Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1287(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ნ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ნ-ემ 2021 წლის 24 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №59606-2020-01, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის №04/1619 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სადაც წელთა ნამსახურების სტაჟში გათვალისწინებული იქნება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურების პერიოდი (... წლის ...დან, 2020 წლის 0...მდე პერიოდი) შეღავათიანი პირობებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა (... წლის 28 ოქტომბრიდან ... წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) და სწავლის პერიოდი (... წლიდან ... წლის ჩათვლით პერიოდი), ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2020 წლის 1 ოქტომბრიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ძველი თბილისის სერვისცენტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №59606-2020-01 გადაწყვეტილება და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის №04/1619 გადაწყვეტილება, ვ. ნ-ეისათვის ნამსახურების საერთო წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობის პერიოდისა და სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდის შეღავათიან გაანგარიშებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვ. ნ-ეის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურების პერიოდის (... წლის ...დან, 2020 წლის 0...მდე პერიოდი) შეღავათიანი პირობებით ჩათვლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის (... წლის 28 ოქტომბრიდან ... წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) ნამსახურების წლებში ჩათვლის თაობაზე; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კანონით დადგენილი ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ, თუ მათ გააჩნიათ ნამსახურობის 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. დასახელებული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდიც. საერთო წელთა ნამსახურობაში (და არა კალენდარულში) ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

კასატორის მოსაზრებით, კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ სწავლის პერიოდით ან სხვა შეღავათიანი პერიოდების გამოყენებით, 20-წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსება არ არის გათვალისწინებული. მითითებული ნორმების თანახმად, სწავლის პერიოდი და განსაკუთრებულ პირობებში სამსახური შეღავათიანი გაანგარიშებით ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ) მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის. შესაბამისად, ნორმაში, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ცალსახად და გარკვევით საუბარია საერთო წელთა ნამსახურობაზე და არა კალენდარულ ნამსახურობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობისას, სააგენტო ვერ გასცდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობის ფარგლებს, რომელშიც, როგორც სწავლის, ასევე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით, 20-წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებაზე საუბარი არ არის. აქედან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ნ-ეისთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი პირისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაჩივრების პირობებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი, კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ერთი მხრივ, ნამსახურობის წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის (... წლის 28 ოქტომბრიდან ... წლის 7 დეკემბრის პერიოდი) ჩათვლა და მეორე მხრივ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურების (... წლის ...დან, 2020 წლის 0...მდე პერიოდი) პერიოდის შეღავათიანი ჩათვლის გათვალისწინებით დაანგარიშება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, პირის ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. კერძოდ, დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, მათ შორის, ოფიცრები. იმავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში ...-დან ... წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება კი, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ნ-ე ... წლის ...დან ... წლის ...მდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ... წლიდან ... წლის ჩათვლით (სულ 6 წელი) სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის ფაკულტეტზე. ... წლის ...დან ... წლის ...მდე მუშაობდა ...ის თანამდებობაზე, ხოლო ... წლის ...დან ...მდე - შს სამინისტროს ...ის დეპარტამენტში. ... წლის ...დან ... წლის ...მდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ...ის დეპარტამენტში. ... წლის ...დან ... წლის ...მდე მუშაობდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. 2020 წლის 18 სექტემბერს ვ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მოითხოვა ნამსახურების წლების დაანგარიშება, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი და სასწავლებელში სწავლის პერიოდი მას იმ შემთხვევაში ჩაეთვლებოდა საერთო ნამსახურების წლებში, თუ მისი ნამსახურების წლები იქნებოდა 20 ან 20 წელზე მეტი. განსახილველ შემთხვევაში, ვ. ნ-ეის კალენდარულ წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 კალენდარულ წელს, შესაბამისად, იგი საკმარისი არ იყო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ... წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ ნამსახურობის წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. ამდენად, ვ. ნ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება და თითოეული ნამსახურები წელი უნდა ჩაეთვალოს არა როგორც ერთი წელი, არამედ წელიწადნახევარი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ... წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტი აღნიშნულ ნაწილში ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სავალდებულო სამხედრო სამსახურის (... წლის 28 ოქტომბრიდან ... წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-16 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს: ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს; ბ) სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას); გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; დ) სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს ... წლის 21 დეკემბრამდე; ე) სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში; ვ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; ზ) სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს; თ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულად გამოცხადებულია 2005 წლის 22 მარტიდან), რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგანი ჯარები შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა გეგმაზომიერი მიღებით, კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე სამხედრო სამსახურში გაწვევით, ხოლო 27-ე მუხლი ადგენს, რომ შინაგანი ჯარები საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელი ნაწილია და მათზე ვრცელდება სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სამხედრო ძალებისათვის.

დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო პირის წელთა ნამსახურებეში ითვლება პერიოდი, როდესაც პირი მსახურობდა სამხედრო სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან ბრძანებით თადარიგში დათხოვნის ან სამსახურიდან გადადგომის დღემდე. ამასთან, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს როგორც სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს ... წლის 21 დეკემბრამდე, ასევე სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში ან/და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დადასტურებულია, რომ ვ. ნ-ე ... წლის ...დან ... წლის ...მდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ვ. ნ-ეის წელთა ნამსახურობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის ნამსახურებ წლებში არ ჩათვლასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოსარჩელის ნამსახურობის პერიოდში უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად, სამხედრო სამსახურში მთელი მისი სამუშაო სტაჟი.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელე უდავოდ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, რაც ნაწილობრივ „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. ამასთანავე, მართებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება, ვ. ნ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურების პერიოდის (... წლის ...დან, ... წლის 0...მდე პერიოდი) შეღავათიანი პირობებით ჩათვლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის (... წლის 28 ოქტომბრიდან ... წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) ნამსახურობის წლებში ჩათვლის თაობაზე.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულატიურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ნ-ემ 2020 წლის 18 სექტემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომახურების სააგენტოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. შესაბამისად, მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმავე წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით. უდავოა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით დაბრკოლდა, რადგან მის მიერ არასწორად მოხდა სახელმწიფო კომპენსაციისთვის ნამსახურებ წელთა დაანგარიშება, რასაც შედეგად მოჰყვა მის დანიშვნაზე უარის თქმა. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული უმოქმედობა, რამაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. მოცემული გარემოებები კი მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე