ბს-1339 (კს-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორი (მოსარჩელე) _ დ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2022წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ტ-ემ 20.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 28.06.2017წ. N2 სხდომის ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დ. ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ასევე მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 23 680 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 27 470,18 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. გადაწყვეტილებით დ. ტ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ტ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილებით დ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. გადაწყვეტილება და დ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 28.06.2017წ. N2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ. ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N10 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ტ-ეის და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2022წ. განჩინებით დ. ტ-ეისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილება.
დ. ტ-ემ 07.10.2022წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება. დ. ტ-ემ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. კანონიერ ძალაში შესული გერბიანი ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილება წარუდგინა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს. აღნიშნული განცხადების პასუხად სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მას მოსთხოვა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: 1. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ წლის კონკურსში დ. ტ-ეის მიერ საკონკურსო პირობების შესაბამისად წარდგენილი რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის განახლებული უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური და ადმინისტრაციული პირობისა) ან სტუდენტის სტატუსის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი; 2. სწავლის საფასურის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი; 3. საბანკო ანგარიშის ლარის ვალუტის რეკვიზიტები დ. ტ-ეის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის გადარიცხვის მიზნით. დ. ტ-ეის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპის კანონიერება, რის თაობაზეც სასამართლომ ცენტრს ახალი აქტების გამოცემა დაავალა. დ. ტ-ეის მითითებით, მას ცენტრმა 23.09.2022წ. გაუგზავნა წერილი, რომლითაც უარი უთხრა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლაზე სტუდენტის სტატუსის არ ქონის გამო. დ. ტ-ემ აღნიშნა, რომ როგორც სასამართლოსთვის, ასევე ცენტრისათვისაც ცნობილი იყო, რომ მან წარჩინებით დაამთავრა W...- ის ...ის სკოლა 2018 წელს. დ. ტ-ემ მიუთითა, რომ ცენტრმა იმსჯელა არა მე-2 და მე-3 ეტაპებზე მისაღებ აქტებზე თავიდან, არამედ კონკურსის „პირველ ეტაპზე“. შესაბამისად ცენტრმა ფაქტობრივად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე თქვა უარი და ხელოვნური, ფორმალური საფუძვლით შეუქმნა დ. ტ-ეს პრობლემა გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. სასამართლოს არ დაუვალებია ცენტრისთვის კონკურსის პირველი ეტაპის შეფასება, კონკურსის თავიდან ჩატარება და დ. ტ-ეის მესამე მაგისტრატურაზე გაგზავნა, არამედ სასამართლომ ცენტრს დაავალა უკანონო აქტების თავიდან გამოცემა. შესაბამისად, დ. ტ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება, ამასთანავე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2022წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ტ-ეის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა დ. ტ-ეის შუამდგომლობა განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა განცხადების ზეპირი მოსამენის გარეშე განხილვა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ცხადი და გასაგებია. გადაწყვეტილების სამოტავაციო ნაწილი დეტალურად შეიცავს იმ მითითებებს, რისი გამოკვლევაც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, მასში გარკვევით აღნიშნულია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 28.06.2017წ. N2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ. ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N10 სხდომის ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს, დ. ტ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მისი გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით დაევალა, ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, პალატის მითითებით არ არსებობდა სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ. ტ-ეის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ძირითად, არამედ ბაჟის გადახდის ნაწილშიც. მსგავსი დამოკიდებულება ცენტრის მხრიდან სასამართლოს მიმართ უკვე წლებია გრძელდება. სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნილი იყო განცხადებაზე ზეპირი მოსმენის გამართვა. კასატორის მოსაზრებით ზეპირი მოსმენით განსახილველია ის გარემოება, რომ მოქალაქეთა უფლებებს არ გააჩნია არავითარი ღირებულება მოპასუხისათვის და რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ მისი გადაწყვეტილების ტექსტი ნათელია, რითაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ცენტრი მოსარჩელის მიმართ არღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტი არ არის ნათელი იმ პირისათვის, ვისაც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების აღსრულება მიანდო. სასამართლომ მოქალაქეს ზიანის ანაზღაურების ნაცვლად თავისივე მოწინააღმდეგე მხარე დაუნიშნა დე ფაქტო მოსამართლედ, რაც გამოიყენა ცენტრმა და თავისი მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებით თავი აარიდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ცენტრი არ ასრულებს სასმართლოს გადაწყვეტილებას, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გადაწყვეტილების განმარტებას, ცალსახად და არაორაზროვნად მისი შინაარსის განსაზღვრას და ცენტრისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დავალებას. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მოთხოვნილია აგრეთვე კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინებით დ. ტ-ეის შუამდგომლობა საქმის ზეპირი განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, დ. ტ-ეის კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ტ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულებას, გადაწყვეტილების განმარტება არის მისი ნაკლოვანების (გაურკვევლობის, წინააღმდეგობის) აღმოფხვრის საშუალება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს, წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას. ამდენად ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაა და მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. ხსენებული პირობების დადგომისას გადაწყვეტილება განიმარტება მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 23.01.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია გარკვევით, ნათლად და არაორაზროვნად, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 28.06.2017წ. N2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ. ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 07.08.2017წ. N10 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული კი წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოტივაციაში ასახული სამართლებრივი შეფასებების შედეგს. ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა ნათლად იძლევა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აღქმის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, ხოლო კონკრეტული, აღსრულების ქვემდებარე, სამართლებრივი შედეგი აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივრით დ. ტ-ე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ტექსტი არ არის გასაგები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის, რომელმაც იმსჯელა კონკურისის არა მე-2 და მე-3 ეტაპზე მისაღებ აქტებზე, არამედ კონკურსის პირველ ეტაპზე. კერძო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად სასამართლოსგან ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მითითებების, ინსტრუქტაჟის მიცემას, ხოლო მისი სურვილი, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს ზუსტად განუსაზღვროს ადმინისტრაციული წარმოებისას განსახორციელებელი ქმედებები და პროცედურა, არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკანონმდებლო მიზნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ხდება იმ შემთხევაში, თუ: განსამარტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებადია, განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში განმარტება არ გაიცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 23.09.2022წ. N MES 6 22 000115124 ბრძანებაზე, რომლის თანახმად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ უკვე გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, ფორმალურად გადაწყვეტილება აღსრულებულია და მისი აღსრულების შეუძლებლობა არ დასტურდება. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების შინაარსობრივ შეფასებას, გამოცემული აქტის კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას, სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვნად შესრულების საკითხის გამოკვლევასა და მის საფუძველზე გამოცემული აქტის კანონიერებას, დასახელებული საკითხები შესაძლებელია დამოუკიდებელი დავის საგანი, ცალკე სასარჩელო წარმოების დაწყების წინაპირობა გახდეს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულების სათანადოობისა და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლას ითხოვს, ხოლო დასახელებულ საკითხთა შეფასება განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებს სცილდება, მით უფრო, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში ცალკე სასარჩელო წარმოება უკვე მიმდინარეობს (საქმის N3/7267-22).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტებაზე დ. ტ-ეის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება სსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები, ამდენად, გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2022წ. განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ტ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი