Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-892(3კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქ. ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ნ. ა-ი, ლ. ა-ი (ფ. მ-ეის უფლებამონაცვლე)

კასატორები (მოპასუხეები) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ი. შ-ე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აუქციონის შედეგების, აუქციონში გამარჯვების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის პირველ აგვისტოს, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მიმართეს ნ. ა-იმა და ფ. მ-ეემ სავარაუდო მოპასუხეების - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ი. შ-ეის მიმართ. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ქ. ა-ის საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქალაქ ქუთაისში, ...ს მე-2 შესახვევის №...-ში მდებარე 460 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი (სასარგებლო ფართი - 66,41 კვ. მ, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - 3, საცხოვრებელი ფართი - 45,65 კვ. მ, დამხმარე ფართი - 20,76 კვ. მ, სამეურნეო ფართი - 19,42 კვ. მ), თუმცა აღნიშნული ქონება რეგისტრირებულია მოპასუხე ი. შ-ეის სახელზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ნ. ა-ისა და ფ. მ-ეის განცხადება - სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ი. შ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 435 კვ. მ უძრავ ქონებას.

ამის შემდეგ, 2017 წლის 7 აგვისტოს, ნ. ა-იმა და ფ. მ-ეემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ი. შ-ეის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, მოითხოვეს: ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე გამოცემული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 10 დეკემბრის №2166 ბრძანების, ამავე უძრავ ნივთზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2017 წლის 6 ივლისის №36 ოქმის, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული 2017 წლის 19 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე უძრავ ნივთზე ი. შ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში (...ს ქუჩის მე-2 შესახვევის №5), ქალაქ ქუთაისის ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე ნ. და ლ. ა-იების სამკვიდრო ქონების მათ სახელზე თანაბარწილად ½ ნაწილის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, ნ. და ლ. ა-იების წარმომადგენლის - ი. გ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა; ლ. ა-ი ცნობილ იქნა ფ. მ-ეის უფლებამონაცვლედ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. და ლ. ა-იების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე გამოცემული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 10 დეკემბრის №2166 ბრძანება, ამავე უძრავ ნივთზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2017 წლის 6 ივლისის №36 ოქმი, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული 2017 წლის 19 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე უძრავ ნივთზე ი. შ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ლ. ა-იებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა და ი. შ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნ. და ლ. ა-იების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და ი. შ-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. და ლ. ა-იების სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2017 წლის 6 ივლისის №36 ოქმი; ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული 2017 წლის 19 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე უძრავ ნივთზე ი. შ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილება და ამ ნაწილში ნ. ა-ის და ლ. ა-ის (ფ. მ-ეის უფლებამონაცვლის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ლ. ა-იებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ნ. და ლ. ა-იების საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

კასატორები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული აქტით სასამართლო ვალდებული იყო სწორად დაედგინა მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, რასაც მათი გაყიდული სამკვიდრო ქონების დაბრუნება და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღნიშნული ინტერესი არ არის დადგენილი მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის საფუძველზე საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

კასატორები „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში უძრავ ქონებას ადგილმდებარეობა არ შეუცვლია და, შესაბამისად, ორი მისამართის ნაცვლად ერთიც რომ დადგენილიყო, ამით დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და სადავო რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა. სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისის ტექ. ბიუროდან გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო ქონების იურიდიული მისამართია ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა №7, ყოფილი ...ს მე-2 შესახვევი №5, რომელიც კვეთს ...ის ქუჩას. აღნიშნული ვითარება კი კარგად ჩანს ორთოფოტოზე. მიუხედავად იმისა, რომ ი. შ-ეის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა არის აღმჭურველი აქტი, სააპელაციო პალატას უნდა მიეჩნია, რომ იგი არსებითად არღვევდა სხვა პირის (მოსარჩელეთა) კანონიერ უფლებებს, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებითად დაირღვა მოსარჩელეთა კანონიერი და კონსტიტუციით დაცული უფლება, მაგრამ არ ცნო ბათილად აუქციონის შედეგები, რომელიც ვერ გადაწონის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ პირველად რეგისტრაციის იურიდიულ შედეგს. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ი. შ-ეს არ შეიძლებოდა ჰქონოდა კანონიერი ნდობა სადავო აღმჭურველი აქტის მიმართ, რადგან მან კარგად იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ა-იების სამკვიდროს, რომელიც მდებარეობს იმ ქუჩის დასაწყისში, სადაც ი. შ-ე ცხოვრობს.

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს 1992 წლიდან უკვე მოპოვებული ჰქონდათ საკუთრება. კასატორების მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. საქმეზე თანდართული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული და არც სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების მომენტისათვის არათუ საცხოვრებელი სახლი, არამედ მისი ნანგრევებიც კი არ არსებობდა. მართალია, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში, თუმცა ამავე დადგენილების მე-11 პუნქტში აღნიშნულია, რომ მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული მიწის გამოყოფის აქტი, რაც უდავოდ დაადასტურებდა მოსარჩელეთა მამკვიდრებლებისთვის სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტები (ნასყიდობის ხელშეკრულება №36, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №38), რომელთა თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე დგინდებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან საკუთრების უფლების გადასვლა ი. შ-ეზე. აღნიშნული ფაქტი კი ორივე რეგისტრაციის შემთხვევაში, ადასტურებს რეგისტრაციების კანონიერებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ტექ. ბიუროში აღრიცხული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩა №7 (...ს ქუჩა №2 შესახვევი №5) და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, რომლის მისამართია ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით, სხვადასხვა მიწის ნაკვეთებია. განსხვავებულია აგრეთვე მათი ფართობი. მისამართზე: ქუთაისი, ...ის ქუჩა №7 (...ს ქუჩის №2 შესახვევი, №5), ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, 1940 წლის სააღრიცხვო მასალის შესაბამისად, 66,41 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი აღრიცხულია გ. ნ.-ის ძე ა-ის, ხოლო 1/2 ნაწილი - ქ. ს.-ის ასული ა-ის სახელზე. ამავე ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტებით მიწის ნაკვეთი ამ მისამართზე აღრიცხულია 460 კვ.მ ოდენობით, თუმცა ამ პერიოდისთვის მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრება არ ვრცელდებოდა და იგი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ კანონით დადგენილი წესით და ვადაში მემკვიდრეობით მიიღეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული პირებიდან შესაბამისი უფლება. ასევე, არ დასტურდება სადავო უძრავი ნივთის ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილს ქალაქი თბილისი წარმოადგენს. ამდენად, საერთოდ დაუდგენელია სადავო უძრავ ნივთთან, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში გ. და ქ. ა-იების სახელზე აღრიცხულ უძრავ ნივთთან მოსარჩელეთა სამართლებრივი კავშირი.

კასატორი დამატებით მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ცნობილი იყო სადავო უძრავი ნივთის გასხვისების ფაქტის შესახებ და მოუწოდებდნენ მყიდველს, არ შეეძინა სადავო ნივთი. ამდენად, დასტურდება, რომ მათთვის ცნობილი იყო სადავო უძრავ ნივთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს და კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაცია სადავოდ არ გაუხდიათ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა საპროცესო ხარჯების გადახდა იმ პირობებში, როცა სარჩელი უსაფუძვლო და დაუშვებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და ლ. ა-იების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ლ. ა-იების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თავდაპირველად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის, შემდეგ ამავე ქონების აუქციონის წესით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე ი. შ-ეის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერების შეფასება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია განიმარტოს მოცემული დავის მიმართ მოსარჩელეთა - ნ. და ლ. ა-იების კანონიერი ინტერესის არსებობა. ასევე შესაფასებელია რა შემთხვევაში ენიჭება კანონიერი ნდობის პრინციპს უპირატესობა ნამდვილი მესაკუთრის ინტერესებთან შედარებით.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2017 წლის 28 ივლისის ცნობა-დახასიათების თანახმად, დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №7-ში (...ს ქუჩის ..., №5) მდებარე 66 41 კვ.მ საერთო ფართის მქონე ბინის (მათ შორის, საცხოვრებელი ფართი - 45,65 კვ.მ, დამხმარე ფართი - 20,76 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 19,42 კვ.მ) მესაკუთრეები ½-½ წილით იყვნენ ქ. და გ. ა-იები. უფლების აღრიცხვის საფუძველი გ. ა-იის შემთხვევაში იყო კანონისმიერი, ხოლო ქ. ა-იის შემთხვევაში - ანდერძისმიერი მემკვიდრეობა. 1972 წლის 20 თებერვალს ქ. ა-იი გარდაიცვალა, რომელსაც დარჩა ორი მემკვიდრე, შვილები: გ. და ნ. ა-იები. გ. ა-იმა აიღო სამკვიდრო მოწმობა 1/2 წილზე, რომლის მემკვიდრეც არის მისი მეუღლე ფ. მ-ეე (უფლებამონაცვლე ლ. ა-ი), ხოლო მეორე 1/2 წილის მემკვიდრეა შვილიშვილი - ნ. ა-ი.

საქმის მასალებში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებით უდავოდ დგინდება, რომ ჯერ კიდევ 1994 წლისთვის მიწის ნაკვეთზე სახლი/სახლის ნაწილი განთავსებული იყო, თუმცა ამ დროისთვის ა-იები დასახელებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდნენ და სახლიც ნელ-ნელა იშლებოდა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ მიუხედავად საცხოვრებელი სახლის დანგრევისა, ა-იებს ინტერესი ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №7-ში (...ს ქ. ..., №5) მდებარე უძრავი ქონების მიმართ არ დაუკარგავთ. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ფაქტს მნიშვნელობა ენიჭება იმდენად, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარეები სწორედ ამ გარემოებას უკავშირებენ მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპასუხეთა განმარტებით, ვინაიდან საბჭოთა საქართველოში მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო საკუთრების ობიექტი და ა-იებს მხოლოდ საცხოვრებელი სახლი შეიძლებოდა ჰქონოდათ საკუთრებაში, ხოლო ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის (1997წ.) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი აღარ იყო განთავსებული, მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს ვერ წარმოეშობოდათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმების გადიდებისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის წესი დადგინდა 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, მართალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და მოქალაქეებს გადაეცემოდათ უვადო სარგებლობის უფლებით, თუმცა დასახელებული დადგენილების გამოცემით, საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რასაც მოჰყვა მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობა. ამდენად, საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციის პროცესი 1997 წელს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებით არ დაწყებულა და მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი 1992 წლიდან დაიწყო. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.

გარდა ამისა, როგორც წარსულში, ისე დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტექ. ბიუროში აღრიცხული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ცნობა-დახასიათება წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. მაგალითად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 43-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ან მის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება. აგრეთვე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №7-ში (...ს ქუჩა ..., №5) მდებარე უძრავ ნივთზე უფლება აღრიცხული ჰქონდათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რაც არ გაუქმებულა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა იარსებეს 2004 წლამდე და მათში აღრიცხული უფლებები დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ამდენად, მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს არ ჩამორთმევიათ სარგებლობის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული იყო მიწის რეფორმის დაწყების შემდეგაც საცხოვრებელი სახლი, რაც ამ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი იყო. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომელმაც არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს არ გააჩნდათ უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, როცა დადგენილია ა-იების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, ცხადია აღნიშნული ფაქტი სამართლებრივ საფუძველს აცლის სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვის კანონიერებას. კერძოდ, ადგილზე დათვალიერების ოქმით, საქმის მასალებით და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ორთოფოტოგეგმებით ნათლად ჩანს, რომ ...ის ქუჩა და ...ის ქუჩა ერთმანეთს კვეთს, სწორედ ...ის ქ. №7-თან. კერძოდ, ...ის ქუჩა №7-ს დასავლეთიდან ესაზღვრება ...ის ქ. №1. შესაბამისად, როცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთი მდებარე მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, ცხადია, რომ ასეთი მისამართი ტექ. ბიუროს მონაცემებით დაცული ვერ იქნებოდა, რადგან ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთი, სხვა არაფერია თუ არა ...ის ქ. №7-ით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული უძრავი ნივთი. ორთოფოტოგეგმაზე ჩანს, რომ სადავო უძრავი ნივთის ჩრდილოეთ ნაწილში, ...ის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარეობს ...ის ქ. №9-ით, ხოლო სამხრეთით №5-ით დამისამართებული უძრავი ნივთები, რომელთა შორისაც მოქცეულია ...ის ქ. №7-ში მდებარე, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი, თუმცა ტექ. ბიუროს მასალებში დაცული მისამართით ქონება. მართალია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მისამართად გამოიყენა ტერმინი - ...ის ქ. №1-ის „აღმოსავლეთით“, თუმცა, აღნიშნული ფაქტი ვერ გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად გამოეკვლია და შეეფასებინა მისთვის სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ ტექ.ბიუროში დაცულ სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ადგილმდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა სხვისი საკუთრების აღრიცხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებად. აღნიშნული გარემოების გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით, მოსარჩელეებს ფაქტობრივად წაერთვათ მემკვიდრეობით საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი, სადავო ნაკვეთზე. გადამოწმების ეს ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის აღურიცხაობის შესახებ. ამასთან, საჯარო რეესტრის სამსახური აღჭურვილია სათანადო პროგრამებით, ხელი მიუწვდება ტექ. ბიუროს საარქივო მასალებზე, გააჩნია შესაბამისი მატერიალური მექანიზმი, საინჟინრო-ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა კვალიფიციური გამოყენებით უნდა გამოირიცხოს ასეთი ხასიათის დარღვევები.

ამრიგად, საკასაციო პალატა, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კანონის დარღვევითაა მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო სადავო უძრავი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად აღრიცხვას, რაც ამ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლების გათვალისწინებით, სრულიად საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მსჯელობა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების სოლიდარულად დაკისრების ნაწილშიც.

საკასაციო პალატა, აღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელად მიიჩნევს აგრეთვე კასატორების (მოპასუხეთა) მითითებას, იურიდიული ინტერესის არარსებობისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელეთა ინტერესი სახეზეა, მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურებით, ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადებს, პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

რაც შეეხება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2017 წლის 6 ივლისის №36 ოქმის, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ის აღმოსავლეთით მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე 2017 წლის 19 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამავე უძრავ ნივთზე ი. შ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომელმაც განმარტა, რომ, მართალია, განსახილველ შემთხვევაში, გარდა ნასყიდობის ხელშეკრულებისა, სადავოა ის ადმინისტრაციული აქტებიც, რომელთაგან ერთი საფუძვლად დაედო სადავო ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო მეორე წარმოადგენს შედეგს, რომლითაც დასრულდა სადავო ქონების განკარგვის პროცესი, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების კანონიერება არ შეიძლება შეფასდეს ქონების შემძენის ინტერესებისგან განყენებულად. შესაბამისად, აღნიშნული აქტების კანონიერი ძალის შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება აუქციონზე ქონების შემძენის უფლებების დაცვის აუცილებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, კანონიერი ნდობის პრინციპი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, უკავშირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერ ნდობას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, არა აღმჭურველი აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებულ პირთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც არ შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებლად, მთელი ადმინისტრაციული წარმოების და ამ ადმინისტრაციული წარმოების მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის შეფასების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მოცემულ შემთხვევაში ი. შ-ეის კანონიერი ნდობის დაცვა განპირობებულია პირის მნიშვნელოვანი პატივსადები ინტერესით. საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას გამორიცხავდა, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა. ამდენად, ი. შ-ეის მიერ აუქციონზე ქონების შეძენის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი და მოცემულ შემთხვევაში არსებობას ამ პრინციპისთვის მოსარჩელეთა საკუთრების უფლებასთან შედარებით უპირატესობის მინიჭების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ი. შ-ეის მხრიდან საკუთრების შეძენის არამართლზომიერების დაუდასტურებლობის პირობებში, საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტია იცავს მის უფლებას ხელყოფისგან, მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის ხარჯზე, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან აინაზღაურონ საკუთრების უფლების ხელყოფით მიყენებული ზიანი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №36 ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სადავო ქონებაზე ი. შ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. დასახელებული აქტების კანონიერების პირობებში კი გამოირიცხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში დაკმაყოფილება, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ სადავო უძრავი ქონების მათ საკუთრებაში აღრიცხვას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ. და ლ. ა-იების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

3. ი. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. და ლ. ა-იების საკასაციო საჩივარზე 2022 წლის პირველ აგვისტოს №14029925349 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის პირველ აგვისტოს №45463 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე