საქმე №ბს-965(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 21 მაისს მ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს. ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი - გ., მ. და დ. კ-ეები. მეუღლესთან განქორწინებულია, 90-იანი წლებიდან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, სასტუმრო ,,...ში“.
მოსარჩელის მითითებით, მათი საცხოვრებელი სახლი არის ნგრევადი ობიექტი, რის გამოც მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება. მოპასუხის 2021 წლის 28 აპრილის №03-1705/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების და მეუღლის ალტერნატიული საკუთრების საფუძვლით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რითაც დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის №03-1705/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წაყროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის - მ. გ-იის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მ. გ-იმა 2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და დააზუსტა მოსარჩელეთა წრე, კერძოდ მასთან ერთად მოსარჩელეებად მიუთითა შვილები - გ. კ-ე, დ. კ-ე და მ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-იის, გ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1705/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. გ-იის, გ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ" წესზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების პრიორიტეტულობა. ამასთან, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტებთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ მითითებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მ. გ-იი სამი ბავშვით, ცხოვრობს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად საცხოვრებელ ფართში, რაც ,,წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველია, ამ წესითვე განსაზღვრული კრიტერიუმების დაუცველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ,,განსახლების ადგილას“ ცხოვრების ფაქტი მოწმე - დ. კ-ამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ სააგენტოს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ. გ-იის და ზ. კ-ეის ერთად ცხოვრების ფაქტი. მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია ავტომატურად არ გულისხმობს მეუღლეთა ფაქტიურ თანაცხოვრებასაც (მაგ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ).
სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, განხორციელებული მონიტორინგის დროს მ. გ-იის ოჯახის ,,განსახლების ადგილზე“ ზ. კ-ეე არ იმყოფებოდა, მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ მ. გ-იი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილ მეუღლესთან ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ეის საკუთრებაში არსებული ბინის მ. გ-ეზე გაქირავების ფაქტი ვერ იმოქმედებს სარჩელის საფუძვლიანობაზე, რადგან არ არის დადასტურებული, რომ ზ. კ-ეე და მოსარჩელეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომელიც ემყარებოდა შესაბამის მტკიცებულებებს დაეყრდო რა მხოლოდ კომუნალური გადასახადის ქვითრებს და იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი ქონება. კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., ბინა N24 ფორმალურად გაასხვისა მეუღლე - ზ. კ-ეეზე. 2021 წლის 10 თებერვლის მონიტორინგის ოქმით, მ. გ-იის მეზობელმა, ბინა N...-ში მცხოვრებმა პირმა განაცხადა, რომ N24 ბინაში ცხოვრობს მ. გ-იი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. განქორწინების თაობაზე მ. გ-იის ზეპირსიტყვიერი განცხადება ემსახურებოდა სააგენტოს შეცდომაში შეყვანას, რათა არ აღმოჩენილიყო ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება. სააგენტო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სრულყოფილი წარმოება არ ჩატარებულა და საკითხი გამოუკვლეველია. სააგენტოს ვალდებულებას არ წარმოადგენს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის ძებნა. კრიტერიუმების გარეშე დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მოწმდება დევნილი ოჯახების კონკრეტულად იმ ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი და სააგენტო ვალდებული არ არის ჩაატაროს სამძებრო ღონისძიებები იმ გარემოების დასადგენად კონკრეტულად სად ცხოვრობს დევნილი.
კასატორმა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანება, რომლის თანახმად პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობისას, სააგენტო არ არის უფლებამოსილი დევნილი ოჯახი სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს და კრიტერიუმების შესაბამისი ქულების გარეშე გაასახლოს. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს უსამართლობის განცდას და გააჩენს პროტესტის გრძნობას სხვა დასაკმაყოფილებელ დევნილ ოჯახებს შორის.
კასატორი მიუთითებს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ,,ამ წესის" შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მ. გ-იის ოჯახის წევრს - მეუღლეს გააჩნია საკუთრება, რომელსაც აქირავებს. შესაბამისად, მ. გ-ის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხი განიხილება შემდეგ ეტაპზე მინიჭებული ქულების შესაბამისად. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სააგენტოს გააჩნია ვალდებულება, ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და შეუქმნას ცხოვრებისთვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების, რიგითობის სრული დაცვით და არსებული სტრატეგიის შესაბამისად. კასატორი აცხადებს, მონიტორინგის განხორციელებისას მ. გ-იმა განაცხადა, რომ განქორწინებულია ზ. კ-ეესთან და ეს უკანასკნელი ცხოვრობს ქარელის რაიონში, სოფელ ...ში. კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მეუღლესთან განქორწინების ფაქტი. ამასთან, მეზობელთან გასაუბრებით დგინდება, რომ მ. გ-იი ცხოვრობს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მხარე რეალურად ფლობს და სარგებლობს მეუღლის საცხოვრებელი სახლით. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხარე შესაძლოა დარჩეს თავშესაფრის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 21 აპრილს (ოქმი N28) იმსჯელა მ. გ-იის საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა იგი მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მ. გ-იის ოჯახის წევრს, მეუღლეს გააჩნია საკუთრება, რომელსაც აქირავებს. შესაბამისად, მ. გ-იის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხის განხილვა მოხდება შემდეგ ეტაპზე მინიჭებული ქულების შესაბამისად.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. სააგენტომ შეისწავლა რა, მ. გ-იის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი დაადგინა, რომ პირი აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა და ასევე მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1705/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების და მეუღლის ალტერნატიული საკუთრებების გამო მ. გ-იის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები ითხოვენ ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და სააგენტოსთვის მ. გ-იის, გ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. ზემოაღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადება, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. მოსარჩელეების რეგისტრაციის ადგილია: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, „...ი“. მოსარჩელეები სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
2016 წლის 21 იანვარს მ. გ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განმცხადებელმა ოჯახის წევრებად მიუთითა სამი არასრულწლოვანი შვილი.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 7.00 ქულით. 2,00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები 3 არასრულწლოვანი; 3.00 ქულა - დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მართლზომიერ მფლობელობაში გაცემულ საცხოვრებელ ფართში. 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ..., ,,...ი’’.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
2021 წლის 21 აპრილის №28 ოქმით კომისიამ 02.04.2021 წლის სხდომაზე (ოქმი 19) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელა ქ. თბილისში, ...ში მდებარე „სასტუმრო ...ის“ აღწერა, მასში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა დადგენის მიზნით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული, 13.03.2017 წლის N001357917 დასკვნის საფუძველზე, კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ სასტუმრო „...ი“ განხილულ იქნას, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილეს კრიტერიუმების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მ. გ-იის ოჯახს უარი ეთქვა განსახლებაზე და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების და მეუღლის ალტერნატიული საკუთრების გამო).
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თანახმად, დევნილი ოჯახის უპირობო დაკმაყოფილებს საფუძველს წარმოადგენს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში დევნილი ოჯახის ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში და ზ. კ-ეის მოსარჩელეებთან ერთად ცხოვრების ფაქტის არსებობა/არარსებობის დადგენა.
საქმეში დაცული 2018 წლის 31 იანვრის აღწერის ფორმით დგინდება, რომ მონიტორინგის თანამშრომლებს ქ. თბილისში, თბილისის ...ში მდებარე სასტუმრო „...ში“ დახვდათ მ. გ-იი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სამ შვილთან ერთად. მ. გ-იის განმარტებით, 2004 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. კ-ეესთან, 2015 წლის მარტიდან ისინი აღარ თანაცხოვრობენ. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის 2020 წლის 29 დეკემბრის მონიტორინგის ოქმით ასევე დასტურდება, მ. გ-იი შვილებთან ერთად იმყოფებოდა განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისში, ...ის დასახლება, სასტუმრო „...ში“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუგეგმავი მონიტორინგის განხორციელებისას წარმოებული დოკუმენტაციით მ. გ-იის და მისი შვილების ნგრევად ობიექტში ყოფნა ცალსახად დადასტურებულია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება, რამეთუ საქმეში დაცული მონიტორინგის ოქმებით საპირისპირო დასტურდება. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულნი არიან მ. გ-იი, მუ. გ-ი, რ. გ-ი, გ. კ-ე, დ. კ-ე. მ. გ-იის შვილებთან ერთად მათი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა „...ის“ ამხანაგობის თავმჯდომარემ. მოსარჩელეთა „...ში“ ცხოვრების ფაქტი დგინდება საქმეში დაცული კომუნალური გადასახადების (დენის, წყლის) აბონენტის ბრუნვის ამონაწერებით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების უარის თქმის მეორე საფუძვლად ასევე მიუთითა მ. გ-იის ალტერნატიულ საკუთრებაზე, კერძოდ მეუღლის - ზ. კ-ეის სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად არ იძლევა იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ მ. გ-იი და მის მეუღლე თანაცხოვრობენ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება მ. გ-იის და ზ. კ-ეის ქორწინების რეგისტრაციის ან განქორწინების ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 29.12.2020წ. მონიტორინგის ოქმის თანახმად, მოსარჩელე - მ. გ-იმა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ 2005 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. კ-ეესთან, თუმცა 2015 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებისა, რომ ზ. კ-ეე მ. გ-იის ოჯახის წევრია, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მონიტორინგის განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს მ. გ-იის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდათ ზ. კ-ეე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-ეის მიერ უძრავი ნივთის ფლობა არ ჰქმნის მოსარჩელეების დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს და საცხოვრებლად უვარგისია.
კასატორი მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერებზე. საჯარო რეესტრის 2011 წლის 1 ივლისის ამონაწერის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ბინა რეგისტრირებული იყო მ. გ-იის სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრის 2012 წლის 16 მარტის ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეა - ზ. კ-ეე. მონიტორინგის 2021 წლის 10 თებერვლის ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მცხოვრები ნ. ბ-ას განცხადებით საცხოვრისი იქირავა ზ. კ-ეისგან. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზ. კ-ეის მიერ ბინის გაქირავების ფაქტი სარჩელის საფუძვლიანობაზე ვერ იმოქმედებს, რამეთუ არ დასტურდება ზ. კ-ეის და მ. გ-იის ერთ ოჯახად ცხოვრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს წერილი ადასტურებს, რომ მ. გ-იის სახელზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი მ. გ-იის და მისი შვილების ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან და ზ. კ-ესთან ცხოვრებასთან ერთად დაკავშირებით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, რაც გამორიცხავდა მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვტან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა მ. გ-იის არასრულწლოვანი შვილების - გ. კ-ეის (დაბ: ...), დ. კ-ეის (...) და მ. კ-ეის (დაბ: ...) საუკეთესო ინტერესები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა