კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1360(კს-22) 7 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ი...ი", მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო).
2019 წლის 18 მარტს შპს "ი...მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი...ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2018/05/07/02 აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N04/7621 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/ადაპტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ი...ის“ 2016 წლის ნოემბერში გაწეული საქმიანობის შერჩევითი შემოწმების 2018 წლის 05 ივლისის N2018/05/07/02 აქტი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის N04/7621 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე 3ბ/1917-19, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საააგენტო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და სათანადო წესით ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, 2022 წლის 19 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს. 2022 წლის 23 დეკემბერს კი გზავნილი ჩაბარდა ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც დასტურდება საქმეში არსებული დასტურით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2022 წლის 23 დეკემბერს შესაბამისად განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და უნდა ამოწურულიყო 2 იანვარს, თუმცა ვინაიდან 2 იანვარი უქმე დღეა, ხარვეზის შევსების უკანასკნელი დღე გადაიწევს 2 იანვრის მომდევნო პირველ სამუშაო დღეზე. საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უქმე დღეებია 1, 2 და 7 იანვარი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N520 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა უქმე დღეებად. ზემოაღნიშნული უქმე და დასვენების დღეების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორისთვის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 2023 წლის 9 იანვარს, 24 საათზე ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. კერძო საჩივრის ავტორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა