Facebook Twitter

საქმე #ბს-1014(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 6 ნოემბერს გ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის გლდანის რაიონის გამგეობის 1998 წლის #23 გადაწყვეტილების საფუძველზე, მას და მის მეზობლებს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გამოეყოთ ტერიტორია ავტოფარეხის ასაშენებლად. მან ააშენა კაპიტალური ავტოფარეხი ...ის მე-... მ/რ-ის, კორპ. #19-ის მიმდებარედ და მას შემდგომ სარგებლობს 58 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რასაც ადასტურებენ მისი მეზობლებიც.

მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 28 მაისს მან #12/75183-7 განცხადებით მიმართა თბილისის მერიას მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ, რაზეც კომისიამ მას უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ თავდაპირველად უნდა განხორციელებულიყო კორპუსისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა. საზღვრების დადგენის შემდგომ, 2016 წლის 22 სექტემბერს, მან #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით, მის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, ზემოაღნიშნულ განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2016 წლის 28 სექტემბრის #... მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოქალაქე გ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, ასევე, სხვა დოკუმენტაცია.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, 2016 წლის 12 ოქტომბერს მიღებული #... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა განაახლა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 3 იანვრის #... გადწაყვეტილებით განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2017 წლის 3 იანვრის #... მიმართვით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიას დოკუმენტაცია არ უნდა გადაგზავნოდა, რადგანაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სააგენტომ უნდა მიმართოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში. მოსარჩელის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მის მიერ მოთხოვნილ იქნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულებით მას უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. თავის მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე იმ საფუძვლით, რომ აღიარების კომისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მისი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქალაქ თბილისში, ...ი, მე-... მ/რ, კორპ. #19-ის მიმდებარედ არსებულ 58 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგ, გ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2022 წლის 20 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარის 1500 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროცესის ხარჯის, კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო აქტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულება გამოცემული იყო 2019 წელს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების ფარგლებში, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ზეპირსიტყვიერი მოსაზრება გზის გაფართოების შესაძლო საჭიროებაზე, უნდა გამყარებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, კორპ. #19-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 58 კვ.მ) გ. მ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძვლად. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა დასაბუთებას, კონკრეტულად რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდებოდა, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებული გარემოებები არ იყო დასაბუთებული. ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, კერძოდ, გზის გაფართოების შესაძლო საჭიროების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე ასახული მონაცემების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზემოხსენებული მსჯელობა არ ემყარებოდა სათანადო მტკიცებულებს.

შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გ. მ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესებზე და აღნიშნა, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაზე, რომლითაც მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ითხოვდა სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარის თანხის ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ისა და გ. მ-ის შორის 2022 წლის 4 ივლისს გაფორმდა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ #2022-07 ხელშეკრულება, რომლითაც მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 500 ლარით. გადახდის ქვითრით, ასევე, დადგენილი იყო, რომ 2022 წლის 4 ივლისს განხორციელდა საადვოკატო მომსახურების საფასურის გადარიცხვა, მიმღები - ა. მ-იი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) იძულებული იყო საკუთარი უფლებების და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით სასამართლოში. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეული იყო პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გ. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროცესის ხარჯის, კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ კომისიის მიერ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. თუმცა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ რა გარემოება უნდა იქნეს დამატებით გამოკვლეული.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქალაქ თბილისში, ...ი, მე-... მ/რ, კორპ. #19-ის მიმდებარედ არსებულ 58 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს გ. მ-იმა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში, კორპ. #19-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. გ. მ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, კორპ. #19-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 58 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გეგმარებითი პრინციპები და საფუძვლები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით და ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს, აგრეთვე განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ის ექვემდებარება სრულ რევიზიას 5 და 10-წლიან ნიშნულებზე.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან, სადავო აქტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულება გამოცემულია 2019 წელს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების ფარგლებში, უნდა იქნეს გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ზეპირსიტყვიერი მოსაზრება გზის გაფართოების შესაძლო საჭიროებაზე, უნდა გამყარდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 23 სექტემბრის #... განკარგულებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, კორპ. #19-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 58 კვ.მ) გ. მ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძვლად. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, კონკრეტულად რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებული გარემოებები არის ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, კერძოდ, გზის გაფართოების შესაძლო საჭიროების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე ასახული მონაცემების მხედველობაში მიღებით, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.

შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1500 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს მიეკუთვნება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი შეეხება მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მატერიალური უკანონობის მტკიცებას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის არაგონივრულობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა