საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-250(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ბმა „დ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ჟ. გ-იმა 2015 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, მ. ბ-ეისა და რ. პ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ...ში, მე-... კვარტალში, №... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვეთის გეგმაში ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 2013 წლის 8 იანვრის №497316 ბრძანების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების გაუქმება, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 8 ივლისის №760 ბრძანების თანახმად წითელი ხაზების განსაზღვრა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, დაზუსტდა მოსარჩელე მხარე და განისაზღვრა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, მოსარჩელედ დასახელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ...“, ხოლო მოპასუხეებად - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. სარჩელის დაზუსტების შემდგომ კი მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის №497316 ბრძანების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ბმა „დ...-ის“ სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. ხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „დ...-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ბმა „დ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა „დ...-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ბმა „დ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-იმა.
კასატორი „ბინათმესაკუთრეთა ამანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე არ განკარგავს ამხანაგობის საერთო ქონებას, არ იღებს გადაწყეტილებას ამხანაგობის კუთვნილი ქონების მფლობელობაში გადაცემის ან გამოთხოვის შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ კრების გადაწყვეტილების არსებობის პირობებში იძენს. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო საკითხთან დაკავშირებით კრება არ მოწვეულა და შესაბამისად, კრების გადაწყვეტილება სახეზე არ არის. ამხანაგობის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიიღოს ამხანაგობის წევრთა უმრავლესობის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები.
კასატორის განმარტებით, მ. ბ-ე არ იყო უფლებამოსილი, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის სახელით მიემართა, ვინაიდან ამხანაგობის წევრებს ამხანაგობის თავმჯდომარის - ჟ. გ-ისათვის არ მიუნიჭებიათ წითელი ხაზების კორექტირების მოთხოვნის უფლებამოსილება და აღნიშნული მიზნით დაექირავებინა ადოკატი. სადავო ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წევრებს ზიანი მიადგათ, კერძოდ, ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებაში იყო კორპუსის წითელ ხაზებში მოქცეული სპორტული მოედანი, რომელიც ამჟამად წითელ ხაზებს მიღმა დარჩა და ამხანაგობის წევრები ვერ განკარგავენ აღნიშნულ ტერიტორიას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ბმა „დ...-ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „დ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესზე“, რომელიც არეგულირებს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების საკითხებს. მითითებული წესის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი, რომელიც ამ ნაკვეთს გამოყოფს საზოგადოებრივი სივრცის ან/და მეზობელი ნაკვეთებისგან.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მრავალბინიანი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრები დგინდება მიწის ნაკვეთების საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თუ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და ქალაქგეგმარებითი განვითარების თვალსაზრისით არ შეესაბამება განაშენიანების რეგულირების წესებს, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის გეგმას ენიჭება შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი კონფიგურაციის გამო. მიწის ნაკვეთისათვის შეუსაბამო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი სამსახური იმავე მიწის ნაკვეთის გეგმაზე (მწვანე ფერის წყვეტილი ხაზით) ადგენს მიწის ნაკვეთის პერსპექტიული განვითარების გეგმას, რაც წარმოადგენს შეუსაბამო სტატუსის აღმოფხვრის საფუძველს შემდგომი სამშენებლო განვითარებისათვის.
ამავე წესის მე-8 მუხლის თანახმად, განცხადება მრავალბინიანი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დამტკიცების შესახებ, მოქმედი წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება თვითმმართველი ერთეულის მიერ ამისთვის უფლებამოსილ სამსახურს. თვითმმართველი ერთეული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცების ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 26-ე მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც დებს ხელშეკრულებებს და წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, თუ ეს დაკავშირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან, ექსპლუატაციასთან და განვითარებასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ინტერესებთან, ამასთან, გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს ბმა „დ...-ის“ თავმჯდომარე ჟ. გ-ის წარმომადგენელმა - მ. ბ-ემ №... განაცხადით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა თბილისში, ...ში, მე-... კვარტ. №13 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება თანდართული ესკიზის შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 11 დეკემბრის შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს, საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, მოეთხოვა წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ...ში, მე-... კვარტლის მე-... კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე წარდგენილი ესკიზის მიხედვით, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით.
საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ...-ის“ 2012 წლის 31 დეკემბრის №1 კრების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა თანხმობა გამოხატა ქ. თბილისში, ..., მე-... კვარტ., მე-... კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება განხორციელებულიყო წარდგენილი ესკიზის მიხედვით, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო აქტი - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის №497316 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ..., მე-... კვარტ., №... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 29 ივლისს მომზადებულ მიწის ნაკვეთის გეგმაში (3060,8 კვ.მ.) და მიენიჭა სტატუსი „შეუსაბამო“ (უწყვეტი წითელი ხაზი). ამავე ბრძანებით დადგენილ იქნა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ..., მე-... კვარტ., №... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრების პერსპექტიული განვითარების გეგმა (წყვეტილი მწვანე ხაზი). აღნიშნული ბრძანება განხილულ იქნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ 2008 წლის 8 ივლისის ბრძანებასთან ერთად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნაკვეთის საზღვრების კორექტირებით არ შემცირებულა ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართობი, შეიცვალა მხოლოდ წითელ ხაზებში მოქცეული ნაკვეთის კონფიგურაცია, რის შედეგადაც ამხანაგობის საერთო საკუთრების ფართში მოექცა ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხები, ხოლო საზოგადოებრივი სარგებლობის სპორტული მოედანი დარჩა წითელ ხაზებს მიღმა.
საკასაციო პალატა, კასატორის - ამხანაგობის ნების თაობაზე საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2012 წლის 17 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის თანახმად, ბმა „დ...-ის“ თავმჯდომარე ჟ. გ-იმა მ. ბ-ეს მიანიჭა თავისი წარმომადგენლების უფლებამოსილება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში. ამავე რწმუნებულების თანახმად, არავინ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს რწმუნებულის უფლებამოსილებანი იმის გამო, რომ წინამდებარე რწმუნებულებაში რწმუნებულის უფლებები ამომწურავად არ არის ჩამოთვლილი. რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, მ. ბ-ეის განცხადების საფუძველზე მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ...ში, მე-... კვარტლის მე-... კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე წარდგენილი ესკიზის მიხედვით, ამხანაგობის კრების ოქმი, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით. ამდენად, მ. ბ-ეის განცხადება, მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე არ განხილულა, არამედ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, საჭირო გახდა ამავე ამხანაგობის მიერ გამოხატული ნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც. ამრიგად, ამხანაგობის კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი თანხმობას აცხადებდა წითელი ხაზების კორექტირებაზე წარდგენილი ესკიზის მიხედვით, ქმნიდა სადავო აქტის გამოცემისთვის საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული დამატებით გამოიკვლიოს მასთან წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობა. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, კანონიერების შეფასება, არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და მისი ბათილად ცნობა ხდება სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის №497316 სადავო ბრძანება კანონიერად, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ხოლო იმ პირობებში, როდესაც კანონიერია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე არ არსებობს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების - ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 28 ივლისის №760 ბრძანების შესაბამისი მდგომარეობის აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბმა „დ...-ის“ საკასაციო საჩივარზე კ. შ-ის 27.05.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. შ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბმა „დ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება.
3. კ. შ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბმა „დ...-ის“ საკასაციო საჩივარზე 27.05.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე