Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-542(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჩ-ემ 2020 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2020 წლის 21 ივნისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №36 სხდომის ოქმისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1126/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მ. ჩ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1126/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჩ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მ. ჩ-ეისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ოჯახის ხელოვნურად გაყოფაზე მითითება გახდა. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა ადმინისტრაციული წარმოებისას. კერძოდ, მოსარჩელე მ. ჩ-ე ცხოვრობდა ბებიასთან - ჟ. ჩ-ესთან ერთად ერთ ოჯახად, თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ისინი განაცხადებს აკეთებდნენ ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს მიერ ორივე ცალ-ცალკე ყოფილიყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ჟ. ჩ-ეის საცხოვრებელი პირობების მოკვლევის მიზნით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ის, ბინა №...-ში განხორციელებული მონიტორინგის ჟ. ჩ-ემ განმარტა, რომ იგი 2002 წლიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე ქირის გარეშე. მასთან ერთად მონიტორინგის სამსახურს მისამართზე დახვდათ მოსარჩელის შვილიშვილი - მ. ჩ-ე. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2020 წლის 21 ივლისს (ოქმი №36) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და უარი უთხრა ჟ. ჩ-ეს არასაკმარისი ქულათა ოდენობის გამო. მას ჯამში 2.5 ქულა დააკლდა, მათ შორის, 1 ქულა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში. მითითებულ კრიტერიუმში ქულის დაკლება კი სწორედ იმ გარემოებით იქნა განპირობებული, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჟ. ჩ-ე ცხოვრობდა არა მარტო, როგორც თავად უთითებდა განაცხადში, არამედ ქირის გარეშე 2002 წლიდან მითითებულ მისამართზე შვილიშვილთან - მ. ჩ-ესთან ერთად. დაკლებული ქულა კი არასაკმარისი აღმოჩნდა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი 2018 წელს შეავსო და წინასწარი შეფასებით 6 ქულა მოიპოვა. მოსარჩელემ განაცხადი შვილთან ერთად გააკეთა. განაცხადში მოსარჩელის როგორც ფაქტობრივ, ასევე იურიდიულ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №2. მოსარჩელის საკითხი 2020 წლის 21 ივლისის (ოქმი №36) კომისიის სხდომაზე იქნა განხილული და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო ეთქვა. დამატებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დევნილთა დეპარტამენტიდან, სადაც განმარტებულია უარის თქმის საფუძვლების შესახებ, კერძოდ, 2020 წლის 28 ოქტომბრის სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობს ასევე მისი ბებია - ჟ. ჩ-ე, რომელიც ცალკე ოჯახად აკეთებს განაცხადს. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, ვინაიდან გამოვლინდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი, მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მ. ჩ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფარით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის - მ. ჩ-ეის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

ამასთან, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). იმავე „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ასევე დადგენილია, რომ ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1126/ო ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო.

საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უტყუარად, სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაყოფას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში მითითებულია, რომ მ. ჩ-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, დედა, და, ძმა და ძმისშვილი, განაცხადს აკეთებს შვილთან ერთად (ს.ფ. 59-61), ხოლო 2020 წლის 13 იანვრის ამონაწერში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მოსარჩელის ოჯახის წევრებად მითითებული არიან მხოლოდ თვითონ და მისი შვილი - ა. ჩ-ე. დასახელებული ფაქტები ადასტურებს, რომ მოსარჩელის ბებია - ჟ. ჩ-ე აღრიცხულია ცალკე ოჯახად და მინიჭებული აქვს განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მის ბებიასთან - ჟ. ჩ-ესთან ერთად ეწეოდა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მომენტში მოსარჩელის ბებია იმყოფებოდა მ. ჩ-ესთან ერთად, არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ. ჩ-ეის ბინაში იყო მოსარჩელის ბებიის პირადი ნივთები და არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტები (მონიტორინგის მასალები, სამსახურებრივი ბარათი) არ შეიცავს ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის ბებიის - ჟ. ჩ-ეის საქმის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე წარმოებაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წინააღმდეგ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე დღეის მდგომარეობით დასრულებულია სასამართლო წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინების თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის ჟ. ჩ-ეის სასარგებლოდ მიღებული განჩინება (სუს 14.12.2022წ. განჩინება №ბს-558(კ-22) საქმეზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე