Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-735(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ე. დ. დ-ბ).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „თ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 22 ივლისს. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 23 ივლისს, შესაბამისად მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 29 ივლისი (პარასკევი), 24 საათი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2022 წლის 25 ივლისის საგადახდო მოთხოვნა №55880). საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2022 წლის 01 აგვისტოს. მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო დადგენილი ვადის დარღვევით, თუმცა შედგენილი იყო 2022 წლის 29 მარტს (ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს) და სასამართლოში წარდგენილი იყო კონვერტის მეშვეობით, რომელზეც არ იყო აღნიშნული ფოსტაში ჩაბარების თარიღი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 აგვისტოს განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 5 (ხუთი) დღით. ამავე განჩინებით კასატორს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილ 7-დღიან ვადაში ხარვეზის შევსების დამადატურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 აგვისტოს განჩინება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 11 ოქტომბერს. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 02 აგვისტოს განჩინებით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლდა დაიწყო 2022 წლის 12 ოქტომბერს. დადგენილ 5-დღიან ვადაში კასატორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რომან ვასილევის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე