საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1239(კ-22) 17 იანვარი, 2023 წელი ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - კ. მ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 21 ივნისს კ. მ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1440 ლარის ოდენობით 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2020 წლის 25 აგვისტოდან აღსრულებამდე სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07%-ის (რაც დღეში შეადგენს 1 ლარს) და მოსარჩელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის ანაზღაურების დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, კ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების 1400 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; კ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის, 2020 წლის 25 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების 0,07% გადახდის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის, 2020 წლის 25 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დავალიანების თანხის 0.07%-ის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებებისა და განმარტებების გარეშე, დადგენილი ერთიანი სასამართლო პრაქტიკის გვერდის ავლით და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები და ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ 2020 წლის აგვისტოში კ. მ-ა არ ცხადდებოდა სამსახურში და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე სამუშაო საათების დასრულებამდე ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურიდან წასვლას. აღნიშნულის გამო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კ. მ-ას სისტემატური გამოუცხადებლობა მიჩნეული იქნა არასაპატიოდ, რაც შესაბამისად ასახული იქნა ტაბელში, რის საფუძველზეც არ ანაზღაურდა გაცდენილი სამუშაო საათები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 მარტის №241 ბრძანებით დამტკიცებული "ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შინაგანაწესის" მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთათვის სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო, კერძოდ, "დაწესებულების ყველა სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის სამუშაო დრო განისაზღვრებოდა 5 დღიანი სამუშაო კვირით. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობა იყო 8 საათი. სამუშაო დღე იწყებოდა 09:00 საათზე და სრულდებოდა 18:00 საათზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამავე შინაგანაწესის მე-11 მუხლით, "საჯარო მოსამსახურეს ეძლეოდა შრომითი გასამრჯელო ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 1-5 რიცხვისა. შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხდებოდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის შესაბამისად, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გადაეცემოდა ხელფასის გაცემამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე." "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე-6 და მე-11 მუხლების გათვალისწინებით, სამსახურში თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების პრინციპის თანახმად, თანამშრომლების მიერ სამუშაო დღეების აღრიცხვის მიზნით იწარმოებოდა ე.წ. ყოველთვიური ტაბელი, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ნამუშევარი დღეების დათვლა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა. რაც შეეხება კ. მ-ას სასარგებლოდ საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სახელფასო დავალიანების დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0.07% დაკისრებას და საჯარო მოხელეზე შრომის კოდექსის ნორმების გავრცელებას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელის უფლების დაცვას, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლეოდა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურეებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედების ფარგლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედება ვრცელდებოდა ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში. კ. მ-ა წარმოადგენდა პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომელსაც სამსახურში არადროულად გამოცხადების, გაცდენისა და დროზე ადრე წასვლის ფაქტების გამო დაუკავდა მხოლოდ 1 თვის ანაზღაურება, მოსარჩელეს 2020 წლის სექტემბრის და სხვა ნამუშევარი თვეების ანაზღაურება მიღებული აქვს კანონის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმ ფაქტთან მიმართებით, რომ ეს წარმოადგენს განსხვავებულ შემთხვევას სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელისგან, რომელიც შემდეგ აღადგინეს, არ არის მართებული, იმ კუთხით, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის გარანტიები იყო ერთი და იგივე, კანონი არ ითვალისწინებდა პირების არათანასწორ პირობებში ჩაყენების პრინციპს. კ. მ-ას შემთხვევაში 1 თვის ხელფასის დაკავება განხორციელდა მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, რომლის დაწყებული დისციპლინური წარმოებაც მხარის მიერ ხელოვნურად იქნა გაჭიანურებული, სასამართლოში გასაჩივრებით. შესაბამისად მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და კერძოდ, აღნიშნული კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, რომელიც არ ითვალისწინებს ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დაყოვნებული ყოველი დღისათვის დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენება უსაფუძვლო იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელე კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კ. მ-ა 2017 წლიდან მუშაობს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების (ამჟამად - ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება) უფროსის თანამდებობაზე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 13 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფროსის - კ. მ-ას მიერ სამსახურის სისტემატურ არასაპატიო გაცდენის, დაგვიანებით გამოცხადებისა და დროზე ადრე სამსახურიდან წასვლის ფაქტების თაობაზე. მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მერს წარედგინა წინადადება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 13 აგვისტოს №844 ბრძანებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფროსის კ. მ-ას მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, სამსახურში მიმოსვლის, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, მერიის შინაგანაწესით გათვალისწინებული ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება. საქმეში წარმოდგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 თებერვლის №3-224-20 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსარჩელე კ. მ-ამ მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 13 აგვისტოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ №844 ბრძანების ბათილად ცნობა. მოცემული გადაწყვეტილებით, კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილი 2020 წლის 24 აგვისტოს №7628-02, 2020 წლის 25 აგვისტოს №7664-02, 2020 წლის 26 აგვისტოს №7715-02, 2020 წლის 31 აგვისტოს №7803-02 და 2020 წლის 31 აგვისტოს №7801-02 განცხადებები, სადაც მითითებულია, რომ კ. მ-ას არ ჩაერიცხა 2020 წლის აგვისტოს თანამდებობრივი სარგო და ბიულეტენის თანხა. ამავე განცხადებებით მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის განმარტებული ყოფილიყო რატომ არ მოხდა ზემოაღნიშნული თანხების ჩარიცხვა და რა იყო მისი კუთვნილი ხელფასის დარიცხვის შეჩერების საფუძველი. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მხარდაჭერის სამსახურმა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს აპარატის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, 2021 წლის 26 ივლისის წერილის პასუხად აცნობა, რომ სამსახურში თანამშრომლების მიერ სამუშაო დღეების აღრიცხვის მიზნით იწარმოება ე.წ. ყოველთვიური ტაბელი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ნამუშევარი დღეების ანაზღაურება. 2020 წლის აგვისტოში, ვინაიდან, კ. მ-ა არ ცხადდებოდა და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურიდან წასვლას, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოსარჩელის სისტემატური გამოუცხადებლობა მიჩნეული იქნა არასაპატიოდ, რაც შესაბამისად ასახული იქნა ტაბელში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურმა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს აპარატის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 2021 წლის 26 ივლისის წერილის პასუხად აცნობა, რომ კ. მ-ას მიმართ არ განხორციელდა 2020 წლის აგვისტოს თვის სახელფასო თანხის ანაზღაურება სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს კ. მ-ასათვის 2020 აგვისტოს ხელფასის ჩარიცხვაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს. პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამასთან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 მარტის №241 ბრძანებით დამტკიცებული ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის“ მე-11 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს ეძლევა შრომითი გასამრჯელო ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 1-5 რიცხვისა. შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხდება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის შესაბამისად, რომელიც მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურს გადაეცემა ხელფასის გაცემამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ მოხელე სარგებლობს შრომის ანაზღაურების მიღების უფლებით, რომლის შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული კონკრეტული წინაპირობების არსებობისას. მოცემულ შეთხვევაში, დადგენილია, რომ კ. მ-ას მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, სამსახურში მიმოსვლის, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, მერიის შინაგანაწესით გათვალისწინებული ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო დისციპლინური წარმოება, თუმცა სახდელის რაიმე ფორმა მის მიმართ გამოყენებული არ არის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კ. მ-ას მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 87-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია კ. მ-ასათვის ხელფასის ჩარიცხვაზე უარის თქმა. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი და არც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი არ შეიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის (სარგოს) სრულ დაკავებას. შესაბამისად, გასაზიარებლია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ იმ სახის პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, ცალსახად კანონშეუსაბამოდ აქცევს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას და ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების გაუქმების ნაწილში უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ქ. რუსათავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელე კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე