№ბს-1497(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03/21/შ/პ-0490 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ბ-ისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.
სარჩელის თანახმად, 2021 წლის 1 ოქტომბერს მოპასუხემ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ გ. მ.-ის ძე ბ-ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ არ არის ნასამართლევი, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. ასევე, საბჭომ განმარტა, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში არანაირ სოციალურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა. საბჭომ მიუთითა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე და ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. შესაბამისად, შუამდგომლობა მსჯავრდებული გ. ბ-ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ არ მომხდარა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლა. საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გ. ბ-ი წახალისებული არ ყოფილა, თუმცა №10 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 31 აგვისტოს №495 ბრძანებით სანიმუშო ყოფაქცევისათვის გამოეცხადა მადლობა. ასევე, მადლობა გამოეცხადა სანიმუშო ყოფაქცევისათვის №10 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 11 ოქტომბრის №578 ბრძანებით. ამასთან, საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ დაწესებულებაში არანაირი სოციალური ღონისძიება არ ჩატარებულა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03/21/შ/პ-0490 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ. ბ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა პატიმრობის კოდექსის პირველ, 41-ე და 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-10 და მე-13 მუხლებზე და განმარტა, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, თუ რატომ ასრულებს მოსარჩელის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს კანონით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი) გათვალისწინებულ შეფასების რამდენიმე კრიტერიუმს შორის მხოლოდ ერთი (ერთ-ერთი) კრიტერიუმი - დანაშაულის ხასიათი, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს კანონით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების (მაგალითად, მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება) მისსავე სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, თუკი რამდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
პალატის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და სხვა გარემოებების შეფასებას, რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ის გარემოება, რომ გ. ბ-ის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, არ არის მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, საჭიროების შემთხვევაში ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე დაინტერესებული პირების მონაწილეობით, მსჯავრდებულის პიროვნების უშუალო შეფასებითა და ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სამივე დაზარალებულის პ. გ-ის, გ. შ-ას და კ. ს-ას 2015 წლის 8 იანვრის მდგომარეობით შედგენილი განცხადებები (დამოწმებული სანოტარო წესით), რაც საკითხის განხილვისას თავის დროზე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა (პ. გ-ის და კ. ს-ას განცხადებები). შესაბამისად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ გ. ბ-ის კარგი ურთიერთობა აქვს სხვა მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებით და გამოეცხადა მადლობა სანიმუშო ყოფაქცევისათვის.
პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. სადავო აქტი არის დაუსაბუთებული, რამდენადაც საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას და სოციალურ აქტივობებში მსჯავრდებულის მონაწილეობის მიუღებლობას, ხოლო საკითხი მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახთან ურთიერთობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში ქცევის, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თაობაზე არ არის სათანადოდ შეფასებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივ საბჭოს არ უმსჯელია რატომ შეუშალა ხელი მსჯავრდებულ გ. მ.-ის ძე ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა მისი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს ერთ-ერთ შეფასების კრიტერიუმს. ზემოხსენებული კრიტერიუმის შეფასებისას კი ყურადღება ექცევა დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებებში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. ამასთან, დანაშაულის ხასიათი არ ყოფილა ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც უარყოფითად შეფასდა, უარყოფითად შეფასდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, რაც განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სასჯელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის - მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მისაღწევად.
ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. საბჭომ უარყოფითად შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმი და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმების ერთობლიობით მიიღო.
საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ არ არის ნასამართლევი, თუმცა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში არანაირ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა არ მიუღია. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე და ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03/21/შ/პ-0490 გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ბ-ისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. ბ-ი მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის №1/1270-15 განაჩენით, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. მსჯავრდებულ გ. ბ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ. ბ-იმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ორი პირის მიმართ, მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ: 2014 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ავტოსადგურ „...ის“ ტერიტორიაზე, გ. ბ-იმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ, თანნაქონი დანის გამოყენებით, კ. ს-ას ერთჯერადი დარტყმით მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო პ. გ-ის მარცხენა მხარის არეში ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. გ. ბ-იმა თანნაქონი დანის გამოყენებით, გ. შ-ას მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. გ. ბ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 31 დეკემბრიდან. სასჯელის, საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის 31 ნაწილით დადგენილი ვადის მოხდის თარიღი: 2/3 - 30.08.2021წ. სასჯელის დასაწყისია 31.12.2014წ., სასჯელის დასასრული - 31.12.2024წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის №1/ბ-963-15 განაჩენით, არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 ივლისის №1/1270-15 განაჩენი დარჩა უცვლელი (ს.ფ 30-43, 20-24); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის №1860/1860 განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი და იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის №1/ბ-963-15 განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის, ძირითადი სასჯელის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში) დარჩა უცვლელი (ს.ფ 26-28); გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ. ბ-ის დაუდგინდა საშიშროების მომეტებული რისკი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 17 დეკემბრის №18688 ბრძანებით, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება №10, სადაც სასჯელს იხდის 2020 წლის 7 აგვისტოდან (ს.ფ 20-24); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის ოქმში აღნიშნულია შემდეგი: გ. ბ-ი საშუალო განათლების მქონეა. პროფესიით არის ხელოსანი და ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. იგი დასაოჯახებელია და ჰყავს პენსიონერი მშობლები. მისი ძმა არის დაოჯახებული და მათთან აქვს კარგი ურთიერთობა. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის საშუალო. გათავისუფლების შემდეგ მიხედავს მშობლებს და დასაქმდება. მსჯავრდებულის გადმოცემით დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია. მსჯავრდებულის გადმოცემით დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. გ. ბ-ის სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე სახის სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. მსჯავრდებული გ. ბ-ი დასჯილი, ან წახალისებული არ ყოფილა. მსჯავრდებული გ. ბ-ი სოციალურ მუშაკთან აღმზრდელობით საუბრებზე რეაგირებს დადებითად, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს დადებითად. იგი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ თავაზიანია. ნასამართლევი არ არის. გ. ბ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა ამნისტია. მას დამატებით სასჯელი არ დაკისრებია (ს.ფ 20-24); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №10 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 31 აგვისტოს №495 ბრძანებით, №10 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გ. ბ-ის გამოეცხადა მადლობა სანიმუშო ყოფაქცევისათვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №10 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 11 ოქტომბრის №578 ბრძანებით, №10 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გ. ბ-ის გამოეცხადა მადლობა სანიმუშო ყოფაქცევისათვის (ს.ფ 17, 19); ვ) ქ. სენაკში, სოფელ ...ში მცხოვრები პ. გ-ის 2015 წლის 8 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, №002311214001 სისხლის სამართლის საქმეში იგი ცნობილია დაზარალებულად. ბრალდებულს შეურიგდა, მის ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა და არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამავე განცხადებით, პ. გ-ი თანახმაა გ. ბ-ის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საპატიმრო სასჯელი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება (ს.ფ. 145-146); ზ) ქ. სენაკში, ...ის ჩიხი №...-ში მცხოვრები გ. შ-ას 2015 წლის 8 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, №002311214001 სისხლის სამართლის საქმეში იგი ცნობილია დაზარალებულად. ბრალდებულს შეურიგდა, მის ოჯახთან აქვს ურთიერთობა და არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამავე განცხადებით, გ. შ-ა თანახმაა გ. ბ-ის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საპატიმრო სასჯელი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება (ს.ფ. 147-149); თ) ქ. სენაკში, ...ს ქუჩა №...-ში მცხოვრები კ. ს-ას 2015 წლის 8 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, №002311214001 სისხლის სამართლის საქმეში იგი ცნობილია დაზარალებულად. ბრალდებულს შეურიგდა, მის ოჯახთან აქვს ურთიერთობა და არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამავე განცხადებით, კ. ს-ა თანახმაა გ. ბ-ის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საპატიმრო სასჯელი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება (ს.ფ. 150-151); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03/21/შ/პ-0490 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა - სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ არ არის ნასამართლევი, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში არანაირ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა არ მიუღია. საბჭომ საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე და მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა (ს.ფ 20-24).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №03/21/შ/პ-0490 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, რა დროსაც მოპასუხემ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ასევე ის გარემოება, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში გ. ბ-ის არანაირ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობა არ მიუღია და მიიჩნია, რომ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის არ მიღებაზე ხაზგასმა (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის სოციალური აქტივობა არ ჩატარებულა), არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საყურადღებოა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება. ამასთან, დაუსაბუთებელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ უარყოფით მხარეს.
სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე