საქმე №ბს-912(კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 13 ივლისს ა. ც-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ... წლებში სწავლობდა თბილისის ...სასწავლებელში. მას მიენიჭა საარტილერიო შეიარაღების ...ის კვალიფიკაცია და გადაეცა დიპლომი.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 10 ივნისს №553114 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ, ... წელს, ა. ც-იის სახელზე გაცემული ПВ №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. განცხადების პასუხად, ცენტრის 2021 წლის 1 ივლისის №MES 0 21 0000659930 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზემოაღნიშნულ სასწავლებლის შესახებ არქივში ინფორმაციის არარსებობის საფუძვლით.
მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უსაფუძვლოდ და არათანაზომიერად ლახავს ა. ც-ის უფლებებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოზე (18.10.2021წ) მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 1 ივლისის №MES 0 21 0000659930 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ქ. თბილისის „... სასწავლებლის მიერ ... წელს, ა. ც-იის სახელზე გამოცემული ПВ №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება და ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ც-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 1 ივლისის №MES 0 21 0000659930 გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ა. ც-იის სახელზე ... წელს ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ გაცემული ПВ №... დიპლომის (სარეგისტრაციო N835) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის №3/4360-21 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა, ა. ც-ის სახელზე ... წელს, ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ გაცემული ПВ №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი №835) ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ ა. ც-ის გარდა მის დამსაქმებელს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც გააჩნდა კანონიერი ნდობა ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის და იმ სამართლებრივი შედეგების მიმართ, რაც დადგა აღნიშნული დიპლომის გამოყენებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება. აღნიშნული თვალსაზრისით განმსაზღვრელია სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო ზემოთმითითებული დიპლომის საფუძველზე, სახელმწიფო დღეის მდგომარეობით აღიარებს ყველა იმ შედეგს, რაც მოსარჩელის უფლებებზე აისახა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში განხორციელებული იქნა სათანადო ღონისძიებები და ვერ იქნა მოძიებული საკმარისი ცნობები ქ. თბილისის ... სასწავლებლის თაობაზე, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ხსენებულ სასწავლებელში ჩაირიცხა ... წელს, იმ დროის ცნობები შესაძლოა სიძველის გამო განადგურებული იყოს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისგან, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო აქტით იზღუდება პირის განათლების უფლება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულებების სიძველის გამო არარსებობა თუ ვერ მოპოვება სავალდებულოდ არ გამოიწვევს განმცხადებლისთვის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია ქ. თბილისის ... სასწავლებლის არსებობის თაობაზე. ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას ცენტრი ვერ მოახდენდა საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების ფაქტის შესწავლის/დადგენის გარეშე. ცენტრმა 2021 წლის 01 ივლისს გამოსცა N659930 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი უთხრა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. აღნიშნული აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
კასატორი განმარტავს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც გასცემენ დიპლომს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ინფორმაცია თბილისის ... სასწავლებელის მიერ კონკრეტული სახის სწავლებასთან დააკავშირებით დაუსაბუთებელია რომელ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ პირმა მიიღო უმაღლესი და არა პროფესიული განათლება.
კასატორის მითითებით, კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედეგების გამომწვევი ქმედება გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები.
კასატორი არ ეთანხმება ა. ც-ის სახელზე გაცემული დიპლომის გათანაბრებას ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში − „ნამდვილობის დადასტურების წესი“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ცენტრი. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. შესაბამისად, მოცემული დანაწესიდან გამომდინარე, ცენტრს კანონმდებლობა მხოლოდ და მხოლოდ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას განუსაზღვრავს ვალდებულებას იმსჯელოს პირისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის გათანაბრების საკითხზე. განათლების რომელ საფეხურთან მოხდება მიღებული კვალიფიკაციის გათანაბრება, წარმოადგენს ცენტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელშიც შეიჭრნენ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დაასაბუთეს რომელი ფაქტობრივი გარემოება იძლეოდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ პირის მიერ მიღებული განათლება გათანაბრებული უნდა იყოს ბაკალავრის ხარისხთან.
კანონმდებლობით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. შესაბამისად, კონკრეტული პირის მიერ მიღებული განათლების შესაბამის ხარისხთან გათანაბრების საკითხზე ცენტრი მხოლოდ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შემდეგ მსჯელობს. განსახილველ შემთხვევაში, რადგან ცენტრმა ვერ დაადასტურა პირის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა, მას გასაჩივრებული აქტის - 2021 წლის 01 ივლისის N659930 გადაწყვეტილების ფარგლებში არ უმსჯელია დიპლომის გათანაბრების საკითხზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცენტრს დაავალა ა. ც-ის სახელზე გაცემული ПВ №... დიპლომის ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრება, რითაც სასამართლო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა ცენტრის დისკრეციულ უფლებამოსილებაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუ საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო შეიჭრა ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურად გადასაწყვეტ უფლებამოსილებათა ფარგლებში გასცდა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით დადგენილ კანონისმიერი დანაწესის ფარგლებს.
კასატორის განმარტებით, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი აღნიშნავს, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე უთითებს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია პრობლემის ცალსახად გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოების და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი ,,მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა", რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულვებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. კასატორისთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებული მითითება კანონიერების პრინციპით ადმინისტრაციული ორგანოს ბოჭვასთან დაკავშირებით.
კასატორი მიუთითებს, რომ ა. ც-იის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში მოსარჩელის განათლების ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრება არღვევს სხვა პირთა უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, სახეზე არ იყო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2021 წლის პირველი ივლისის №MES 0 21 0000659930 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, ა. ც-იის სახელზე ... წელს, ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ გაცემული ПВ №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი №835) ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ბაკალავრის ხარისთან გათანაბრების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
დადგენილია, რომ ა. ც-იმა 2021 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მის სახელზე ... წელს ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ გაცემული ПВ №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი №835) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
ა. ც-ის 2021 წლის 10 ივნისის განცხადების განხილვის ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ცენტრს ეცნობა, რომ ქ. თბილისის ... სასწავლებლის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ იყო დაცული. შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიეწოდებინათ ინფორმაცია სასწავლებლის მიერ ... წელს ა. ც-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის თაობაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ცენტრს ეცნობა, რომ საქართველოს უმაღლესი და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, 1984 წლის საარქივო დოკუმენტში (№1368571) ქ. თბილისის ... სასწავლებლის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქ. თბილისის 26 ბაქოელი კომისრის სახელობის წითელი
ვარსკვლავის ორდენოსანი უმაღლესი სამხედრო, საარტილერიო, სამეთაურო სასწავლებლის შესახებ. შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიეწოდებინათ ინფორმაცია სასწავლებლის მიერ ... წელს ა. ც-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის თაობაზე.
საქმეში დაცული დიპლომის ПВ №... შესაბამისად, ... წლის 25 ივლისს, ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიერ ა. დ.-ის ძე ც-იის სახელზე გაიცა ПВ №... დიპლომი (სარეგისტრაციო ნომერი №835) მასზედ, რომ მან ... წელს ჩააბარა ქ. თბილისის ... სასწავლებელში და ... წელს დაამთავრა ხსენებული სასწავლებლის სრული კურსი სპეციალობით „...“; სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ... წლის 23 ივლისს ა.დ. ც-ის მიენიჭა კვალიფიკაცია - ...ი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას კანონმდებლის მიზანი არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება) უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-1265(კ-19); სუსგ 23.04.2019წ. №ბს-470(კ-19)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის და ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ დიპლომის გამცემი სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. მოსარჩელის სასწავლებელში ჩარიცხვის დროის გათვალისწინებით (...), ინფორმაცია სიძველის გამო შეიძლება განადგურებული იყოს, რაც არ ანთავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისგან მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება შეიძლება დაირღვეს.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ გასულ დროსთან მიმართებით (სუსგ 03.02.2015წ. №ბს-428-423(2კ-14); სუსგ 20.01.2015წ. №ბს-367-363(კ-14)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიპლომი 25.07....წ. გაიცა, ხოლო მის დადასტურებაზე უარი ა. ც-ის 01.07.2021წ. ეთქვა. ამდენად, სადავო აქტით ფაქტობრივად უქმდება 34 წლის წინათ წარმოშობილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგი, რაც გამართლებული იქნებოდა იმ პირობებში, უკეთუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება გამოიწვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას. პირის კანონიერი ნდობის დაცვა მოცემულ შემთხვევაში განპირობებულია პირის მნიშვნელოვანი პატივსადები ინტერესით, სადავო აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით კასატორს ართმევს დიპლომის პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, აუქმებს წარსულში განვლილი სწავლის შედეგებს. საქმის მასალების შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო დიპლომის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული ქმედება, პროფესიული საქმიანობის გაწევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დროს გამოცემული ბრძანებებით დასტურდება, რომ ა. ც-ი წლების მანძილზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. შესაბამისად, ა. ც-იის გარდა მის დამსაქმებელსაც (საქართველოს დავდაცვის სამინისტროს) გააჩნდა კანონიერი ნდობა მოსარჩელის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისადმი. კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება. აღნიშნული თვალსაზრისით განმსაზღვრელია სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო აღნიშნული დიპლომის საფუძველზე, სახელმწიფო დღეის მდგომარეობით აღიარებს ყველა იმ შედეგს, რაც მოსარჩელის უფლებებზე აისახა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის პერიოდი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, სახეზეა დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. განსახილველი დავის კატეგორიის დავებთან მიმართებაში უნდა შეპირისპირდეს კანონიერების და პირის კანონიერი ნდობის დაცვის ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი არის დაცვის ღირსი, ვინაიდან მას გააჩნია კანონიერი ნდობა დიპლომის ნამდვილობის მიმართ და არ არსებობს კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება.
კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილითა და 601-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებისა და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს "საქართველოში საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანება და შეიჭრნენ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაში, რადგან ორგანოს პირდაპირ დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ც-იის სახეზე გაცემული დიპლომის ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უდავოდ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხების (დიპლომის ნამდვილობის აღიარება, კონკრეტულ ხარისხთან გათანაბრება) მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მითითებული მუხლის ,,ე1 “, ,,მ“, ,,მ 1 “ და ,,ნ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების კურსი მოიცავს, მათ შორის, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს წარმოადგენს, ხოლო ბაკალავრის ხარისხი პირს ენიჭება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომი წარმოადგენს კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტს, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის აღიარებაზე უნდა შეფასდეს არამხოლოდ მისი ნამდვილობის დადასტურების, არამედ მიღებული განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის (უმაღლესი განათლების საფეხურის) განსაზღვრის კუთხით რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქმეში წარმოდგენილი ПВ №... დიპლომის (სარეგისტრაციო ნომერი №835) თანახმად, ა. ც-იმა ... წელს ჩააბარა ... უმაღლეს სამხედრო, საარტილერიო, სამეთაურო სასწავლებელში და ... წელს დაამთავრა ხსენებული სასწავლებლის სრული კურსი სპეციალობით „...“; სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით ... წელის 23 ივლისს ა.დ. ც-ის მიენიჭა კვალიფიკაცია - ...ი. დიპლომის დანართიდან (ამონაწერი საგამოცდო უწყებიდან) ირკვევა, რომ ... წლიდან ... წლამდე სწავლის განმავლობაში ა. ც-იმა ჩააბარა მთელი რიგი გამოცდები და ჩათვლები სპეციალობის მიხედვით გარკვეულ დისციპლინებში. მოსარჩელის პირადი საქმის მიხედვით, მითითებულ პერიოდში (...წწ.) ა. ც-ის სამოქალაქო განათლების კუთხით მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ქ. თბილისის ... სასწავლებელში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების სტანდარტი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ა. ც-იის სახელზე გაცემული ПВ №... დიპლომი წარმოადგენდა პროფესიული სასწავლებლის და არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დიპლომით და დიპლომის დანართის შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში და შესაბამის საგნებში აბარებდა გამოცდებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 19.07.2022წ. №06851 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2022წ. №06851 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა