საქმე №ბს-992(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 ოქტომბერს ნ. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, ნ. თ-იი და მისი არასრულწლოვანი შვილები მ. ქ-ი და ს. ქ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ამ სტატუსით რეგისტრირებული არიან მისამართზე ქ. თბილისი, ...ის დასახლება სასტუმრო "..."-ში. ნ. თ-იის ოჯახის შემადგენლობაში ასევე შედის მისი მეუღლე - შ. ქ-ი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიამ განიხილა ნ. თ-იის მოთხოვნა, თუმცა სააგენტომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელის ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ნ. თ-იის ოჯახს ერიცხება საკუთრება.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2301/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2301/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, 2019 წლის 29 აგვისტოს, განხორციელდა მონიტორინგი ქალაქ თბილისში, სასტუმრო ,,...ის“ ბინა N223-ში (ნ. თ-იის რეგისტრაციის და ძირითადი საცხოვრებელი ადგილი). აღწერის ოქმში აღნიშნულია, რომ ნ. თ-ითან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობს მისი დედა - გ. თ-ი. 2019 წლის 5 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სადაც, ნ. თ-იის მეუღლის - შ. ქ-ის კუთვნილი ფართი დახვდათ დაკეტილი; მეზობელ - ვ. ჯ-ის განმარტებით, შ. ქ-ი ცხოვრობს თბილისში და 2 წელია სოფელში არ გამოჩენილა. 2019 წლის 6 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქალაქ თბილისში, ...ის №7ბ-ში მდებარე მე-3 კორპუსში, სადაც ნ. თ-იის დედის - გ. თ-ის კუთვნილი №... ბინა დახვდათ დაკეტილი. ოქმში აღნიშნულია, რომ მეზობლების - ა-ეის და ხ-ის განმარტებით, ეს ბინა დაგირავებულია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით დადგენილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, გ. თ-ის ოჯახში რეგისტრირებულნი არიან: ნ. თ-იი, შ., ს. და მ. ქ-იები; ოჯახს მიკუთვნებული აქვს სარეიტინგო ქულა 19370.
საქმეში დაცული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასტუმრო ,,...ის“ შენობას, დაზიანებათა მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით, აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილია შენობაში კომპაქტურად განსახლებული დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უალტერნატივოდ დაკმაყოფილება, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში პირველივე რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ შენობაში.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (საკადასტრო კოდი №...), 2012 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, ეკუთვნოდათ რ., შ. და მ. ქ-იებს, ასევე - მ. ხ-ის, ხოლო 2017 წლის 24 აპრილის შემდგომ, იგივე უძრავი ქონება რეგისტრირებულია მხოლოდ მ. ხ-იისა და რ. ქ-იის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის გადამწყვეტად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, ცხოვრობს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად საცხოვრებელ ფართობში (ქალაქ თბილისში, სასტუმრო „...ის“ შენობაში), რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მტკიცებულებაზე (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) დაყრდნობით მიიჩნია, რომ არ დასტურდება შ. ქ-ის სახელზე უძრავი ქონების არსებობა, სადაც შეიძლებოდა ნ. თ-იის ოჯახს ეცხოვრა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნ. თ-იის დედას - გ. თ-ის სახელმწიფოსგან მიეკუთვნა საცხოვრებელი ფართი, ნ. თ-იისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული სადავო აქტი განპირობებული არ იყო „წესის“ 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სრულყოფილად მოიძია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, განახორციელა მონიტორინგი, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორედ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოსცა სადავო ბრძანება.
სააგენტოს მიერ ინფორმაციის მოძიების მიზნით განხორციელდა მონიტორინგი დუშეთის რაიონის, სოფელ ...ში. ზემოაღნიშნულ მისამართზე სააგენტოს თანამშრომლებს შ. ქ-ის ფართი დაკეტილი დახვდათ, ხოლო მეზობლის განმარტებით, შ. ქ-ის ოჯახი თბილისში ცხოვრობს. 2019 წლის 6 სექტემბერს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის დედის - გ. თ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, ...ის N..., კორპ. ..., ბინა N.... მეზობლების განცხადებით, გ. თ-ის ბინა გაქირავებული აქვს. ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გ. თ-ის სახელმწიფოსგან მიღებული აქვს საცხოვრებელი ბინა, რომელსაც აქირავებს და იღებს შემოსავალს. მოსარჩელის მეუღლეს კი დუშეთის რაიონში, სოფელ ...ში, აქვს სახლი რომელიც დაკეტილია. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, ნ. თ-იი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-161/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ითხოვს სააგენტოსთვის მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
2013 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელე ნ. თ-იის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ოჯახის წევრებთან - შ. ქ-ითან, ს. ქ-ითან და მ. ქ-ითან ერთად (განაცხადიდან ამოღებული იქნა დედა, გ. თ-ი, რომელსაც დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი მის: ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., კორპ. 2). ნ. თ-იის ოჯახმა განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 6.00 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2.00 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 3.00 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 2 ივნისის N01- 02/08/14647 წერილის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე „...ის სასტუმროს“ შენობას დაზიანებათა მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აღნიშნულიდან გამომდინარე დაგეგმილია შენობაში კომპაქტურად განსახლებული დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უალტერნატივოდ დაკმაყოფილება, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ქ.თბილისში პირველივე რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ შენობაში.
2019 წლის 29 აგვისტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის სასტუმროში, მე-2 სართულის, ბინა N223-ში, აღნიშნულ მონიტორინგის ოქმში მიეთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ნ. თ-იი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი 1993 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დასჭირდათ დედის - გ. თ-ის ბინის დაგირავება.
2019 წლის 5 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა დუშეთის რაიონ, სოფელ ...ში, სადაც მოსარჩელის მეუღლე არ დახვდათ, ბინა იყო დაკეტილი, მეზობლების განმარტებით შ. ქ-ი არ უნახავთ 2 წელზე მეტია.
2019 წლის 6 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის N7ა, კორპუსი N3, ბინა N... ნ. თ-იის დედის - გ. თ-ის მიერ მიღებულ ბინაში, სადაც არავინ დახვდათ, მონიტორინგის ჯგუფს მეზობლებმა განუცხადეს, რომ გ. თ-იმა აღნიშნული ბინა დააგირავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2301/ო ბრძანების თანახმად, ნ. თ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საკუთრების გამო. სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერებაა სადავოდ გამხდარი მოსარჩელის მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. თ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე სხვა საფუძვლით ერთხელ უკვე უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 თებერვლის N587 ბრძანებით, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საგულისხმოა, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. თ-ის კვლავ უარი უთხრა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს და სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე „...ის სასტუმროს“ შენობა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს სოცოცხლისთვის საფრთხის შემცველ, მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანების ობიექტს, რომლიდანაც დაგეგმილია შენობაში კომპაქტურად განსახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართით უალტერნატივოს დაკმაყოფილება, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ქ. თბილისში პირველივე რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ შენობაში. კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დგინდება ნ. თ-იის განსახლების პრიორიტეტულობა, რადგან მოსარჩელის ოჯახის წევრს გააჩნდა ალტერნატიული საკუთრება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საჯარო რეესტრის 24.02.2012წ ამონაწერის თანახმად, დუშეთის რაიონში, სოფელი ...ში, ს/კ N... უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ მ. ქ-იი, მ. ს-ი, რ. ქ-იი, შ. ქ-ი. 25.07.2017წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად კი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია მ. ხ-იის და რ. ქ-იის სახელზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნ. თ-იის ალტერნატიული საკუთრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ მისი მეუღლეს 2012 წელს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის გაკეთებამდე გააჩნდა თანასაკუთრება. სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერის ცნება. სწორედ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარმოადგენს იმ წერილობით მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება უძრავ ნივთზე კონკრეტული პირის საკუთრების უფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი სადავო ბრძანების გამოცემისას, მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების სახელზე უძრავი ნივთის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული კასატორის მოსაზრება მოსარჩელის ალტერნატიულ საკუთრებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ნ. თ-იის დედისთვის - გ. თ-ისთვის სახელმწიფოსგან ბინის მიკუთვნება დამაბრკოლებელი ვერ იქნება ნ. თ-იის მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ბრძანება არ ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა