საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1232(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საპენსიო სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ვ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ვ-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საპენსიო სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა „მოსარჩელისთვის ერთიანი გადახდით პენსიის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის №გ/384 აქტის ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საპენსიო სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის პენსიის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, ვ. ვ-ი წარმოადგენდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირს, რომელმაც საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მოითხოვა პენსიის მიღება ერთიანი გადახდით. სსიპ საპენსიო სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა მოსარჩელის სხვა სახელმწიფოში, კერძოდ, აზერბაიჯანში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი, თუმცა სააგენტომ სადავო აქტით უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ვ. ვ-ის დღემდე გააჩნდა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა და იგი წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტს.
მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული დასაბუთება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სააგენტოში წარდგენილი იყო კანონით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი, რაც საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების შესაბამისი ღირებულების მის მიერ მიღების წინაპირობას ქმნიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის №გ/384 აქტი და სსიპ საპენსიო სააგენტოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საპენსიო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად განმარტა კანონი და შედეგად, არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამის საპირისპიროდ, საპენსიო სააგენტომ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულის შესაბამისად.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საპენსიო აქტივების გაცემა მოთხოვნილია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით. ამდენად, სხვა საკითხებთან ერთად საპენსიო სააგენტო ვალდებული იყო დაედგინა განმცხადებლის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების ფაქტის სისწორე. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს საქართველოს სამუდამოდ დატოვების ტერმინს, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის მიზნების, კანონში მოცემული მარეგულირებელი ნორმების, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის, ასევე ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში „საქართველოს სამუდამოდ დატოვება“ უნდა შეაფასოს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საპენსიო სააგენტომ არაერთხელ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დაადგინა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოსარჩელე ფლობდა მუდმივი ბინადრობის ნებართვას და აღნიშნული პერიოდისთვის კვლავ იყო საქართველოს რეზიდენტი.
კასატორი მიუთითებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. განსახილველ შემთხვევაში კი ვ. ვ-იმა წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, თუმცა აღნიშნული გარემოება ხელს არ უშლის მას სარგებლობდეს მუდმივი ცხოვრების ნებართვით საქართველოში.
ამასთან, მნიშვნელოვანია დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით, მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო სქემაში საპენსიო შენატანების განხორციელებას. მონაწილე საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ან დროებით ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე კანონის შესაბამისად. ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, თუ სხვა მიზეზით ხელფასის სახით შემოსავლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, პირი კვლავ რჩება სქემის მონაწილედ, ხოლო პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ კანონით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რაც, რა თქმა უნდა, სათანადო დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მის დამსაქმებელს შორის სწორედ შრომითი ურთიერთობა შეწყდა, შესაბამისად, შეუჩერდა ხელფასის მიღება, ხოლო სამართლებრივი სტატუსი - მუდმივი ცხოვრების ნებართვა, უცვლელი დარჩა.
კასატორი დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, უგულებელყოფილ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას აღიარებულ/უზრუნველყოფილ უფლებად განსაზღვრავს. ამასთან, ადგენს, რომ პირს ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა შეუძლია, თუმცა საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებას, რაც მისი სოციალური ფუნქციით და მნიშვნელობით არის განპირობებული და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა მისი შეზღუდვა.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ქვეყანაში განხორციელებული საპენსიო რეფორმიდან, კერძოდ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონიდან, რომლის საფუძველზეც სრულიად ახალი საპენსიო სქემა დაინერგა და რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებისა და, ზოგადად, საპენსიო რეფორმისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საპენსიო სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საპენსიო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ვ-ისთვის მოპასუხის - სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ, საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით, საპენსიო აქტივის მიღებაზე უარის თქმის კანონიერება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მან სამუდამოდ დატოვა საქართველო, რაც კანონის შესაბამისად, ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით საპენსიო აქტივების მიღების საფუძველს ქმნიდა. ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მოსარჩელე წარმოადგენდა თუ არა კანონით განსაზღვრულ ერთიანი გატანით პენსიის მიმღებ სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საპენსიო სააგენტო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებულ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს აღრიცხავს დაგროვებით საპენსიო სქემაში და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, განიხილება მონაწილის საკუთრებად. აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება კი წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება მის სასარგებლოდ განხორციელებული სახელმწიფო შენატანების პროპორციული საპენსიო აქტივების ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ“ ინსტრუქციაზე, რომლის მე-12 მუხლში დეტალურად არის გაწერილი და ჩამოთვლილი საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტებია: ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი, რაც გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ, აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ მონაწილეს აქვს აღნიშნულ სახელმწიფოში მუდმივად და კანონიერად ცხოვრების უფლება; ამგვარი დოკუმენტის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში ასლის დედანთან სისწორე ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ; გ) მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საპენსიო სქემაში მონაწილე პირთა საპენსიო აქტივების განკარგვის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები, გარდა საპენსიო ასაკის მიღწევისა. ასეთ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს სამუდამოდ დატოვება. აღნიშნული კი, „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, დადასტურებული უნდა იყოს სათანადო დოკუმენტით, რომელიც უდავოდ დაადგენს სხვა სახელმწიფოში პირის კანონიერად, მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს, ვ. ვ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საპენსიო სააგენტოს და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო, ერთიანი გადახდით პენსიის მიღება მოითხოვა. სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის №გ/384 წერილით ვ. ვ-ის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საპენსიო სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით, რადგან საპენსიო სააგენტოს მიერ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად არ დასტურდებოდა მის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების ფაქტი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს 2020 წლის 25 აგვისტოს №006/20 ცნობის მიხედვით, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1981 წლის 26 აპრილს დაბადებული ვ. ვ-ი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998 წლის 30 სექტემბრის კანონის თანახმად, არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2021 წლის 28 ივლისის №MIA 2 21 01968389 წერილით დგინდება, რომ ვ. ვ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 27 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „ქ...ის“, ს.ს.კ.გ. „...სა“ და ს.ს.კ.გ. „ს...ის“ გავლით.
მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომელმაც დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტი, რომლის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება მოსარჩელის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნდეს და ისარგებლოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით (სადავო აქტის გამოცემისას იგი საქართველოს რეზიდენტია და მოქმედი მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონეა), მას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით არ ჰქონდა მოპოვებული საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გატანის უფლება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები და სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა დღეის მდგომარეობით საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, გამოსაკვლევია ვ. ვ-ის საქართველოდან წასვლის პერიოდი, ასევე შესაფასებელია 2015 წლის 10 ნოემბრის №1000451083 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დღემდე სარგებლობს საქართველოს მუდმივი ცხოვრების ნებართვით. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შემთხვევებს, რომელთა შორისაა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთი დოკუმენტი კი საქმის მასალებში დაცული არ არის, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს მოსარჩელის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების ფაქტის არსებობა. ამრიგად, გამოსაკვლევია ასევე ის გარემოება, მოსარჩელის საქმიანობის შეწყვეტა, რის საფუძველზეც მიიღო მან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ქმნიდა თუ არა სააგენტოს მხრიდან ბინადრობის გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების, საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით, მიმდინარეობის, შედეგად კი დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - საპენსიო სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ვ. ვ-ის 2020 წლის 4 სექტემბრის მოთხოვნა პენსიის მიღების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტების გამოცემა, ცალსახაა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ საპენსიო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე