საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-791 (კ-21) 15 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ. კ-ე
სარჩელზე მოპასუხეები - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 აპრილს გ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. კ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, რომლითაც თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე გ. კ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე საკადასტრო კოდით N..., ფართი 80 000 კვ.მ ჩაირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში (კონტურში), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის N112319 წერილის, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მის საკუთრებაში რეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე გაშენებული ტყის მასივის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე, ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედება (გადაწყვეტილება), რომლითაც გ. კ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით N..., ფართი 80 000 კვ.მ მოექცა (აღირიცხა) სახელმწიფო ტყის ფონდში, კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ტყის ფონდის ფარგლებში (კონტურში); გ. კ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების (სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ) თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები (დანართი N1) და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები (დანართი N2). ამავე დადგენილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ციფრული ვერსიის ოფიციალურ ვებგვერდზე, www.reestri.gov.ge-ზე განთავსება.
სასამართლოებმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეუფასებიათ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველი, სასამართლომ რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების (ტყის ფონდი) რეგისტრაცია, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლოს ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაბათილდეს თუკი შესაბამისი საფუძველი იქნება შედავებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ბს-729-721(კ-16)).
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი არასწორად გადაანაწილა. ზესტაფონის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქმედება გ. კ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა-ამორიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა ბაჟის ანაზღაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისრა. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ კონკრეტული მოთხოვნა წარდგენილიც კი არ ყოფილა, რის გამოც არსებობდა სამინისტროს მიმართ (დავის საგნის არარსებობის გამო) საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. თუმცა მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს, რადგან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დადგენილების (,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“) შესაბამისად, გარკვეულ ქმედებას ახორციელებდა ტყის ფონდთან დაკავშირებით. თუმცა სამინისტროს კონკრეტული აქტი თუ რეალაქტი გასაჩივრებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, სარჩელის მოთხოვნის ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სასარჩელო მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს ბაჟის ანაზღაურების დაკისრებას იმ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ, რომელიც დაკმაყოფილდა და იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუ მხედველობაში იქნება მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის დანაწესი. აღნიშნული განმარტების მიუხედავად სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს იმ პირს, რომლის მიმართაც გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება, მაგრამ სამინისტროს მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედება (გადაწყვეტილება), რომლითაც გ. კ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით N..., ფართი 80 000 კვ.მ მოექცა (აღირიცხა) სახელმწიფო ტყის ფონდში, კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ტყის ფონდის ფარგლებში (კონტურში); გ. კ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მოსარჩელე გ. კ-ეის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის -50 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე გ. კ-ეის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარი, დარჩა ბიუჯეტის შემოსავალში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, რომლითაც თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, გ. კ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N..., ფართი - 80 000 კვ.მ. მოექცა (აღირიცხა) სახელმწიფო ტყის ფონდში, კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ტყის ფონდის ფარგლებში (კონტურში), უკანონოდ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული ხე-მცენარეების განკარგვას მოსარჩელე ვერ ახორციელებს სატყეო სააგენტოს მიერ შესაბამისი დაფირნიშებაზე უარის თქმის გამო. მოსარჩელის მიზანია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსების თავისუფლად განკარგვა, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი შეცდომით აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად და ამასთან, მოექცა ტყის ფონდში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის N93 ბრძანებით დამტკიცდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისათვის ჩასატარებელი სპეციალური აუქციონის გრაფიკი, დანართი N1-ის მიხედვით. სპეციალური აუქციონის ჩატარების გრაფიკის თანახმად, სხვა ნაკვეთებთან ერთად, აუქციონზე გატანილ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე, 80000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სპეციალურ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. კ-ე.2007 წლის 21 აგვისტოს, გ. კ-ეზე გაიცა N659 ოქმი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე, 80000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე.
2008 წლის 28 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ გ. კ-ეისაგან შეიძინა თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე 8 ჰა მიწის ნაკვეთი. მესაკუთრემ უძრავი ქონება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში.
,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელდა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების სახელმწიფო ტყის ფონდში აღრიცხვის რეგისტრაცია, კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში ტყის ფონდის ფარგლებში მოქცევა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ქონების სახელმწიფო ტყის ფონდში აღრიცხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიღებულა.
2017 წლის 16 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ. კ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: თერჯოლა, სოფელი ...ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მიიღო N... გადაწყვეტილება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ; კერძოდ, დაზუსტდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, განხორციელდა ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება და 80 000 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა მოსარჩელე გ. კ-ეის საკუთრებად ს/კოდით ..., შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) - ფართით 80 000 კვ.მ ამოირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდიდან, რითაც აღმოიფხვრა მარეგისტრირებელი ორგანოს მოქმედებით დაშვებული შეცდომა კერძო საკუთრების სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში მოქცევასთან დაკავშირებით. თუმცა აღნიშნული ფაქტით მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდა, ვინაიდან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიჩნეს, რომ გ. კ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებიდან ამორიცხულის სტატუსი, რაც მესაკუთრეს ზღუდავს მიწის ნაკვეთზე აღმოცენებული ხე-მცენარეების შეხედულებისამებრ განკარგვაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართვას წარუდგენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მიერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის. ამდენად, სამინისტრო არის ის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მიმართოს სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების (კორექტირების) შესახებ. ამავე დადგენილების 4.5 მუხლის თანახმად კი, ტყის ფონდის საზღვარი ექვემდებარება კორექტირებას, ამორიცხვის წესით ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში: ა) ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომლებიც დაკავშირებულია: ა.ა) სახელმწიფო თავდაცვასთან, უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან; ა.ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან; ა.გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან; ა.დ) სახელმწიფო მნიშვნელობის ციფრულ მაუწყებლობასთან; ბ) საინვესტიციო წინადადების არსებობისას, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტებისა, საინვესტიციო ღირებულებით ერთ ამოსარიცხ ჰექტრამდე არანაკლებ 250 000 ლარის პროექტის განსახორციელებლად, ამორიცხვას ექვემდებარება ფართობი არაუმეტეს 3 ჰექტრისა, ამოსარიცხი ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნების პირობით; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების სახელმწიფო ტყის ფონდში მოქცევის გამოვლენისას. აღწერის პროცესში გამოვლენილი ქონება ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას, ფაქტობრივად დადგენილი საზღვრის ფართობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფაქტობრივი საზღვრის დადგენა, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს უძრავი ქონების მიმდებარე არაუმეტეს 1 ჰექტრამდე ტერიტორიის; დ) აღნიშნული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელმა პირმა შესაბამისი ქონების განკარგვიდან 12 თვის განმავლობაში, უნდა განახორციელოს ფულადი კომპენსაცია ტყის ფონდის ყოველ ამორიცხულ 1 ჰექტარზე 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდა განხორციელდება ტყის ფონდის მართვის ორგანოს ანგარიშზე, შემდგომში სატყეო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფისთვის; ე) ამ დადგენილებიდან გამომდინარე, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და საინვესტიციო პროექტების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი უფლებამოსილია ხელახლა განკარგოს შესაბამისი ქონება, სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩამატება; ვ) აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში; ზ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე. ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ან საქმიანობის სხვა მიზეზით განუხორციელებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა არაუგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში; თ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა, აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი. სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა ხორციელდება ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების შესაბამისად; ი) ობიექტური გარემოებების (შესაბამის ტერიტორიაზე დაგეგმილი ან მიმდინარე სატყეო-სამეურნეო და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები) არსებობის შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არ შეითანხმოს საკითხი, რის თაობაზეც, დასაბუთებული უარი ეცნობება სამინისტროს; კ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ტყის ფონდის ფართობის კორექტირება ამორიცხვის წესით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირობების არსებობის შემთხვევაში, ტყის საზღვრის კორექტირების სპეციალურ წესს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ტყის საზღვრის კორექტირებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ მას მიმართავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ტყის ფონდიდან ამორიცხვა სსიპ საჯარო რეესტრმა განახორციელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 მუხლისა თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის 4.5 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით ამორიცხვა განიხილება, როგორც ორი სხვადასხვა გარემოება, განსხვავებული შედეგებით.
საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა, აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი, სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ვერ გავრცელდება იმ მოცემულობაზე, როგორსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის“ 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების 4.5 მუხლით ზუსტად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება ტყის ფონდის საზღვარი კორექტირებას ამორიცხვის წესით, რასაც მოცემულ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით ამორიცხვა განიხილება, როგორც ორი სხვადასხვა გარემოება, განსხვავებული შედეგებით. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში, ნამდვილი უფლების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრული მიზნით ტყის ფონდიდან ამორიცხავს და შედეგად ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შეცდომით აღირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდში და იგი რეალურად არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, მათ შორის, ტყის ფონდის მიწას. მოცემული ნაკვეთის ტყის ფონდში აღრიცხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ბათილია აღრიცხვის რეგისტრაციის მომენტიდანვე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 მუხლის საფუძველზე ტყის ფონდის საზღვრის კორექცია არსებითად განსხვავდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრიდან მიწის ნაკვეთების ამორიცხვისაგან და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს დაინტერესებული მხარისთვის. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით - საზღვრის კონტურის კორექციით განხორციელდა ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება. იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს არათუ გააჩნდა უფლებადამდგენი დოკუმენტი, არამედ ის უკვე რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამდენად, მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს პირდაპირ და უშუალოდ ეხება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კონტურის დაზუსტება, რაც საჯარო რეესტრის სამსახურმა მოახდინა.
ამასთან, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის'' (ძალადაკარგულია - 18.05.2021, №221) 12.5 მუხლით, ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. სააგენტოს მიერ აღნიშნული რესურსის დახარისხება ხორციელდება ამ წესის 82 მუხლის შესაბამისად. ასეთი წესით დამზადებულ მერქანს სააგენტო გასცემს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“. (Maurice v. France, No. 11810/03, 6.10.03; Plechanow v. Poland, No. 22279/04, 7.7.09).
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე საფუძველს მოკლებულია კასატორის იმ გარემოებაზე მითითება, რომ სასამართლომ რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების (ტყის ფონდი) რეგისტრაცია და არ იზიარებს კასატორის მითითებას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2017წ. Nბს-729-721(კ-16) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში სახეზეა სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დავის გადაწყვეტისას ვერ იქნება გამოყენებული მითითებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოპასუხე სამი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორმოცდაათი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების უკანონობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დასახელებულ საკითხს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის, რადგან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე