Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1239(კ-22) 21 თებერვალი, 2023 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - კ. მ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 21 ივნისს კ. მ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1440 ლარის ოდენობით 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 2020 წლის 25 აგვისტოდან აღსრულებამდე სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07%-ის (რაც დღეში შეადგენს 1 ლარს) და მოსარჩელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2020 წლის ივნისიდან განყოფილებას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება. ყოველთვიური ანაზღაურების სახით იღებდა ხელფასს - 1440 ლარს (ხელზე ასაღები ხელფასი). თავის მოვალეობებს მოსარჩელე ყოველთვის კეთილსინდისიერად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებდა. 2020 წლის 14 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინარული წარმოება, იმ საფუძვლით, რომ აცდენდა სამსახურს ან დროზე ადრე მიდიოდა სამსახურიდან. წარმოების დაწყების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში და სადავო აქტის მოქმედება შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის აგვისტოში მოსარჩელე ყოველდღე ცხადდებოდა სამსახურში, 2020 წლის აგვისტოში არ ჩაერიცხა ხელფასი. ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით რამდენიმე განცხადება შეიტანა მერის სახელზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, კ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1400 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე არ განხორციელდა ხელფასის დარიცხვა მოსარჩელის სასარგებლოდ იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადასტურებული არ ყოფილა კომისიის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი არ შეიცავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის (სარგოს) სრულ დაკავებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ნაწარმოები გამოცხადების ტაბელი არ იყო 2020 წლის აგვისტოს ხელფასის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07% გადახდას, სასამართლოს მითითებით, მოთხოვნა კანონშეუსაბამო იყო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; კ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის, 2020 წლის 25 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების 0,07% გადახდის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა - დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის, 2020 წლის 25 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დავალიანების თანხის 0.07%-ის გადახდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ხოლო სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის, 2020 წლის 25 აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დავალიანების თანხის 0.07%-ის გადახდის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის Nბს-703(2კ-20) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მართალია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული იყო სპეციალური მოწესრიგება, რომელიც არ ითვალისწინებდა ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში დაყოვნებული ყოველი დღისათვის დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო, განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, განსხვავებული სამართლებრივი ვითარება. კერძოდ, სახეზე არ იყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და ამდენად, დღის წესრიგში არ იდგა მისი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნაწარმოები გამოცხადების ტაბელის შესაბამისად 2020 წლის აგვისტოს ხელფასის ჩაურიცხველობა, ანუ, სახეზე იყო საჯარო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხის (შრომითი გასამრჯელოს) გადახდის დაყოვნება, რაც მოწესრიგებული არ იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, ამდენად, ზემოაღნიშნული ვითარება უნდა დარეგულირებულიყო არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით, არამედ სწორედ საქართველოს შრომის კოდექსით, რომლის პირველ მუხლში მითითებული იყო, რომ კანონი აწესრიგებდა საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდებოდა სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იყო ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულისათვის გადაეხადა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო, შესაბამისად, საფუძვლიანი იყო სასარჩელო მოთხოვნა - მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07% გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილშიც. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სწორედ მითითებული რეგულაციის გამოყენების საჭიროება, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები სცდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოწესრიგების სფეროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებებისა და განმარტებების გარეშე, დადგენილი ერთიანი სასამართლო პრაქტიკის გვერდის ავლით და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები და ისე მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2020 წლის აგვისტოში კ. მ-ა არ ცხადდებოდა სამსახურში და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე სამუშაო საათების დასრულებამდე ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურიდან წასვლას. აღნიშნულის გამო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კ. მ-ას სისტემატური გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ, რაც შესაბამისად ასახული იქნა ტაბელში, რის საფუძველზეც არ ანაზღაურდა გაცდენილი სამუშაო საათები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 მარტის №241 ბრძანებით დამტკიცებული ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შინაგანაწესის“ მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთათვის სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო, კერძოდ, ,,დაწესებულების ყველა სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის სამუშაო დრო განისაზღვრებოდა 5-დღიანი სამუშაო კვირით. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობა იყო 8 საათი. სამუშაო დღე იწყებოდა 09:00 საათზე და სრულდებოდა 18:00 საათზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამავე შინაგანაწესის მე-11 მუხლით, ,,საჯარო მოსამსახურეს ეძლეოდა შრომითი გასამრჯელო ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 1-5 რიცხვისა. შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხდებოდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის შესაბამისად, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გადაეცემოდა ხელფასის გაცემამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე.“ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე-6 და მე-11 მუხლების გათვალისწინებით, სამსახურში თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების პრინციპის თანახმად, თანამშრომლების მიერ სამუშაო დღეების აღრიცხვის მიზნით იწარმოებოდა ე.წ. ყოველთვიური ტაბელი, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ნამუშევარი დღეების დათვლა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა. რაც შეეხება კ. მ-ას სასარგებლოდ საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სახელფასო დავალიანების დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0.07% დაკისრებას და საჯარო მოხელეზე შრომის კოდექსის ნორმების გავრცელებას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელის უფლების დაცვას, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლეოდა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო საჯარო მოსამსახურეებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედების ფარგლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედება ვრცელდებოდა ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში. კ. მ-ა წარმოადგენდა პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომელსაც სამსახურში არადროულად გამოცხადების, გაცდენისა და დროზე ადრე წასვლის ფაქტების გამო დაუკავდა მხოლოდ 1 თვის ანაზღაურება, მოსარჩელეს 2020 წლის სექტემბრის და სხვა ნამუშევარი თვეების ანაზღაურება მიღებული ჰქონდა კანონის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმ ფაქტთან მიმართებით, რომ ეს წარმოადგენდა განსხვავებულ შემთხვევას სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელისგან, რომელიც შემდეგ აღადგინეს, არ იყო მართებული, იმ კუთხით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის გარანტიები იყო ერთი და იგივე, კანონი არ ითვალისწინებდა პირების არათანასწორ პირობებში ჩაყენების პრინციპს. კ. მ-ას შემთხვევაში 1 თვის ხელფასის დაკავება განხორციელდა მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, რომლის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოებაც მხარის მიერ ხელოვნურად იქნა გაჭიანურებული, სასამართლოში გასაჩივრებით. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და კერძოდ, აღნიშნული კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, რომელიც არ ითვალისწინებდა ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დაყოვნებული ყოველი დღისათვის დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენება უსაფუძვლო იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩნებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელე კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს; აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კ. მ-ა 2017 წლიდან მუშაობს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების (ამჟამად - ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება) უფროსის თანამდებობაზე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 13 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფროსის - კ. მ-ას მიერ სამსახურის სისტემატურ არასაპატიო გაცდენის, დაგვიანებით გამოცხადებისა და დროზე ადრე სამსახურიდან წასვლის ფაქტების თაობაზე. მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მერს წარედგინა წინადადება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 13 აგვისტოს №844 ბრძანებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვთა დაცვის, მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფროსის კ. მ-ას მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე, სამსახურში მიმოსვლის, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, მერიის შინაგანაწესით გათვალისწინებული ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო დისციპლინური წარმოება. საქმეში წარმოდგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 თებერვლის №3-224-20 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსარჩელე კ. მ-ამ მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 13 აგვისტოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ №844 ბრძანების ბათილად ცნობა. მოცემული გადაწყვეტილებით, კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილი 2020 წლის 24 აგვისტოს №7628-02, 2020 წლის 25 აგვისტოს №7664-02, 2020 წლის 26 აგვისტოს №7715-02, 2020 წლის 31 აგვისტოს №7803-02 და 2020 წლის 31 აგვისტოს №7801-02 განცხადებები, სადაც მითითებულია, რომ კ. მ-ას არ ჩაერიცხა 2020 წლის აგვისტოს თანამდებობრივი სარგო და ბიულეტენის თანხა. ამავე განცხადებებით მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის განმარტებული ყოფილიყო რატომ არ მოხდა ზემოაღნიშნული თანხების ჩარიცხვა და რა იყო მისი კუთვნილი ხელფასის დარიცხვის შეჩერების საფუძველი. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მხარდაჭერის სამსახურმა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს აპარატის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, 2021 წლის 26 ივლისის წერილის პასუხად აცნობა, რომ სამსახურში თანამშრომლების მიერ სამუშაო დღეების აღრიცხვის მიზნით იწარმოება ე.წ. ყოველთვიური ტაბელი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ნამუშევარი დღეების ანაზღაურება. 2020 წლის აგვისტოში, ვინაიდან, კ. მ-ა არ ცხადდებოდა სამსახურში და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურიდან წასვლას, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოსარჩელის სისტემატური გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ, რაც შესაბამისად ასახული იქნა ტაბელში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურმა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს აპარატის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 2021 წლის 26 ივლისის წერილის პასუხად აცნობა, რომ კ. მ-ას მიმართ არ განხორციელდა 2020 წლის აგვისტოს სახელფასო თანხის ანაზღაურება სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის საფუძველზე.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელე კ. მ-ას სასარგებლოდ 2020 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების - 1 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინება. ამდენად, საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა მხოლოდ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და, შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს.

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კ. მ-ას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07%-ის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას სააპელაციო პალატა ასაბუთებს საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ კ. მ-ა არის საჯარო მოსამსახურე. ამდენად, შეფასებას საჭიროებს მასზე საქართველოს შრომის კოდექსის კონკრეტული დანაწესის გავრცელების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის 118-ე მუხლით დაცულია მოხელის უფლებები, კერძოდ, მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის მოხელისათვის თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულებას, თუმცა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა (მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება), კ. მ-ას მიმართ დასაშვებად მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებულ პოზიციას და განმარტავს, რომ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც მოხელეებთან მიმართებით, სხვა ნორმატიულ აქტებთან შედარებით, სპეციალურ მოწესრიგებას წარმოადგენს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელეზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 55-ე-57-ე, 61-ე, 63-ე-69-ე, 75-ე-78-ე და მე-80 მუხლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი იმპერატიულად და ამომწურავად ადგენს საქართველოს შრომის კოდექსის იმ ნორმათა ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საჯარო მოხელეებთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს შრომის კოდექსის სხვა დანაწესები, მათ შორის, 41-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია არ ვრცელდება მოხელეებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა საჯარო სამართალურთიერთობათა რიგს განეკუთვნება, პრინციპი - „ნებადართულია ის, რაც აკრძალული არ არის“ - კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს, საჯარო სფეროში კი მოქმედებს უკუპრინციპი - „აკრძალულია ის, რაც დაშვებული არ არის“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.12.2021წ. №ბს-160(კ-19) 29 განჩინება). ამდენად, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის მოხელისათვის დამატებითი ანაზღაურების გადახდას და ხსენებულ საკითხთან მიმართებით არც საქართველოს შრომის კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, არ არსებობს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაშვებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილდეს;

2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის 0,07% ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. მ-ას სარჩელი, 2020 წლის 25 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0,07%-ის (რაც დღეში შეადგენს 1 ლარს) ანაზღაურების დაკისრების, ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე