№ბს-1071(კ-20) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,რ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 ოქტომბერს სს ,,რ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №04-14/1845 (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48944, 2018 წლის 02 აპრილის №101 (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების - 6 620,99 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,რ...ს" სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №04-14/1845 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, მ. ი-იის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48944 გადაწყვეტილება, 2018 წლის 02 აპრილის №101 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მ. ი-ის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს დაევალა პაციენტ მ. ი-იისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის თანახმადაც, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
ამავე დადგენილების მიხედვით, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "კ..." მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში და შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს დადგენილებით განსაზღვრული ყველა პირობა; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრული არის ის შემთხვევები, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა პაციენტის მკურნალობის თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ იყო დაცული მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები. ის რომ სისტემაში გადაცემული ინფორმაცია არ იყო ზუსტი და მოხდა შეცდომა, ამას აღიარებდა თავად მხარეც, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც გაიზიარა სასამართლომ.
კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ განმარტებას, რადგან შეტყობინებების სისტემაში გადაცემული ინფორმაცია ითვლება დასრულებულად და აღნიშნულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, მსგავს შემთხვევებში დადგენილება თვლის არანაზღაურებად შემთხვევად. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №04-14/1845 უარი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №04/48944 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საპროცესო უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი მ. ი-იი (დაბადებული ... წ.) იყო 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით. ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ხოლო, „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მ. ი-იი 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქ...ში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, I61. მ. ი-იის სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 26 ოქტომბერს 20:20 საათზე მიეთითა დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე), ხოლო შეტყობინების დასრულებლად მიეთითა 2017 წლის 27 ოქტომბერი 12:02 საათი, 15:36 საათი; მ. ი-იის სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:14 საათზე კომენტარის ველში მიეთითა, რომ შემთხვევის დახურვისას მოხდა შეცდომა პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად გამოსავალი უნდა ყოფილიყო ,,ლეტალური".
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №04-14/1845 გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3405699217 საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №04-14/1845 გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №04/4894 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ გამოსავლის ველში დაფიქსირებული იყო ,,დაუსრულებელი მკურნალობა", სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავალი. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დოკუმენტაციის წარდგენიდან მალევე გამოასწორა კომენტარების ველში განხორციელებული ჩანაწერით. სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გაკეთებული კომენტარებით ირკვეოდა, რომ გამოსავალი იყო - ლეტალური.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან, დოკუმენტაციის წარდგენისას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცდომილებას, რაც მან მალევე თავად გამოასწორა. ამდენად მოცემულ უზუსტობას არ ჰქონია არსებითი ზეგავლენა და მნიშვნელობა, რის გამოც აღნიშნულს არ უნდა ემოქმედა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების საკითხზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 5.11.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №05148-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 331.05 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 231.73 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 5.11.2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №05148-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 331.05 ლარის 70 პროცენტი - 231.73 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა