Facebook Twitter

საქმე №ბს-1213(კ-22) 12 იანვარი, 2023წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 10 მარტს ზ. ქ-ამ, ნ. ქ-ამ, ჯ. ქ-ამ, დ. მ-იმა და ე. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №3. მოსარჩელეთა მითითებით, მათი საცხოვრებელი სახლი არის ნგრევადი ობიექტი, რაც დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი, რის გამოც ნგრევად შენობაში ცხოვრებით საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსარჩელეების მითითებით, აღნიშნულ ობიექტში მათი ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის 2021 წლის 28 იანვრის №03-...9/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს დევნილის სტატუსის შესაბამისად სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ.

ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-...9/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეების - ზ. ქ-ას, ნ. ქ-ას, ჯ. ქ-ას, ე. ქ-ას და დ. მ-იის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ას, ნ. ქ-ას, ჯ. ქ-ას, დ. მ-იის და ე. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-...9/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეების - ზ. ქ-ას, ნ. ქ-ას, ჯ. ქ-ას, დ. მ-იის და ე. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები. პალატამ არ გაიზიარა ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოება მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეების რეგისტრაციის მისამართზე არყოფნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ფართში არყოფნა, არ გამორიცხავს ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ობიექტი არის ნგრევადი და შესაძლებელია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (იხ. სუსგ Nბს-180(კ-21), 07/10/2021 წ.).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეები რეგისტრირებულები არიან ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე მდებარე ...ის შენობა N...-ში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სასკ-ის 17.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული აქტის კანონიერების დადასტურება და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა, რაც გახდებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის უარყოფის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნის (ე. ქ-ას) საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს მოსარჩელეთა ნგრევად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრების ფაქტი. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ ზ. ქ-ა, ნ. ქ-ა, ჯ. ქ-ა, დ. მ-იი არ წარმოადგენენ ნგრევადი ობიექტის მდებარე - ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა N3-ში მდებარე, ...ის შენობის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. პირველი ვიზიტის დროს მონიტორინგის თანამშრომლებს არავინ დახვდათ მისამართზე, მოსარჩელეთა მეზობლების განმარტებით არ ჰქონდათ ინფორმაცია ზ. ქ-ას ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის შესახებ. 2020 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ მოითხოვა განმეორებითი ვიზიტი, რაც იმავე დღეს განხორციელდა. დამატებითი ვიზიტის დროს მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ ზ. ქ-ა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება განმეორებითი ვიზიტის მოულოდნელობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვიზიტისას დადასტურდა, რომ ჯ. ქ-ა ორი წელია ცხოვრობს პოლონეთში, რძალი და შვილიშვილი კი ცხოვრობენ სენაკში დ. მ-იის მშობლების სახლში. ამდენად, მონიტორინგის მიერ განხორციელებული აღწერისა და დამატებით შედგენილი გასაუბრების ოქმის მიხედვით კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ას ოჯახი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-...9/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელეები ითხოვენ სააგენტოსთვის მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-... მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეები - ზ. ქ-ა, ე. ქ-ა, ნ. ქ-ა და ჯ. ქ-ა წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის ადგილია: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №3, ...ის შენობა. მოსარჩელეები სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი სახოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმით კომისიამ იმსჯელა 10.08.2020 წლის სხდომაზე (ოქმი 41) მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში მდებარე 68 ნგრევადი, სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტების დახურვის მიზნით, მათში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 68 ნგრევადი ობიექტის დახურვის მიზნით, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე, მათ შორის ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. N3, ...ის შენობა განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ზ. ქ-ას, ნ. ქ-ას, ჯ. ქ-ას, ე. ქ-ას და დ. მ-ის უარი ეთქვათ განსახლებაზე და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო).

განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქ. №3-ში მდებარე ...ის შენობა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს სოცოცხლისთვის საფრთხის შემცველ, ნგრევად ობიექტს, თუმცა კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა ზემოაღნიშნულ ფართში ზ. ქ-ას და მისი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მონიტორინგის თანამშრომლების მისამართზე გამოცხადების მომენტში, დევნილი პირები ბინაში არ იმყოფებოდნენ ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში ისინი მისამართზე არ ცხოვრობდნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას, გარკვეულ შემთხვევებში, დევნილი შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, რომ იგი არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. N3-ში მდებარე ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით საგულისხმოა საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, ზ. ქ-ა, ნ. ქ-ა, ე. ქ-ა და დ. მ-იი რეგისტრირებულნი არიან შემდეგ მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა, ...ის შენობა მე-3 სართ, N3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 21.07.2016წ. ამონაწერით ი/მ ჯ. ქ-ას იურიდიულ მისამართად ასევე მითითებულია ქ. ზუგდიდი, ა. ...ს ქ. N3, ...ი. იდენტური მისამართია დაფიქსირებული ასევე ჯ. ქ-ას მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურისადმი მიმართულ 22.07.2016წ. განცხადებაში. ამასთან, საქმეში დაცული სს "კ...სა" და ჯ. ქ-ას შორის გაფორმებულ 29.06.2019წ. საკრედიტო ხელშეკრულებაში, ჯ. ქ-ას ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქ.ზუგდიდი, ...ს ქ. N3. საქმეში დაცულია სსიპ აფხაზეთის მუნიციპალიტეტის N... საჯარო სკოლის ცნობები, რომლითაც დგინდება, რომ ჯ. ქ-ა ნამდვილად სწავლობდა 1999 წლიდან 2002 წლამდე ქალაქ ზუგდიდში განთავსებულ ...ის ... საშუალო სკოლაში. მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები ათობით პირის ხელმოწერით კი დასტურდება, რომ მოსარჩელეები 1998 წლიდან ცხოვრობენ ქ.ზუგდიდში, ა. ...ს ქ. N3-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მონიტორიგის განხორცილებისას მოსარჩელეების ადგილზე არყოფნა, ხოლო მეორე მონიტორინგის განხორცილებისას ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. N3-ში მდებარე ...ის შენობაში მხოლოდ ზ. ქ-ას ყოფნის ფაქტი, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ სხვა მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღწერის ფორმის შედგენისას სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახის ადგილზე არყოფნა იმთავითვე არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საგულისხმოა, რომ მეორე ვიზიტისას, 2020 წლის 15 ოქტომბერს მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ზ. ქ-ა. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ განმეორებითი ვიზიტი განხორციელდა ზ. ქ-ას მოთხოვნის საფუძველზე, განცხადების დაწერის დღესვე, შესაბამისად მისთვის შემოწმება მოულოდნელი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ქ-ას განცხადება 13.10.2020 წელს არის დაწერილი, ხოლო მონიტორინგი განხორციელდა 15.10.2020წ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმეორებითი შემოწმების მოთხოვნისას ზ. ქ-ას მართალია გააჩნდა გონივრული მოლოდინი მის მიმართ მოსალოდნელ შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად როდის განხორციელდებოდა აღნიშნული მოსარჩელის მხრიდან წინასწარ შეცნობადი ვერ იქნებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზ. ქ-ასთვის წინასწარ იყო ცნობილი განმეორებითი შემოწმების თარიღი, რამეთუ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებისა საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, მეორე მონიტორინგის განხორციელებისას დ. მ-იის და მისი არასრულწლოვანი შვილის - ე. ქ-ას სხვა ქალაქში ყოფნა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მოსარჩელეების მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიტოვება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება შეუთავსებელია დევნილთა ღირსეული განსახლების მიზნებთან. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები შექმნას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე არცხოვრების და შესაბამისად, მის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა თვლის, რომ დასტურდება სადავო მისამართზე მდებარე ნგრევად შენობაში მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვნის - ე. ქ-ას საუკეთესო ინტერესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა