Facebook Twitter

№ბს-504(კ-21) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 მარტს ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №04-15-01/699 ოქმის, ნ. მ-ეის ოჯახზე სარეიტინგო - 60 140 ქულის მინიჭების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 20 აგვისტოს ოჯახის დეკლარაციის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 23 აპრილის №04-15-01/1221 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 იანვრის №04/980 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მისი ოჯახის სასარგებლოდ 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდისთვის გაუცემელი შემწეობის (ერთი თვის შემწეობის თანხა - 108 ლარი X 13 თვეზე = 1404 ლარის) თანხის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით ნ. მ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით ნ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნ. მ-ეის ოჯახი, შედგება ორი წევრისაგან, თავად ნ. მ-ე და მისი ძმა გ. მ-ე. ნ. მ-ეის ოჯახი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული იყო 2005 წლის 15 აგვისტოდან საიდენტიფიკაციო კოდით - .... სარეიტინგო ქულების (40370; 44430; 45110; 37340; 40910) შესაბამისად, ოჯახი 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით, სარგებლობდა საარსებო შემწეობით.

2013 წლის დეკემბერში, ნ. მ-ეის ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახის შემოსავლების გაჩენის გამო (ოჯახის წევრი გ. მ-ე მუშაობდა ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ...დ და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას), რის თაობაზე ოჯახმა არ აცნობა სააგენტოს. 2013 წლის 12 დეკემბრის №104/110880 წერილით ნ. მ-ეის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გადაეგზავნა სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს.

2014 წლის 7 იანვარს შეივსო ნ. მ-ეის ოჯახის ახალი დეკლარაცია და 2014 წლის 6 თებერვალს სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 40910 ერთეულით. ოჯახმა კვლავ მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება, მაგრამ შემწეობის თანხის ჩარიცხვამდე, 2014 წლის მარტის თვეში, ნ. მ-ეის ოჯახს კვლავ შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა შემოსავლების გაზრდის გამო, რაც არ იყო სწორად ასახული ოჯახის დეკლარაციაში.

2014 წლის 14 მარტს №104/21606 წერილი გადაეგზავნა სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, რის საფუძველზეც უფლებამოსილმა პირმა განახორციელა ვიზიტი, მაგრამ ოჯახმა არ მისცა საშუალება შეევსო ოჯახის დეკლარაცია.

არსებული კონფლიქტური მდგომარეობის გამო, 2014 წლის 23 აპრილს ოჯახში დამატებითი ვიზიტი განახორციელა ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილმა პირმა (უფროსი სოციალური აგენტი) ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან ერთად.

ვიზიტის შედეგად, გაფორმდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზით: „ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, არ აძლევს სოციალურ აგენტს დეკლარაციის შევსების საშუალებას“, რასაც ხელს აწერს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 23 აპრილს, ნ. მ-ეის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია „მონაცემთა ერთიან ბაზაში“.

2014 წლის 23 ივლისს ნ. მ-ეის ოჯახმა ახალი განცხადებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) მიმართა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, რის საფუძველზეც, 2014 წლის 20 აგვისტოს შეივსო ოჯახის დეკლარაცია. 2014 წლის 19 სექტემბერს განისაზღვრა სარეიტინგო ქულა, რამაც შეადგინა - 60140 ერთეული. აღნიშნული რაოდენობა არ ითვალისწინებდა სოციალური დახმარების დანიშვნას.

2015 წლის 12 დეკემბერს ოჯახი კვლავ გადამოწმდა და 2016 წლის 11 იანვარს განსაზღვრულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა, 95050 ერთეული, რაც ასევე არ ითვალისწინებდა სოციალური დახმარების დანიშვნას.

2017 წლის აპრილის თვეში ნ. მ-ეის ოჯახი მოხვდა იმ ოჯახების რეესტრში, რომელთა წევრებსაც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებოდათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს.

ნ. მ-ემ 2017 წლის 19 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა, 2014 წელს შეჩერებული და შეწყვეტილი სოციალური დახმარების მიუღებელი თანხების ანაზღაურება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №04/67096 წერილით ნ. მ-ეს განემარტა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შეფასება მოხდებოდა ხელახალი განაცხადის საფუძველზე, რომლითაც ოჯახს შეეძლო მიემართა სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სარეიტინგო ქულის ოდენობა განსაზღვრავდა შემდგომში ოჯახის მონაწილეობას სოციალურ პროგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ ნ. მ-ე არ დაეთანხმებოდა მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული საჩივრით სააგენტოსთვის, ან სასარჩელო განცხადებით სასამართლოსთვის.

სააპელაციო სასამართლოს არ გაიაზიარა ნ. მ-ეის მტკიცება, რომ 2014 წლის პერიოდისათვის მისი ოჯახის წევრის, გ. მ-ეის ხელფასის ოჯახის თითოეულ წევრზე გადანაწილებით, შემოსავალი ერთ სულზე შეადგენდა 200 ლარზე ნაკლებს, რამდენადაც ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის 2020 წლის 14 ივლისის №01-17/159 წერილითა და თანდართული, 2014 წლის პირადი ბარათით დასტურდებოდა, რომ გ. მ-ეის ყოველთვიური ხელზე მისაღები საშუალო ხელფასი აღემატება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2006 წ. №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობას. კერძოდ, 2014 წლის იანვარში ის შეადგენს 360 (450-90=360) ლარს, თებერვალში 360 (450-90=360) ლარს, მარტში -720 (900-180=720) ლარს, აპრილში 360 (450-90=360) ლარს, მაისში 360 (450-90=360) ლარს, ივნისში - 720 (900-180=720) ლარს, ივლისში - 525.6 (657-131.4=525.6) ლარს, აგვისტოში - 918 (1147,5-229,5=918) ლარს, სექტემბერში - 540 (675-135=540) ლარს, ოქტომბერში - 523.64 (654,55-130.91=523.64) ლარს, ნოემბერში - 468 (585-117=468) ლარს, ხოლო დეკემბრის თვეში - 884 (1105-221) = 884 ლარს.

რაც შეეხება 2013 წლის დეკემბრის თვეს გ. მ-ეზე დარიცული ხელფასი შეადგენდა 800 ლარს, საიდანაც დაკავებულ იქნა 160 ლარი და ხელზე ასაღები თანხა წარმოადგენდა 640 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ნ. მ-ეის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმდენად, რამდენადაც უშუალოდ პირადი ბარათის ამონაწერი არ არის გ. მ-ეის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, იგი არ არის ვარგისი და მას არ უნდა მიენიჭოს მტკიცებულებითი ძალა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს წარმოედგინა სასამართლოს განჩინების საფუძველზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მიერ შესაბამისი მომართვით, რომელიც დათარიღებულია, მინიჭებული აქვს გასავლის ნომერი და ხელმოწერილია უშუალოდ დირექტორის მიერ. ამდენად, მოცემული მტკიცებულება წარმოდგენილია აბსოლუტურად კანონშესაბამისად და მისი ნამდვილობის ეჭქვეს დაყენების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნა, რომ შემოსავლების ზრდა-გაჩენა, როგორც წესი წარმოადგენს საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საფუძველს. სააგენტომ, შეჩერებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადგინდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება, ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ნ. მ-ეის ოჯახისათვის სოციალური დახმარების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვის და გადაწყვეტის პროცესში, რაც გამორიცხავდა 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდისთვის შემწეობის თანხის - 1404 ლარის თანხის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ბოტანიკური ბაღიდან გამოთხოვილი დოკუმენტები არ შეიცავს მისი ძმის ხელმოწერას, რომ მან მიიღო კონკრეტული სახელფასო თანხები. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ბანკის მიერ მის ძმაზე ხელფასის გაცემას. არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზე და ვისი დავალებით განხორციელდა მისი ოჯახის დამატებით შემოწმება დაბალი ქულის მინიჭებიდან 2 თვის შემდეგ.

კასატორი ასევე, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით განხილვაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელის - ნ. მ-ეის ოჯახისათვის 2014 წლის პერიოდში სოციალური დახმარების შეჩერებისა და შეწყვეტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. მ-ეის ოჯახი, შედგება ორი წევრისგან, თავად მოსარჩელე და მისი ძმა - გ. მ-ე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული იყო 2005 წლის 15 აგვისტოდან საიდენტიფიკაციო კოდით - .... სარეიტინგო ქულების (40370; 44430; 45110; 37340; 40910) შესაბამისად, ოჯახი 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით, სარგებლობდა საარსებო შემწეობით. 2013 წლის დეკემბერში ნ. მ-ეის ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა, ოჯახის შემოსავლების გაჩენის გამო. კერძოდ, ოჯახის წევრი, გ. მ-ე მუშაობდა ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღის ...დ და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რის შესახებაც ოჯახმა არ აცნობა სააგენტოს, რომლისთვისაც ამის თაობაზე ცნობილი გახდა, შემოსავლების სამსახურიდან მიწოდებულ ინფორმაციის მეშვეობით. აღნიშნულის გამო, 2013 წლის 12 დეკემბრის №104/110880 წერილით ნ. მ-ეის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გადაეგზავნა სააგენტოს აჭარის ა/რ. ფილიალს. 2014 წლის 07 იანვარს ნ. მ-ეის მიერ შეივსო ოჯახის ახალი დეკლარაცია, რომელშიც ოჯახის წევრის, გ. მ-ეის 2013 წლის დეკემბრის ხელფასის ოდენობად მითითებული იქნა 320 ლარი (ნაცვლად 640 ლარისა) და ამ ახალი დეკლარაციის საფუძველზე, 2014 წლის 06 თებერვალს სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 40910 ერთეულით, რის მიხედვითაც ოჯახმა კვლავ მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება.

მოსარჩელის ოჯახისთვის შემწეობის თანხის ჩარიცხვამდე, 2014 წლის მარტის თვეში, ნ. მ-ეის ოჯახს კვლავ შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა, შემოსავლების გაზრდის გამო, რაც არასრულყოფილად იყო ასახული ოჯახის დეკლარაციაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული ახალ დეკლარაციაში მოსარჩელის მიერ მითითებული ოჯახის წევრის ხელფასის ოდენობა, რადგან გ. მ-ეის 2013 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ოდენობა შეადგენდა - 720 ლარს, ხოლო დეკლარაციაში მიეთითა - 320 ლარი.

აღნიშნული გარემოებების გამოვლენის შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 14 მარტს №104/21606 წერილით მიმართა სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს ნ. მ-ეის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, რის საფუძველზეც უფლებამოსილმა პირმა განახორციელა მოსარჩელის ოჯახში ვიზიტი, მაგრამ ოჯახმა არ მისცა საშუალება, შევსებულიყო დეკლარაცია, მაშინ როცა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის მოვალეობას წარმოადგენს, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები. არსებული კონფლიქტური მდგომარეობის გამო, 2014 წლის 23 აპრილს ოჯახში დამატებითი ვიზიტი განახორციელა ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილმა პირმა (უფროსი სოციალური აგენტი) ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან ერთად, თუმცა იმავე მიზეზით ვერ იქნა შევსებული დეკლარაცია და ვიზიტის შედეგად გაფორმდა ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზით: „ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, არ აძლევს სოციალურ აგენტს დეკლარაციის შევსების საშუალებას“, რასაც ხელს აწერს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 23 აპრილს, ნ. მ-ეის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია „მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ეს გახდა საფუძველი, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. მ-ეის ოჯახისათვის შემწეობის გაცემის შეწყვეტის. ამასთან მოსარჩელე ნ. მ-ეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სოციალური დახმარების შეწყვეტასთან ერთად განემარტა, რომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–10 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე წესის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს საარსებო შემწეობის შეწყვეტის შემდეგ საფუძვლებს - ა) ოჯახის განცხადება; ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“; დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დავის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადგინდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება, ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ნ. მ-ეის ოჯახისათვის სოციალური დახმარების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვის და გადაწყვეტის პროცესში, რაც გამორიცხავს, 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდისთვის შემწეობის თანხის - 1404 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი