Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-236(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-იმა 2020 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანების, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის 2020 წლის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის №88/ს ბრძანებისა და „მ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-190 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დავალდებულება - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი „სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებეზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო აქტების კანონიერების საკითხი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანება, რომლითაც ცვლილებები შევიდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულებაში და გაუქმდა დირექტორის ერთი საშტატო ერთეული, არის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების პრინციპებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მართალია, მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის ნორმებსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს, თუმცა რეალურად არ აფასებენ აქტის მატერიალურ კანონიერებას.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები და ის ამავდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხებზე დადგენილ პრაქტიკას. სამინისტროს გადაწყვეტილების ნაჩქარევ ხასიათზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით ნაცვლად 1 146 000 ლარისა, განისაზღვრა 1 120 000 ლარით (26 000 ლარით ნაკლებით). ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ხელფასი შეადგენდა 48 000 ლარს. შესაბამისად, ამ მოცემულობით ცენტრი, შტატების შეუმცირებლად, 2020 წლის განმავლობაში კიდევ 5 თვე განაგრძობდა საქმიანობას, ისე, რომ მასში დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების პრობლემა არ შეიქმნებოდა, რაც, თავის მხრივ, ადეკვატური დრო იქნებოდა რეორგანიზაციის ჩასატარებლად. ნაცვლად ამისა, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2019 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი იმაზე უფრო ნაკლები ოდენობით, ვიდრე 2020 წლის „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით იყო გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებისთვის.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აქტის კანონიერებისთვის აუცილებელი - დასაბუთებისა და მათ მიღებამდე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასების საჭიროების საკითხი, არ გამოიყენა ნორმები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის სრულად და ობიექტურად გადაწყვეტისთვის, საერთოდ არ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერებაზე და არ შეაფასა კასატორის მიერ წარდგენილი არგუმენტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს „სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანების, იმავე ცენტრის 2020 წლის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის №88/ს ბრძანებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს. საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანების კანონიერება, რომელიც ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. დასახელებული კანონის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. ამასთან, მასში ცვლილების ან დამატების შეტანა იმავე სახის ნორმატიული აქტით უნდა განხორციელდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისას კი მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. ამდენად, მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნორმატიული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №01/1/570 წერილის საფუძველზე. დასახელებული დოკუმენტით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ეთხოვა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ცენტრის დირექტორის მოადგილეების რაოდენობის შემცირება, რაც ცენტრისათვის წინა წელთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტის შემცირებული ოდენობის დამტკიცებით იყო განპირობებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №2-1078 ბრძანებით, ცვლილება შევიდა №2-742 ბრძანებაში, რომლის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ცენტრის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. საკასაციო პალატა ამავდროულად მიუთითებს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები. ამავე მუხლის 31 11 კოდის შესაბამისად კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ხელშეწყობის პროგრამისათვის - შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი იყო 1 151 000 ლარი, ხოლო 2020 წელს ამავე სფეროში დამტკიცდა 1 120 000 ლარი. ამრიგად, საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დასტურდება, რომ წინა წელთან შედარებით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტისათვის 2020 წლის შრომის ანაზღაურების ნაწილში შემცირდა სახელფასო ფონდი. უდავოა ისიც, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2019 წლის დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საშტატო ოდენობა 41 ერთეულით განისაზღვრებოდა. სწორედ, ბიუჯეტის ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე და არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული წლიური შრომის ანაზღაურების დასაფარად, აუცილებლობად იქნა მიჩნეული 2020 წლისათვის საშტატო ნუსხაში ცვლილების განხორციელება (შტატების შემცირება).

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში, რომლის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და გათვალისწინების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო უზრუნველეყო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენება, ხარჯების გამჭვირვალობა და ამ მიზნით დაედგინა ნორმატიული წესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ კანონმდებელმა მიზნის მიღწევის მეთოდის არჩევანი - ნორმატიული აქტის გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმით დადგენილი რეგულაცია წინააღმდეგობაში არ მოდის იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლის შესასრულებლადაც იგი გამოიცა, პირიქით, ემსახურება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში შრომის ანაზღაურების დასაფარავად დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას. შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანებით გასაჩივრებული დანაწესი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

რაც შეხება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის №88/ს ბრძანების კანონიერების შეფასებას, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას მის მართებულობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის 2020 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ორი საშტატო ერთეულით განისაზღვრა. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის №88/ს ბრძანების გამოცემის საფუძვლად მიეთითა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების“ მე-7 მუხლის მე- 2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №13479/01 წერილი. დასახელებული წერილით სამინისტრომ თანხმობა განაცხადა წარდგენილი დანართის შესაბამისად, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს წინა წელთან შედარებით შეუმცირდა 2020 წლის შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი, ხოლო გამოყოფილი სახელფასო ფონდი არ იყო საკმარისი 2019 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული წლიური შრომის ანაზღაურების დასაფარავად. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალურად, ფუნქციურად შეფასდა ცენტრის საშტატო ერთეულის შემცირების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დირექტორის სამი მოადგილიდან ერთი საშტატო ერთეულის გაუქმება (შემცირება), რის შემდგომაც ნორმატიულ აქტში შეტანილი იქნა სათანადო ცვლილება.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს უფლების რეალიზაციისათვის შესაბამისი, მართლზომიერი საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1281 ბრძანებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულებით დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს, შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №88/ს ბრძანებით 2020 წლის საშტატო ნუსხით ცენტრის დირექტორის მოადგილის ორი საშტატო ერთეულით განსაზღვრა, შესაბამისობაშია ამ ნორმატიული აქტით დადგენილ რეგულაციასთან. ამდენად, ამ აქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო აქტების უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული ორგანოთა მიერ გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები. კასატორმა კი ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. ამდენად, სადავო აქტები შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. სადავო აქტების კანონიერების პირობებში, ასევე არ არსებობს აღნიშნულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-190 ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანების შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დავის ფარგლებში შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენადაც აღნიშნული საკითხი შეფასდა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის 2020 წლის 03 იანვრის №1/კ ბრძანება მ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსარჩელე მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 40 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე