საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1384(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჩ-ამ 2020 წლის 07 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 03 აგვისტოს N03-835/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 03 აგვისტოს N03-835/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, გალი, ს. .... დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის გამზირი №... „ა“, კორპ. 1, ბინა №19, სარეგისტრაციო №..., ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ...ის №..., ბინა №..., დევნილი ოჯახი შედგება: მოსარჩელე ჯ. ჩ-ა, შვილი - თ. ჯ-ა, შვილიშვილი - ა. ჯ-ა, შვილიშვილი - მ. ჯ-ა, შვილიშვილი - ან. ჯ-ა, რძალი (არადევნილი) - თ. ა-ე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ჯ. ჩ-ას სარეგისტრაციო ნომერზე (№...) ჰყავს შვილი, რძალი (არადევნილი) და სამი შვილიშვილი. განაცხადი გააკეთა შვილთან და 3 არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. კრიტერიუმების მიხედვით, დევნილი ოჯახი შეფასებულია 5.5 ქულით. დევნილ ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი, ცხოვრობს ქირით, დის - მ. ჩ-ას საკუთრებაში, მდებარე ქ. თბილისი, ...ის №..., ბინა №....
პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 03 აგვისტოს №03-835/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), ჯ. ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამ კანონით განსაზღვრულია დევნილის სამართლებრივი სტატუსი, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები და წესი, დევნილის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ გარანტიები, მისი უფლებები და მოვალეობები.
პალატამ მიუთითა აგრეთვე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 № 01-30/ნ ბრძანებით) მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08/04/2021 №01-30/ნ ბრძანებით) თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, წინამდებარე წესით აღიარებულია ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების, ოჯახის მთლიანობის, ოჯახის ან მეურვის/მზრუნველის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნებისა და მათი განსაკუთრებული დაცვის, ასევე, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დოკუმენტაციისა და საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ამ „წესის“ მე-3 მუხლი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურას, კერძოდ ამავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26.64 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა N..., მდებარე ქალაქ თბილისში, ...ის №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. ჩ-ას (მოსარჩელე ჯ. ჩ-ას და) სახელზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 164-165), ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2020 წლის 03 აგვისტო) აღნიშნული ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. ჯ-ა, ხოლო ჯ. ჩ-ას ოჯახი ცხოვრობდა ქირის გარეშე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). შესაბამისად, შვილის მიერ გასხვისებულ და ამჟამად დის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში (ქირის ან ქირის გარეშე) მოსარჩელის და მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტი არ ათავისუფლებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის შვილი თ. ჯ-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის სექტემბერში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტით განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესები, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, თუმცა ზემოაღნიშნული, სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ იქნა გათვალისწინებული.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, სახეზე არაა შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, საცხოვრებელი ბინა მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი (ყოფილი ...ის №48) დაუკანონდა მ. ჯ-ას (მოსარჩელის შვილი) 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ბინა მ. ჯ-ამ 2019 წელს გადაუფორმა დეიდას - მ. ჩ-ას, რის შემდეგ შეავსო მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე აპლიკაცია. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე საკუთარ დას უხდის ქირას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დასტუდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს შვილის საკუთრებაში, რომელიც მ. ჯ-ამ მოსარჩელის დას მოჩვენებით გადაუფორმა ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანის მიზნით. გარდა ამისა, საქმეს თან ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. ჩ-ას რძალს, თ. ა-ეს, თანასაკუთრებაში ჰქონდა სახლი მისამართზე: სამტრედია, სოფელი ..., რომელიც ასევე 2019 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა პ. ნ-ეს. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. ამდენად, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, აგრეთვე, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდაც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და მხოლოდ ამის შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც, მართალია, აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის არ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით.
კასატორი აღნიშნავს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მინისტრის №320 ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია ამ წესის შესაბამისად ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.
კასატორის მითითებით, თუკი დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი. აღნიშნული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იყოს რეალური და არ ისახავდეს მიზნად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას. მოცემულ შემთხვევაშო, მოსარჩელემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საცხოვრებელთან დაკავშირებით. იგი ცხოვრობს შვილის საცხოვრებელში, რომლიც აღრიცხულია მოსარჩელის დის საკუთრებაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილებზე საცხოვრებლების გადაცემის მარეგულირებელი ნორმა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში, მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება, ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვინც არსებითად არასწორი ინფორმაციის წარდგენით შეეცადა საცხოვრებლის მიღებას, თუმცა იმ დათქმით, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდება შემდეგ ეტაპზე, როდესაც მათ მიერ წარმოდგენილი იქნება სწორი და უტყუარი ინფორმაცია მათი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საცხოვრებელთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის (როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, გალი, ს. .... მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის გამზირი №... „ა“, კორპ. 1, ბინა №19, სარეგისტრაციო №..., ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ...ის №..., ბინა №.... გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ჯ. ჩ-ას სარეგისტრაციო ნომერზე (№...) ჰყავს შვილი, რძალი (არადევნილი) და სამი შვილიშვილი. განაცხადი შეტანილია შვილთან და 3 არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. კრიტერიუმების მიხედვით, დევნილი ოჯახი შეფასებულია 5.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა, თ. ჯ-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული) – 2.00 ქულა). დევნილ ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი, ცხოვრობს ქირით, დის - მ. ჩ-ას საკუთრებაში, მდებარე ქ. თბილისი, ...ის №..., ბინა №.... 2018 წლის 30 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ. თბილისი ...ის გამზირი №..., ბინა №... (ს/კ№..., სართული მე-4, ფართი - 26.64 კვ.მ) რეგისტრირებული იყო მოსარჩელის შვილის მ. ჯ-ას საკუთრების უფლება. ხოლო 2019 წლის 26 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იმავე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მ. ჩ-ას საკუთრების უფლება. 2019 წელს ჯ. ჩ-ას მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზ. №..., ბინა №... მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს ჯ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2019 წლის აპრილიდან ქირის გარეშე დის საკუთრებაში. 2020 წლის 25 მაისს იმავე მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის ოქმის თანახმად, ჯ. ჩ-ა მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2017 წლიდან ქირით, რომელსაც იხდის ხელზე, აღნიშნული საკუთრება არის მოსარჩელის დის მ. ჩ-ას საკუთრებაში. 2012-2017 წლამდე ჯ. ჩ-ა ცხოვრობდა ..., ...ი, კორპ. №... ქირით, ხოლო მანამდე სხვადასხვა მისამართებზე ქირით. სწორედ ზემოაღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მოპასუხე სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია წარადგინა. „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 03 აგვისტოს №03-835/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), ჯ. ჩ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მინისტრის №320 ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია ამ წესის შესაბამისად ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5.5 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ნაქირავებ ფართში ცხოვრების ფაქტს ადგენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის არსებით გარემოებას არ წარმოდგენს დევნილის ქირით ცხოვრების დადასტურება, რამეთუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართით განსაზღვრულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. ამდენად, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება, ისევე როგორც ქირით ცხოვრება, მიეკუთვნება სოციალურ კრიტერიუმთა რიცხვს და ფასდება 1.5 ქულით. დადგენილია, რომ ჯ. ჩ-ა, განცხადების წარდგენის პერიოდში, ცხოვრობდა მისი დის - მ. ჩ-ას საკუთრებაში არსებულ ფართში (ნათესავთან/ახლობელთან ცხოვრება). ქირით ცხოვრების დადასტურების არარსებობის პირობებშიც კი, მოსარჩელის სხვის სახლში ცხოვრება წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს დევნილი ოჯახის ქულათა საერთო რაოდენობას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამის ნორმებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად - მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 3 არასრულწლოვანი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი. პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის შვილი თ. ჯ-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე