხების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ზ. ა-ას გასვლის მომენტიდან, მის დაბრუნებამდე, დაწესებულებაში გაუსვლელად იმყოფებოდა ...ე - ნ. გ-ი. დაწესებულება არ დარჩენილა პასუხისმგებელი პირის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, ზ. ა-ას ქმედება შეიცავს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა არ ადასტურებს იმ სახის მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობას, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ზ. ა-ას სამსახურიდან გათავისუფლება. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული განმარტებები ზოგადი ხასიათისაა, შეუძლებელია, კონკრეტული დარღვევიდან გამომდინარე, დადგინდეს სამსახურებრივი ფუნქციების მნიშვნელოვნად შეფერხებისა თუ პარალიზების ფაქტის ნამდვილობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა, რა სახის ზიანი მიაყენა ზ. ა-ას სამსახურში არყოფნამ საჯარო ინტერესს და მოახდინა თუ არა ნეგატიური ზეგავლენა აღნიშნულმა მისი უფლებამოსილების განხორციელებაზე. საყურადღებოა, რომ ზ. ა-ას N5 დაწესებულების ტერიტორიიდან გასვლა უკავშირდებოდა სამსახურებრივ საკითხს. აღნიშნულს ადასტურებს 2019 წლის 30 აგვისტოს N296300 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ზ. ა-ამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოსგან მიიღო N5 პენიტენციური დაწესებულებისათვის განკუთვნილი ბეჭდები და შტამპები.
საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ზ. ა-ას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებთან მიმართებაში. უდავოა, რომ ზ. ა-ას სამსახურიდან დათხოვნა მოხდა უკანონოდ, ამასთანავე, სასამართლომ ბათილად ცნო მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ 2019 წლის 19 სექტემბრის ბრძანება. ამდენად, არსებობს ზ. ა-ას შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნას: საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი უპირობოდ გულისხმობს სამსახურში აღდგენილი მოხელისათვის განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულებას (კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით უკანონოდ არის მიჩნეული ზ. ა-ას სამსახურიდან გათავისუფლება და დადგენილია მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ არსებობს მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენის დღემდე, სრულ პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება გამოიტანა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე