საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1435(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ამ 2021 წლის 24 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის N03-1402/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის N03-1402/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. შ-ა, მისი მეუღლე ა. ა-ა და შვილი ე. ა-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ზ. შ-ამ, ა. ა-ასთან ერთად, 2015 წლის 30 აპრილის №TS03522 განაცხადით საცხოვრებელი ფართის მიღება მოითხოვა, ხოლო 2020 წლის 28 სექტემბრის №40994 განცხადებით თბილისში ბინის მიღების შესახებ განაცხადში შვილის - ე. ა-ას ჩამატება მოითხოვა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, ოჯახის წევრებად მითითებულია ზ. შ-ა ა. ა-ასთან ერთად, ხოლო ცალკე მცხოვრებ ოჯახის წევრად მითითებულია ე. ა-ა, მისი ფაქტობრივი მისამართია - რუსეთი. პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ ზ. შ-ას 2020 წლის 30 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით მიენიჭა 7.50 ქულა (15804 C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობელის ოჯახთან ერთად – 1.50, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00, სოციალური კრიტერიუმი 30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00, ა. ა-ა შშმ პირი - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00). შეფასების ელექტრონული ფორმის კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და შვილი, განაცხადს აკეთებენ ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადში დაემატა შვილი ე. ა-ა. მოსარჩელის დას - ე. შ-ას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი (მის: ქ.თბილისი, ...ის ქ.№6, „მ...“). დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის მიხედვით, ზ. შ-ას დააკლდა 3 ქულა (სიღარიბის მაჩვენებელი) (ს.ფ. 56-62), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1402/ო ბრძანებით, ზ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
პალატამ მიუთითა აგრეთვე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01- 30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. კერძოდ, აღნიშნული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. პალატამ მიუთითა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დევნილ ოჯახად მიიჩნევა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ე. ა-ა საქართველოში არ იმყოფებოდა. აღნიშნულს სადავოდ არც მოსარჩელე ხდის. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა. ა-ას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ე. ა-ა შრომით მიგრაციაში იმყოფება რუსეთში. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ მხოლოდ დევნილი ოჯახის ერთი წევრი დროებით საქართველოში არყოფნა, არ გამორიცხავს მოსარჩელეთა დევნილ ოჯახად ყოფნის ფაქტს და არ წარმოადგენს შესაბამისი კრიტერიუმის მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. მოპასუხე სააგენტო ვერ მიუთითებს ე. ა-ას ცალკე ოჯახად (სხვა ოჯახის შემადგენლობაში) არსებობის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებაზე. ამასთან, პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულები საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრების სხვადასხვა მისამართზე დროებით ყოფნა არ გამორიცხავს მოსარჩელეთა დევნილ ოჯახად ყოფნის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ე. ა-ა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში - რუსეთში, ამდენად საფუძველსაა მოკლებული ე. ა-ასა და ზ. შ-ას ერთ ოჯახად მიჩნევა. კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას. კასატორის მოსაზრებით, კანონის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია არა ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობა, არამედ ნათესაური ან თუნდაც არანათესაური კავშირის მქონე პირების მუდმივად ერთად ცხოვრება და შინასამეურნეო საქმიანობის ერთად განხორციელების ფაქტის არსებობა. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებად უნდა ჩაითვალონ ის პირები, რომლებიც ერთ ფართში ცხოვრობენ და ერთად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთან, აღნიშნული 2 პირობა უნდა არსებობდეს ერთად, რაც სახეზე არ არის. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას ე. ა-ას შრომით მიგრაციაში ყოფნის თაობაზე, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. კასატორის მითითებით, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი დასტურდება მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კერძოდ, 2020 წლის 16 დეკემბრის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის დროს ზ. შ-ა და ა. ა-ა იყოფებოდნენ მისამართზე, ხოლო ზ. შ-ას განმარტებით, ე. ა-ა იმყოფებოდა რუსეთში, მისივე თქმით, მისამართზე - ქ.თბილისი, ...ის ... მ/რ, ...ის შენობის მე-3 სართულზე (სხვენი), ცხოვრობენ ქირით (400 ლარი), მანამდე ცხოვრობდნენ ამავე შენობის პირველ სართულზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, ამდენად, საფუძველსაა მოკლებული პალატის მითითება სააგენტოს მიერ სხვა მტკიცებულებების წარმოდგენის აუცილებლობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ. შ-ა, მისი მეუღლე ა. ა-ა და შვილი ე. ა-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ზ. შ-ამ, ა. ა-ასთან ერთად, 2015 წლის 30 აპრილის №TS03522 განაცხადით საცხოვრებელი ფართის მიღება მოითხოვა. ზ. შ-ამ, ა. ა-ასთან ერთად, 2015 წლის 30 აპრილის №TS03522 განაცხადით საცხოვრებელი ფართის მიღება, ხოლო 2020 წლის 28 სექტემბრის №40994 განცხადებით თბილისში ბინის მიღების შესახებ განაცხადში შვილის - ე. ა-ას ჩამატება მოითხოვა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, ოჯახის წევრებად მითითებულია ზ. შ-ა ა. ა-ასთან ერთად, ხოლო ცალკე მცხოვრებ ოჯახის წევრად მითითებულია ე. ა-ა, მისი ფაქტობრივი მისამართია - რუსეთი. დადგენილია აგრეთვე, რომ ზ. შ-ას 2020 წლის 30 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით მიენიჭა 7.50 ქულა (15804 C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობელის ოჯახთან ერთად – 1.50, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00, სოციალური კრიტერიუმი 30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00, ა. ა-ა შშმ პირი - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00). შეფასების ელექტრონული ფორმის კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და შვილი, განაცხადს აკეთებენ ერთად. განცხადების საფუძველზე განაცხადში დაემატა შვილი ე. ა-ა.
2020 წლის 16 დეკემბრის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის დროს ზ. შ-ა და ა. ა-ა იყოფებოდნენ მისამართზე, ხოლო ზ. შ-ას განმარტებით, ე. ა-ა იმყოფებოდა რუსეთში, მისივე თქმით, მისამართზე - ქ.თბილისი, ...ის ... მკ/რ ...ის შენობის მე-3 სართულზე (სხვენი), ცხოვრობენ 3 თვე ქირით (400 ლარი), 2018-2020 წლებში ცხოვრობდნენ ამავე შენობის პირველ სართულზე. 6-7 წელი იცხოვრეს დასთან ...ის ქუჩაზე, ასევე სხვადასხვა მისამართზე. დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03- 1402/ო ბრძანებით ზ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. 2021 წლის 1 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ა. ა-ას დიაგნოზად განსაზღვრული აქვს სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე C20pT2pN1aM0 IIIA სტადია II(მეორე) კლ/ჯგ; ჰ/მორფოლოგიურად მაღალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა G1; სხივური თერაპიის, ოპერაციის შემდგომი პერიოდი; ჰ/მ N340-341 მსხვილი ნაწლავის (სწორი ნაწლავი) მაღალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა G1, სიმსივნის ლიმფოციტურუჯრედული ინფილტრაცია; ზომიერად გამოხატული.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დევნილ ოჯახს არ შეიძლება ეთქვას ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ოჯახის ხელოვნურ გაერთიანება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ ოქმებს და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სხვა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე და მისი შვილი არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 4.5 ქულა (თავდაპირველად 7.5 ქულა, შემდგომში დააკლდა 3 ქულა), რაც საკმარისი იყო მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დევნილი ოჯახის წევრების სხვადასხვა მისამართზე დროებით ყოფნა არ გამორიცხავს მოსარჩელეთა ერთ დევნილ ოჯახად არსებობის ფაქტს და არ წარმოადგენს შესაბამისი კრიტერიუმის მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. მოპასუხე სააგენტო ვერ მიუთითებს ე. ა-ას ცალკე ოჯახად (სხვა ოჯახის შემადგენლობაში) არსებობის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებაზე. გასათვალისწინებელია საქმეზე დადგენილი ის გარემოებაც, რომ ე. ა-ა შრომით მიგრაციაში იმყოფება მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულები საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები. შესაბამისად, მხოლოდ მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ფორმა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის მტკიცებულებად მოსარცელის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების დასადასტურებლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მზია მელაძის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე