Facebook Twitter

საქმე #ბს-62(კ-23) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 2 სექტემბერს ც. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი პენსიონერი. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...მ/რ, ...ის შენობა, ბინა #4. იგი აღნიშნულ ფართში ქირით ცხოვრობს. გამომდინარე იქიდან, რომ უწევს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, მან ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, თუმცა კომისიის 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1023/ო ბრძანებით მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კომისიამ აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მას არასაკმარისი ქულა გააჩნდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სააგენტომ მას, როგორც მარტოხელა სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ პენსიონერს, მიანიჭა 7.50 ქულა, მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საცხოვრებელი ფართი გადაეცათ 6 ქულის მფლობელ დევნილებსაც. ამასთან, გაუგებარია სააგენტოს მიდგომა, თუ რა კრიტერიუმით ხდება ფართების გადანაწილება.

მოსარჩელის მითითებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოსარჩელე დაუსაბუთებლად, უსამართლოდ და უკანონოდ მიიჩნევს სააგენტოს უარს და აღნიშნავს, რომ მან 27 წელი გაატარა დევნილობაში და ამ ხნის მანძილზე, დევნილის სტატუსის შესაბამისად, მას სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია.

ამდენად, მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1023/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ც. ფ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ც. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1023/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ც. ფ-ეის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ც. ფ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ, განმცხადებლის მხრიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეფასდა ჯერ 7.50 ქულით, თუმცა შემდგომ დააკლდა 2 ქულა და დარჩა 5.50 ქულა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის 28 თებერვლის მონაცემებით მოსარჩელეს მიენიჭა მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში - 2 ქულა, ნაქირავების კრიტერიუმში - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში - 1 ქულა, სოციალურ კრიტერიუმში - 3 ქულა. მოსარჩელის საკითხის კომისიაზე გატანის დროს მას დააკლდა 2 ქულა, კერძოდ, სოციალური კრიტერიუმის ნაწილში - 0.5 ქულა და ნაქირავების კრიტერიუმში - 1.5 ქულა. საბოლოოდ, მოსარჩელისთვის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არასაკმარისი ქულა.

საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება - 1.5 ქულით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქულის მინიჭებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ იძენდა ის გარემოება, მოსარჩელე ქირით ცხოვრობდა თუ ქირის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი პირებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდა მათთვის მინიჭებული 6 და 6-ზე მეტი ქულის დაგროვების საფუძველზე, ხოლო მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასწორი ქულის მინიჭებას (5.5 ქულა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სააგენტომ იხელმძღვანელა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხორციელებული მონიტორინგის მასალებით, შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დაცვით დააკლო მოსარჩელეს ქულები იმ კრიტერიუმში, რომელშიც რეალურად არ ეკუთვნოდა.

კასატორის შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი მარტო ცხოვრობს ქირით, თუმცა მისი განცალკევებულად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. ასევე, არ დადასტურდა მის მიერ ქირის სახით თანხის გადახდა. მონიტორინგის მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს შვილთან ერთად, სხვა მისამართზე ნაქირავები ჰქონდა ფართი მხოლოდ 1 თვით, რაშიც ქირის სახით გადაიხადა 50 ლარი, თუმცა მას აღნიშნულ ფართში ერთი ღამეც კი არ გაუთევია. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის ქირით ცხოვრების ფაქტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მას ნამდვილად ნაქირავები ჰქონდა ფართი - მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეცდომაში შეეყვანა სააგენტო და შესაბამისი ქულა მოეპოვებინა. სწორედ იმ გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, რომ მოსარჩელე სააგენტოს შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და არ დასტურდებოდა მისი ქირით ცხოვრების ფაქტი, ნაქირავების კრიტერიუმის ნაწილში დააკლდა შესაბამისი ქულა.

რაც შეეხება მოსარჩელის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებულ ქულათა რაოდენობას, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას უფიქსირდებოდა 1000 ქულა, 16 810 ქულა, 31 090 ქულა და 2020 წლის მონაცემებით - 32 760 ქულა, რაც კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა 2020 წლისათვის გაუმჯობესებულია სხვა წლებთან შედარებით.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს #03-1023/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ც. ფ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივსაცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ც. ფ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ, განმცხადებლის მხრიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეფასდა ჯერ 7.50 ქულით, თუმცა შემდგომ დააკლდა 2 ქულა და დარჩა 5.50 ქულა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის 28 თებერვლის მონაცემებით მოსარჩელეს მიენიჭა მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში - 2 ქულა, ნაქირავების კრიტერიუმში - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში - 1 ქულა, სოციალურ კრიტერიუმში - 3 ქულა. მოსარჩელის საკითხის კომისიაზე გატანის დროს მას დააკლდა 2 ქულა, კერძოდ, სოციალური კრიტერიუმის ნაწილში - 0.5 ქულა და ნაქირავების კრიტერიუმში - 1.5 ქულა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო არასაკმარისი ქულის არსებობა.

საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება - 1.5 ქულით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღნიშნული ქულის მინიჭებისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ იძენდა ის გარემოება, მოსარჩელე ქირით ცხოვრობდა თუ ქირის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი პირებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდა მათთვის მინიჭებული 6 და 6-ზე მეტი ქულის დაგროვების საფუძველზე, ხოლო მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასწორი ქულის მინიჭებას (5.5 ქულა), რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა